რატომ ერევათ გული ტრანსპორტში

ამ ფენომენს ადამიანი პირველად ზღვით მოგზაურობისას შეეჯახა. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ზღვის დაავადებას სხვაგვარად კინეტოზს, ტრანსპორტში რწევას და მოძრაობის დაავადებასაც (მოტიონ სიცკნესს) უწოდებენ. მან არა მხოლოდ წყლის ტრანსპორტში, არამედ ავტომობილით, თვითმფრინავით მგზავრობისა და საქანელაზე ქანაობის დროსაც კი შეიძლება იჩინოს თავი.
ისიც აღსანიშნავია, რომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, კინეტოზი დაავადება კი არ არის, არამედ ადამიანის ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა სხეულის მდებარეობის უჩვეულო ცვლილების პასუხად.
სხეულის მდებარეობის რეგულაციაზე პასუხისმგებელი სისტემა ძალზე ნატიფი და მგრძნობიარეა. ის მოიცავს მხედველობის ორგანოს და შიგნითა ყურს ვესტიბულურ აპარატთან და ტვინთან ერთად. ამ სისტემის ფუნქციობის დარღვევისას თავს იჩენს მეტად უსიამოვნო შეგრძნებები, მათ შორის - გულისრევა და ღებინება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ზღვის დაავადებისადმი გამძლეობა ასაკსა და სქესზეა დამოკიდებული. ის ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცებთან, ყველაზე მეტად კი კინეტოზით 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იტანჯებიან. ამ ასაკში ტრანსპორტში რწევა ბავშვების 58%-ს აღენიშნება. ასაკთან ერთად ბევრი ეჩვევა ვესტიბულურ სტიმულაციებს და განმეორებით მოქმედ გამღიზიანებლებზე აღარ რეაგირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ასაკთან ერთად ზოგიერთ ადამიანს კინეტოზი აღარ აწუხებს, თუმცა მოსახლეობის 5-10% მთელი სიცოცხლე იტანჯება ტრანსპორტში რწევით. ასეთი ადამიანები ერიდებიან მგზავრობას, რადგან სიამოვნების ნაცვლად უსიამოვნებას იღებენ, მით უფრო - შორეული მოგზაურობისგან, რადგან წყლის ტრანსპორტითა თუ ავტომანქანით ხანგრძლივი მგზავრობისას გულისრევა ხშირად განმეორებით ხასიათს იძენს, შედეგად კი აპათია და დეპრესია ვითარდება. ადამიანი მეტისმეტად ეშვება და ითრგუნება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში (იგულისხმება ძლიერი რწევა) ზღვის დაავადების სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს, ყოფილ მეზღვაურსაც კი განუვითარდეს. ამის ნათელი მაგალითია ინგლისელი ადმირალი ნელსონი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ზღვაზე გაატარა და მიუხედავად ამისა, ყოველი ძლიერი შტორმის დროს კინეტოზით საშინლად იტანჯებოდა.
კინეტოზის პათოგენეზი
ზღვის დაავადებას მეტად რთული პათოგენეზი აქვს. მისი მექანიზმები დღესაც მეცნიერული შესწავლის საგანია. მკვლევართა უმეტესობა მხარს უჭერს მეცნიერ ვოიაჩეკის თეორიას, რომლის თანახმადაც კინეტოზის განვითარებაში წამყვან როლს ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები ასრულებენ. ეს რეცეპტორები რეაგირებენ სხეულის მდებარეობის, მოძრაობის ცვლილებასა და აჩქარებაზე და ტვინს სიგნალს აწვდიან ამ აჩქარების ძალასა და ხასიათზე. მაგალითად, ლიფტით მგზავრობისას ჩვენ ვგრძნობთ როგორც მისი გადაადგილების (მოძრაობის) მიმართულებას (ზემოთ მიდის თუ ქვემოთ), ასევე სიჩქარეს და გაჩერების სისწრაფეს (მკვეთრად გაჩერდა თუ ნელა).
ვესტიბულური აპარატის რეცეპტორები მეტად მგრძნობიარენი არიან ხანგრძლივად განმეორებადი მოძრაობების მიმართ. ამის კარგი მაგალითია ის შეგრძნებები, რომლებიც ადამიანს ეუფლება ძლიერი შტორმის დროს გემზე რწევისას, ავტომანქანით მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მგზავრობისას, ასევე - უჩვეულო აჩქარებებით მოძრაობისას. მაგალითად, ცნობილ ატრაქციონზე - ამერიკულ მთებზე - სრიალისას, თვითმფრინავის აფრენა-დაფრენისას. ყველა ჩამოთვლილი მოძრაობა რწევას ანუ კინეტოზს იწვევს.
ზღვის დაავადების მთავარი მიზეზი ვესტიბულური აპარატიდან და მხედველობის ორგანოდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ტვინში) გადაცემულ ინფორმაციებს (ნიშნებს) შორის კონფლიქტია. ასეთი კონფლიქტი შესაძლოა აღმოცენდეს გემზე რწევის დროს, როდესაც ადამიანი კაიუტაში იმყოფება და ვერ ხედავს ჰორიზონტს. ამ დროს ვესტიბულური აპარატი განმეორებით მოძრაობებს აღრიცხავს, თვალები კი კაიუტაში უძრავ საგნებს აღიქვამენ.