ორსულობა და იოდდეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და იოდდეფიციტი

.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ქალები 5-7-ჯერ უფრო ხშირად უჩივიან, ვიდრე მამაკაცები. ეს სნეულებები ქალებს უმთავრესად შვილოსნობის ასაკში ემართებათ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისადმი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ის ორსულები, რომელთაც ანამნეზშიც აღენიშნებათ ამ ორგანოს ესა თუ ის პათოლოგია.

  • რატომ უვითარდებათ ორსულებს იოდის დეფიციტი

იოდის დეფიციტს მრავალი მიზეზი აქვს. ორსულობისას ამ მიკროელემენტის უკმარისობა უმთავრესად არასათანადო კვების ბრალია. ადამიანისთვის იოდის ძირითადი წყარო წყალი და საკვებია. ორსულობისას ამ ელემენტზე ორგანიზმის მოთხოვნა იმატებს, ამიტომ იოდის ის ოდენობა, რომელსაც ქალი დაორსულებამდე იღებდა საკვებთან ერთად, ორსულობის პერიოდში შესაძლოა საკმარისი აღარ აღმოჩნდეს. ორსულობისას ქალების უმრავლესობას იოდის დეფიციტი უვითარდება, მაგრამ ზოგიერთის ორგანიზმი ეგუება ამ მდგომარეობას და ნაყოფის განვითარებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ კონცენტრაციას უზრუნველყოფს.

ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონების გამომუშავებას გაცილებით გვიან, ნერვული სისტემის პირველადი ჩამოყალიბებისას იწყებს, ამისთვის კი სწორედ ხსენებული ჰორმონებია საჭირო, ამიტომ ბავშვის ნორმალური განვითარება მთლიანად დედის ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზეა დამოკიდებული.

  • რა ხდება ნორმალური ორსულობისას

როდესაც ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ძლიერდება და თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნა იმატებს. ამ დროს ორგანიზმი ჩვეულებრივზე ერთნახევარჯერ მეტ - 300 მკგ-მდე იოდს ითხოვს. ელემენტის უკმარისობა განსაკუთრებით გამოხატულია ორსულობის პირველ ნახევარში, როდესაც ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. ორსუ-ლობის მე-14-16 კვირიდან ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი ამოქმედდება, ხოლო მშობიარობის დრო-ისთვის მისი ჰიპოფიზ-ფარისებრი ჯირკვლის სისტემა მთლიანად ჩამოყალიბებული და ფუნქციურად აქტიურია.

  • რას უქადის ორსულს იოდის დეფიციტი

ორსულობა ნორმალურად რომ წარიმართოს, აუცილებელია ქალის ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით ადეკვატური მომარაგება. იოდი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ერთ-ერთი მიკროელემენტია. მეტადრე მნიშვნელოვანია ის ორსულობისას, როცა ქალის ორგანიზმს ორის ნაცვლად უხდება მუშაობა. პრაქტიკულად ჯანმრთელი ქალი ორსულობისას იოდის დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება. როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე ნაკლებ იოდს იღებს, ეს მისი ფუნქციის დაქვეითებით და/ან გადიდებით ვლინდება. მაგრამ ასეთი დაავადება, წესისამებრ, ადვილად ექვემდებარება დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს. იოდის ფარული დეფიციტი ენდემურ ჩიყვზე გაცილებით ხშირად გვხვდება და უფრო რთულად ექვემდებარება მკურნალობას. იოდის სწორედ ასეთი უკმარისობაა განსაკუთრებით საშიში დედისა და ნაყოფისთვის. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისადმი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ის ორსულები, რომელთაც ანამნეზშიც აღენიშნებათ ამ ორგანოს ესა თუ ის პათოლოგია.

  • რა საჭიროა იოდი და რა მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ნაყოფის ორგანიზმისთვის?

ბავშვის ორგანიზმი იოდის დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ნაყოფს, მოზრდილი ადამიანისგან განსხვავებით, არ შეუძლია, შეეგუოს იოდის დეფიციტს, ამიტომ უმნიშვნელო უკმარისობამაც კი შესაძლოა მეტად მძიმე დარღვევებს დაუდოს სათავე. ნაყოფის ჩამოყალიბებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მუცლადყოფნის პერიოდში ეს ჰორმონები პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის ჩამოყალიბებასა თუ მომწიფებას აკონტროლებს. ისინი გავლენას ახდენს ფილტვის ქსოვილის, თავის ტვინის, ძვალსახსროვანი სისტემის განვითარებაზე, თავის ტვინის ფორმირებასა და ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე. ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ორგანიზმის იოდით მომარაგებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ასტიმულირებს ძვლის წარმოქმნას, აჩქარებს ძვლებში მინერალების (უმთავრესად - კალციუმისა და ფოსფორის) ჩალაგებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენს ცილის სინთეზზე, უჯრედების ზრდაზე, ააქტიურებს ქსოვილთა სუნთქვას, ხელს უწყობს ნაყოფის განვითრებას, აძლიერებს მეტაბოლიზმს - ზრდის მოთხოვნილებას ფერმენტებსა და ვიტამინებზე.

  • რით შეიძლება გართულდეს ორსულობა იოდის დეფიციტის დროს?

იოდის დეფიციტი შესაძლოა სპონტანური აბორტის ან ნაყოფის განვითარების შეფერხების (გაყინული ორსულობის) მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, იოდის დეფიციტი ზრდის ორსულობისა და მშობიარობის გართულებათა ალბათობას. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ადეკვატურად არ ვუმკურნალეთ, მოსალოდნელია ანემია, პლაცენტის უკმარისობა, ჰიპერტენზია, გესტოზი, ეკლამფსია, ახალშობილი კი შეიძლება თანდაყოლილი მანკით ან ჰიპოთირეოზით დაიბადოს. არც მკვდრად შობაა გამორიცხული. ძუძუს წოვების პერიოდში იოდდეფიციტმა შესაძლოა ლაქტაციის შემცირება ან შეწყვეტა გამოიწვიოს.

  • რა ნიშნებით ვლინდება ახალშობილებში ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა?

ცნობილია, რომ იოდის დეფიციტის ფონზე (თუნდაც კლინიკური გამოვლინების გარეშე) ბავშვები ფსიქომოტორული შეფერხებით (ფსიქიკური და ფიზიკური ჩამორჩენილობით) იბადებიან. ბავშვის ფსიქომოტორული ჩამორჩენილობის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს კრეტინიზმი, რომელსაც ახასიათებს გონებრივი და ფიზიკური განვითარების ღრმა და შეუქცევადი დარღვევები. ასეთ ბავშვებს ახასიათებთ გამოხატული ჭკუასუსტობა, ფიზიკური ჩამორჩენილობა, განვითარების სხვადასხვა მანკი.

  • რა სახის მკურნალობა ტარდება ამ დროს?

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას აუცილებელია ჩანაცვლებითი თერაპია თირეოიდული პრეპარატების (ეუთიროქსის, L-თიროქსინის) ადეკვატური დოზებით. თირეოიდული პრეპარატები ნაყოფისთვის საშიში არ არის. თუ დედას ორსულობამდეც ჰქონდა ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა, ჰორმონებით მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით მთელი ორსულობის განმავლობაში გრძელდება. კურსის შეწყვეტა არამც და არამც არ შეიძლება - ჰიპოთირეოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი, განვითარების მანკი, გონებრივი ჩამორჩენილობა, მიქსედემა, კრეტინიზმი.

მკურნალობა ტარდება თირეოიდული პრეპარატებით, იოდის პრეპარატებით (იოდიდით, იოდომარინით) ან კომბინირებულად.

  • რატომ ატარებენ ჩიყვის დროს ქარვის ყელსაბამს?

ქარვა ზღვის პროდუქტია, რომელიც იოდის კონცენტრირებულ რაოდენობას შეიცავს. თუ დაავადება იოდის დეფიციტით არის გამოწვეული, ქარვის სამკაულის ტარებამ შესაძლოა მართლაც გამოიღოს შედეგი, მაგრამ თუ აუტოიმუნურ დაავადებასთან გვაქვს საქმე, ქარვის ტარება არ შეიძლება.

  • პროფილაქტიკა მკურნალობის ნაცვლად

როგორც მოგახსენეთ, იოდის დეფიციტი მუცლადყოფნის პერიოდში და ცხოვრების პირველ წელს ბავშვზე დამღუპველად მოქმედებს. ორსულობისას იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა მძიმე შედეგების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.

  • როდის შეიძლება დავიწყოთ იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა

ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირება ორსულობის მე-3-4 კვირას იწყება - იმ დროს, როდესაც ქალმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ ორსულად არის. ამიტომ იოდდეფიციტის პროფილაქტიკა სასურველია დავიწყოთ დაორსულებამდე, მისი დაგეგმვისას. იოდის მიღება უნდა გაგრძელდეს მთელი ორსულობის განმავლებაში და ძუძუთი კვების დროს.

  • როგორ უნდა ჩატარდეს იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობისას და რომელი პრეპარატები შეგვიძლია გამოვიყენოთ?

დიეტით იოდის დეფიციტის კომპენსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. საკვები პროდუქტების უმეტესობა ძალიან ცოტა იოდს შეიცავს. თანაც დიეტა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმში იოდის თანაბარ გადანაწილებას. არსებობს მრავალი პრეპარატი, რომლებსაც ორსულთა ვიტამინურ-მინერალური უკმარისობის პროფილაქტიკისთვის იყენებენ, მაგრამ იოდის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის უმჯობესია გამოყენებული იქნეს მედიკამენტები იოდის დოზირებული შემცველობით - ისინი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ვაკონტროლოთ ორსულის ორგანიზმში იოდის ოდენობა.

გახსოვდეთ:

იოდის პრეპარატებით თვითმკურნალობა და თვითპროფილაქტიკა კატეგორიულად იკრძალება. ამ პრეპარატების არასწორმა მიღებამ შესაძლოა ვერაფერი უშველოს იოდდეფიციტის პრობლემას, მეტიც - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, იოდის პრეპარატების მიღებამდე უნდა დააზუსტოთ, როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. იოდშემცველი საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობისას.

თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა აცნობოთ მეანსა და პედიატრს.

მშობიარობის შემდეგ 6-9 თვის განმავლობაში, ყოველ 2-3 თვეში ერთხელ, უნდა გაიზომოთ სისხლში თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) ჰორმონების შემცველობა.