მალათაშუა დისკების თიაქარი - მართვა და სწორი მკურნალობა
დაავადება ხერხემლის კისრის, გულმკერდის და წელის სეგმენტებში მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებების შედეგია – მალათაშუა დაზიანებული ფიბროზული რგოლის გახეთქვის შედეგად მისი შიგნითა ნაწილი გამოდის პირვანდელი მდებარეობის არიდან თიაქრის წარმოქმნით, რომელიც ზურგტვინის არხიდან მალათაშუა ნერვის გამოსვლის ადგილას აწვება ნერვის ფესვს და მის შეშუპებასა და ანთებით დაზიანებას იწვევს.
სტატისტიკის მიხედვით, 30 წლამდე ადამიანთა 80%-ს, 40 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში კი – 90%-ს, მალათაშუა თიაქარი აქვს, თუმცა მათგან მხოლოდ 5%-ს აღენიშნება ტკივილის სინდრომი.
ყველაზე ხშირად ხერხემლის თიაქრები წელის არეში ჩნდება, რაც გასაკვირი არც არის, რადგან სწორედ ხერხემლის ამ ნაწილს ადგება დიდი დატვირთვა სიმძიმეების აწევისა და მოძრაობითი აქტივობისას.
მალათაშუა დისკის დაზიანების სცენარი
მალათაშუა დისკი ორი მექანიზმით ზიანდება:
- ჯანმრთელი დისკის გახეთქვა, რომელიც გამოწვეულია ტრავმით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ან სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, რასაც ფიბროზული რგოლის დაზიანება სდევს თან;
- დისკის ადრეული დეგენერაცია (გადაგვარება), როცა პროგრესულად სქელდებაფიბროზული რგოლი, რომელიც აწვება ზურგის ტვინს (დისკის პროტრუზია). ამგვარი პროცესები ყველაზე ხშირად ვითარდება ფიზიკური დატვირთვისას კისრის ქვედა ნაწილში, ზურგის შუა და წელის სეგმენტებში.
დეგენერაციულ პროცესს ასევე შეუძლია დისკის სიმყარის გაძლიერება, ნახევრად თხიერი ბირთვის გამოშრობა და გამყარება, რის გამოც ის კარგავს მაამორტიზებელ ფუნქციას. თუ სცენარი ასე ვითარდება, ფიბროზული რგოლი სკდება, უკვე გამყარებული ბირთვი პირდაპირ აწვება ზურგის ტვინს (დისკის ექსპრუზია).
მალათაშუა თიაქარი ვითარდება ოსტეოქონდროზის ფონზეც – ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხრტილებსა და სახსრის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ასევე დეგენერაციული ცვლილებებია. ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვებისას ის თანდათან იწვევს პროტრუზიას, მოგვიანებით კი – სრულფასოვანი თიაქრის გაჩენას.
ოსტეოქონდროზის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც ხერხემლის თანდაყოლილი პრობლემები აქვთ.
ხერხემლის თიაქრის ხელშემწყობი ფაქტორებია:
- სხეულის ჭარბი წონა;
- ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმები;
- ნაკლებაქტიური ცხოვრების წესი;
- გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვები;
- კუნთოვანი აპარატის თანდაყოლილი ან შეძენილი სისუსტე;
- მეტაბოლური დარღვევები;
- აუტოიმუნური დაავადებები;
- ხერხემლის გამრუდება;
- მჯდომარე სამსახური;
- მავნე თვისებები;
- პრობლემისადმი გენეტიკური განწყობა;
- ბიოლოგიური დაბერება;
- ხერხემლის სვეტის მოტეხილობა და ტრავმები, რომლებიც იწვევენ მალათაშუა დისკების ნორმალური ფუნქციების დაკარგვას;
- ამის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, რომელიც ხერხემლის არათანაბარ დატვირთვას იწვევს.
ხერხემლის თიაქრის განვითარების სტადიები
I სტადია – ვითარდება 2-3 მმ ზომის დისკის გამოსვლა, რომელიც არღვევს სისხლის მიმოქცევას და იწვევს ახლომდებარე ქსოვილების შეშუპებას. ზურგის ტვინის ნერვის ფესვების გაღიზიანება იწვევს სისხლძარღვების სპაზმს და ვითარდება უმნიშვნელო დეგენერციული პროცესები;
II სტადია – დისკის პროტრუზია უკვე 4-დან 15 მმ-მდეა, თუმცა ბირთვი არ ტოვებს ფიბროზულ რგოლს. ფესვობრივი ზეწოლის სინდრომი ვითარდება მხოლოდ მექანიკური შეკუმშვისას. გარკვეული მოძრაობებისას მალათაშუა თიაქარი ნერვულ დაბოლოებებს უშუალოდ ეხება, მექანიკურად აღიზიანებს და იწყება ტკივილი;
III სტადია – აქტიურ ზრდას იწყებენ ოსტეოფიტები – ძვლოვანი წანაზარდები, რომლებიც ართულებენ სისხლის მიმოქცევას, იწყება ნერვულ დაბოლოებათა ნაწილობრივი განლევა. ბირთვი პრაქტიკულად ვეღარ ასრულებს ამორტიზატორულ ფუნქციას, ფობროზული კაფსულა შრევდება, რაც იწვევს ბირთვის გამოსვლას;
IV სტადია – დისკის ბირთვი ტოვებს მალათაშუა არეს, ტკივილის გამო იზღუდება მოძრაობა, რაც ახლომდებარე ქსოვილების განლევას იწვევს. თიაქარი თანდათან იზრდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კუნთების ტონუსსა და ტკივილის სინდრომს. ამის გამო ადამიანი იძულებულია, შეზღუდოს მოძრაობითი აქტივობა, თუმცა ტკივილი თანდათან კვლავ ძლიერდება. მდგომარეობა გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.
ამოვიცნოთ თიაქარი
დასაწყისში ხერხემლის თიაქარი ადვილად ამოსაცნობი არ არის, კონკრეტულ ნიშნებს განსაზღვრავს დაზიანების ლოკალიზაცია, თიაქრის ზომა, პათოლოგიურ პროცესში ზურგის ტვინის სტრუქტურების ჩართულობის ხარისხი.
ჩვეულებრივ, მას ახასიათებს:
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვებისას;
- გამჭოლი ტკივილი, რომელიც გადაეცემა გულმკერდს, მენჯს, ბარძაყებს და ტერფსაც;
- კანის მგრძნობელობის დაქვეითება;
- ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვა;
- ხშირი თავის ტკივილი და თავბრუხვევა;
- კუნთების სისუსტე, კიდურების დაბუჟება;
- ნაწლავის და შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციების დაქვეითება.
დასაწყისში მალათაშუა არედან თიაქრის გამოსვლა ლატენტურად, ფარულად მიმდინარეობს, სიმპტომები სპონტანური ხასიათისაა და დისკომფორტი მხოლოდ დატვირთვისას იჩენს თავს, წოლით პოზაში კი ქრება. მოგვიანებით ტკივილი ძლიერდება და მუდმივი ხდება.
მალათაშუა თიაქრის არსებობაზე ეჭვს ნევროლოგი პაციენტის ანამნეზისა და ჩივილების საფუძველზე გამოთქვამს. ინიშნება დამატებითი კვლევები:
- კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – დგინდება თიაქრის არსებობა, მისი ზომები, პროცესის სტადია და ზურგის ტვინის ფესვებზე თიაქრის ზეწოლის ხარისხი;
- ხერხემლის რენტგენული კვლევა – ადასტურებს მის გამრუდებასა და სხვა ტიპის ანომალიებს;
- სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია – ადგენს, თუ რამდენად არღვევს კისრის არეში არსებული თიაქარი ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას.
გულმკერდის სეგმენტში არსებული თიაქრისას დამატებით საჭირო ხდება ისეთი სპეციალისტების კონსულტაცია, როგორებიც არიან: კარდიოლოგი, პულმონოლოგი და გასტროენტეროლოგი.
რით დავეხმაროთ თავს
მკურნალობის დაწყება საჭიროა რაც შეიძლება ადრე. ყოველივე შესაძლებელია არაქირურგიული – კონსერვატიული და ქირურგიული – ოპერაციული მეთოდებით.
არაქირურგიული მეთოდები
ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე, გამოიყენება სპეციალური ორთეზები, მასაჟი, სამკურნალო ტანვარჯიში, მანუალური თერაპია და სამკურნალო პრეპარატები.
მედიკამენტური თერაპია ითვალისწინებს ტკივილგამაყუჩებელი, კუნთების მოსადუნებელი საშუალებების და ქონდროპროტექტორების მიღებას.
დამატებით შესაძლოა ნერვული ქსოვილის გასაჯანსაღებლად B ჯგუფის ვიტამინების და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლების დანიშვნა.
შეშუპების შემთხვევაში ინიშნება შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატები.
ძლიერი ტკივილის კუპირებისთვის ტარდება პარავერტებრული ბლოკადები და კორტიკოსტეროიდული ინიექციები.
ქონდროპროტექტორები, ანუ ხრტილის აღმდგენი პრეპარატები, ეფექტიანია მხოლოდ დასაწყის ეტაპზე, ასევე შესაძლებელია ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება ჰორმონის ადგილობრივად შესაყვანად.
- კუნთოვანი სტრუქტურის აღსადგენად ტალახით მკურნალობა, რეფლექსთერაპია და ელექტროსტიმულაცია ტარდება;
- გაჭიმვები ზრდის მალათაშუა დისკებს შორის მანძილს და აქვეითებს დატვირთვას დაზიანებულ დისკზე, ამით ხელს უშლიან მალათაშუა თიაქრის ჩამოყალიბების პროგრესს;
- სამკურნალო ფიზკულტურა სპეციალური სავარჯიშოების საშუალებით შესაძლებელს ხდის ხერხემლის სვეტის გაჭიმვას, კუნთების გაძლიერებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას დაზიანებულ არეში. რეგულარული ვარჯიშებით იმდენად ძლიერდება კუნთოვანი კარკასი, რომ რეციდივები ფაქტობრივად გამორიცხულია;
- ასევე რეკომენდებულია აუზზე სიარული და მასაჟი;
- ადეკვატური კონსერვატიული მკურნალობისას პაციენტთა 50%-ს ხერხემლის თიაქრის სიმპტომები უკვე 1 თვის შემდგომ უქრება. ზოგჯერ მკურნალობის კურსი 6 თვემდე ხანგრძლივდება, სრულ აღდგენას კი შესაძლოა 2 წლამდე დრო დასჭირდეს.
ამოვარდნილი ბირთვის გასაწოვად დაახლოებით 12 თვეა საჭირო, არაადეკვატური მკურნალობით პროცესი 5-7 წლამდეც კი ხანგრძლივდება.
ქირურგიული მკურნალობა – ოპერაცია
ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობა ჩნდება მაშინ, როცა კონსერვატიული მეთოდი არ იძლევა სასურველ შედეგს.
ქირურგიული ჩარევის ჩვენებაა არაკუპირებადი ტკივილის სინდრომი 1 ან 1,5 თვის განმავლობაში.
პოსტოპერაციულ გართულებათა გათვალისწინებით, სპეციალისტები არ ჩქარობენ ქირურგიულ ჩარევას, დროულად დაწყებული მკურნალობის პირობებში 90%-ში შესაძლებელი ხდება თიაქრის მკურნალობა მედიკამენტური და ფიზიოთერაპიული მოქმედებით.
თუმცა ზოგჯერ ოპერაცია მაინც გარდაუვალია და ტარდება ტრადიციული დისკექტომია, იკვეთება დაზიანებული მალათაშუა დისკი, აღდგენითი პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია.
მეორე ტიპია ლამინექტომია – იკვეთება დისკის ნაწილი, რომელიც აწვება ნერვულ დაბოლოებებს, აღდგენითი პერიოდი შედარებით ნაკლებია.
არსებობს მესამე – ნაკლებინვაზიური ენდოსკოპიური ჩარევა, რომლის შემდგომაც ადამიანი საკმაოდ სწრაფად უბრუნდება ჩვეული ცხოვრების წესს, მისი მიზანია ხერხემლის არხის დეკომპენსაცია, სრული მოკვეთისას კი დგება სპეციალური იმპლანტი.
პოსტოპერაციული რეაბილიტაცია ითვალისწინებს დატვირთვების თანდათანობით აღდგენას, ანატომიურად სწორად შესრულებულ მოძრაობებს, ვარჯიში ტარდება გამოცდილი ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით.
თუ არ ვიმკურნალებთ
განვითარდება მალათაშუა დისკის თიაქრის გართულებანი:
- ფესვობრივი სინდრომი, მალათაშუა არიდან გამოსული თიაქრის ზეწოლა ზურგის ტვინის ნერვებზე. დამახასიათებელია მოძრაობისას გამჭოლი ტკივილი ან ელექტრული დენის დარტყმისმაგვარი შეგრძნებები;
- დისკოგენური მიელოპათია – თიაქარი დააწვება ზურგის ტვინის სითხეს და ხერხემლის არხს შეავიწროებს. დაირღვევა მოძრაობითი ფუნქცია და განვითარდება პერიფერული პარეზი მგრძნობელობის დაკარგვით;
- ხერხემლის არტერიის სინდრომი განვითარდება იმ სტრუქტურების ზეწოლით, რომლებიც მალების სხეულების გვერდითი ზედაპირის სიახლოვეს გადიან, გამოიწვევს ყურებში ხმაურსა და ვესტიბულურ ატაქსიას (წონასწორობის შენარჩუნების პრობლემებს) ხშირი თავბრუსხვევით.
ვიცავთ თავს!
მალათაშუა თიაქრების ძირითადი პროფილაქტიკა ტანდეგობის დარღვევისთვის ხელის შეშლაა, ხერხემლის ჯანმრთელობისთვის კი საჭიროა:
- ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები;
- ყოველდღიური ვარჯიში;
- რეგულარული სეირნობა ფეხით სუფთა ჰაერზე;
- სპეციალური დაცვითი საშუალებების გარეშე სიმძიმეების აწევისა და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვებისგან თავის არიდება;
- ორთოპედიული ლეიბისა და ბალიშების გამოყენება;
- სხეულის მასის კონტროლი;
- სწორი, დაბალანსებული კვების რაციონი;
- საჭიროების შემთხვევაში ვიტამინების რეგულარული მიღება.
ხერხემლის მალათაშუა თიაქარი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სერიოზული დაავადებაა, ამიტომ უმჯობესია მისი განვითარება არ დავუშვათ, ვიდრე ვებრძოლოთ უკვე არსებულ დაავადებას.