ორსულობა და ფსიქონევროლოგიური დარღვევები

- რა იწვევს თავის ტკივილს, საშიშია თუ არა იგი, ღირს თუ არა მკურნალობა? იქნებ ჯობს, მოვითმინოთ?
- თავის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა და არამხოლოდ ორსულებში. ის შეიძლება გამოიწვიოს როგორც ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა, ასევე დაავადებებმა, რომლებიც ორსულობაზე არ არის დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემებით, ათიდან ცხრა შემთხვევაში ორსულს აწუხებს დაძაბვის თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება გადაღლის, ძლიერი ფსიქოემოციური დატვირთვის შედეგად, მით უმეტეს, ორსული აშკარად თუ ფარულად ყოველთვის ღელავს - როგორ ჩაივლის ორსულობა, მშობიარობა, ჯანმრთელი დაიბადება თუ არა ბავშვი. დაძაბვის თავის ტკივილი უმეტესად ორსულობის I-II ტრიმესტრებში იჩენს თავს. ტკივილი მსუბუქი ან ზომიერია, ორმხრივი, არ გააჩნია მკაფიო ლოკალიზაცია, გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე. ზოგჯერ ამას ტკივილსაც ვერ დაარქმევთ - ეს არის, უფრო მეტად, ზეწოლის, თავზე სალტის მოჭერის შეგრძნება. ის თავის ფუძის კანისა და კუნთების ხანგრძლივი დაძაბვის შედეგია და ამიტომაც ეწოდება დაძაბვის ტკივილი. ტკივილი ხშირად ძლიერდება დღის მეორე ნახევარში, ანდა ძლიერი ფსიქოემოციური თუ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, არის მონოტონური ან მზარდი. შედარებით იშვიათად ორსულებში თავის ტკივილის მიზეზია შაკიკი. მისთვის დამახასიათებელია ტკივილის განმეორებითი შეტევები, მხედველობის დარღვევები, ასევე - დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ. ასეთ ორსულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც შაკიკი დაორსულებამდეც ჰქონდა, და ისეთებიც, ვისაც ის პირველად ორსულობისას გამოაჩნდა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში მოსალოდნელია შეტევების გახშირება; მეორე-მესამეში შეტევები იშვიათდება და გაცილებით მსუბუქადაც მიმდინარეობს.
- რით მკურნალობენ თავის ტკივილს?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ორსულებში თავის ტკივილის მკურნალობისას, განურჩევლად მისი წარმოშობისა, უპირატესობა ენიჭება არამედიკამენტურ საშუალებებს - ფსიქოლოგიურ რელაქსაციას, ფიტოთერაპიას... მნიშვნელოვანია შრომისა და დასვენების რეჟიმის ორგანიზაცია, იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებიც ტკივილის შეტევებს უწევს პროვოცირებას. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:
- მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ნაკლები დრო გაატარეთ დახუთულ შენობაში, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ოღონდ არა ავტომაგისტრალების მახლობლად, არამედ პარკში, ტყეში. მუშაობისას ხშირად შეისვენეთ, გაანიავეთ ოთახი, შეასრულეთ რამდენიმე ვარჯიში. ორგანიზმი ჟანგბადით გამდიდრდება და თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
- ნუ დაიკლებთ ძილს. ურიგო არ იქნება, დღისითაც ჩათვლიმოთ. თუ სამსახური ამის საშუალებას გაძლევთ.
- ურიგო არ იქნება, თუ დროს გამონახავთ და ორსულთათვის განკუთვნილ ტანვარჯიშის ან ცეკვის წრეზე ივლით. ასეთი დატვირთვა მოაძლიერებს ბავშვს, დაბადებისთვის მოამზადებს თქვენს ორგანიზმს, გაგახალისებთ და ახალ ნაცნობებს შეგძენთ.
- აუცილებლად უნდა აითვისოთ რელაქსაციის მეთოდები, სუნთქვითი ვარჯიში. შესაძლოა, მათი დახმარებით ტკივილს მედიკამენტების გარეშეც დააღწიოთ თავი.
- თუ ტკივილი ძალზე ძლიერია და არამედიკამენტური საშუალებები არ გშველით, მიიღეთ გამაყუჩებელი. თქვენს პატარას ეს უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე თქვენი მუდმივი უგუნებობა.
ორსულთათვის ნებადართულია: უბრალო ანალგეტიკები (პარაცეტამოლი), აუცილებლობის შემთხვევაში - კოფეინი. რეკომენდებული არ არის ასპირინი და მისი ანალოგები, ერგოტამინი (ეს უკანასკნელი ხშირად შედის შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებების შემადგენლობაში). მედიკამენტების მიღებამდე უთუოდ მოეთათბირეთ ექიმს, რადგან ისეთმა ერთი შეხედვით უვნებელმა წამლებმაც კი, როგორებიც ინდომეტაცინი, ვოლტარენი ან ასპირინია, შეიძლება ავნოს ნაყოფს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
- თავის ტკივილი გახშირდა ან გაძლიერდა;
- ტკივილი ძლიერდება პოზის შეცვლის, ვარჯიშის დროს, ღამით;
- ტკივილი აღმოცენდება თავის დახრისას, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ანდა მხედველობის გაუარესება ახლავს თან.