როგორ შევინარჩუნოთ სქესობრივი ჯანმრთელობა
არადა, ექიმი ხომ ის ადამიანია, რომელიც პროფესიულ დახმარებას გაგიწევთ და შიშისა თუ კომპლექსებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.
როგორ შევინარჩუნოთ სქესობრივი ჯანმრთელობა, რა ვიღონოთ, რომ პოტენცია დიდხანს იყოს "მოწოდების სიმაღლეზე"?
ამ და სხვა საკითხებზე სექსოლოგიური კლინიკა "ლიგას" დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი არჩილ ბაქრაძე გვესაუბრება.
- იმპოტენცია პოტენციის უქონლობას ნიშნავს. სიტყვა "იმპოტენციას", რომელიც საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვის მატარებელია, დღეს, როგორც ტერმინს, იშვიათად თუ იყენებს ვინმე. ჩვენ ტერმინ "ერექციულ უკმარისობას" ვამჯობინებთ. ბევრი ერთმანეთში ურევს მამაკაცობას და სქესობრივ პოტენციას. მამაკაცად ოჯახში ყალიბდებიან, უკეთ, ან ყალიბდებიან, ან არა; სექსოლოგიურ კლინიკაში კი სექსუალურად წარმატებული ადამიანების "ჩამოყალიბება" ხდება.
მოდი, შევადაროთ ერთმანეთს მამაკაცისა და ქალის მდგომარეობა. ქალებში ერექციული უკმარისობის ეკვივალენტია ფრიგიდულობა, "სიცივე". ფრიგიდულს, "ცივს" უწოდებენ ქალს, რომელსაც არ აქვს ორგაზმის განცდის ფიზიოლოგიური ფუნქცია, თუმცა ეს სქესობრივი აქტის ჩატარებაში ხელს არ უშლის. მრავალი ქალი მიმართავს ორგაზმის განცდის იმიტაციას, რათა ამით სიამოვნება მიანიჭოს მამაკაცს და, ამრიგად, სქესობრივი აქტი ინარჩუნებს თავის სახეს. მაგრამ თუ მამაკაცს არ განუვითარდა საკმარისად მყარი ერექცია, სქესობრივი აქტი ირღვევა.
არსებობს მამაკაცის ორი ტიპი. ზოგს ერიდება ქალის, მაგრამ არ ერიდება ექიმის. ასეთი მამაკაცი, როდესაც ხედავს, რომ პრობლემა აქვს, ექიმთან მიდის. ეს ჭკვიანი მამაკაცია, იმიტომ, რომ მისი ძირითადი მოთხოვნაა ქალთან ურთიერთობა.
არსებობენ ისეთი მამაკაცებიც, რომლებსაც ერიდებათ ექიმის, მაგრამ არ ერიდებათ ქალის. ასეთი მამაკაცი ექიმთან არ მიდის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც წლობით არ უცხოვრიათ ქალთან და მერეღა მოსულან ექიმთან - "მოსვლა მერიდებოდაო".
არსებობს პრობლემის მოგვარების ორი გზა: ექიმთან ვიზიტით და ექიმის დაუხმარებლად. უკანასკნელ შემთხვევაში გზის მაძიებელი ცდილობს ემპირიულად, ბრმად მოაგვაროს საკუთარი პრობლემა. სამწუხაროდ, დღეს არსებობს უამრავი რეკლამირებული საშუალება; პაციენტებიც მიდიან აფთიაქში და... თუმცაღა ყველა პრეპარატს აწერია, რომ არ უნდა გამოვიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე. ამიტომაც არის, რომ ვერავინ, ვინც ძალიან ცუდი შედეგი მიიღო არასწორი გამოყენების გამო, ან გარდაიცვალა აქტის დროს, დაუზიანდა ღვიძლი, თირკმელები, - ვერავინ მთელ მსოფლიოში ვერ მოუგო სასამართლო პროცესი ამ წამლების მწარმოებლებს. თუმცაღა ისიც მართალია, რომ მწარმოებლები მშვენივრად იცნობენ ადამიანის ფსიქოლოგიას და ყველაფერი მასზეა გათვლილი. ისიც იციან, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აფთიაქები, ოღონდ კი გაყიდონ, ამ საკითხს მკაცრად არ აკონტროლებენ. ადამიანიც მიდის, ყიდულობს აბებს და ყლაპავს. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია - ვინაიდან ვიცით, რომ ადამიანის ფსიქოლოგიას ვერ შევცვლით, მოდი, მკითხველს რჩევები მაინც მივცეთ, რომ ჯანმრთელობას მინიმალური ზიანი მიაყენონ.
ყველა პრეპარატი იყოფა ორ დიდ ჯგუფად: ბიოსტიმულატორებად და ერთჯერად ერექტოგენებად. არც ერთი მათგანი სამკურნალო არ არის. პირველი ზოგად სტიმულაციას ახდენს, რაც, ბუნებრივია, სექსუალურ ფუნქციაზეც აისახება. მაგრამ როდესაც მასტიმულირებელი აგენტი გარედან აღარ შედის ორგანიზმში, საკუთარი რესურსები მას აღარ ჰყოფნის. სპორტში გამოყენებული დოპინგების მაგალითზე ეს ადვილი წარმოსადგენია. დღეს სტიმულატორების დანიშვნა მეტად შეზღუდულია. მათ მხოლოდ იმისთვის უნიშნავენ, რომ სხვა წამლებით მიღებული შედეგები გაახალისონ.
მეორე ჯგუფი ერთჯერადი ერექტოგენებია. ეს გახლავთ კლასიკური ვიაგრა, მისი გენერიკები და სხვა ამ ტიპის პრეპარატები: ლევიტრა, კამაგრა, სილიალისი და სხვა. უნდა გვესმოდეს, რა აქვს ამ პრეპარატებს კარგი და ცუდი, უფრო მეტიც - საშიში. არც ერთი მათგანი სამკურნალო საშუალებას არ წამოადგენს. ერთჯერადი ერექტოგენი იმას ნიშნავს, რომ თუ მამაკაცს აქვს დეფიციტური ერექცია, ეს პრეპარატები 42-დან 63%-მდე აუმჯობესებენ მას.
ახლა ნეგატიურ მხარეზე ვისაუბროთ. აბი გადაყლაპვის შემდეგ სისხლის მეშვეობით ნაწილდება ორგანოებში. მამაკაცის გენიტალიებში მიდის ამ აბის დაახლოებით ერთი მეოთხასედი, დანარჩენი კი სისხლძარღვოვან სტრესს იწვევს იმ ადგილებში, სადაც ისეთივე სისხლძარღვებია, როგორიც მამაკაცის ასოს მღვიმოვან სხეულებში. ასეთი სისხლძარღვებია: კორონარები, ანუ გულის მკვებავი სისხლძარღვები, თავის ტვინის მეხუთე შრის პირამიდული უჯრედების მკვებავი სისხლძარღვები, თირკმლის საფილტრაციო სისტემაში, ღვიძლში და თვალის ბადურაზე არსებული სისხლძარღვები.
ამრიგად, ამ აბების რეგულარული სმა დარტყმის ქვეშ აყენებს კორონარებს, ღვიძლს, ტვინს, გულსა და თირკმელებს. თუ ადამიანს რომელიმე მათგანი მანამდეც აწუხებდა, თავს იჩენს გვერდითი ეფექტები ამ ორგანოების მხრივ. ამ პრეპარატების მიღება კატეგორიულად უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, დიაბეტი, C ჰეპატიტი, მხედველობის პრობლემები, გადატანილი აქვს ინსულტი.
ახლა კი იმათზე ვისაუბროთ, ვინც ამ მხრივ ჯანმრთელია. ამბობენ, რომ ნებისმიერმა მამაკაცმა უნდა იცოდეს მანქანის მართვა, ცურვა და სროლა. მე დავამატებდი, რომ ნებისმიერმა მამაკაცმა უნდა იცოდეს, რამდენად და როგორ შეუძლია თავისი სექსუალური შესაძლებლობების გაზრდა. თუ მამაკაცს ერექციული და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები არ აქვს, მაშინ შეუძლია ეს აბები გამოიყენოს განსაზღვრულ მომენტში საკუთარი სქესობრივი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ამისთვის საჭიროა ამ აბის მოსინჯვა. მოსასინჯად ყოველთვის ჯობს ევროპული წარმოების ბრენდი - არავითარი გენერიკი, რათა მერე არ მოგვიხდეს იმაზე ფიქრი, ხომ არ არის ეს აბი მესამე სამყაროს ქვეყანაში ნაწარმოები, ან ფალსიფიცირებული და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბის მოსინჯვა მოხდეს ნაცნობ პარტნიორთან, ანუ იმასთან, ვისიც არ ერიდებათ, იმიტომ, რომ ვერც ერთი ერთჯერადი ერექტოგენი ვერ ხსნის წარუმატებლობის მოლოდინსა და შიშს.
მოკლედ, მამაკაცი ყიდულობს ევროპული წარმოების ერექტოგენს და შეხვედრამდე საათ-ნახევრით ადრე იღებს. მერე უნდა დააკვირდეს საკუთარ თავს, რადგან იმ მამაკაცებშიც, ვისაც არ აქვს უკუჩვენება ამ პრეპარატის მიმართ, მისი პირველი მიღების დროს შესაძლოა გვერდითმა ეფექტებმა იჩინოს თავი: მცირე დისკომფორტმა, გულის ფრიალმა, მოსალოდნელია მხედველობის არეში წინწკლების გაჩენა, სისხლის მოწოლა თავში. თუ დისკომფორტი იმდენად ძლიერია, რომ მამაკაცი უარს ამბობს სქესობრივ აქტზე და უფრო მეტად აწუხებს თავისი მდგომარეობა, მაშინ უნდა გაჩერდეს, წამოწვეს ტელევიზორის წინ და უყუროს.
სილიალისისგან განსხვავებით, რომელიც 36 საათი რჩება ორგანიზმში, ვიაგრა ორგანიზმიდან 6 საათში გამოდის. ამ ხნის შემდეგ ორგანიზმს აღარ ემუქრება დარტყმა. ასეთ შემთხვევაში მამაკაცმა მეორეჯერ არ უნდა გადაწყვიტოს მოსინჯვაც კი. თუ დისკომფორტი არ განვითარდა, მაშინ მამაკაცმა უნდა ჩაატაროს სქესობრივი აქტი და ნახოს, რას აძლევს ეს მას, შემდეგ კი სამომავლოდ დასკვნას გამოიტანს და უკვე შეუძლია მოსინჯოს გენერიკებიც, შეარჩიოს ისინი ფასისა თუ ეფექტურობის მიხედვით.
მეორე ვარიანტია ექიმთან მისვლა. როდესაც მამაკაცი მიდის კლინიკაში, აქ ამოცანა სხვანაირად ისმება, ანუ ლაპარაკია არა ერთ კონკრეტულ ქალთან ურთიერთობაზე, არამედ პაციენტის სქესობრივი ჯანმრთელობის ხარისხის აწევასა და სქესობრივი ცხოვრების გახანგრძლივებაზე.
საქმე ის არის, რომ 60 წელი (საზოგადოდ, ასაკი 55-დან 65 წლამდე) არის ის ფიზიოლოგიური დრო, როდესაც იწყება სექსუალური პოტენციის დაქვეითება. მამაკაცთა დაახლოებით 15%-ს არ სურს, შეეგუოს ამას, სქესობრივი ცხოვრების გახანგრძლივება სურს. ამ ამოცანის მოგვარება შესაძლებელია. მთავარია, ეს მოხდეს ზოგადი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიუყენებლად. ეს დამოკიდებულია ექიმის გამოცდილებაზე, კვალიფიკაციაზე...
ერექციული დისფუნქციის მკურნალობა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც დიაბეტისა. ვისაც დიაბეტი აქვს, მიდის სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც გაარკვევენ დიაბეტის ფორმას და ასწავლიან პაციენტს თავის მოვლას. ასეა სექსოლოგიაშიც. ადამიანი კლინიკაში მოდის პრობლემით, კეთდება გამოკვლევები, არკვევენ, როგორ არის აწყობილი მისი სექსუალური სისტემა, რომელია სუსტი რგოლი და შემდეგ ინდივიდუალურად უსადაგებენ არა დოპინგურ, ერთჯერადი მოქმედების წამლებს, არამედ იმ პრეპარატებს, რომელთა ამოცანა სწორედ სუსტი რგოლის გაძლიერებაა. შემდეგ ხდება პაციენტის სწავლება, რათა მან თავად აკონტროლოს საკუთარი თავი. აი, ეს არის მკურნალობის პრინციპი.
მოკლედ ჩამოვთვალოთ ის დაავადებებიც, რომელთა დროსაც წარმოიშობა ერექციული დისფუნქცია. პირველი ასეთი დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებისა და ნერვების ფუნქციას. დიაბეტიანების 88-92%-ს ეწყება სქესობრივი დარღვევები. ამ დროს აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა, - რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რადგან დიაბეტი მუდმივმოქმედი ფაქტორია, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე, ამიტომ საჭიროა მუდმივი ღონისძიებების გარკვეული ნუსხა, რათა მამაკაცმა შეინარჩუნოს სექსუალური ჯანმრთელობა.
მეორე ფაქტორი არტერიული წნევაა. უნდა ითქვას, რომ წნევის საწინააღმდეგო საშუალებების 78% აქვეითებს სექსუალურ ფუნქციას, ამიტომ წამლის შესარჩევად ექიმს უნდა მიმართოთ და არა მეზობელს.
კიდევ ერთი ფაქტორია ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც ასევე იწვევს სქესობრივ დისფუნქციას. მინდა, აღვნიშნო ერთი საინტერესო ფაქტი: როცა საქმე გვაქვს ზურგის ტვინის ტრავმებთან თუ სხვა იმ ტიპის დაავადებებთან, რომლებიც ადამიანს უნარშეზღუდულად აქცევს, ანუ გადაადგილება მხოლოდ სპეციალური სავარძლის საშუალებით შეუძლია, - ასეთ დროს მთლიანად მოშლილია სექსუალური ფუნქცია.
მინდა, მკითხველმა ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ არსებობს ასეთი ადამიანების სქესობრივი ცხოვრების უნარის აღდგენის გზა წამლისმიერი პროთეზირების მეშვეობით (არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ასოში მოხვედრის შემდეგ აფართოებენ სისხლძარღვებს, რაც უზრუნველყოფს ერექციას).
ეს გახლავთ აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურა, რომელიც, - გამოცდილი სექსოლოგის მიერ ჩატარებული, - ადამიანს სქესობრივ ფუნქციას უბრუნებს. ეს მეთოდი ფრანგმა ექიმმა რონალდ ვირაგმა - მე მას ჩემს მასწავლებლად მივიჩნევ - შეიმუშავა 1979 წელს. ეს მეთოდი მსოფლიოშია აპრობირებული და ყველა სექსოლოგიურ კლინიკაში გამოიყენება. სწორედ მისგან ჩამოვიტანე ეს მეთოდი საქართველოში და ოთხმოციანი წლების მიწურულს კათედრაც დავაარსე.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მკვეთრად გაუმჯობესდა ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხარისხი. როდესაც პაციენტს ონკოლოგიური დაავადება სჭირს, მას ფსიქოლოგია ეცვლება, საკუთარ ცხოვრებას სხვანაირად უყურებს. ასეთი პაციენტების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში წამყვანი მნიშვნელობა აქვს სქესობრივი ცხოვრების აღდგენას. საამისო მეთოდოლოგიებიც არსებობს და ეს არის პაციენტის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ერთ-ერთი ძალზე სერიოზული გზა.
კიდევ ერთი საკითხია ინფარქტგადატანილი და სტენტირებაგადატანილი პაციენტები. ეს ის პაციენტები არიან, რომელთათვისაც კატეგორიულად არ შეიძლება "აბები". ასეთი პაციენტების რეაბილიტაციაც გახლავთ შესაძლებელი. სხვათა შორის, ინფარქტი გაახალგაზრდავდა და ხშირად პაციენტი, იმის გამო, რომ ინფარქტი აქვს გადატანილი და ეშინია სექსუალური ცხოვრების მოშლის, ცოლის ღალატისა თუ საყვარლის გაქცევის, უარეს შედეგს - რეინფარქტს, განმეორებით ინფარქტს იღებს.
ზემოთ ნახსენები გულ-სისხლძარღვთა პრობლემები პირდაპირი ჩვენებაა სექსოლოგის მათ ცხოვრებაში ჩართვისა და, ვიმეორებ, სქესობრივი ცხოვრების აღდგენა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, მეტიც - სრულიად უსაფრთხო მეთოდებით ხორციელდება.
აქვე მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ პრობლემას: სექსუალურ დისფუნქციას მკურნალობენ სექსოლოგები და არა სხვა სპეციალისტები, ამიტომ მინდა მივმართო პაციენტებს: როდესაც მათ ერექციის, ეაკულაციის პრობლემები აქვთ, უნდა მიმართონ სექსოლოგს და არა სხვა სპეციალისტს, რადგან ამ პრობლემების მკურნალობისას ექიმის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკიდურეს შემთხვევაში, პაციენტმა სექსოლოგის ლიცენზია მაინც უნდა მოითხოვოს.
დღეს საქართველოში არსებობს ცხრა ლიცენზირებული სექსოლოგი, რომლებიც ქრესტომათიულ შეცდომას არ დაუშვებენ. რაც შეეხება პროფილაქტიკასა და რჩევებს, არსებობს ერთი საყოველთაოდ აღიარებული რეკომენდაცია: მნიშვნელობა არ აქვს, რას ჭამს მამაკაცი - ტარხუნას, არაჟანს თუ თაფლს; მნიშვნელობა არ აქვს სპორტულ ფორმას, - პროფესიონალ სპორტსმენებს უფრო ხშირად აქვთ პრობლემები, - მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ინტენსიურია მამაკაცის სქესობრივი ცხოვრება; მნიშვნელობა აქვს ერთადერთ მომენტს: თუ მამაკაცს სურს, სექსუალური ფუნქცია რაც შეიძლება მეტხანს, რაც შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში შეინარჩუნოს, მან უნდა განახორციელოს ეს ფუნქცია რე-გუ-ლა-რუ-ლად! თუნდაც ორ კვირაში ერთხელ, მაგრამ ყოველ ორ კვირაში ერთხელ, თუნდაც კვირაში ხუთჯერ, მაგრამ ყოველ კვირა. ყველაზე ცუდია, როცა მამაკაცი ერთი კვირის განმავლობაში ხუთჯერ ატარებს აქტს, მეორე კვირაში კი ერთხელ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვმკურნალობთ არა გენიტალიებს, არამედ ტვინს, იმიტომ, რომ ტვინია მთავარი და არა სხვა ორგანოები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ცხოვრებას ტვინი არეგულირებს. მუდმივი რიტმი ადამიანში ჯდება და როცა სქესობრივი ცხოვრება რეგულარულად ხორციელდება, - ვთქვათ, ყოველ ხუთშაბათს, - ტვინი დილიდანვე იწყებს ამისთვის ორგანიზმის მომზადებას და შეუძლებელია, მამაკაცს რამე არ გამოუვიდეს. ასე რომ, ვინც რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, ის სქესობრივ ფუნქციასაც დიდხანს ინარჩუნებს.