ანესთეზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანესთეზია

რა არის ანესთეზია, როგორია გაუტკივარების თანამედროვე მეთოდების თავისებურებანი? - ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის პროგრამ-დირექტორი ნოდარ ლებანიძე და ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი ტატო ქაჯაია:

  • რას გულისხმობს ტერმინი ანესთეზია? ანესთეზიის რომელ მეთოდებსა და საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

- ანესთეზია ნიშნავს გაუტკივარებას - იმ მდგომარეობის მიღწევას, როდესაც პაციენტი ტკივილს ვეღარ აღიქვამს. გაუტკივარება შეიძლება იყოს ზოგადი, ადგილობრივი და რეგიონული. ზოგადი ანესთეზია, გავრცელებული გამოთქმით – ნარკოზი, ასევე ორი სახისაა: ინტრავენური და ინჰალაციური. ეს ორი სახეობა უმეტესად კომბინირებულად გამოიყენება. რეგიონული ანესთეზია არის გაუტკივარების სახე, რომლის დროსაც მგრძნობელობა ითიშება სხეულის გარკვეულ ნაწილში, პაციენტის ცნობიერება კი გამოთიშული არ არის. ადგილობრივი ანესთეზიისას ტკივილის შეგრძნება ისპობა საოპერაციო არეში. ცნობიერება ამ შემთხვევაშიც შენარჩუნებულია.

  • როგორ ტარდება ადგილობრივი ანესთეზია, რა არის მისი ჩვენება?

- ადგილობრივი ანესთეზიის დროს საანესთეზიო პრეპარატი ინექციის (ნემსის ან სპეციალური კათეტერის) მეშვეობით შეჰყავთ იმ ადგილას, რომლის გაუტკივარებაც არის საჭირო. რეგიონული ანესთეზიის ჩატარება ანესთეზიოლოგის პრეროგატივაა.

  • შესაძლოა თუ არა, ადგილობრივი ანესთეზიისას რაიმე გართულებამ იჩინოს თავი?

- გართულებები, ისევე როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, შესაძლოა, ადგილობრივ ანესთეზიასაც ახლდეს. ექიმი, რომელიც ამ მეთოდით ატარებს გაუტკივარებას, ითვალისწინებს მათი აღმოცენების ალბათობას და სახავს ღონისძიებებს, რათა პაციენტს თავიდან ააცილოს გართულებები, რომელთაგან უწინარესად მაინც ალერგიულ რეაქციებს გამოვყოფთ.

  • როდის არის უკუნაჩვენები ადგილობრივი ანესთეზია?

- ადგილობრივი ანესთეზია უკუნაჩვენებია ანესთეტიკებზე ალერგიული რეაქციის არსებობისას. ადგილობრივი ანესთეზია მიუღებელია, თუ ავადმყოფს აქვს არამდგრადი ფსიქიკა ან მძიმე ორგანული პათოლოგია.

  • როგორია ექიმის ტაქტიკა, როდესაც პაციენტს ადგილობრივი ანესთეზიისთვის გამოყენებული მედიკამენტების მიმართ ალერგია აქვს?

- როდესაც ექიმი პაციენტის გამოკითხვით ადგენს, რომ პირი ალერგიულია, წინასწარ ტარდება სპეციალური ალერგოლოგიური სინჯები ყველა იმ პრეპარატის მიმართ, რომლებიც ოპერაციული ჩარევისას შეიძლება გახდეს საჭირო, თუნდაც თეორიულად. გარდა ამისა, დახმარებას გვიწევს სხვადასხვა ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელთა შედეგების მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ ორგანიზმის ალერგიული ფონის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ზოგჯერ საჭიროა პაციენტის ვიზიტი სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებაში და ალერგოლოგის დასკვნა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პაციენტს ალერგოლოგიური ანამნეზი აქვს, აუცილებელია სპეციალური მომზადება.

  • ხშირად პაციენტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ანესთეზია სავსებით მოკლებულია ორგანიზმზე ზოგად მოქმედებას. რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება?

- აღნიშნული მოსაზრება მცდარია. ორგანიზმზე ზოგადი ზემოქმედების ერთ-ერთ ეფექტზე – ალერგიულ რეაქციაზე უკვე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, საანესთეზიო საშუალება ორგანიზმში შეიწოვება, ასე რომ, ბუნებრივია, მასზე განსაზღვრულ გავლენას ახდენს. ამრიგად, ადგილობრივი ანესთეზია გაუტკივარების სხვა მეთოდებზე არანაკლებ საპასუხისმგებლოა.

  • რა არის ნარკოზი? რა სახის ნარკოზი არსებობს ამჟამად?

- ნარკოზი ანუ ზოგადი ანესთეზია გაუტკივარების ის სახეა, რომლის დროსაც ტკივილის შეგრძნება ისპობა და პაციენტის ცნობიერება ითიშება, ის იძინებს. ნარკოზი, როგორც გითხარით, ორნაირია: ინტრავენური და ინჰალაციური, თუმცა ამ ორ სახეობას უმეტესად კომბინირებულად იყენებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადი ანესთეზია არ გულისხმობს მხოლოდ გაუტკივარებას. იგი მოიცავს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს, პროგნოზირებასა და მართვას.

  • როგორ ტარდება ინტრავენური ნარკოზი? რა შემთხვევაშია შესაძლებელი მისი გამოყენება ან როდის არ შეიძლება, გაუტკივარება ამ მეთოდით ჩატარდეს?

- ინტრავენური ანესთეზიის დროს ვენაში შეჰყავთ მედიკამენტები, რომლებიც იწვევს გაუტკივარებას და თრგუნავს ცნობიერებას. იგი გამოიყენება მცირე და საშუალო მასშტაბის ოპერაციების დროს. დიდი ოპერაციული ჩარევისას საჭიროა ზოგადი ანესთეზიის სხვა მეთოდების გამოყენება.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ინტრავენურ ნარკოზს?

- ნარკოზის გართულებათა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტს ნარკოზის შიში უნდა გაუჩნდეს. პროფესიონალმა ანესთეზიოლოგებმა, რომელთაც ხატოვნად უწოდებენ ექიმებს შეცდომის უფლების გარეშე, ძალიან კარგად იციან, როგორ შეამცირონ მინიმუმამდე მათი რისკი.

  • რას წარმოადგენს ენდოტრაქეული ნარკოზი? როგორ ტარდება ის?

- ენდოტრაქეული ნარკოზი გულისხმობს პაციენტის სასუნთქი გზების ინტუბაციას სპეციალური (ე. წ. ენდოტრაქეული) მილით და პაციენტის სუნთქვის ჩანაცვლებას აპარატურის მეშვეობით. ამისთვის ავადმყოფს საანესთეზიო მანქანასთან მიაერთებენ, მართავენ მის გარეგან სუნთქვას და აირთა ცვლას, სათანადო კონცენტრაციით აწვდიან ინჰალაციურ ანესთეტიკებს. უფრო მარტივად, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის სუნთქვა ითიშება, ამ ფუნქციას სპეციალური აპარატი ასრულებს.

  • როგორ ხერხდება პაციენტის სუნთქვის გამოთიშვა?

- ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები ინდიელები ნადირობისას და მტრისგან თავდაცვის მიზნით კარგა ხნის წინათ იყენებდნენ მცენარეული წარმოშობის შხამს, რომელიც ჩონჩხის კუნთების დამბლასა და სიკვდილს იწვევდა. ეს შხამია კურარე. სწორედ კურარეს მსგავსი პრეპარატების მეშვეობით ხდება პაციენტის კუნთების ტონუსის სრული და შექცევადი დათრგუნვა. ამ მოვლენას მიოპლეგია ეწოდება. მიოპლეგია (კუნთების შექცევადი დამბლა) არ არის ანესთეზიოლოგის მიზანი. ის სჭირდება ქირურგს, რათა მოხდეს ამა თუ იმ ორგანოს ან სხეულის ნაწილის ოპტიმალური ექსპოზიცია და ამით ქსოვილებისა და ორგანოების ქირურგიული ტრავმირება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

  • ბოლო ხანებში ენდოტრაქეული ნარკოზის ახალ სახეებზე ალაპარაკდნენ...

- საქართველოს ანესთეზიოლოგიური სამსახური სრულყოფილად ფლობს ანესთეზიოლოგიის ყველა თანამედროვე მეთოდსა და ტექნოლოგიას. ძირითადი კლინიკები აღჭურვილია თანამედროვე საანესთეზიო აპარატურითა და მედიკამენტებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დაახლოებით 10 წელია, ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ტარდება დაბალნაკადური ანესთეზია, ხორციელდება კომბინირებული და შერწყმული ანესთეზიის სხვადასხვა მეთოდი.

  • როდის არის უკუნაჩვენები ენდოტრაქეული ნარკოზი და რა დადებითი მხარეები აქვს მას?

- აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, პირიქით - ენდოტრაქეული ნარკოზი ნაჩვენებია პაციენტის მძიმე ზოგადი მდგომარეობის დროს. საზოგადოდ, არ არსებობს ანესთეზიის უკუჩვენება, არსებობს უკუჩვენება ანესთეზიის კონკრეტული მეთოდის მიმართ. ანესთეზიოლოგის კვალიფიკაციის მაჩვენებელია ის, რომ ანესთეზიის მრავალი მეთოდიდან ავადმყოფს ინდივიდუალურად შეურჩიოს ადეკვატური და შედარებით უსაფრთხო გზა. რაც შეეხება დადებით მხარეებს, ნარკოზის ეს სახეობა საშუალებას გვაძლევს, ვმართოთ პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციები – ვარეგულიროთ არტერიული წნევა, სუნთქვის ფუნქცია, ქირურგიული ჩარევისთვის იქმნება ოპტიმალური პირობები.

  • რამდენად საშიშია ენდოტრაქეული ნარკოზი გართულებათა თვალსაზრისით?

- ენდოტრაქეული ნარკოზის დროს გართულება გამორიცხული არ არის და მიუხედავად სრულფასოვნად ჩატარებული გაუტკივარებისა, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მონაცემებითაც კი არსებობს გარკვეული რისკი. სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 10 000-იდან 1-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით ჩატარებული ენდოტრაქეული ნარკოზის დროს საფრთხე ისეთივეა, როგორიც, ვთქვათ, თვითმფრინავით ან ავტომანქანით მგზავრობისას. დამეთანხმებით, რომ დღეს გადაადგილების ამ საშუალებებზე რისკის გამო უარს არავინ ამბობს... თანამედროვე მედიცინა და მისი ქირურგიული დარგები დღეს ისევე წარმოუდგენელია ანესთეზიოლოგიის გარეშე, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების გარეშე.

  • ზემოთ რეგიონული გაუტკივარება ახსენეთ. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ მის შესახებ.

- რეგიონულია გაუტკივარება, რომლის დროსაც მგრძნობელობა ითიშება სხეულის გარკვეულ ნაწილში, პაციენტის ცნობიერება კი დათრგუნული არ არის. რეგიონული გაუტკივარების ერთ-ერთი სახეა წნულოვანი ანესთეზია. ამ დროს საანესთეზიო პრეპარატი უშუალოდ ნერვულ წნულში შეჰყავთ. რეგიონული გაუტკივარების მეთოდებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სპინალურ და პერიდურულ ანესთეზიას, რომლის დროსაც ზურგის ტვინის არეში შეჰყავთ ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალებები, რაც იწვევს ტკივილის, შეხების შეგრძნებათა და ინექციის ადგილის ქვევით მოძრაობის დროებით გამოთიშვას. სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიას ზოგჯერ ემატება ინტრავენური სედაცია და პაციენტს ოპერაციის დროს სძინავს.

- მრავალი პაციენტი მიიჩნევს, რომ ზურგის ტვინის დაზიანების ალბათობის გამო სპინალური და ეპიდურული ანესთეზია უფრო სარისკოა, ვიდრე გაუტკივარების სხვა სახეები.

- გარწმუნებთ: ამგვარი ანესთეზიის დროს ზურგის ტვინისა და მისგან გამომავალი ნერვების დაზიანება თითქმის გამორიცხულია. უნდა მოგახსენოთ, რომ ეპიდურული ანესთეზია დღეს ფართოდ გამოიყენება ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში და ქირურგიის სხვა დარგებში. მაგალითად, მშობიარობისას ტკივილის კუპირებისთვის გამოყენებული პერიდურული ანესთეზია პაციენტთა შორის პოპულარობით სარგებლობს.

  • რა არის კომბინირებული ნარკოზი?

- კომბინირებული ნარკოზი ანუ ზოგადი კომბინირებული ანესთეზია ინტრავენური და ინჰალაციური ზოგადი ანესთეზიის მეთოდების ერთდროული გამოყენებაა.

  • მკითხველისთვის ცნობილია, რომ ოპერაციულ ჩარევამდე პაციენტს ყოველთვის სინჯავს ანესთეზიოლოგი. რატომ არის აუცილებელი ანესთეზიოლოგის კონსულტაცია, რომელ მონაცემებზე უნდა გამახვილდეს ამ დროს ყურადღება?

- ანესთეზიოლოგია გულისხმობს, უწინარეს ყოვლისა, ავადმყოფის უსაფრთხოებას ქირურგიული მკურნალობის ძირითად ეტაპებზე. ეს კი წინასწარი გამოკვლევისა და მომზადების გარეშე შეუძლებელია. ამის გათვალისწინებით, ანესთეზიოლოგი კარგად უნდა იცნობდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მან წინასწარ უნდა დაადგინოს, როგორი რეზერვი აქვს ორგანიზმს. ამიტომაც არის აუცილებელი ანესთეზიოლოგის მიერ საოპერაციო პაციენტის გასინჯვა, რასაც წინ უნდა უძღოდეს სრულყოფილი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა. ზოგჯერ მათი მონაცემების ცვლილება სპეციალური, გაფართოებული კვლევის ჩვენებას წარმოადგენს. ამის შემდეგ, პაციენტის გასინჯვისას და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევისას მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, შეფასდება ანესთეზიის რისკი, რომლის შესახებაც აუცილებლად აცნობებენ პაციენტს. ამ კვლევების დროს მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ანესთეზიოლოგი შეარჩევს გაუტკივარების მეთოდსა და რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად არის მისაღები კონკრეტული ორგანიზმისთვის, ვინაიდან სანარკოზე ტაქტიკა ყველა კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შემუშავდეს.

  • ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მრავალი რთული, ხანგრძლივი ოპერაცია ტარდება. რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ხანგრძლივი ნარკოზი?

- ოპერაციული ჩარევის მოცულობიდან გამომდინარე, ხანგრძლივი ნარკოზის აუცილებლობა ზოგჯერ მართლაც დგება. დღეს ეს ორგანიზმს მნიშვნელოვან საშიშროებას აღარ უქმნის, ვინაიდან თანამედროვე საანესთეზიო მანქანა, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური სუნთქვის რეჟიმით, უმაღლესი ხარისხის საანესთეზიო პრეპარატები და ანესთეზიოლოგის მაღალი კვალიფიკაცია ასეთი ჩარევების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

  • ბევრს აინტერესებს, სიცოცხლეში რამდენჯერ შეიძლება ჩატარდეს ანესთეზია, თუ არსებობს ამ თვალსაზრისით რაიმე ლიმიტი.

- ანესთეზია, განურჩევლად მისი სახეობისა, უნდა ჩატარდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც აუცილებელი გახდება. არავითარი შეზღუდვა ამ თვალსაზრისით არ არსებობს.

  • ზოგიერთს ჰგონია, რომ ნარკოზი, განსაკუთრებით - ხანგრძლივი და მრავალჯერადი, იწვევს თმის ცვენას, კბილების კარიესს, მეხსიერების დაქვეითებას, აზიანებს გულს და ა.შ. აქვს თუ არა საფუძველი ამ მოსაზრებას?

- რასაკვირველია, საანესთეზიო საშუალებები მართლაც ახდენს ორგანიზმზე არასასურველ ზემოქმედებას. არ არსებობს საანესთეზიო საშუალება, ტოქსიკური მოქმედება რომ არ ჰქონდეს, მაგრამ თანამედროვე საშუალებების გამოყენებისას ასეთი ეფექტების სიხშირე უმნიშვნელოა. წინათ, როდესაც არ იყო სისხლსა და ჰაერში საანესთეზიო პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრის საშუალება, აღნიშნული ეფექტები უფრო თვალსაჩინო გახლდათ. ამჟამად გვაქვს საშუალება, პრეპარატის მინიმა-ლური კონცენტრაციით მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. როგორც საინჰალაციო, ისე საინექციო სანარკოზე საშუალებების ელიმინაცია ანუ ორგანიზმიდან გამოყოფა საკმაოდ სწრაფად ხდება. შესაბამისად, ორგანიზმზე ზემოქმედება და ნარკოზის შემდგომი ეფექტები მინიმალურია.

  • შეიძლება თუ არა, ენდოტრაქეული ნარკოზი ოპერაციის შემდგომი ფილტვების ანთების მიზეზად იქცეს? არსებობს თუ არა ასპირაციის - კუჭის შიგთავსის სასუნთქ გზებში მოხვედრის - რისკი?

- ენდოტრაქეული ნარკოზის დროს ფილტვების ანთების ალბათობა არსებობს, მაგრამ ნორმალური სტერილიზაცია, სასუნთქი კონტურის ბაქტერიული ფილტრები, ერთჯერადი სამედიცინო აღჭურვილო-ბით უზრუნველყოფა და სხვა ღონისძიებები რისკს საგრძნობლად ამცირებს. სწორედ ამიტომ თანამე-დროვე კლინიკებში სტაციონარული პნევმონიის ანუ ფილტვების ანთების სიხშირე დაბალია. რაც შეეხება ასპირაციას (პირნაღები მასების მოხვედრას სასუნთქ გზებში), მისი განსაზღვრული რისკი ყოველთვის არის, მაგრამ ქართველი ანესთეზიოლოგების მაღალი კვალიფიკაციის გამო ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია.

  • დაბოლოს, რა არ უნდა დაუმალოს ანესთეზიოლოგს პაციენტმა და ანესთეზიოლოგის რომელი რეკომენდაციის შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისთვის საბედისწერო?

- პაციენტმა არც ერთ ექიმს და, მით უმეტეს, ანესთეზიოლოგს არავითარი ინფორმაცია არ უნდა დაუმალოს. მან უნდა იცოდეს, რომ ექიმი მკაცრად იცავს პაციენტის მიერ მიწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობის პრინციპს. ექიმისთვის არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ანესთე-ზიასთან დაკავშირებული რისკის ზრდას ნიშნავს. ჩვენს კლინიკაში ყველა პაციენტი წერილობით პასუხობს კითხვარს, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ 50-მდე კითხვას მოიცავს და ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემას ეხება.ექიმის რეკომენდაციის შეუსრულე-ბლობა, ზოგიერთისთვის - ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგალითად, ოპერაციის წინ წყლის მიღების აკრძალვის ჩათვლით, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ პაციენტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ანესთეზიოლოგის ყველა მითითება.