რისი უნდა გვეშინოდეს ზაფხულში
რომ ზაფხულის სამი საუკეთესო თვე ქალაქში უნდა გავატაროთ, მეტიც, ვიმუშაოთ... გუნების გამოსაკეთებლად, ვინ იცის, რას არ მივმართავთ.
1. კონდიციონერი
სწორედ კონდიციონერი გვეხმარება, დახუთულ ოფისებში შევინარჩუნოთ სამუშაო განწყობა. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით გვგონია.
-
საშიშია თუ არა კონდიციონერი
კონდიციონერმა, ისევე როგორც სხვა რთულმა ტექნიკურმა მოწყობილობამ, თუ არასწორად გამოიყენებთ, შეიძლება გავნოთ. კონდიციონერი ისევე საშიშია, როგორც ჩართული უთო ან გაზქურა. არსებობს რამდენიმე რეალური რისკი, რაც დაკავშირებულია ჩვეულებრივ ოთახის კონდიციონერთან.
-
შეიძლება თუ არა გაცივდეთ?
კონდიციონერიდან მომდინარე ცივი ჰაერის ნაკადის ქვეშ ჯდომამ, ისევე როგორც ღია ფანჯრიდან შემოსულმა ნიავმა ან ორპირმა ქარმა, შეიძლება გაგაციოთ.
-
ფრთხილად, კონდიციონერია!
ამ მოწყობილობაში კიდევ ერთი საშიშროება იმალება: ზოგიერთი კონდიციონერის წყლის გარემოში საუცხოოდ მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა. ეს ბაქტერია ვრცელდება წყლის აეროზოლში, გაციებული ჰაერით ხვდება გარემოში და იწვევს სერიოზულ დაავადებას - ლეგიონელოზს. ის სიმპტომებით მოგვაგონებს ფილტვების ანთებას ან ბრონქიტს. ლეგიონელოზი მკვეთრად საზონური დაავადებაა - ძირითადად ზაფხულში იფეთქებს ხოლმე. უკავშირდება კონდიციონერების ინტენსიურ ამუშავებას.
გაციების სისტემაში გროვდება კონდენსატი, ზაფხულის მზე ახურებს მას 30-350C-ზე და ლეგიონელებისთვის გამრავლების საუკეთესო პირობები იქმნება.
-
არის თუ არა გამოსავალი?
ამ საშიშროებათა თავიდან ასაცილებლად სწორად უნდა აარჩიოთ კონდიციონერის დასადგამი ადგილი ან არ დაჯდეთ მის ახლოს. დაავადების კიდევ ერთი მიზეზია კონდიციონერის პულტზე ძალიან დაბალი ტემპერატურის დაყენება. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარემოსა და ოთახის ტემპერატურათა შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4-50C-ს, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 280C-ია, ოთახში 24-210C უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი.
თუ დარწმუნებული არა ხართ, როგორი ტემპერატურაა ოპტიმალური, შეიძლება გამოიყენოთ რეჟიმი I FEEL. ამ რეჟიმში კონდიციონერი აირჩევს მიზნობრივ ტემპერატურას. ცივ სეზონზეც არ ღირს კონდიციონე-რის რეჟიმის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე დაყენება, რათა არ დააქვეითოთ ორგანიზმის დაცვითი უნარი. ბუნებრივია, ასევე არასასურველია იჯდეთ კონდიციონერის გვერდით (კონდიციონერის მიერ გამოსროლილი ცივი ჰაერის ნაკადის წინ). ზოგიერთი ოფისის კონდიციონერი კონდენსატს სწრაფად იშორებს. თან ასეთ სისტემებში წყალი საკმაოდ დაბალი ტემპერატურისაა და მასში ლეგიონელები ვერ მრავლდებიან. თანამედროვე გამწმენდ და დამატენიანებელ სისტემებში დაყენებულია სპეციალური ბაქტერიოციდული ფილტრები. გარდა ამისა, კონდიციონერები საგანგებოდ მოწმდება მიწოდებული ჰაერის სისუფთავეზე, მიკროორგანიზმებზე. ლეგიონელებისა და მათგან გამოწვეული ლეგიო-ნელოზისგან თავდასაცავად ამოირჩიეთ კონდიციონერები, რომლებსაც აქვს ბაქტერიის საწინააღმდეგო ფილტრები და თანამედროვე დაცვის სხვა საშუალებები.
2. ორპირი ქარი
სიცხეში ნებისმიერი ქარი ბუნების საჩუქრად აღიქმება და თუ ორპირი ქარის შექმნასაც მოვახერხებთ, ეს ხომ საერთოდ სასწაულია. მაგრამ ვენტილატორები, ორპირი ქარები, ავტომობილებისა თუ მატარებლების ღია ფანჯრები მაცდურ და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშ სიგრილეს ქმნიან.
-
ფრთხილად:
სიცხეში, როდესაც სხეული გადახურებულია, სრულიად უვნებელი ნიავიც კი საშიშია ზურგის, კისრის და წელის კუნთებისთვის. სხვათა შორის, სავსებით შესაძლებელია გაიციოთ არა მარტო კუნთები, არამედ ნერვებიც, რაც მეტად უსიამოვნოა. ხანგრძლივად ვენტილატორთან ჯდომამ შეიძლება არა მარტო გაგაციოთ, არამედ ფილტვების ანთებაც დაგმართოთ.
-
გამოსავალი არსებობს:
სუფთა ჰაერი და ორპირი ქარი სავსებით განსხვავებული ცნებებია. ვენტილატორის ჩართვა და ორპირი ქარის მოწყობა რეკომენდებულია შენობის განიავებისას, ჰაერის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად. განიავების მომენტში ოთახიდან უნდა გახვიდეთ. ვენტილატორი, სასურველია, თქვენგან 1,5-2,0 მეტრით მოშორებით დადგათ.
3. გამაგრილებელი ნაყინი
რა არის ზაფხულისა თუ შემოდგომის ცხელ დღეებში ყველაზე სასურველი? რა თქმა უნდა, ნაყინი - შოკოლადის, მარწყვის, ნაღების, კრემ-ბრულე... თან იგი შიმშილის გრძნობასაც კლავს.
-
ფრთხილად:
არაჩვეულებრივი სიამოვნების რამდენიმე წუთი შეიძლება ორკვირიან ანგინად დაგვიჯდეს. სხვათა შორის, არ დაგავიწყდეთ, რომ ნაყინი ძალიან კალორიულია და ასუქებს.
-
არის თუ არა გამოსავალი?
გავიხსენოთ, რას გვიყვებოდნენ ჩვენი მშობლები პატარაობისას: ნაყინი არ მოკბიჩოთ და დიდი ლუკმები არ გადაყლაპოთ, შეეცადეთ, ნელა ლოკოთო. სხვათა შორის, ასე სიამოვნებასაც გაიხანგრძლივებთ. თუ გახდომაც გსურთ, აირჩიეთ ნაკლებცხიმიანი ნაყინი - მაგალითად, იოგურტით დამზადებული ან ხილის ყინული.
4. FAST FOOD (სწრაფი საკვები)
თუ დილით წასაუზმება დაგავიწყდათ ან ვერ მოასწარით, ხოლო სადილად ვერ მოწყდით სამუშაოს, საღამოს შიმშილი თავს დაგავიწყებთ. ასეთ დროს საკვების სუნი გონებას გიბინდავთ.
-
ფრთხილად:
უმჯობესია ზაფხულში არ გაეკაროთ სწრაფი კვების ობიექტებში (FAST FOOD) დამზადებულ საკვებს. ეს სოსისი ხომ მთელი დღის განმავლობაში იდო პაპანაქება სიცხეში! თუ ჯიხურში მაცივარი დგას, არც მაშინ გაქვთ გარანტია, რომ იგი სიცხეს უმკვლავდება, რადგან მას წარამარა აღებენ და ხურავენ. სხვათა შორის, 250C-ზე საშიში მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება.
-
არსებობს თუ არა გამოსავალი?
თუ შიმშილს ვერ მოერევით და შინამდე ვერ ითმენთ, მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც არ ფუჭდება (ჩიფსი, ბანანი ან ნაყინი). თუ მაინცდამაინც ხორცი მოგინდათ, შებრძანდით კაფეში. იქ გარანტიას მაინც იძლევიან, რომ ყველა პროდუქტი ახალია.
5. ალკოჰოლური სასმელები
ზაფხულში დალევის საბაბი საკმაოდ ბევრია: ერთი თანამშრომელი შვებულებიდან დაბრუნდა და ღვინო ჩამოიტანა; მეორე დასასვენებლად მიემგზავრება; მესამეს დაბადების დღე აქვს...
-
ფრთხილად:
მნიშვნელობა არა აქვს, რას მიირთმევთ - არაყს, ღვინოს, სუსტ ალკოჰოლურ სასმელს თუ კოქტეილს, რადგან სიცხეში მცირე ალკოჰოლმაც კი შეიძლება სავალალო შედეგი მოიტანოს: საერთო სისუსტიდან დაწყებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით დამთავრებული.
-
არსებობს თუ არა გამოსავალი?
არავინ გიბრძანებთ, უღვინოდ გაატაროთ ცხოვრება და მით უმეტეს, პაპანაქება ზაფხული. პირველ რიგში, დალიეთ მხოლოდ ჩრდილში და სასურველია, საღამოს 6 საათის შემდეგ. და მეორეც, დალიეთ მხოლოდ დანაყრებულმა და არა მშიერმა.
6. ორგანიზმის გაუწყლოება
თუ წინა საღამოს ნამთვრალევი მაგარი ყავით გამოფხიზლდით, უგუნებოდ ხართ, სახე განაწამები გაქვთ და უპეები ჩაშავებული - ეს ორგანიზმის გაუწყლოების შედეგია.
-
ფრთხილად:
სიცხეში ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ცოტა სასმელი დალიოს, რათა არ გაოფლიანდეს. ეს საშიში შეცდომაა. ისედაც გაოფლიანდებით, მართალია შედარებით ნაკლებად, მაგრამ ამ შემთხვევაში ორგანიზმი სითხის გამოდევნას დაიწყებს თავისი სასიცოცხლო მარაგიდან.
-
არსებობს თუ არა გამოსავალი?
სიცხეში ადამიანს გაცილებით მეტი სითხის დალევა ესაჭიროება, ვიდრე ზამთარში. მაგრამ საამისოდ ყველანაირი სითხე არ გამოდგება. არ დალიოთ მაგარი ყავა, ჩაი და სხვა კოფეინის შემცველი სასმელი, არ მიიღოთ შარდმდენი საშუალებები (ექიმის დანიშნულების გარეშე). სვით გაზგაშვებული მინერალური წყალი და მწვანე ჩაი - სასარგებლოა ნებისმიერი რაოდენობით. შეეცადეთ, დღეში დალიოთ არაუმცირეს 2 ლიტრი სითხისა. ამ საერთო რაოდენობაში შედის წვნიანი, მაწონი და ხილიც. თუ სააგარაკოდ წასვლას ვერ ვახერხებთ, მზისა და სიცხისგან ისედაც "დაჩაგრულ" ორგანიზმს და ჯანმრთელობას მაინც ნუ დავიზიანებთ ახალი "საჩუქრებით".