როგორ შევინარჩუნოთ სქესობრივი ჯანმრთელობა
სქესობრივ ჯანმრთელობაზე სასაუბროდ ვეწვიეთ სექსოლოგიური კლინიკა "ლიგას" დირექტორს, პროფესორ არჩილ ბაქრაძეს.
- ბატონო არჩილ, სქესობრივი ცხოვრების დაწყების დრო ინდივიდუალურია. რა შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის სქესობრივი მომწიფების კრიტერიუმად, თუ, რასაკვირველია, ასეთი კრიტერიუმი არსებობს? ალბათ, ეს არ იქნება მხოლოდ სრულწლოვანება, რადგან ზოგი 16 წლისა უკვე მოწიფულია, ზოგი კი 20 წლის ასაკშიც ინფანტილური რჩება...
- გააჩნია, რას მივიჩნევთ სქესობრივ მომწიფებად. ადამიანის სქესობრივი კულტურა მისი ზოგადი კულტურის ნაწილია. თუ ადამინი სქესობრივად სწორად არ არის აღზრდილი, ის ვერ ჩაითვლება აღზრდილ პიროვნებად. სამართალსაწინააღმდეგო ქმედებას სქესობრივ ნიადაგზე სჩადის სქესობრივად დაბალი კულტურის მატარებელი პირი. სქესობრივი ელემენტები პიროვნების, მისი ზოგადი მეს ნაწილია. ერთია, თუ ჩავთვლით, რომ სქესობრივი ცხოვრება მხოლოდ აქტის შესრულების უნარია, ხოლო თუ სქესობრივ მომწიფებას გულისხმობთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს პარტნიორულ ურთიერთობათა სისტემის დამყარების უნარიც არის, რადგან სქესობრივი ურთიერთობა პიროვნული ურთიერთობაცაა.
ზოგადად, მამაკაცი 24-25 წლისთვის ყალიბდება, ქალი - 20 წლისთვის. ჩვენ არ ვემხრობით უფრო ადრეულ ასაკში ქორწინებას. რატომ? ადრეულ ასაკში შეუღლებული წყვილების უმრავლესობა შორდება, არა იმიტომ, რომ პარტნიორი იცვლება, არამედ იმიტომ, რომ თავად პიროვნებას ეცვლება გემოვნება. 17-19 წლის ასაკში სხვა ფასეულობები აქვთ, 21 წლის ასაკში - უკვე სხვა, 25 წლისა იმას აღარ აფასებ, რაც წინათ მოგწონდა... მამაკაცს, ფაქტობრივად, სწორედ 25 წლის ასაკისთვის უყალიბდება გემოვნება, რომელიც დიდხანს რჩება უცვლელი, ამიტომ ისეთი სქესობრივი მომწიფების ხარისხს, როგორიც საჭიროა ოჯახის შესაქმნელად, მამაკაცი 25 წლის ასაკში აღწევს, ხოლო ქალი - ცოტა უფრო ადრე, 20 წლისთვის, რადგან ის უფრო ადრე მწიფდება. რაც შეეხება სქესობრივი აქტის ჩატარების უნარს, 14-15 წლის ასაკში ამის ფიზიკური შესაძლებლობა, როგორც წესი, უკვე არსებობს.
- რა სქესობრივმა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი ქალისა თუ მამაკაცის ცხოვრებაში?
- თბილისში 20 წლის წინ დაარსდა სექსოლოგიური კლინიკა "ლიგა", სადაც პაციენტთა 85% სასქესო ასოს ერექციის დაქვეითებასთან დაკავშირებული ჩივილებით მოგვმართავს. ეს პრობლემა შეუძლებელს ხდის სქესობრივი აქტის სრულფასოვან ჩატარებას. 10% მოდის სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის შემცირებასთან დაკავშირებული ჩივილებით, როდესაც მამაკაცს არ აქვს სქესობრივი აქტის საკმაო ხანს გაგრძელებისა და პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭების უნარი. და პაციენტთა მხოლოდ 1-2%-ია ქალი. ასეთია ვითარება არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც. როდესაც ერექციის ხარისხი ქვეითდება, სქესობრივი ცხოვრება შეუძლებელი ხდება. ქალს არ აქვს მსგავსი პრობლემები, გარდა ვაგინიზმისა. ერექციის ხარისხის გაუმჯობესება სქესობრივი აქტის ხანგრძლივობასაც ზრდის. თავიდანვე ვთქვათ, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილევა.
თანამედროვე სექსოლოგიურ მეცნიერებას ნებისმიერი მამაკაცის სქესობრივი პოტენციის გაუმჯობესება ძალუძს, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა მცდარი მორიდების გამო სექსოლოგთან არ მიდის. ჩვენთან მოდიან მხოლოდ ის მამაკაცები, რომელთაც ერიდებათ ქალის და არ ერიდებათ სექსოლოგის. ასეთი კი ასიდან მხოლოდ 10-15-ია.
არსებობს სხვა მიზეზებიც. დაბალი სქესობრივი კულტურის გამო მრავალი მამაკაცი გარკვეულწილად ეგოცენტრულია. მიაჩნია, რომ თუ მან მოახერხა სქესობრივი აქტის ჩატარება, უკვე პოტენტური მამაკაცია. სინამდვილეში სიტყვა "პოტენცია" გამოხატავს ქალის დაკმაყოფილების და არა სქესობრივი აქტის ჩატარების უნარს. პოტენციის მქონე მამაკაცია ის, ვინც დააკმაყოფილა სქესობრივი პარტნიორი, სიამოვნება და ორგაზმის განცდის საშუალება მიანიჭა მას. როცა მამაკაცი ამას ვერ ახერხებს, ქალი ღიზიანდება და საბოლოოდ ფრუსტრაციაში ვარდება. მისთვის სქესობრივი კონტაქტი არასასიამოვნო ხდება, ურჩევნია, საერთოდ არ ჰქონდეს.
- უმეტესად რა იწვევს ერექციის დაქვეითებას?
- უამრავი ფაქტორი: სამედიცინო, სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური. სამედიცინო ფაქტორებია შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, კარდიოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებები, ფსიქოტროპული, წნევის დამწევი პრეპარატების მიღება, სიგარეტი, ნარკომანია. თავდაპირველად ნარკოტიკების ზემოქმედებით ერექცია ხანგრძლივდება, მაგრამ მერე და მერე მათ გამოყენებას მამაკაცი ასოს სირბილემდე მიჰყავს, რაც ერექციის ხარისხის დაქვეითებით ვლინდება და უამრავი დროა საჭირო მის აღსადგენად.
ნარკომანებში ძალიან ხშირია ასოს დამბლისმაგვარი მდგომარეობა. ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ იმ ნარკომანებს, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ სქესობრივი აქტის სურვილი.
- რა შეიძლება იყოს ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი?
- ნაადრევ ეაკულაციას უმთავრესად სამი მიზეზი აქვს:
- ზოგიერთ მამაკაცს მთელი ცხოვრება ხანმოკლე სქესობრივი აქტი აქვს და არ აწუხებს, მაგრამ შესაძლოა, პარტნიორი შეხვდეს ისეთი, რომელიც მის სიამოვნებაზე ზრუნვასაც მოითხოვს და პრობლემაც თავს იჩენს. ასეთ მამაკაცს თავის დროზე არ შეხვედრია ისეთი პარტნიორი, რომელიც სქესობრივი აქტის პროლონგირების უნარს გამოუმუშავებდა.
- მამაკაცს მიზეზთა გამო (თუნდაც ანთებითი დაავადების გამო) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში უყალიბდება ნაადრევი თესლდანთხევა. ამ შემთხვევაში პაციენტი ზუსტად ასახელებს მოვლენას, რომლის შემდეგაც დაეწყო ნაადრევი ეაკულაცია. ადეკვატური ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის შემდეგ პრობლემა გვარდება.
- ყველაზე ხშირი მიზეზი კი ერექციული უკმარისობაა. ასო რომ გამაგრდეს, გულმა გენიტალიებში უნდა შექმნას 2,5 ატ წნევა. ამას ორგანიზმი მცირე ხნით ახერხებს, მაგრამ თუ ასოში სისხლძარღვოვანი პრობლემებია, ის ვერ ინარჩუნებს სიმაგრეს და ერექციის ხარისხი დაქვეითებას იწყებს. ავტომატურად თავის ტვინში ირთვება მექანიზმი ეაკულაციის დასაჩქარებლად, რათა თესლდანთხევა მანამდე მოესწროს, სანამ ერექცია გაივლის.
- როგორ უნდა გაახანგრძლივოს მამაკაცმა სქესობრივი აქტი?
- ამის სწავლა შესაძლებელია. არსებობს მეთოდიკა, გამოცდილება, ემპირიკა... მე პირადად ყველაზე ეფექტურად შეიარაღებული ფსიქოთერაპიის მიდგომა მესახება. მთავარი აქ პარტნიორზე ზრუნვაა. პაციენტს აქვს სქესობრივი აქტის სწრაფად დამთავრების რეფლექსი და საჭიროა ამ ჩვეულების წინააღმდეგ ბრძოლა.
- უმთავრესად ვინ მოგმართავთ?
- ჩვენ ვმკურნალობთ პრაქტიკულად ყველას, დაწყებული მსუბუქი წარუმატებლობის შიშით შეპყრობილი პაციენტებით, დამთავრებული პოსტინფარქტულ პერიოდში სქესობრივი ცხოვრების აღდგენით, როდესაც არანაირი წამლის მიღება არ შეიძლება. არადა ინფარქტი გაახალგაზრდავდა და თუ პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობა არ მოგვარდა, შესაძლოა ნერვიულობის ნიადაგზე რეინფარქტი, ხელმეორე ინფარქტი განვითარდეს. ამიტომ ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა პირდაპირი ჩვენებაა სქესობრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად.
კაცს ეშინია სქესობრივი ცხოვრების და მიმართავს მასტურბაციას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ისეთსავე დატვირთვას ახდენს, როგორსაც სქესობრივი აქტი. ომის გამო დღეს ბევრი ახლგაზრდა მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. ასეთ პაციენტებსაც აქვთ სქესობრივი ცხოვრების აღდგენის შანსი. ერთადერთი, რაშიც სექსოლოგს ჩარევის უფლება არ აქვს, არის მძიმე ფსიქიკური დაავადებები, მაგალითად, შიზოფრენია.
- რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი წარმატებისთვის ასოს ზომა?
- სქესობრივი წარმატებისთვის სასქესო ასოს ზომას მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, დიდი ზომის ასო უფრო ქმნის პრობლემებს, ისევე როგორც მეტისმეტად მყარი, ხისტი ერექცია უფრო მტკივნეულია ბევრი ქალისთვის, ვიდრე 95%-იანი. მიკროპენისი კი იმდენად იშვიათია, რომ ჩემი 28-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ორად ორი შემთხვევა შემხვედრია.
- რას გვეტყვით ქალების ანორგაზმიასა და ფრიგიდულობაზე?
- ქალის ფრიგიდულობა ცუდი პარტნიორის ბრალია. სწორედ მამაკაცური ეგოცენტრიზმი აქცევს ქალს ფრიგიდულად. ქალებში დიდი პრობლემაა ვაგინიზმი. ეს არის შიშით გამოწვეული საშოს კუნთების უნებლიე სპაზმი, რომელიც ნებას არ ემორჩილება. ახალდაქორწინებული წყვილების 7-12%-ში ვაგინიზმი შეინიშნება. აქ განმსაზღვრელი ფსიქოლოგიური მომენტია, რომლის ფესვებიც უნდა ვეძებოთ ოჯახში, ტაბუირებულ აღზრდაში. ასეთი ქალი საშოსთან მიკარების პოტენციური საფრთხისთანავე საშინელ ტკივილს განიცდის, უჩნდება შიში სქესობრივი აქტის მიმართ. ამ დროს მამაკაცსაც უვითარდება ფსიქოგენური იმპოტენცია, რის შემდეგაც ქალმა შეიძლება მამაკაცის სქესობრივ უძლურებაზე მოახდინოს აპელირება. ასეთ ქალებს არ უყვართ სექსოლოგთან მისვლა. ზოგჯერ ქალი ქორწინებაში 6-12 წელს ისე გალევს, რომ ქმართან არ უცხოვრია. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მივმართო ასეთ ქალებს: ასეთ დროს აუცილებელია მისვლა ქალ სექსოლოგთან და არა გინეკოლოგთან. ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა გინეკოლოგმა შესაძლოა მაშებით მოახდინოს დეფლორაცია, მაგრამ საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა მდგომარეობას არ შეცვლის, რადგან პრობლემა საშოს კუნთების სპაზმია. აქ საჭიროა ვარჯიშები, მოფერებით, ალერსით და ფსიქოლოგიური დახმარებით მუშაობა.
- მშობიარობის შემდგომ სქესობრივ ცხოვრებაზე რას გვეტყოდით?
- მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ხშირად იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს. არსებობენ ქალი სექსოპათოლოგებიც და სექსოთერაპევტებიც, მაგრამ თუ პრობლემამ იჩინა თავი, პირველ რიგში აუცილებელია მოსიყვარულე ქმარი, რადგან პარტნიორის დაუხმარებლად ამ პრობლემის მოგვარება ძალიან ძნელია.
- ბავშვთა ონანიზმზე რას გვეტყვით?
- მასტურბაცია მავნე არ არის. როდესაც მშობლები ბავშვს გამუდმებით ეჩხუბებიან, მას ქვეცნობიერად უჩდება შიში, რომ თავის სქესობრივ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რამაც წლების შემდეგ შესაძლოა სხვადასხვა კომპლექსით იჩინოს თავი. თუ ამას დაერთო ზრდასრულ ასაკში მეგობრისგან გაგონილი რაღაც სისულელე, ერთი-ორი მდარე ხარისხის პორნოგრაფიიდან აღებული სიუჟეტი, სქესობრივი აქტის დროს განცდილი ფიასკო, კაცს უყალიბდება ფსიქოგენური ერექციული უკმარისობა.
გადაჭარბებული, ცხადია, ყველაფერი მავნეა, მაგრამ მასტურბაცია თავისთავად ზიანის მომტანი არ არის.
20 წლამდე ასაკში ვაჟების ყველაზე ხშირი პრობლემაა ფიმოზი. კანი უნდა გადადიოდეს ასოს თავზე. ჩემამდე არ უნდა მოდიოდეს 40 წლის მამაკაცი, რომელსაც ჩუჩა არასოდეს გადასვლია უკან. ამ დროს სერიოზული პრობლემები იჩენს თავს: ასო ბოლომდე არ იზრდება, ასოს თავი პატარაა, ანთროპომეტრიულად თავს იჩენს სქესობრივი პრობლემები და სხვა. ეს ყველაფერი თავის დროზე დედების უყურადღებობის ბრალია.
თუ ბავშვს ჩუჩა ასოს თავზე არ გადასდის, აუცილებელია ბავშვთა უროლოგთან მისვლა.
- ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის ხელმისაწვდომობას როგორ შეაფასებდით?
- თავდაპირველად უნდა განისაზღვროს, რომელია მაღალმხატვრული, ესთეტიკურად მისაღები ეროტიკა და რომელი - მდარე ხარისხისა. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც პორნოგრაფია, მავნეა სქესობრივი აღზრდისა და სქესობრივი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, კონტროლი საჭიროა, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ კანონმდებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს ვოლუნტარისტული ქმედების შესაძლებლობას აძლევს, რადგან ცნება "პორნოგრაფიის" მნიშვნელობა სათანადოდ არ არის განმარტებული. არადა, სურვილი რომ იყოს, მიჯნის დასმა არც ისე ძნელია.
პორნოგრაფიის განსაზღვრისთვის მრავალი კრიტერიუმი არსებობს. მაგალითად, პორნოგრაფიად ითვლება გენიტალიების გამოჩენა აღგზნების პროცესში ან აქტის დროს. სხვა შემთხვევაში ეს ეროტიკაა.
- მაგრამ ეროტიკაც, თუნდაც ესთეტიკურად მისაღები, ხომ არ შეიძლება ყველგან გამოიფინოს...
- ცხადია, არა. კანონმა უნდა აკრძალოს სკოლებთან, ცენტრალურ ქუჩებზე, საბავშვო ბაღებთან ამგვარი ნაბეჭდი თუ კინოპროდუქციის გაყიდვა. მთელ ცივილიზებულ სამყაროში ასეა. გამყიდველი, რომელიც არასრულწლოვანს მიჰყიდის პორნოგრაფიულ თუ ეროტიკულ კინოსა თუ ლიტერატურას, უნდა დაისაჯოს. მაგრამ არსებობს სიტუაციები, სადაც შესაძლოა არა მარტო ეროტიკა, არამედ პორნოგრაფიაც იყოს საჭირო. მაგალითად, სექსოპათოლოგს მუშაობისას წმინდა პროფესიული თვალსაზრისით ხშირად სჭირდება პორნოგრაფიული მასალა.
დაბალი სქესობრივი კულტურის მქონე ადამიანს, რომელიც მდარე ხარისხის პორნოგრაფიას უყურებს, ხშირად არასწორი წარმოდგენა ექმნება სქესობრივ ურთიერთობებზე. შესაძლოა, სცადოს ნანახის იმიტირება, რაც ფიასკოთი მთავრდება და კომპლექსებს აჩენს. აქედან ბევრი სქესობრივი დარღვევა იღებს სათავეს. მეორე მხრივ, მაღალი სქესობრივი კულტურის მქონე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს გარკვეული სქესობრივი ფანტაზიები, ამ ტიპის პროდუქცია შესაძლოა ერთგვარი სასინჯი ქვაც იყოს, რომლის დახმარებითაც იგი თავის სქესობრივ ცხოვრებას აფასებს. ეს მისი პირადი საქმეა.
არავის აქვს სხვის საძინებელში შეხედვის უფლება. მოზარდი თაობის სწორი სქესობრივი აღზრდისთვის კი, პორნოგრაფია, რა თქმა უნდა, მავნებელია.
- იქნებ ჰიპერ-, ჰიპო- და ჰომოსექსუალიზმზეც გვესაუბროთ...
- არსებობს სხვადასხვანაირი სქესობრივი კონსტიტუცია, შესაბამისად, მოთხოვნილებაც სხვადასხვანაირია. მაგალითად, აღწერილია სავსებით ჯანსაღი მამაკაცი, რომელსაც 30 წლის მანძილზე ერექცია ერთადერთხელ განუვითარდა, მაგრამ ცნობილია ისეთი ადამიანიც, რომელსაც 65 წლამდე ჰქონდა დღეში 5 სქესობრივი აქტის მოთხოვნილება.
რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს, ამაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ამავე დროს არ ამბობენ, რა არის ეს. აუცილებლად მიმაჩნია ვთქვა, რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის ნორმა; ეს არის გადახრა, მაგრამ ისეთი, რომელიც სოციუმს საფრთხეს არ უქადის. ძალიან ბევრი ნიჭიერი და გამოჩენილი ადამიანი იყო ჰომოსექსუალისტი. მეტიც - ისტორიულად მრავალ კულტურაში ეს ჩვეულებრივ მოვლენადაც კი მიიჩნეოდა. გარდა ამისა, ჰომოსექსუალისტები კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ სჩადიან, ხოლო რას აკეთებენ ისინი თავიანთ საძინებელში, არავის საქმე არ არის. ასე რომ, ჰომოსექსუალების უფლებებს არავინ ზღუდავს.
ჩვენ ვედავებით იმათ, ვინც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად პოპულარიზაციას ეწევა. მთავარია, ინფორმაცია ცალმხრივად არ იყოს მიწოდებული. იქ, სადაც ჰომოსექსუალიზმზე ხმამაღლა იწყება ლაპარაკი, მედლის მეორე მხარეც უნდა წარმოჩნდეს. კერძოდ: მამაკაცებს შორის ჰომოსქესობრივი ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ პირის ღრუსა და ანალურ ხვრელში დაახლოებით ერთი და იგივე მიკრობებია; უკანა ტანიდან სქესობრივი აქტის დამყარებისას სწორი ნაწლავის სფინქტერი ეშვება, ამიტომ ჰომოსექსუალისტებს ხშირად აქვთ პროქტიტი, პარაპროქტიტი, აირების შეუკავებლობა, ნერვიულობის დროს უნებლიე დეფეკაცია. თუ ვინმეს სურს ჰომოსქესობრივი ცხოვრება, ეს უნდა ახსოვდეს.
- ზოგჯერ სექსოლოგიური პაციენტი ხვდება არა სექსოპათოლოგთან, არამედ სხვა პროფილის ექიმთან, უმეტესად უროლოგთან. რატომ?
- ეს ხდება ერთი მხრივ ჯანდაცვის ცუდი მენეჯმენტის და მეორე მხრივ საზოგადოების ცუდი ინფორმირებულობის გამო. მოდი განვსაზღვროთ, რას ნიშნავს სიტყვა "უროლოგია". "უროს" ნიშნავს შარდს, ხოლო "ლოგოს" - მეცნიერებას, მაშასადამე, უროლიგია არის მეცნიერება შარდზე. იგი მოიცავს თირკმელებს, შარდის გამტარ გზებს, შარდის ბუშტსა და შარდსადენს.
რა არის სექსოპათოლოგია? ეს არის მეცნიერება სქესობრივი ცხოვრების შესახებ, აქ კი, გარდა წმინდა სამედიცინო დარგებისა - ანგიოლოგიისა, ნევროლოგიისა, ენდოკრინოლოგიისა, აუცილებელია ისეთი დისციპლინების ცოდნაც, როგორიც არის სოციალური ჰიგიენა, ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, ნეიროლინგვისტური პროგრამირება და უფრო მეტიც - რელიგია, ხელოვნება. ეს იმიტომ, რომ ყოველივე ჩამოთვლილს უაღრესად დიდი გავლენა აქვს ადამიანის სექსუალობაზე და ამ ცოდნის გარეშე პაციენტს ეფექტურად ვერ ეხმარები. მაშასადამე, საბოლოო შედეგის მისაღწევად სექსოპათოლოგია გაცილებით მეტ ელემენტს მოიცავს, ვიდრე უროლოგია. ამიტომ კლასიკური სტანდარტით უროლოგმა არ უნდა მოჰკიდოს ხელი სქესობრივი სფეროს პრობლემებს.
მარტივად რომ ვთქვათ, განმსაზღვრელი პაციენტის ჩივილები და პრობლემებია. თუ პაციენტი უჩივის გახშირებულ შარდვას, ტკივილს ბოქვენის არეში, თუნდაც ასოს თავზე (ტკივილი საერთოდ არ არის სექსოლოგიური ჩივილი), იგი სექსოლოგთან არ უნდა მივიდეს, მაგრამ თუ უჩივის მოკლე სქესობრივ აქტს, ასოს სიმაგრის დაქვეითებას, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას ან სიამოვნების შესუსტებას, მაშინ საჭიროა სექსოლოგი, რადგან ეს უროლოგის კომპეტენცია არ არის.
მეტად მნიშვნელოვანი მომენტია პაციენტის მენტალობა. ჩვენი თანამემამულეებისთვის უროლოგთან მისვლა უფრო ადვილია, ვიდრე სექსოპათოლოგთან; ლამის ვაჟკაცობად აღიქმება პროსტატიტი, რომელიც უშუალოდ არ აქვეითებს ერექციის ხარისხს, მაგრამ ხალხში სხვანაირად არის ცნობილი. ისიც შესაძლებელია, ერთსა და იმავე პაციენტს უროლოგიური პრობლემებიც ჰქონდეს და სექსოლოგიურიც. გააჩნია, რომელია წამყვანი. ამის მიხედვით გადაწყდება, მკურნალობას უროლოგი გაუძღვეს თუ სექსოლოგი. საბედნიეროდ, პროფესიონალიზმი უფრო და უფრო იხვეწება და სქესობრივი პრობლემების მქონე პაციენტებს უროლოგები უკვე სექსოპათოლოგთან აგზავნიან.
მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის - ფსიქოზის დროს, როდესაც პიროვნება ასოციალური ხდება და მისი სოციუმში ყოფნა პრობლემად იქცევა, პირველი სქესობრივი სფერო ამოვარდება ხოლმე, რადგან ძალზე მგრძნობიარეა. სქესობრივ აქტში ყველა სისტემაა ჩართული, ამიტომ, როგორც კი თავის ტვინში პათოლოგიური პროცესი დაიწყება, სქესობრივი ცხოვრებაც იშლება. აქედან გამომდინარე, უბრალოდ სახიფათოა სექსოლოგიურ პაციენტთან ისეთი სპეციალისტის მუშაობა, რომელსაც არ აქვს გარკვეული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური, ისევე როგორც ანგიოლოგიური და ენდოკრინოლოგიური ცოდნა.
- რომელ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ სექსოპათოლოგები?
- სექსოპათოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ბიოსტიმულატორებად და ერთჯერად ერექტოგენებად. უკანასკნელ ჯგუფს მიეკუთვნება ვიაგრას ჯგუფის პრეპარატები და მათი ანალოგები.
სტიმულატორების მეშვეობით ადამიანი იღებს დროებით ენერგეტიკულ ბიძგს, მაგრამ შემდეგ ენერგეტიკის გარეშე რჩება.
ერთჯერად ერექტოგენებს ანოტაციაში პირდაპირ უწერია, რომ გულის მხრივი პრობლემების დროს ისინი უკუნაჩვენებია. რატომ?
მამაკაცის გენიტალიები (მამაკაცებზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, სექსოლოგიის 95%-ს ერექტოგენული პრობლემები შეადგენს) სხეულის საერთო წონის დაახლოებით 1/400-ს შეადგენს. გენიტალიების მკვებავ სისხლძარღვებში სქესობრივი აქტის დროს ჩართულია მექანიზმი, რომლის შედეგადაც ასოში ჩნდება 2,5 ატ წნევა, უფრო მეტი, ვიდრე მანქანის საბურავში (1,8 ატ). წარმოიდგინეთ, რომ ამას აკეთებს ასოში აბის ერთი მეოთხასედი ნაწილი, დანარჩენი 399 მეოთხასედი კი ანალოგიურ სტრესს იწვევს ორგანიზმის იმ ნაწილში, სადაც ისეთივე სისხლძარღვები გადის, როგორიც ასოში. ასეთი ადგილი ოთხია:
1. კორონარული სისხლძარღვები, სადაც ზუსტად ისეთივე სტრესი ვითარდება, პლუს კიდევ 90-120 ვატი დატვირთვა, რომელსაც თავად სქესობრივი აქტი იწვევს. ამიტომაც არის მოსალოდნელი უეცარი სიკვდილი სქესობრივი აქტის დროს;
2. ბადურა. ასე რომ, მათთვის, ვისაც მხედველობა არ უვარგა, ვიაგრა უკუნაჩვენებია;
3. თირკმლის საფილტრაციო სისტემა;
4. თავის ტვინის ქერქის V შრე, ეგრეთ წოდებული ბერიტაშვილის უჯრედები, რომლებიც ზუსტად ამ ტიპის სისხლძარღვებით იკვებება.
აქედან გამომდინარე, ერექტოგენული აბების გადაყლაპვა ორგანიზმისთვის ძალიან დიდი სტრესია, ამიტომ თუ ზემოთ ნახსენებ რომელიმე ორგანოში არის პათოლოგია, ვიაგრას ჯგუფის პრეპარატები და მათი ანალოგები უკუნაჩვენებია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები არ ვარგა. მთავარია მათი სწორად გამოყენება. როგორც ამბობენ, ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს ცურვა, სროლა და მანქანის მართვა. ამას დავამატებდი, რომ ყველამ უნდა იცოდეს, როგორ გაზარდოს თავისი სქესობრივი უნარი. ცუდი და კარგი წამალი არ არსებობს. ყველა კარგია, თუ სწორად გამოვიყენებთ. ვისაც შაქრიანი დიაბეტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, არითმია, თირკმლის დაავადება ან მხედველობის პრობლემა აქვს, ვიაგრას ჯგუფის პრეპარატები არამც და არამც არ უნდა გამოიყენოს, მაგრამ არსებობს მამაკაცთა 85%, რომლისთვისაც ამ პრეპარატების ჩვენებისამებრ გამოყენება ნებადართულია.
- როგორია ეს ჩვენება?
- ვიაგრა 42-63%-ით აუმჯობესებს სქესობრივ შესაძლებლობას. ვისთვისაც იგი უკუნაჩვენები არ არის, ერთხელ უნდა მოსინჯოს. მამაკაცების 12%-ში ამ ჯგუფის პრეპარატის პირველი მიღებისას თავს იჩენს გვერდითი ეფექტი, მკვეთრი დისკომფორტი, რის საფუძველზეც შემდგომ ვიაგრას გამოყენება იზღუდება. საცდელად უმჯობესია შეიძინონ 6-საათიანი მოქმედების პრეპარატი და არა 36-საათიანი და უფრო ხანგრძლივი მოქმედებისა, მოსინჯონ სახლში, მშვიდად, ნაცნობ და არავითარ შემთხვევაში უცნობ პარტნიორთან.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ვერც ერთი წამალი ვერ ხსნის წარუმატებლობის მოლოდინს, შიშს. ერექტოგენი ეფექტურია მხოლოდ ნაცნობ პარტნიორთან, რომელთანაც მამაკაცს წარუმატებლობისა არ ეშინია. როცა მამაკაცი ნერვიულობს, ასეთი პრეპარატები ნაკლებეფექტიანია.
- დასასრულ, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, როგორ შეინარჩუნონ სქესობრივი ჯანმრთელობა?
- მამაკაცებს ერთ რჩევას მივცემ: მნიშვნელობა არა აქვს, ხშირად ჩაატარებენ თუ არა სქესობრივ აქტს. იმისთვის, რომ წარმატებული სქესობრივი ცხოვრება ჰქონდეთ და რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნონ სქესობრივი ჯანმრთელობა, საჭიროა რეგულარული სქესობრივი ცხოვრება. არარეგულარულობა მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებას შლის. ასევე მეტად მნიშვნელოვანია სიგარეტსა და ნარკოტიკებზე უარის თქმა.