ერექციული დისფუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერექციული დისფუნქცია

ჩემს მეუღლეს სქესობრივი კონტაქტი თვეში ორჯერ შეუძლია და მაშინაც სასქესო ასო არასაკმარისად ერეგირებულია. ახლობლები მეუბნებიან, ასაკის ბრალიაო, არადა 48 წლის არის და განა ამ ასაკში ყველა ასეა?! ამასაც მე მაბრალებს, ვითომდა სახლში კარგ პირობებს არ ვუქმნით. თვითონ ეწევა დღეში ორ კოლოფ სიგარეტს, აქვს მაღალი წნევა, სვამს ბევრ ლუდს, გარდა ამისა, სულ ერთ ადგილას ზის და მაღაზიაშიც კი მანქანით დადის...

 

მინდა, ჩემი გასაჭირი გაგანდოთ. აქამდე თავი სექსუალური თვალსაზრისით წარმატებულ მამაკაცად მიმაჩნდა, ბოლო ხანს კი საკუთარი მდგომარეობა მაშფოთებს. სულ უფრო იშვიათად ვგრძნობ სქესობრივ ლტოლვას, თუმცა დილის ერექცია მაქვს. ამასთანავე, კონტაქტის დროს ერექცია მალე სუსტდება და თავიდან მჭირდება მისი სტიმულაცია. გარდა ამისა, მაწუხებს მქაჩავი ტკივილი შარდის ბუშტთან. გთხოვთ ამიხსნათ, რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი და სად არის საშველი.

 

40 წლის შემდეგ ერექციის ესა თუ ის დარღვევა მამაკაცთა 39%-ს აღენიშნება, ხოლო 50 წლის შემდეგ - 69%-ს. საბედნიეროდ, პრობლემის მოგვარება უმეტესად სავსებით შესაძლებელია. განასხვავებენ ერექციული დისფუნქციის სამ ხარისხს:

  • მსუბუქს - ჩავარდნა იშვიათია. პერიოდულობა ძნელი დასადგენია.
  • ზომიერს - წარუმატებელია აქტების თითქმის ნახევარი. მამაკაცი ძალიან ღელავს, სქესობრივ ურთიერთობას მისთვის კმაყოფილება არ მოაქვს, მაგრამ სქესობრივ ცხოვრებას მაინც აგრძელებს.
  • მძიმეს - 5 სქესობრივი აქტიდან ერთი თუა ნორმალური. მამაკაცი ცდილობს, სქესობრივ კონტაქტს თავი აარიდოს.

არ დაუჯეროთ მითს, თითქოს მამაკაცს სქესობრივი აქტების განსაზღვრული ”ლიმიტი” ჰქონდეს. პირიქით, სქესობრივი აქტი ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვანი და სასუნთქი სისტემებისთვის საუკეთესო ვარჯიშია. ორწლიანი თავშეკავების შემდეგ ვითარდება ეგრეთ წოდებული ქვრივის სინდრომი: ”ზედმეტი” ფუნქცია ითრგუნება, მამაკაცი სექსისადმი გულგრილი ხდება. გარდა ამისა, ირთვება აჩქარებული დაბერების მექანიზმები, მწვავდება ისეთი დაავადებები, რომლებზეც მამაკაცს მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. მრავალი მამაკაცი ცდილობს, ფილმებსა და ინტერნეტში ნანახ სტანდარტებს გაუთანაბრდეს და რაკი არ გამოსდის, თავს იმპოტენტად მიიჩნევს. მაგრამ ანდროლოგები და სექსოლოგები გვარწმუნებენ, რომ ნორმა ძალიან პირობითი ცნებაა. იმდენად პირობითი, რომ ექსპერტები ზუსტი რიცხვების დასახელებაზე უარს ამბობენ. ყველაფერი დამოკიდებულია მამაკაცის ასაკზე, ტემპერამენტზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე, სამუშაოს სპეციფიკაზე, გარემოებებზე, ქალებისა და კონკრეტული ქალისადმი მის დამოკიდებულება

- ვარ 22 წლის, ასოს სიგრძე გაღიზიანებულ მდგომარეობაში მაქვს 12 სმ. შესაძლებელია თუ არა, რომ გავიზარდო და როგორ?

პასუხი იხილეთ აქ

 

30 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის სქესობრივი კონტაქტების საშუალოსტატისტიკური სიხშირე კვირაში სამი და მეტი აქტია, 30 წლიდან - 2-3, 60 წლიდან კი 8-9 დღეში ერთი. ანდროლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ 30-45 წლის ასაკში მამაკაცს სქესობრივი კონტაქტის დამყარება კვირაში ერთხელ მაინც შეუძლია, ეს ნორმალურია. თუ ადამიანი ზემომოყვანილ მონაცემებში ვერ ჯდება და ეს არა ერთი-ორი კვირა, არამედ თვეობით და წლობითაც კი გრძელდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ... არა, იმპოტენციაზე არა - ეს მეტისმეტად დამაკნინებელია; მართებული იქნება, თუ პრობლემას ვუწოდებთ ისევე, როგორც ბოლო დროს მედიცინაში იწოდება - ერექციული დისფუნქცია. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ერექციული დისფუნქციის ძირითადი მიზეზი ფსიქოგენური იყო. ამ მიზეზად მიაჩნდათ წარუმატებლობის მოლოდინის ნევროზი, როდესაც ერთი-ორი შემთხვევითი ჩავარდნის შემდეგ მამაკაცს პანიკა და ერექციის პრობლემები ეწყება, მაგრამ ბოლო ხანს გაირკვა, რომ ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის წილად სექსუალური სისუსტის შემთხვევათა მხოლოდ 20% მოდის. 90-იანი წლების დასაწყისიდან მკურნალობაში აქტიურად ჩაერთნენ ანდროლოგები და უროლოგები, მოგვიანებით კი სხვა სპეციალობის ექიმები: კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები... და მართალია, ”მთავარ სასქესო ორგანოდ” სპეციალისტები კვლავაც ტვინს მოიაზრებენ, მაგრამ ასიდან 80 შემთხვევაში სქესობრივი სისუსტის მიზეზი ორგანული ხასიათისაა.

Cherchez la femme

მრავალ მამაკაცურ პრობლემაში დამნაშავეა ქალი. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სტრესია, რომელსაც სახლში იღებს. ჩვენი პატრიარქალური ტრადიციით, მამაკაცი ოჯახის თავი იყო. ქვეცნობიერად სწორედ ასე ხდებოდა მამაკაცური სტერეოტიპის გენდერული სტიმულაცია. ფემინიზაციის საუკუნეში კი მამაკაცმა დაკარგა ავტორიტეტი, რამაც ის თვითშეფასების დაქვეითებამდე მიიყვანა. თანამედროვე ქალი უნდა ასტიმულირებდეს მამაკაცის გენდერულ არსს, მის თვალში ძველებურად მიმზიდველი, სასურველი და ”უმწეო” იყოს. ამ შემთხვევაში პარტნიორს ინტიმური პრობლემები არ დაემუქრება.


 

6 პატარა ტრაგედია საწოლ ოთახში

1. მამაკაცს აქვს არასრული, ხანმოკლე ერექცია, ზოგჯერ მას ვერც კი აღწევს. სპონტანური და დილის ერექცია სულ უფრო იშვიათია. სავარაუდოდ, სისხლძარღვების ცუდი მდგომარეობის ბრალია. მაგალითად, ათეროსკლეროზული ფოლაქები ავიწროებს იმ არტერიის სანათურს, რომელსაც სისხლი სასქესო ორგანომდე მიაქვს, ერექციის ხარისხი დაბალია. ერექციული დისფუნქციის მქონე მრავალი მამაკაცი ჰიპერტენზიას და გულის იშემიურ დაავადებასაც უჩივის, ხოლო იმათგან, ვინც მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, სქესობრივი სისუსტე 73%-ს აღენიშნება. არცთუ იშვიათად დამნაშავეა არა არტერიები, არამედ ვენები. როდესაც სასქესო ასოს ვენური სისტემის მუშაობა დარღვეულია, სისხლი უდროო დროს გაედინება მღვიმოვანი სხეულებიდან. დაბოლოს, ერექციული დისფუნქცია ხშირად აქვთ მწეველებს. ნიკოტინი იწვევს სერიოზულ სისხლძარღვოვან სპაზმს: სასქესო ასოს სისხლძარღვები 2-ჯერ და უფრო მეტად ვიწროვდება. სტაჟიან მწეველებს ერექციული ფუნქცია საგრძნობლად უქვეითდებათ.  როგორ გამოვასწოროთ:

  • პირველ რიგში, თავი დაანებეთ მოწევას.
  • მეორე - ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გიმტკიცებთ, რომ 40 წლის შემდეგ მაღალი წნევა ნორმაა. რეგულარულად გაიზომეთ იგი, აკონტროლეთ ქოლესტერინის დონე და თუ რამე საეჭვო შეამჩნიეთ, მიმართეთ თერაპევტს.
  • გადადით დაბალცხიმოვან დიეტაზე. სხვათა შორის, მამაკაცების ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოდ ითვლება ხმელთაშუა ზღვის დიეტა: მცენარეული ზეთი, მწვანილი, ბოსტნეული, თევზი.

2. მამაკაცს ერექცია არ აქვს ან მეტისმეტად სწრაფად უქრება, მაგრამ სპონტანური და ღამის ერექციები რჩება და ხშირდება კიდეც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრობლემები ტვინიდან მოდის. ასეთი დარღვევები ვითარდება ძლიერი, მათ შორის - სქესობრივ კონტაქტებთან დაკავშირებული, სტრესის დროს. მაგალითად, მაშინ, როდესაც პარტნიორი ახალია, მამაკაცი კი საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის. ხშირია ასეთი რამ სამუშაოს გადაყოლილ ადამიანებშიც. როგორ გამოვასწოროთ:

  • მუშაობით თავს ნუ მოიკლავთ; ისეირნეთ, დაისვენეთ. რასაკვირველია, ბევრი რამ პარტნიორის დელიკატურ ქცევაზეც არის დამოკიდებული. წარმატებული კავშირის შემთხვევაში პრობლემა სწრაფად მოიხსნება. რთულ შემთხვევებში გიშველით ჰიპნოზი, ფსიქოთერაპია. მთავარია, არ დააგვიანოთ. თუ პრობლემას მეტისმეტად მიუშვებთ ნებაზე, შესაძლოა ჩამოყალიბდეს მანკიერი წრე: სტრესი გაიძულებთ, თავი დაანებოთ სექსს, სექსის უქონლობა კი თავდაჯერებას უფრო მეტად დაგაკარგვინებთ.

3. მამაკაცს სექსის სულ უფრო ნაკლები სურვილი აქვს. უფრო სწორად,  სურვილი არ აკლია, მაგრამ ერექციის მიღწევა უფრო და უფრო უჭირს. მიზეზი ჰორმონული პრობლემებია, კერძოდ, ტესტოსტერონის ნაკლებობა. სწორედ ეს სასქესო ჰორმონი აგებს პასუხს სპერმატოგენეზსა და ლიბიდოზე. ტესტოსტერონის წარმოქმნა სხვადასხვა მიზეზით მცირდება:

  • მიზეზი პირველი - ბუნებრივი, ასაკობრივი. მისი კორეგირება შესაძლებელია.
  • მეორე - სიმსუქნე, უფრო სწორად მეტაბოლური სიდრომი. მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია წელის გარშემოწერილობის ზრდა (აღემატება 90 სმ-ს). ცხიმოვანი ქსოვილი ენდოკრინული ორგანოა. მისი სიჭარბე მამაკაცური და ქალური ჰორმონების თანაფარდობას უკანასკნელის სასარგებლოდ ცვლის. ასევე მოქმედებს ალკოჰოლი. როდესაც მამაკაცი ბევრს და ხშირად სვამს, ალკოჰოლი თრგუნავს ლეიდიგის უჯრედებს, სადაც ტესტოსტერონი სინთეზირდება.

განსაკუთრებით საშიშია ლუდი: მისი კომპონენტები ქალური საქესო ჰორმონების გამომუშავებას ასტიმულირებენ და შესაძლოა, არა მარტო ერექციული დისფუნქცია, არამედ ქალური ტიპის გათმოვანებაც გამოიწვიონ. ძალიან საშიშია ანაბოლური ჰორმონები, რომლებსაც კარგ სპორტულ ფორმაში ყოფნის მოსურნეები ხშირად იღებენ. ანაბოლური სტეროიდები ტესტოსტერონივით მოქმედებს, მათი მიღებისას კი ორგანიზმი მარაგის გარედან შევსებას ეჩვევა და საკუთარი ჰორმონების სინთეზს ამცირებს. ჰორმონული ბალანსი შეიძლება დაარღვიოს ჩვეულებრივმა საკვებმაც. არცთუ იშვიათად ხორცი შეიცავს სტეროიდულ ჰორმონებს, რომლებსაც ცხოველის საკვებში მისი კუნთოვანი მასის გასაზრდელად ამატებენ. როგორ გამოვასწოროთ:

  • დაიკელით წონა;
  • ნუ მიიღებთ დღე-ღამეში ერთ ულუფაზე მეტ ალკოჰოლს (30-40 გ სპირტი);
  • ერიდეთ ანაბოლურ სტეროიდებს.
  • მიმართეთ ანდროლოგს და ენდოკრინოლოგს. მოგიწევთ სისხლის ჩაბარება ჰორმონული პროფილის დასადგენად, სასქესო ასოს დოპლეროგრაფიული გამოკვლევის და, შესაძლოა, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.

4. ერექცია არის, მაგრამ არასრულფასოვანია.

დაზიანებულია ნერვული ბოჭკოები და კვანძები, რომლებიც სასქესო ასოს მართავს. დამნაშავეა ცხოვრების ნირი. ასეთ სიტუაციაში უმეტესად ის მამაკაცები ხვდებიან, რომლებიც მისდევენ ექსტრემალურ სპორტს, მაღალი სიჩქარით მართავენ მანქანას, ხშირად მოსდით ავარია, თუნდაც უმნიშვნელო. ზოგჯერ ამისთვის არანამკურნალევი რადიკულიტის გამწვავებაც კი საკმარისია. როგორ გამოვასწოროთ:

  • ვუმკურნალოთ ძირითად დაავადებას, მაგალითად, რადიკულიტს.
  • თუ პრობლემა ტრავმის შედეგია, მოგიწევთ ესტუმროთ უროლოგს, ანდროლოგს, ნევროპათოლოგს და/ან თერაპევტს.

5. ლიბიდო დაქვეითებულია, ერექცია გაუარესდა და გაიშვიათდა. გარდა ამისა, მამაკაცი უჩივის მქაჩავ ტკივილს მუცლის ქვემოთ, გაძნელებული და გახშირებულია შარდვა. მიზეზი უმეტესად ქრონიკული პროსტატიტია. ცოტა ხნის წინ მას მამაკაცური სისუსტის მთავარ მიზეზად მიიჩნევდნენ, მაგრამ დღეს ანდროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ საკუთრივ ერექციის ხარისხზე დაავადება გავლენას არ ახდენს; უბრალოდ, უსიამოვნო შეგრძნებების გამო მამაკაცი კარგავს სქესობრივი სიახლოვის სურვილს. გარდა ამისა, პროსტატიტმა შესაძლოა ნაადრევი ეაკულაცია გამოიწვიოს. ასეთივე სიმპტომებით ვლინდება სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი ინფექცია, მათ შორის - გონორეა, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ურეაპლაზმოზი, ტრიქომონიაზი. განსაკუთრებით საყურადღებოა ჰერპესი: მამაკაცის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი აზიანებს ნევრულ დაბოლოებებს, რომლებიც აგზნებას უზრუნველყოფს. როგორ გამოვასწოროთ:

  • პირველ რიგში, ჩაიტარეთ საგულდაგულო გამოკვლევა ინფექციის აღმოსაჩენად; თუ მიზეზი პროსტატიტია, მიმართეთ უროლოგს მისი ტიპის დასადგენად (ბაქტერიულია თუ შეგუბებითი) და მკურნალობის სქემის შესარჩევად. ინფექციის შემთხვევაში გამოკვლევა და მკურნალობა, ბუნებრივია, თქვენს პარტნიორსაც მოუწევს.

6. ერექცია ნორმალურია, მაგრამ სქესობრივი აქტი რამდენიმე წამი გრძელდება. გარდა ამისა, მამაკაცი უჩივის მქაჩავ ტკივილს და შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიზეზი უმეტესად სათესლე ბორცვის ანთებაა - სწორედ ის აგებს პასუხს ეაკულაციაზე. მისი ანთება ნაადრევ ეაკულაციას იწვევს. ჩვეულებრივ, პრობლემა პროსტატიტის ფონზე ვითარდება. როგორ გამოვასწოროთ:

  • განიკურნეთ პროსტატიტისგან.

ნებისმიერი წარმოშობის ერექციული დისფუნქციის დროს მამაკაცური პოტენციის აღდგენა სექსუალური პრაქტიკისგან მოუწყვეტლად უნდა მოხდეს. პოტენციის გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა რეგულარული სქესობრივი ცხოვრებაა. გერმანელმა ანდროლოგებმა დაადგინეს, რომ მხოლოდ ტესტოსტერონი კი არ აძლიერებს ერექციას, არამედ ერექციაც, თავის მხრივ, ტესტოსტერონის გამომუშავებას განაპირობებს. მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმი კვირაში 2-3 სქესობრივი აქტია.

  • როგორ გავუძლოთ ასეთ რეჟიმს, თუ ერექციის პრობლემები გვაქვს?

 


 

თანამედროვე მედიცინას საამისოდ არაერთი საშუალება მოეპოვება, მაგრამ გაითვალისწინეთ: ნებისმიერი საშუალება ექიმმა უნდა დანიშნოს. თვითშემოქმედება დაუშვებელია!

1. სასქესო ასოში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატები (ფოსფოდიესთერაზის ინჰიბიტორები-5)

ეს პრეპარატები სიმპტომური მკურნალობისთვის არის მოწოდებული. ადუნებს სასქესო ორგანოს მღვიმოვანი სხეულების გლუვ კუნთებს, რის გამოც ასოში უხვად მიედინება სისხლი და ხდება ერექცია. ასეთი პრეპარატები საშიშია მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უჩივის, განსაკუთრებით მაშინ, თუ პარალელურად ნიტრატებსაც იღებენ, ამიტომ მათი მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან (კარდიოლოგთან, დიეტოლოგთან, ენდოკრინოლოგთან) კონსულტაციის შემდეგ.

2. მასტიმულირებელი ინექციები სასქესო ასოში

ასეთ ინექციებს, მართალია, ბევრ კლინიკაში გვთავაზობენ, მაგრამ ზოგიერთი სპეციალისტი მათ მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. საინექციო პრეპარატს შეუძლია, არა მარტო სისხლის მიმოქცევა დაარღვიოს სასქესო ასოში, არამედ მისი დაპატარავება და ფიბროზიც კი გამოიწვიოს.

3. ლოკალური უარყოფითი წნევით თერაპია

სქესობრივი აქტის წინ მამაკაცი პენისს სპეციალურ რეზერვუარში ათავსებს. ამ რეზერვუარში იქმნება უარყოფითი წნევა, რომლის წყალობითაც არტერიები ფართოვდება და ხდება ერექცია, თუმცა მხოლოდ ერთი სქესობრივი აქტის განმავლობაში სამყოფი. ეს მეთოდი იაფი და უსაფრთხოა, მაგრამ მოუხერხებელია. ვერც ერექციაა მაინცდამაინც კარგი...

4. ვიბროვაკუუმის ფალოსტიმულატორი

სპეციალური აპარატია, რომელიც აღადგენს სასქესო ასოს არტერიებში სისხლის მიმოქცევას. საკმარისია მკურნალობის 10 სეანსი. თავდაპირველად დილის ერექცია ძლიერდება, შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნქცია - ერექცია პარტნორთან შეხვედრისას.

5. ჰორმონთერაპია

ეს მეთოდი დიდი ხანია არსებობს. წინათ მას ბევრი ნაკლი ჰქონდა:

  • ზოგიერთი ტაბლეტი ღვიძლისთვის ტოქსიკური იყო;
  • ზოგიერთის მიღება დღეში რამდენჯერმე იყო საჭირო;
  • პლასტირი იწვევდა ალერგიას;
  • ინექციები ვერ უზრუნველყოფდა სისხლში ჰორმონების მუდმივ დონეს.

ამჟამად არსებობს მოხერხებული და თანამედროვე მეთოდი - ტესტოსტერონის ჟელე, რომელსაც დღეში ერთხელ შეიზელენ წინამხარზე, მხარზე ან მუცლის ქვემოთ. დოზა ინდივიდუალურად ირჩევა. მედიკამენტი თანაბრად შეიწოვება და არეგულირებს ტესტოსტერონის გამომუშავების ბუნებრივ რიტმს. მკურნალობის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეიძლება. ამ მეთოდს აქვს დამატებითი ეფექტიც: იზრდება კუნთები, იწვება დაგროვილი ცხიმი. თუმცა ჟელეს წასმიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ქალს მხოლოდ ტანსაცმლით შეიძლება მიეკაროთ, რათა მამაკაცური ჰორმონები მასაც არ ერგოს. თუ მედიკამენტები და ჰორმონული პრეპარატები არ გშველით, სცადეთ ფალოპროთეზირება. არ დაგიმალავთ: ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა. სილიკონის გასაბერი პროთეზი შეჰყავთ მღვიმოვანი სხეულების მიდამოში, ხოლო მიკროტუმბო - სათესლე პარკში. საკმარისია, ხელი მოუჭიროთ, რომ პენისი სქესობრივი აქტივობისთვის შეიმართება. გარეგნულად სასქესო ორგანოები ჩვეულებრივ გამოიყურება, პარტნიორი ვერაფერს ხვდება. ოპერაციის შემდეგ მოგიწევთ, 2-3 დღე საწოლში გაატაროთ, სქესობრივ ცხოვრებას კი 1,5-2 თვის შემდეგ დაუბრუნდებით. ფალოპროთეზი ხელს არ უშლის ორგაზმსა და ეაკულაციას და არ არღვევს პენისის მგრძნობელობას.

დასკვნის სახით

მართალია, დღევანდელი მასობრივი კულტურა მამაკაცს აიძულებს, იყოს სექსუალური მონსტრი, მაგრამ პროვოკაციას ნუ წამოეგებით. ინტიმურ ცხოვრებაში ნორმა არ არსებობს! პრობლემებზე შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მამაკაცს არ შეუძლია ჩაატაროს კვირაში თუნდაც ერთი სქესობრივი აქტი. ერექციული დისფუნქციის საუკეთესო პროფილაქტიკაა რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, აგრეთვე - ჯანსაღი ცხოვრების ნირი, სპორტი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა. პოტენციისთვის სპორტის ყველაზე სასარგებლო სახეობებია ცურვა, თხილამურებით სრიალი, სპორტული სიარული, ჩოგბურთი, სირბილი, პროფესიული სპორტი კი გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის გამო პოტენციაზე ხშირად უარყოფითად მოქმედებს. ლიბიდოს და ერექციას თრგუნავენ: ანტიდეპრესანტები, არტერიული წნევის დამაქვეითებელი, ანტიჰისტამინური და წყლულის საწინააღმდეგო საშუალებები. თანამედროვე მედიკამენტები სასწაულებს ახდენენ, მაგრამ მათი მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.