კინეზითერაპია ანუ მკურნალობა მოძრაობით
ჩვენს ჟურნალში არაერთი პუბლიკაცია დაბეჭდილა. ილიას ცნობილი სიტყვები "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნისთვის სიცოცხლისა და ძალის მიმცემი" ორგანიზმის ჯანმრთელობის კონტექსტშიც ჭეშმარიტია.
დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობიდან ორგანიზმის გამოყვანასა და მის დროულ რეაბილიტაციაში სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ვარჯიში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მოძრაობით მკურნალობის მეთოდიკა ანუ კინეზითერაპიაც (ბერძნულად "კინეზის" მოძრაობას ნიშნავს) უცხო არ გახლავთ მკითხველისთვის. სხვა საქმეა, ვინ როგორ ახერხებს მოძრაობას და როგორ მისდევს (თუ საერთოდ მისდევს) ამ მცნებას. სწორედ კინეზითერაპიის მნიშვნელობასა და სამკურნალო ეფექტზე გვესაუბრება კინეზითერაპევტი ალექსანდრე კონდრატენკო, რომელსაც ამ მეთოდით წლების განმავლობაში რუსეთში, ფინეთსა და ირლანდიაში არაერთი პაციენტი განუკურნავს.
-
რას გულისხმობს კინეზითერაპია როგორც მკურნალობის მეთოდი და როდის არის ის განსაკუთრებულად ეფექტური?
- ჩვეულებრივი სამკურნალო ფიზკულტურისგან განსხვავებით, კინეზითერაპია ექსტრემალური დატვირთვით მკურნალობას გულისხმობს. მისი ფუძემდებელი გახლავთ ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სერგეი მიხეილის ძე ბუბნოვსკი, რომელმაც ადამიანის ქრონიკულ დაავადებათა მკურნალობის სრულიად განსხვავებული მეთოდი შეიმუშავა. უკვე 30 წელიწადზე მეტია, რაც კინეზითერაპიას წარმატებით იყენებენ არა მხოლოდ რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ უცხოეთის მრავალ სახელმწიფოშიც. მეთოდის არსი კუნთებისა და მყესების მაქსიმალური დაძაბვა და მათი ინტენსიური დატვირთვაა, რაც თავის მხრივ სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, კუნთის ტროფიკის (კვების) გაუმჯობესებასა და ნერვული იმპულსის გატარებას უზრუნველყოფს. ამ მიდგომით ბუბნოვსკიმ შეძლო პრაქტიკაში დაენერგა ხერხემლისა და სახსრების პათოლოგიათა მკურნალობის სრულიად ახალი რადიკალური არაოპერაციული მეთოდი.
საყურადღებოა ისიც, რომ კინეზითერაპია ძალზე ეფექტურია საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობაშიც. ბუბნოვსკის მიერ შემუშავებული მეთოდი მოიცავს პარტერულ ტანვარჯიშსა და მრავალფუნქციურ ტრენაჟორებზე ვარჯიშს, რომელიც კუნთთა თითოეული ჯგუფისათვის დატვირთვის ზუსტი დოზირების საშუალებას იძლევა. ექსტრემალური დატვირთვა და ფიზიკური ზემოქმედების ადეკვატური რეჟიმის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს არა კუნთთა გადიდება-ჰიპერტროფიას და დიდი კუნთოვანი ძალის მიღწევას, არამედ სხეულის ღრმა კუნთების გააქტიურებას, მათ მობილიზებასა და მოძრაობაში ჩართვას.
ბუბნოვსკის სახელს უკავშირდება აგრეთვე ახალი (მის მიერვე დაპატენტებული) დიაგნოსტიკური მეთოდის - მიოფასციური დიაგნოსტიკის დანერგვაც. ამ უკანასკნელის საშუალებით რეალურად არის შესაძლებელი ხერხემლის, მალათაშუა დისკოების, საზოგადოდ, სახსრებისა და კუნთების მდგომარეობის ასახვა.
გამოგიტყდებით, ორივე მეთოდის (ვგულისხმობ როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მეთოდებს) ეფექტურობა მე თავის დროზე საკუთარ თავზე გამოვცადე. 1997 წელს მალათაშუა დისკის თიაქრის გამო (L 5- S 1, დურალური გარსი 60%-ით იყო მიჭყლეტილი) საშინელი ტკივილებით ვიტანჯებოდი, თვენახევრის განმავლობაში დაკარგული მქონდა გადაადგილების უნარი. არაერთი გამოკვლევა და მკურნალობის კურსი ჩავიტარე. სპეციალისტები მიმტკიცებდნენ, რომ ჩემთვის ერთადერთი ხსნა ოპერაცია იყო, ამაზე კი მე არ ვთანხმდებოდი, და უნდა გითხრათ, რომ ექიმ სპეციალისტთა გასაკვირად, მოსკოვში, ბუბნოვსკის ცენტრში რეაბილიტაციის სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ, განმეორებითი გამოკვლევისას, აღმოჩნდა, რომ ჩემი თიაქარი გაქრა. მას შემდეგ 12 წელმა განვლო და მე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა აღარ მქონია. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ მე გახლდით ექიმ ბუბნოვსკის უმძიმესი პაციენტი. შემდგომ ანალოგიური პრობლემის მქონე პაციენტებთან მუშაობის მანძილზე თავად მე ჩემი შემთხვევის მსგავს რთულ შემთხვევას არ შევხვედრივარ.
-
ვარჯიშსა და მუდმივ მოძრაობას რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში, ეს დღეს უდავოა, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ექსტრემალური დატვირთვა და გადაძაბვა მალათაშუა დისკოების თიაქრისა და ხერხემლის სხვა პათოლოგიათა შემთხვევაში?
- ოსტეოქონდროზი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ზურგის მწველი ტკივილი ის ძირითადი სიმპტომია, რომლის გამოც ხშირად მიმართვენ ექიმს. ავტორთა დიდი ნაწილის დასკვნით, ზურგის ცალკეული ნაწილების ტკივილის მიზეზი კუნთოვანი კორსეტის გადაძაბვა და ზურგის გამშლელი კუნთების სპაზმია. აღნიშნულ პროცესთა გამო ირღვევა კუნთების ტროფიკა, მალათაშუა მამოძრავებელ სეგმენტებში კი ანთებითი და დეგენერაციული ცვლილებები იჩენს თავს. მოგეხსენებათ, დღეს ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ არაერთი მეთოდია მოწოდებული: მედიკამენტური, ფიზიოთერაპიული, ინვაზიური, - თუმცა კუნთების მდგომარეობის ნორმალიზება, წესისამებრ, მაინც ვერ ხერხდება. ტკივილი კი ქრება, მაგრამ მოძრაობისა და, საზოგადოდ, ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება, მაშინ როცა კინეზითერაპიას ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ეფექტი აქვს.
სპეციალურ ტრენაჟორებზე ვიწროლოკალური და მრავალფუნქციური ტიპის ფიზიკური დატვირთვები აძლიერებს ზურგის კუნთების ფუნქციას. ადამიანს, გარდა იმისა, რომ ტკივილი ეხსნება, სიმსუბუქის, სიჯანსაღის შეგრძნებაც ეუფლება, ხერხემლისა და ზურგის მდგომარეობის გაუმჯობესებისდა კვალად მოძრაობის, აქტიურობის სურვილი უჩნდება, მთავარი კი ის არის, რომ ამის შესაძლებლობა ეძლევა.
-
ვიწროლოკალური და მრავალფუნქციური დატვირთვაო, ბრძანებთ. საინტერესოა, როგორ ხდება ამის განსაზღვრა თითოეული პაციენტისთვის ცალკეულ შემთხვევაში, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს?
- რა თქმა უნდა, სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავება-შერჩევა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება, ფიზიკური დატვირთვის ინდივიდუალური დოზირებით, ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებების, მისი კუნთებისა და მყესების მდგომარეობის გათვალისწინებით.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ქრონოთერაპიას, ანუ რაციონალურად შერჩეული დატვირთვის დროის ვადებთან შეუღლებას (ანუ რა სიხშირით, დროის რა ინტერვალში, რა ხანგრძლივობით უნდა შესრულდეს ვარჯიში თუ დატვირთვა).
მოგეხსენებათ, ნებისმიერი თერაპიული მოქმედების ეფექტურობა დამოკიდებულია პაციენტის ორგანიზმის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, მისი ბიოციკლის ფაზებთან რაციონალურ შეუღლებაზე, ვინაიდან ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი, ქრონობიოლოგიური კონტექსტით, ბიორიტმებით გამსჭვალული, გარესამყაროსთან ჰარმონიულ წონასწორობაში მყოფი ერთიანი სისტემაა. ჯანმრთელობის რყევის პირველ ნიშანს სწორედ დისჰარმონია, ბიოსისტემის დესინქრონიზაცია წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ბიოლოგიური რიტმების არქიტექტონიკის რღვევასა და სისტემათაშორისი ურთიერთობების მოშლას მოიცავს. ყოველივე ეს ორგანიზმის ცალკეული ფიზიოლოგიური პარამეტრების (პულსის სიხშირე, არტერიული წნევისა და ტემპერატურის მაჩვენებლები და სხვა) ცვლილებებით გამოიხატება. შესაბამისად, კინეზითერაპიის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პარამეტრების კონტროლსა და მათ მიხედვით დატვირთვის დოზირებას.
-
ცნობილია, რომ სწორედ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრების გამო არ არის რეკომენდებული ექსტრემალური დატვირთვა და ფიზიკური გადაძაბვა კარდიული ავადმყოფებისა და სხვა პათოლოგიურ მდგომარეობათა მქონე პირებისთვის. ამ თვალსაზრისით როგორ შეაფასებდით კინეზითერაპიის როლსა და ეფექტს?
- ეს მოძველებული და მცდარი შეხედულებაა. ფიზიკური უმოძრაობისდა კვალად გულის კუნთოვანი გარსი, მიოკარდიუმი, სუსტდება. მაგალითად, მეცნიერული დაკვირვებები ადასტურებს, რომ სრული უმოძრაობის 70-ე დღეს გული ზომაში 13-18%-ით იკლებს. ფიზიკური დატვირთვის გარეშე სისხლის მიმოქცევის სისტემაში სისხლის მხოლოდ 20-30% ცირკულირებს. ჩვენს ორგანიზმში 150 მილიარდამდე კაპილარია. ერთ ხაზად გაჭიმვის შემთხვევაში ისინი დედამიწის ეკვატორს ორნახევარჯერ შემოსწვდებოდა. ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კია, რომ გულს, ამ ერთი ციდა ორგანოს, რომელიც სულ 350 გრამს იწონის, ზომით კი მუჭისოდენაა, დღე-ღამეში 10 ტონამდე სისხლის გადატუმბვა შეუძლია. ნუ დაგვავიწყდება, რომ გულს ამ რთული ფუნქციის შესრულებაში სისხლის მიმოქცევის მთელი სისტემა ეხმარება. ამ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია კაპილარები, ვენური ქსელი, დიაფრაგმა, კუნთოვანი მასა და სხვა. ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში სისხლის მიმოქცევა მთელ ორგანიზმში, უპირველეს ყოვლისა კი კუნთოვან ქსოვილში უმჯობესდება. სისხლის გადანაწილების კვალდაკვალ გულის ფუნქციური მდგომარეობა და მუშაობის ხარისხი უკეთესი ხდება. ამიტომ სანამ ადამიანს გული უძგერს, მან აუცილებლად უნდა იმოძრაოს.
ყველა ვეთანხმებით აქსიომას, რომ მოძრაობა სიცოცხლეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცივილიზაციის ყველა მიღწევა კაცობრიობის გაზარმაცებისკენ არის მიმართული. დღეს ადამიანს სიზარმაცის დაკმაყოფილების ყველა საშუალება აქვს, კომფორტმა კი შეჩვევა და ჩათრევა იცის. საკუთარი თავის სიბრალულით ადამიანები ფიზიკური დატვირთვისგან ხშირად თავს იკავებენ, არა და ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, ასაკი და სიბერის მოახლოება ამას ისედაც უწყობს ხელს. სიბერე უვარჯიშებლობა ანუ დეტრენირებაა. ამ დროს ადამიანის კუნთოვანი მასა იკლებს. ეს პროცესი პრაქტიკულად 18 წლიდან იწყება, თუ ადამიანმა ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად არაფერი გააკეთა.
ჰიპოდინამია ანუ უმოძრაობა და ჰიპოკინეზია ანუ ძალისმიერი დატვირთვის ნაკლებობა ჩვენი დროის აქტუალური პრობლემებია, რადგან ისინი ხელს უწყობენ კუნთების ჰიპოტროფიას (მოცულობის შემცირებას), შემდგომ კი ატროფიას - განლევას. კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მათი ატროფია, თავის მხრივ, პათოლოგიურ ასახვას პოვებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის დაქვეითებაში, სისხლძარღვოვან დარღვევებში, აძნელებს ანთებითი რეაქციების ჩაცხრობასა და გამოჯანმრთელებას.
ჰიპოდინამია და ჰიპოკინეზია უამრავი დაავადების მთავარი გამშვები მექანიზმია. წარმოიდგინეთ, 18-20 წლისთვის სრულდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფორმირება-ჩამოყალიბება და თუ ადამიანს არ აღენიშნება ქრონიკულად მომდინარე რომელიმე დაავადება ან არ გადაუტანია რაიმე სახის ტრავმა, ის პრაქტიკულად ჯანმრთელია. დაახლოებით 30 წლიდან კი ჯანმრთელობა თანადათანობით ირყევა, რადგან ამ დროისთვის გამძლეობის ბუნებრივი რეზერვი ნელ-ნელა იფიტება. თუ ადამიანმა ზომები არ მიიღო ამ მარაგის შესანარჩუნებლად, არ იზრუნა თავისი ფიზიკური სხეულის სრულყოფისათვის, არ მისდია სპორტს, - თავისი ჯანმრთელობისთვის და არა მსოფლიო რეკორდების დასამყარებლად (რომელთა მიღწევაც, სამწუხაროდ, უამრავ გართულებასა და დაავადებას უღებს კარს), - 60 წლისთვის მას კუნთოვანი ქსოვილის დაახლოებით 50% დაეკარგება, სანაცვლოდ კი დაავადებათა მთელ თაიგულს მოიპოვებს.
ადამიანმა პრინციპში არც კი უნდა იავადმყოფოს, რადგან ორგანიზმი წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ, თვითრეგულირებად და თვითაღდგენის უნარის მქონე უნიკალურ სისტემას. ბუნებამ ადამიანს ორგანიზმის სისტემათა საიმედოობის გაათმაგებული ხარისხი მიანიჭა. ეს უკანასკნელი ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე რომელიც გნებავთ დამაზიანებელი ფაქტორი. უბრალოდ, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ კუნთები არის ღვთის მიერ ბოძებული მთავარი ფაბრიკა წამლებისა. კუნთებშია აკუმულირებული წამალი მთელი სხეულისა, წამალი, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ გაუტკივარებისთვის, არამედ ორგანიზმის განწმენდისა და დეპრესიის დაძლევისთვისაც. ასაკი არავითარ დაბრკოლებას და უკუჩვენებას არ წარმოადგენს. საჭიროა მხოლოდ დატვირთვის ეტაპობრივად გაზრდა. თუ ჩვენ შევძლებთ კუნთოვანი ქსოვილის რაციონალურად გამოყენებისთვის სათანადო პირობების შექმნას, მუდმივად დავტვირთავთ და ვამოძრავებთ ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, შედეგად ურყევ ჯანმრთელობას მოვიმკით. ჯანმრთელობა კი, ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის მიშელ მონტენის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, არის საგანძური, ამასთანავე, ერთადერთი, რომლისთვისაც არ ღირს არც დროის, არც ძალის, არც შრომის დაზოგვა. გაიღეთ ჯანმრთელობისათვის მსხვერპლად თქვენი ცხოვრების ნაწილი, რადგან მის გარეშე ცხოვრება აუტანელი და დამამცირებელი ხდება!