ვიაგრას გამოყენების საშიში მხარე - პრაქტიკული რჩევები პროფესიონალისაგან
კლასიკური ვიაგრა, მისი გენერიკები და სხვა ამ ტიპის პრეპარატები: ლევიტრა, კამაგრა, სილიალისი და სხვა. უნდა გვესმოდეს, რა აქვს ამ პრეპარატებს კარგი და ცუდი, უფრო მეტიც - საშიში. არც ერთი მათგანი სამკურნალო საშუალებას არ წამოადგენს. ერთჯერადი ერექტოგენი იმას ნიშნავს, რომ თუ მამაკაცს აქვს დეფიციტური ერექცია, ეს პრეპარატები 42-დან 63%-მდე აუმჯობესებენ მას.
ახლა ნეგატიურ მხარეზე ვისაუბროთ.აბი გადაყლაპვის შემდეგ სისხლის მეშვეობით ნაწილდება ორგანოებში. მამაკაცის გენიტალიებში მიდის ამ აბის დაახლოებით ერთი მეოთხასედი, დანარჩენი კი სისხლძარღვოვან სტრესს იწვევს იმ ადგილებში, სადაც ისეთივე სისხლძარღვებია, როგორიც მამაკაცის ასოს მღვიმოვან სხეულებში. ასეთი სისხლძარღვებია: კორონარები, ანუ გულის მკვებავი სისხლძარღვები, თავის ტვინის მეხუთე შრის პირამიდული უჯრედების მკვებავი სისხლძარღვები, თირკმლის საფილტრაციო სისტემაში, ღვიძლში და თვალის ბადურაზე არსებული სისხლძარღვები.
ამრიგად, ამ აბების რეგულარული სმა დარტყმის ქვეშ აყენებს კორონარებს, ღვიძლს, ტვინს, გულსა და თირკმელებს. თუ ადამიანს რომელიმე მათგანი მანამდეც აწუხებდა, თავს იჩენს გვერდითი ეფექტები ამ ორგანოების მხრივ. ამ პრეპარატების მიღება კატეგორიულად უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, დიაბეტი, C ჰეპატიტი, მხედველობის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი. ახლა კი იმათზე ვისაუბროთ, ვინც ამ მხრივ ჯანმრთელია.
როდესაც მამაკაცი მიდის კლინიკაში, აქ ამოცანა სხვანაირად ისმება, ანუ ლაპარაკია არა ერთ კონკრეტულ ქალთან ურთიერთობაზე, არამედ პაციენტის სქესობრივი ჯანმრთელობის ხარისხის აწევასა და სქესობრივი ცხოვრების გახანგრძლივებაზე. საქმე ის არის, რომ 60 წელი (საზოგადოდ, ასაკი 55-დან 65 წლამდე) არის ის ფიზიოლოგიური დრო, როდესაც იწყება სექსუალური პოტენციის დაქვეითება. მამაკაცთა დაახლოებით 15%-ს არ სურს, შეეგუოს ამას, სქესობრივი ცხოვრების გახანგრძლივება სურს. ამ ამოცანის მოგვარება შესაძლებელია. მთავარია, ეს მოხდეს ზოგადი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიუყენებლად. ეს დამოკიდებულია ექიმის გამოცდილებაზე, კვალიფიკაციაზე... ერექციული დისფუნქციის მკურნალობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც დიაბეტისა.
ვისაც დიაბეტი აქვს, მიდის სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც გაარკვევენ დიაბეტის ფორმას და ასწავლიან პაციენტს თავის მოვლას. ასეა სექსოლოგიაშიც. ადამიანი კლინიკაში მოდის პრობლემით, კეთდება გამოკვლევები, არკვევენ, როგორ არის აწყობილი მისი სექსუალური სისტემა, რომელია სუსტი რგოლი და შემდეგ ინდივიდუალურად უსადაგებენ არა დოპინგურ, ერთჯერადი მოქმედების წამლებს, არამედ იმ პრეპარატებს, რომელთა ამოცანა სწორედ სუსტი რგოლის გაძლიერებაა. შემდეგ ხდება პაციენტის სწავლება, რათა მან თავად აკონტროლოს საკუთარი თავი. აი, ეს არის მკურნალობის პრინციპი.
მოკლედ ჩამოვთვალოთ ის დაავადებებიც, რომელთა დროსაც წარმოიშობა ერექციული დისფუნქცია. პირველი ასეთი დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებისა და ნერვების ფუნქციას. დიაბეტიანების 88-92%-ს ეწყება სქესობრივი დარღვევები.
ამ დროს აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა, - რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რადგან დიაბეტი მუდმივმოქმედი ფაქტორია, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე, ამიტომ საჭიროა მუდმივი ღონისძიებების გარკვეული ნუსხა, რათა მამაკაცმა შეინარჩუნოს სექსუალური ჯანმრთელობა. მეორე ფაქტორი არტერიული წნევაა. უნდა ითქვას, რომ წნევის საწინააღმდეგო საშუალებების 78% აქვეითებს სექსუალურ ფუნქციას, ამიტომ წამლის შესარჩევად ექიმს უნდა მიმართოთ და არა მეზობელს.
კიდევ ერთი ფაქტორია ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც ასევე იწვევს სქესობრივ დისფუნქციას. მინდა, აღვნიშნო ერთი საინტერესო ფაქტი: როცა საქმე გვაქვს ზურგის ტვინის ტრავმებთან თუ სხვა იმ ტიპის დაავადებებთან, რომლებიც ადამიანს უნარშეზღუდულად აქცევს, ანუ გადაადგილება მხოლოდ სპეციალური სავარძლის საშუალებით შეუძლია, - ასეთ დროს მთლიანად მოშლილია სექსუალური ფუნქცია.
მინდა, მკითხველმა ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ არსებობს ასეთი ადამიანების სქესობრივი ცხოვრების უნარის აღდგენის გზა წამლისმიერი პროთეზირების მეშვეობით (არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ასოში მოხვედრის შემდეგ აფართოებენ სისხლძარღვებს, რაც უზრუნველყოფს ერექციას).