სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ნიშნები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ნიშნები და მკურნალობის საშუალებები

– ქალბატონო ირინა, რა პროცესია სუნთქვა?

– სუნთქვის პროცესი სრულიად ჩვეული და შეუმჩნეველია ადამიანისთვის, გაუცნობიერებლად ვახორციელებთ წუთში 12-დან 16 ჩასუნთქვამდე.

სუნთქვა – ეს არის ფიზიოლოგიური პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: აირთა ცვლას ორგანიზმსა და გარემოს შორის და აირთა ცვლას სისხლსა და ქსოვილებს შორის. ამ დროს ხდება ჟანგბადით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვა და ნახშირორჟანგით გამდიდრებული ჰაერის ამოსუნთქვა.

ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ორგანოების, ქსოვილების ადეკვატური მომარაგება ჟანგბადით.

ჩასუნთქული ჰაერი ჰაერგამტარი გზების გავლით (ცხვირ-ხახა, ხორხი, ტრაქეა, ბრონქები) ხვდება ქვემო სასუნთქ გზებში – ფილტვებში. ფილტვის უმცირეს ნაწილაკებს წარმოადგენს პატარა, ელასტიკური კედლების მქონე „ბუშტულები“ – ალვეოლები. სწორედ ალვეოლების კედლებში (ტიხრებში), ხდება აირთა მიმოცვლა – ქსოვილებიდან მოდინებული (ვენური) სისხლიდან ნახშირორჟანგის გამოდევნა და მისი გამდიდრება ჟანგბადით (გარდაქმნა არტერიულ სისხლად). სისხლი უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ყველა ორგანომდე, სხეულის თითოეულ უჯრედამდე.

სუნთქვის აქტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულმკერდის არეში მდებარე კუნთები, რომელთა რიტმული შეკუმშვა-მოდუნება უზრუნველყოფს სრულფასოვან სუნთქვას.

ამ რგოლიდან ერთ-ერთის ფუნქციის მოშლა იწვევს სუნთქვის უკმარისობის განვითარებას.

– რა მდგომარეობაა სუნთქვის უკმარისობა?

– სუნთქვის უკმარისობა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება როგორც ზოგიერთი დაავადების გართულება ან გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული სუნთქვის აქტის დარღვევა (რაც შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, უცხო სხეულის ასპირაციამ). ამ დროს ვერ ხდება ადეკვატურად ჟანგბადის მოხვედრა ქვემო სასუნთ გზებში ან ირღვევა აირთა მიმოცვლა ალვეოლების დონეზე.

არსებობს სუნთქვის უკმარისობის მწვავე და ქრონიკული ფორმები.

ახასიათებს:

  • სუნთქვის გაძნელება.
  • გახშირებული სუნთქვა – ქოშინი, მოხრჩობის და სულხუთვის შეგრძნება, რასაც თან ახლავს ცნობიერების მოშლა, ციანოზი (კანის და ლორწოვანის მოლურჯო ელფერი).

– რამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა?

– სუნთქვის უკმარისობა შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით, ისე ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით.

გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება გულისხმობს: ტრავმის შედეგად ხერხემლის, ნეკნების დაზიანებას, შესაძლოა მოხდეს ფილტვის ქსოვილის (პარენქიმის) მექანიკური დაზიანება, რის გამოც ფილტვიდან პლევრის ღრუში ხვდება ჰაერი, ვითარდება პნევმოთორაქსი, პლევრის ღრუში მოხვედრილი ჰაერის წნევის ზემოქმედებით ვითარდება ატელექტაზი (ფილტვის ჩაფუშვა), რაც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო (ქირურგიულ) ჩარევას. თავის ტვინის დაზიანება (თავის ტვინში მდებარე სუნთქვის ცენტრის დაზიანება იწვევს სუნთქვითი პროცესის დათრგუნვას).

სასუნთქი გზების მექანიკური დახშობა, საკვების ან სხვა რაიმე უცხო სხეულის მოხვედრა ზედა სასუნთქ გზებში, რაც იწვევს ჰაერის ნაკადის გამავლობის შეზღუდვას.

ნარკოტიკული საშუალების ზედოზირება ან ჭარბი ოდენობით ალკოჰოლის მიღება, რა დროსაც ვითარდება სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა.

სასუნთქი გზების შევიწროება და გამავლობის დაქვეითება ქრონიკული დაავადების გამწვავების (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), ასთმის შეტევის დროს, მწვავე ალერგიული რეაქციის დროს.

ორგანული პათოლოგიები, დაავადებები, რომელთა ფონზეც ვითარდება სუნთქვის უკმარისობა:

  • მძიმედ მიმდინარე პნევმონია (ფილტვების ანთება).
  • მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, როდესაც ზიანდება ალვეოლათაშორისი ტიხრების მთლიანობა და ირღვევა აირთა მიმოცვლის პროცესი.
  • დიდი ოდენობით სითხის არსებობა პლევრის ღრუში (ჰიდროთორაქსი, ჰემოთორაქსი), ან ჰაერის არსებობა პლევრის ღრუში (პნევმოთორაქსი), რაც იწვევს ზეწოლას ფილტვის ქსოვილზე, ფილტვი ვერ იშლება სრულფასოვნად, რის გამოც ირღვევა ადეკვატური გაზთაცვლა.
  • სეპტიური მდგომარეობა (სეფსისი) – ვითარდება ორგანოთა სისტემური დაზიანება.
  • გულ-სისხლძარღვთა მწვავე პათოლოგიები: გულის შეგუბებითი უკმარისობა, კარდიალური ასთმა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
  • ინსულტი – თავის ტვინის სისხლის მომარაგების მოშლა, რაც იწვევს ტვინის ქსოვილის დაზიანებას და მისი გარკვეული უბნების კვდომასაც კი – გამოიხატება შესაბამისი ფუნქციების (მათ შორის სუნთქვის ფუნქციის) დარღვევით.
  • ნერვ-კუნთოვანი დაავადებები: კიფოსქოლიოზი – ხერხემლის დეფორმაციის გამო ვითარდება გულ-ფილტვის უკმარისობა, რასაც თან ახლავს ქრონიკული სუნთქვის უკმარისობის განვითარება, ამიოტროფული სკლეროზი, კუნთოვანი დისტროფია, პოლიომიელიტი – კუნთოვანი ქსოვილის სისუსტის გამო, სრულფასოვნად ვერ ხორციელდება სუნთქვის აქტი.

– რა სიმპტომებით ვლინდება სუნთქვის მწვავე უკმარისობა?

– სუნთქვის მწვავე უკმარისობას ახასიათებს სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება, რიგ შემთხვევებში – ნახშირორჟანგის დონის მატება. ამ დროს ყურადსაღები სიმპტომებია:

  • სუნთქვის გახშირება – წუთში 20 ჩასუნთქვა და მეტი (დამოკიდებულია სუნთქვის უკმარისობის ხარისხზე).
  • სუნთქვის გაძნელება (ჩასუნთქვა და /ან ამოსუნთქვა).
  • კანისა და ლორწოვანი გარსების (ტუჩების) მოლურჯო ელფერი – ციანოზი.
  • მოუსვენრობა, შფოთვა, ფორიაქი, დეზორიენტაცია (არაადეკვატური პასუხები დასმულ კითხვებზე) ან პირიქით – სისუსტე და ძილიანობა.
  • გონების კარგვა.
  • ტაქიკარდია (პულსის აჩქარება), არითმია (რითმის მოშლა).
  • ოფლიანობა.

კოვიდ 19-ის პანდემიის შემდეგ, თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება, სისხლში ჟანგბადის ოდენობის განმსაზღვრელი აპარატი – პულსოქსიმეტრი. სატურაცია ანუ პერიფერიულ სისხლში ჟანგბადის ოდენობა SPO2-92%-ზე ნაკლები ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სუნთქვის უკამრისობა (SPO2-92%-99% – ნორმაა).

ამ სიმპტომთა გამოხატვის შემთხვევაში, რეკომენდებულია, ადამიანს გაეწიოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

– რა მდგომარეობაა სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, რა არის მისი გამომწვევი კლინიკური ნიშნები და მკურნალობის საშუალებები?

– სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა ვითარდება ქრონიკული პათოლოგიების არსებობის დროს:

ფილტვების ქრ. ობსტრუქციულ დაავადებას ახასიათებს გამავლობის დარღვევა როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ბრონქების დონეზე, ვითარდება ჩასუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა.

ბრონქული ასთმისთვის დამახასიათებელია მსტვინავი ხიხინი ამოსუნთქვის გაძნელებით.

მზარდი ხასიათის სუნთქვის უკმარისობა, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას – დამახასიათებელია ბულოზური ემფიზემისთვის და ფილტვის პარენქიმის (ქსოვილის) დაზიანებით მიმდინარე ქრ. დაავადებებისთვის, როგორებიცაა: სარკოიდოზი, პნევმოკონიოზი, იდიოპათიური ფიბროზი.

გულმკერდის ძვლოვან-კუნთოვანი ქსოვილის განვითარების თანდაყოლილი პათოლოგიები, როგორიცაა – კიფოსქოლიოზი, ხშირად თან ახლავს გულ-ფილტვის უკმარისობა.

დიაფრაგმის პათოლოგიის არსებობის დროს, ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა გამოხატულია ჯდომისას და წოლისას და არ ვლინდება ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას (ფეხზე დგომისას).

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – იწყება ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, რომელიც იმატებს წოლის (ჰორიზონტალურ) დროს. სუნთქვის უკმარისობის ხარისხი დამოკიდებულია თანდართული პათოლოგიების არსებობასა და მათ სიმძიმეზე: (გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომეგალია, პერიფერიული შეშუპებების არსებობა).

ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისთვის დამახასიათებელია ზომიერად გამოხატული სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, რომელიც დინამიკაში იმატებს.

მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება ძირითადი დაავადების მიხედვით.

– ვინ არის რისკ-ჯგუფი?

რისკის ჯგუფში შედიან:

  • სასუნთქი სისტემის ქრ. დაავადებების მქონე ადამიანები;
  • გულ-სისხლძარღვთა ქრ. დაავადების მქონენი;
  • საწარმოო მტვერთან კონტაქტში მყოფი ან მავნე წარმოებებში (ქიმიკატები) მომუშავე ადამიანები;
  • ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანები;
  • მწეველები.

– როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა?

– მწვავედ (უეცრად) განვითარებული სუნთქვის უკმარისობა საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებას.

უცხო სხეულის ასპირაციით (გადაცდენით) გამოწვეული სუნთქვის მწ. უკმარისობისას უნდა მოხდეს სასუნთქი გზების დაუყოვნებელი გათავისუფლება უცხო სხეულისგან.

ალერგიული რეაქცია: შეშუპების შეგრძნება ყელის მიდამოში, ყლაპვის გაძნელება და ხმის ტემბრის შეცვლა, რასაც თან დაერთო სუნთქვის გაძნელება, საჭიროებს დაუყოვნებელ მედიკამენტურ დახმარებას.

ტრავმის შედეგად ან სპონტანურად (უხერხული მოძრაობის, სიმძიმის აწევისას) განვითარებული დაზიანება – პნევმოთორაქსი, რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას, საჭიროებს გადაუდებელ თორაკოქირურგიულ ჩარევას.

სუნთქვის მწვავე უკმარისობისას უნდა მოხდეს უმოკლეს დროში ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფა, ვინაიდან ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) ფონზე ორგანოებში ვითარდება შეუქცევადი ხასიათის დაზიანებები. თავის ტვინი ყველაზე მეტად მგრძნობიარეა და ზიანდება ჟანგბადის ნაკლებობის დროს. უჟანგბადობის პირობებში დაახლ. 4-6 წუთში ტვინის ქსოვილი იწყებს კვდომას და ვითარდება სიცოცხლესთან შეუთავსებელი ცვლილებები.

– რას გულისხმობს სუნთქვის უკმარისობის პროფილაქტიკა?

– რეკომენდებულია: ქრონიკული დაავადებების არსებობისას კვლევების ჩატარება გეგმიურ რეჟიმში, შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობა.

  • ალერგენებთან, მავნე აირებთან და საწარმო მტვერთან კონტაქტის შეზღუდვა.
  • თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა.
  • ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის ქონა.