ზურგის ტვინის დაზიანება - შედეგები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზურგის ტვინის დაზიანება - შედეგები და მკურნალობის საშუალებები

- როდის შეიძლება დაზიანდეს ზურგის ტვინი? როგორი შეიძლება იყოს დაზიანების ბუნება?

- ზურგის ტვინის დაზიანებას ყველაზე ხშირად იწვევს ტრავმა (ავტოავარიის, დაცემის, სპორტული ვარჯიშის, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის დროს), ასევე - ნერვული სისტემის დაავადებები: მიელიტი, პოლიომიელიტი, ფრიდრაიხის ატაქსია, სიმსივნე, სისხლძარღვოვანი სინდრომი; დეგენერაციული დაავადებები: ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, ბეხტერევის დაავადება და სხვ.; მეტაბოლური დარღვევები, B1 და B6 ვიტამინების დეფიციტი. ზურგის ტვინის დაზიანება გულისხმობს ზურგის ტვინის ფუნქციის დროებით ან მუდმივ მოშლას, რაც ვლინდება მოტორული, სენსორული და ვეგეტაციური ფუნქციების დარღვევით და დამოკიდებულია დაზიანების დონეზე, ხარისხსა და ხასიათზე.

- როგორ ვლინდება ზურგის ტვინის დაზიანება?

- ზურგის ტვინის დაზიანების სიმპტომები დაზიანების დონეზე, ხარისხსა და ხასიათზეა დამოკიდებული.

გამოყოფენ:

  • მოძრაობით დარღვევებს. ამგვარი დარღვევა, ზურგის ტვინის დაზიანების დონესთან მიმართებით, შესაძლოა იყოს სრულიც (პლეგია - მოძრაობის სრული მოშლა) და ნაწილობრივიც (პარეზი - მოძრაობის ნაწილობრივი მოშლა). ოთხივე კიდურის დაზიანებისას ვსაუბრობთ ტეტრაპლეგიაზე ან ტეტრაპარეზზე, მხოლოდ ორი, ზედა ან ქვედა კიდურის დაზიანებისას, შესაბამისად - ზედა ან ქვედა პარაპლეგიაზე ან პარაპარეზზე. პარეზი შესაძლოა იყოს დუნეც, რაც, წესისამებრ, კუნთის ტონუსის მნიშვნელოვან დაქვეითებას გულისხმობს, და სპასტიკურიც, რაც კუნთური ტონუსის მომატებით გამოიხატება. ზურგის ტვინის დაზიანების თანმხლები მოძრაობითი დარღვევები თითქმის ყოველთვის სიმეტრიულია. კრიტიკული დონეა ჩ1-ჩ4 კისრის მალების დონე. ამ დონეზე დაზიანება იწვევს სუნთქვაში მონაწილე მთავარი კუნთის, დიაფრაგმის, ინერვაციის შეწყვეტას და შედეგად - სწრაფ სიკვდილს. სუნთქვის მოშლას ამ დონის ქვემოთ დაზიანებაც იწვევს. დროული დახმარება ზრდის გადარჩენის შანსს;
  • მგრძნობელობის მოშლა. ზურგის ტვინის დაზიანების დონის ქვემოთ მგრძნობელობა ქრება. თუ დაზიანება არ ეხება კონკრეტულად ზურგის ტვინს და მოიცავს პერიფერიას, სუსტდება, ხოლო ზოგჯერ სრულიად ქრება კანის ღრმა და ზერელე მგრძნობელობა. ზოგ შემთხვევაში ვითარდება პარესთეზიები - დაბუჟება, ჩხვლეტა, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება და სხვ.;
  • ვეგეტატიური დარღვევები - კანის ტემპერატურის მომატება ან დაქვეითება, ოფლიანობა ან კანის სიმშრალე განსაზღვრულ უბანზე, ქსოვილების ტროფიკის დარღვევა, შარდვისა და დეფეკაციის გაძნელება ან, პირიქით, შეუკავებლობა;
  • ტკივილი - ის შედეგია ზურგის ტვინის კომპრესიისა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ოსტეოქონდროზით, ტრავმით ან სიმსივნური პროცესით იყოს გამოწვეული.


დაზიანება კისრის დონეზე

- ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დაზიანება, როგორც აღვნიშნე, სახიფათოა სიცოცხლისთვის. ტეტრაპლეგიის დროს სუნთქვა წყდება, ხოლო დიაფრაგმის დამბლის დროს სუნთქვა ხდება მხოლოდ ნეკნთაშუა და დამხმარე კუნთების ხარჯზე. მოგრძო ტვინისა და ზურგის ტვინის საზღვარზე არსებული დაზიანებისას ირღვევა სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა ცენტრების ფუნქცია. ამ უბნის ნაწილობრივ დაზიანებას შესაძლოა თან ახლდეს გადაჯვარედინებული კორტიკოსპინალური გზების დაზიანებაც, რაც ქვედა კიდურების პარეზს იწვევს. კეფის დიდი ხვრელის არეში ზურგის ტვინზე ზეწოლას უპირატესად მოსდევს მზარდი ჯვარედინი პარეზი ან დამბლა. ზოგჯერ თავს იჩენს ტკივილი კეფის არეში, რომელიც კისერსა და ბეჭქვეშა მიდამოს გადაეცემა. დაზიანებას С4-С5 სეგმენტების არეში თან ახლავს ტეტრაპლეგია სუნთქვის მოშლის გარეშე. С5-С6 სეგმენტების დონეზე დაზიანებისას ნარჩუნდება ძალა მხრის სარტყლის კუნთებში. ქრება ორთავა კუნთის რეფლექსი. С7 სეგმენტის დაზიანებისას ქრება სამთავა კუნთის რეფლექსი, თითების გაშლა გაძნელებულია. С8 სეგმენტის დაზიანებას მოსდევს თითებისა და მაჯის მოხრის გაძნელება. საზოგადოდ, კისრის დონეზე დაზიანება ადვილად დიფერენცირდება მოძრაობითი დარღვევების მიხედვით. გარდა ამ დარღვევებისა, ის იწვევს ჰორნერის სინდრომს - ქუთუთოს დაშვებას, გუგის შევიწროებას, სახის სიმშრალეს (ანჰიდროზს) დაზიანების მხარეს.

დაზიანება გულმკერდის დონეზე

- გულმკერდის დონეზე ზურგის ტვინის დაზიანებას თან ახლავს სისუსტე ფეხებში, მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციისა და სასქესო ფუნქციის მოშლა. მუცლის კუნთები გულმკერდის ქვედა სეგმენტებიდან ინერვირდება. ამ კუნთების ძალას ამოწმებენ სუნთქვაში მონაწილეობით, ხველით ან სთხოვენ მწოლიარე ავადმყოფს, ხელები თავს უკან გადაიტანოს და წამოჯდეს. ტვინის თჰ9-თჰ10 სეგმენტების დაზიანება იწვევს მუცლის კედლის ქვედა ნაწილის კუნთების პარეზს (ზედა ნაწილის კუნთები ამ დროს ფუნქციას ინარჩუნებს). ქრება შესაბამისი რეფლექსიც. ცალმხრივი დაზიანებისას ჭიპი გადაინაცვლებს ჯანმრთელ მხარეს. დაზიანების მხარეს ქრება მუცლის რეფლექსები. გულმკერდის სეგმენტების დაზიანებას თან ახლავს ტკივილი ზურგის შუა ნაწილში.

დაზიანება წელისა და გავის დონეზე

- თუ ზურგის ტვინი წელის დონეზე დაზიანდა, განვითარდება ქვედა კიდურების დამბლა და მგრძნობელობის სრული მოშლა ამ კიდურებსა და შორისის არეში, შარდისა და განავლის შეუკავებლობა, გარედან ზეწოლის შემთხვევაში - ფესვობრივი ტკივილი, ერთი კიდურის დამბლა, მგრძნობელობის სრული მოშლა, მეორე კიდურში ტკივილისა და ტემპერატურისადმი მგრძნობელობის დარღვევა, ყოველგვარი მგრძნობელობის მოშლა გავის არეში. რაშის კუდის დაზიანება საგრძნობლად აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს, რადგან იწვევს ძლიერ ტკივილს ქვედა კიდურებში, გავის, შორისისა და ბარძაყის არეში. ირღვევა მგრძნობელობა, ქვედა კიდურებში ვითარდება პარეზი, მცირდება კუნთების ტონუსი, ცალკეული ბოჭკოები დროდადრო იკუმშება (ფასციკულაცია), ირღვევა მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქცია: ვითარდება შარდვისა და დეფეკაციის შეუკავებლობა, ერექციული დისფუნქცია. გავის ნაწილის დაზიანება იწვევს კუდუსუნის არეში ძლიერ ტკივილს, რომელიც გადაეცემა შორისის მიდამოს, მუცლის ქვედა ნაწილს, ძლიერდება სიარულის, დეფეკაციის, ჯდომის დროს. ამ ადგილების შეხებაც კი აუტანელ ტკივილს იწვევს.


- გარდა მოძრაობის დარღვევისა, რა შეიძლება მოჰყვეს ზურგის ტვინის დაზიანებას?

- შესაძლოა, განვითარდეს ანთებითი გართულებები: ნაწოლები და ტროფიკული წყლულები, სეფსისი, პნევმონია, ცისტიტი და საშარდე გზების აღმავალი ინფექცია, ჩირქოვანი მენინგომიელიტი და ეპიდურიტი, ხერხემლის ძვლების ოსტეომიელიტი, ზურგის ტვინის აბსცესი. მოსალოდნელია აგრეთვე შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა: გასტრიტი, კოლიტი, არითმია და სხვ.; მეტაბოლური დარღვევები: კალიუმის, კალციუმის, შაქრის დონის მომატება სისხლში, ცილის დაქვეითება და სხვ.; ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია.

- როდის დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი?

- ტრავმებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, ასევე - დისკოგენური დაზიანების დროს ოპერაცია რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როცა დასტურდება ზურგის ტვინის კომპრესია, გამოხატულია ტკივილის სინდრომი, რომლის კუპირებაც მედიკამენტებით ვერ ხერხდება, ბლოკირებულია ლიქვორი, არასტაბილურია ხერხემალი.

- რას გულისხმობს ზურგის ტვინის დაზიანების მკურნალობა და რეაბილიტაცია?

- კომპრესიული დაზიანების დროს პირველ საათებში მნიშვნელოვანია გლუკოკორტიკოსტეროიდების (სოლუმედროლი, მეთილპრედნიზოლონი) შეყვანა, შარდმდენების გამოყენება. მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა დაზიანებათა ხასიათზეა დამოკიდებული. ოპერაციული მკურნალობის შემდეგ ნეირორეაბილიტაცია მეორე დღიდანვე იწყება. ნეირორეაბილიტაცია მოიცავს სამკუნალო მასაჟებს, ვარჯიშებს, ელექტროსტიმულაციას და სხვა პროცედურებს. რა თქმა უნდა, ტარდება მედიკამენტური თერაპიაც.

- როგორია და რაზეა დამოკიდებული პროგნოზი?

- პროგნოზი დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ხასიათსა და დონეზე, დროულ დიაგნოსტიკასა და მართებულ მკურნალობაზე, თუმცა სრული გარდიგარდმო დაზიანების შემთხვევაში, რაც საკმაოდ ხშირია ტრავმების დროს, მაღალია ინვალიდობის მაჩვენებელი. მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მიმდინარეობს კვლევები ასეთ პაციენტებთან ღეროვანი უჯრედების გამოყენების შესაძლებლობის დასადგენად, რაც სამომავლოდ ახალ პერსპექტივებს სახავს.