სქესობრივი ლტოლვა

- ინსტინქტები, რომლებიც ახალი თაობების გაჩენას ემსახურება და სიცოცხლის გაგრძელებას ისახავს მიზნად. სქესობრივ ლტოლვას, მათ შორის - სქესობრივი სიახლოვის სურვილს, ქრომოსომული ნაკრები, ტვინის დიენცეფალური ნაწილი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, პირობით-რეფლექსური კომპლექსი და ინდივიდუალური ფსიქოსოციალური გამოცდილება განაპირობებს.
ლიბიდო ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი რეფლექსია, მას პირობითად ორ დონედ ყოფენ - გაცნობიერებულად (იმართება თავის ტვინის ქერქული ნაწილით) და გაუცნობიერებლად (იმართება ჰორმონებით, ძირითადად ტესტოსტერონით). სქესობრივი ლტოლვა ადამიანის რამდენიმე მოთხოვნის რეალიზაციას ემსახურება:
- რელაქსაციას (განმუხტვა). ეს სქესობრივი აღგზნების რეალიზაციაა. იგი მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიურ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას განაპირობებს, რომლის დროსაც პარტნიორის პიროვნული თვისებები პრაქტიკულად იგნორირებულია. ამასვე ემსახურება მასტურბაცია.
- შთამომავლობის გაგრძელებას.
- სიამოვნების განცდას.
- შეცნობას. ადრეულ ასაკში სქესობრივი ლტოლვა საპირისპირო სქესის შეცნობის სურვილით არის განპირობებული.
- კომუნიკაციას. სქესობრივი ლტოლვა ხშირად სიყვარულის საფუძველი ხდება და პარტნიორთა შორის ფსიქოლოგიური სიახლოვის ფუნდამენტს ქმნის.
- თვითდამკვიდრებას. ზოგჯერ სქესობრივი ურთიერთობები თვითდამკვიდრების საშუალებაა. ასეთი რამ უმეტესად დამახასიათებელია გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის, მოზრდილ ადამიანში კი ფსიქოლოგიური პრობლემების მანიშნებელია.
- კომპენსაციას. სქესობრივი ურთიერთობები ადამიანის ემოციური შიმშილის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.
- დაბოლოს, სქესობრივი ლტოლვა შეიძლება ჩვევაც იყოს. ხშირად განმეორებადი სქესობრივი მოქმედებები ადამიანში ერთგვარ დინამიკურ სტერეოტიპს აყალიბებს, რომელთა განხორციელებაც მას მოთხოვნილებად ექცევა.
სქესობრივ ლტოლვას ასუსტებს მრავალი სომატური დაავადება, ფსიქიკის მოშლილობა თუ ფსიქოსომატური პათოლოგია, მათ შორის - დეპრესია, ანორექსია, ღვიძლის ციროზი, ჰიპოგონადიზმი, ტესტოსტერონის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები. ლიბიდოს გაძლიერება ახასიათებს მანიას, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციას, ჰიპერსექსუალობას, ნიმფომანიას.
ლიბიდოს ასუსტებს და აქრობს ზოგიერთი მედიკამენტი და ნარკოტიკული საშუალებაც. ბოლო ხანს იმატა ცხოვრების დაძაბული რიტმით, ყოველდღიური სტრესით, ქრონიკული გადაღლით პროვოცირებულმა ალიბიდემიამ, ამიტომ უფრო და უფრო ხშირად ისმის კითხვა:
როგორ დავიბრუნოთ პირველი პაემნების რომანტიკა და ვნება?
ფერომონები
სამედიცინო თვალსაზრისით სქესობრივ ლტოლვას, უპირველეს ყოვლისა, ფერომონები, სხეულის ბუნებრივი არომატები განაპირობებს, რომლებიც ორივე სქესზე ძლიერ აღმგზნებად მოქმედებს. ფერომონებს საკმაოდ სუსტი სუნი აქვთ, ამიტომ ცნობიერება მას ვერ აღიქვამს, სამაგიეროდ იოლად აფიქსირებს ქვეცნობიერი და გარკვეულ სტიმულსაც იღებს სქესობრივი ურთიერთობისთვის. მამაკაცის ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ქალებში მისდამი ლტოლვას იწვევს. ქალების ორგანიზმში კი მამაკაცებისთვის საინტერესო ნივთიერებები გამომუშავდება. აღსანიშნავია, რომ ერთი და იმავე ადამიანის ფერომონები ზოგში ლტოლვას იწვევს, ზოგში კი, პირიქით, უკურეაქციას.
აფროდიზიაკები
ეს არის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას, ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს. მათი ეფექტი რამდენიმე ფაქტორით აიხსნება:
- აფროდიზიაკების უმრავლესობა შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმაოდ მდიდარ ნაკრებს, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ წარმართვას, ძალების სწრაფ აღდგენას.
- ზოგიერთი აფროდიზიაკი შეიცავს ფერმენტებს, ქიმიური აღნაგობითა და თვისებებით ადამიანის სასქესო ჰორმონთა მსგავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასქესო ჰორმონთა სინთეზს.
- აფროდიზიაკთა ერთი ნაწილი აძლიერებს სასქესო ორგანოებში სისხლის მიდინებას და ამით მათ მგრძნობელობას ზრდის.
- აფროდიზიაკები მოქმედებენ ჰიპოფიზზე და იწვევენ ენდორფინების სინთეზს, რომლებიც, თავის მხრივ, ამძაფრებენ სექსუალურ სურვილებს, ადამიანს გაცილებით თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ, იწვევენ ეიფორიას.
- ზოგიერთ მათგანს აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებაც.
დღეს სააფთიაქო ფორმით შესაძლებელია 3 სახის აფროდიზიაკების შეძენა. ესენია:
- პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კანტარიდინს. გამოიყენება მალამოს სახით გარეგანი მოხმარებისთვის, მცირე დოზებით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
- იოჰიმბინის შემცველი პრეპარატები. აფართოებს სისხლძარღვებს და აძლიერებს ორგანოთა სისხლმომარაგებას, ზრდის სქესობრივ მგრძნობელობას. გვერდითი ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება.
- მატონიზებელი პრეპარატები, ჟენ-შენისა და ელეუტეროკოკის შემცველი ექსტრაქტები. ისინი ზომიერად ზრდიან არტერიულ წნევას, ასტიმულებენ ნივთიერებათაAცვლას და აღვიძებენ სქესობრივი ცხოვრებისადმი დაკარგულ ინტერესს.
ყველა აფროდიზიაკი უვნებელი როდია - ზოგიერთი მათგანი ძლიერ შხამებსა და ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავს, ამიტომ მათი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ.