ვისთვის როგორ და სად სჯობს დასვენება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვისთვის როგორ და სად სჯობს დასვენება

და არდადეგების პერიოდი, როდესაც ყველა დასვენებაზე, ენერგიის მოკრებაზე, გაჯანსაღებასა და გაკაჟებაზე ფიქრობს.

ადამიანის ორგანიზმისთვის დასვენების მნიშვნელობასა და საკურორტო ზონის შერჩევის თავისებურებებზე გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, თბილისი-SPA-ს, ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი თერაპევტი, მედიცინის დოქტორი მანანა ტაბიძე.

  • ქალბატონო მანანა, დასაწყისისთვის, მოდი, განვსაზღვროთ, რა არის კურორტი.

- კურორტი ეწოდება ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით (მინერალური წყალი, ტალახი, განსაკუთრებული კლიმატი) მდიდარ ადგილს, რომელსაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა დასვენებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნებისთვის აღნიშნული ფაქტორების გამოსაყენებლად.

საკურორტო ადგილი ეწოდება ბუნებრივი ფაქტორებით მდიდარ ადგილს, რომელსაც არ გააჩნია დასვენებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

  • მათ, ვინც არჩევანის წინაშე დგას, რას ურჩევდით, სად წავიდნენ?

- საქართველო მდიდარია საკურორტო რესურსებით. ჩვენთან არის როგორც კლიმატური, ასევე კლიმატობალნეოლოგიური და ბალნეოკლიმატური კურორტები. კურორტის პროფილიზაცია ხდება იმ ბუნებრივ-ფიზიკური ფაქტორის მიხედვით, რომელიც ამ კურორტისთვის წამყვანია.

მაგალითად, ბორჯომისთვის ასეთია მინერალური წყალი. ამავე დროს ბორჯომი არის კლიმატური კურორტიც, ამიტომ მას ბალნეოკლიმატურ კურორტს ვუწოდებთ.

წმინდა კლიმატური კურორტებია ბახმარო, ბაკურიანი, თბილისის საგარეუბნო კურორტები.

კლიმატობალნეოლოგიური კურორტია წაღვერი, სადაც მინერალური რკინის შემცველი წყალია.

სურამიც კლიმატური კურორტია, თუმცა იქაც მოედინება მინერალური წყალი, რომელიც ძალიან კარგია ანემიის სამკურნალოდ, რადგან რკინას შეიცავს.

როდესაც ადამიანს ამა თუ იმ კურორტს ვურჩევთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით - რა დაავადებები აქვს, უბრალოდ ჰაერზე დასვენება სჭირდება თუ სამკურნლო-პროფილაქტიკური ღონისძიებებიც.

მიიჩნევა, რომ მთის კურორტების კლიმატი მატრენირებელია, ზღვის კურორტებისა კი დამზოგველი ანუ ნაზად მოქმედი. როდესაც ადამიანის, მით უმეტეს, ბავშვთა კონტინგენტის გაჯანსაღება გვინდა, ცხადია, მთის კურორტზე დასვენება უნდა ვურჩიოთ.

ვინაიდან საქართველოს ზონალობის მიხედვით ძალიან რთული რელიეფი აქვს, განასხვავებენ დაბალი მთის, საშუალო მთისა და მაღალი მთის კურორტებს. ეს გრადაცია ზღვის დონიდან კურორტის მდებარეობის გათვალისწინებით ხდება.

ზღვის დონიდან დახლოებით 800-1000 მ-მდე სიმაღლეზე დაბალი მთის კურორტებია, 1000 მ-დან 1500 მ-მდე - საშუალო მთისა, 1500-დან 2000 მ-მდე - მაღალი მთისა. ზღვის დონიდან 2000 მ-ის ზემოთ მდებარე ადგილს კურორტს ვერ ვუწოდებთ. ეს უკვე გამაჯანსაღებელი ან ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ადგილია, როგორიც არის, მაგალითად, გუდაური. იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ კურორტად, რადგან კურორტული ფაქტორები არ უნდა ახდენდეს ისეთ დიდ დატვირთვას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, როგორიც, მაგალითად, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე შეიძლება მიიღოს ადამიანის ორგანიზმმა.

რაც უფრო მაღლაა ადგილი, მით უფრო დაბალია ჟანგბადის პარციალური წნევა, შესაბამისად, მეტ მოთხოვნებსაც უყენებს ორგანიზმს. როდესაც ჟანგბადის პარციალური წნევა დაბალია, ორგანიზმში ხდება ძლიერი ძვრები: ძლიერდება ჰემოპოეზი, ირთვება სხვადასხვა მექანიზმი, რაც აწესრიგებს ორგანიზმის რეაქტიულობას, აძლიერებს ფაგოციტურ აქტივობას, ახდენს დამცველობითი ძალების მობილიზაციას. ეს ყველაფერი გვჭირდება, რათა მივიღოთ საკურორტო ფაქტორის, ამ შემთხვევაში - კლიმატის, დადებითი ეფექტი.

  • რისთვის სჭირდება ადამიანს დასვენება?

- იმისთვის, რომ მოხდეს სასიცოცხლო ძალების გაძლიერება, რათა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ორგანიზმს ჰქონდეს სარეზერვო დამცავი ძალები ინფექციასთან, სტრესსა და გადაღლასთან საბრძოლველად. ამიტომაა აუცილებელი წელიწადში ერთხელ დასვენება. გარდა ამისა, დასვენება მნიშვნელოვანია თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა აღვიდგინოთ ძალ-ღონე და სახელმწიფოს, დამკვეთს ან დამქირავებელს ჰყავდეს ძლიერი, ჯანსაღი სამუშაო ძალა, რომელიც ერთი წლის მანძილზე არ იავადმყოფებს და არ ექნება ამ კუთხით ეკონომიური დანახარჯი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაც მეტია შრომისუნარიანობა, მით ნაკლები დანახარჯი აქვს სახელმწოფოს თუ დამქირავებელს და მით მეტი მოგება. ამიტომ რამდენიმე ათეული წლის წინ აუცილებელი იყო სანოგენეზი და სანაცია. სამწუხაროდ, დღეს ეს სისტემა მოშლილია.

  • ოპტიმალური დასვენებისთვის რამდენი დღეა საჭირო?

- დადგენილია, რომ საჭიროა მინიმუმ 24 დღე, რათა კურორტული დასვენებისგან გამაჯანსაღებელი ეფექტი მივიღოთ. ახლა დასვენების ხანგრძლივობა ძირითადად ორი კვირით განისაზღვრება, რაც ძალიან ცოტაა. ერთი წლის განმავლობაში ადამიანი უძლებს ცხოვრების დაძაბულ რიტმს, ემოციურ, ფიზიკურ დატვირთვას, ავადმყოფობას, ამიტომ რეაბლიტაცია სჭირდება.

კურორტული მკურნალობის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სხვადასხვა სახეობის ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორების გამოყენება ფიზიოთერაპიასთან, სამკურნალო ფიზკულტურასა და დიეტოთერაპიასთან ერთად. კურორტზე მკურნალობა უფრო ეფექტურია, რადგან ორგანიზმზე მოქმედებს კურორტის ბუნებრივი პირობების კომპლექსი.

გარდა ამისა, კურორტზე ადამიანი იცვლის ჩვეულ საყოფაცხოვრებო გარემოს, თავისუფლდება დატვირთვის, ყოველდღიური საზრუნავისა და გამაღიზიანებელი ფაქტორების ზეგავლენისგან. ადამიანი კურორტზე ხანგრძლივად ან მუდმივად იმყოფება სუფთა ჰაერზე, რომელიც გაჯერებულია აეროიონებით და ფიტონციდებით. იგი განიცდის ირგვლივ არსებული ლანდშაფტის ზემოქმედებას. ადრე ჯერ მთაში მიდიოდნენ დასასვენებლად, მერე მცირე ხნით - ზღვაზე. მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს თალასოთერაპიას - ზღვით მკურნალობას. იგი მოიცავს სამ კომპონენტს: ზღვის, ჰაერისა და მზის აბაზანებს. ეს არის ზღვის კურორტებზე დასვენების მთელი კომპლექსი, რომელსაც თავისი დადებითი თვისებები და აუცილებლობა აქვს.


  • როდესაც ადამიანი გარემოს იცვლის, თავს იჩენს აკლიმატიზაციის პრობლემა: ზოგს წნევა უწევს, ზოგს ყაბზობა აწუხებს, ზოგსაც - ფაღარათი. რა არის აკლიმატიზაცია, რისი ბრალია იგი, რამდენ ხანს გრძელდება და როგორ გადავიტანოთ?

- აკლიმატიზაცია ორგანიზმის ადაპტაციაა უჩვეულო გარემოსთან. ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი, დამცავი რეაქცია. მას ადაპტაციის უნარი რომ არ გააჩნდეს, ჩვენ ტემპერატურულ ცვლილებასაც კი ვერ შევეგუებოდით. მაგრამ აკლიმატიზაციის პროცესმა მსუბუქად რომ ჩაიაროს, საჭიროა ამა თუ იმ პიროვნებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ზუსტად შევურჩიოთ ის კურორტი, რომელიც მასში მკვეთრ აკლიმატიზაციურ რეაქციებს არ გამოიწვევს. ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს არ არის დამთრგუნველი.

აკლიმატიზაციის პროცესი შეიძლება 1-დან 5 დღემდე გაგრძელდეს. თუ ის 4-5 დღე გაგრძელდა, ითვლება, რომ ადამიანისთვის ეს კურორტი მიუღებელია - ორგანიზმს უჭირს შეგუება იმ დატვირთვასთან, რომელსაც აქ განიცდის. ამიტომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი ფაქტორი, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის მდგომარეობა, რადგან სწორედ ეს ორი სისტემაა წამყვანი. აკლიმატიზაციის პერიოდში დღის რეჟიმი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ორგანიზმი იოლად შეეგუოს განსხვავებულ გარემო პირობებს. როდესაც ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, გულის პრობლემები, ვთქვათ, სტენოკარდია ან გულის იშემიური დაავადება, თუნდაც კომპენსაციის სტადიაში, მას უნდა ვურჩიოთ ზღვის კურორტები, რადგან ისინი ზღვის დონეზე მდებარეობს. გასათვალისწინებელია სეზონიც, არც უნდა ციოდეს და არც ცხელოდეს, ტემპერატურა კომფორტული უნდა იყოს - დაახლოებით 18-200C.

  • რა არის კომფორტული ამინდი?

- კომფორტულია ამინდი, როდესაც, აღნიშნულ ტემპერატურასთან ერთად, ჰაერის სიჩქარე არ აღემატება 7მ/წმ-ს (ნიავია), ხოლო შეფარდებითი ტენიანობა უდრის 70-80%-ს. პაციენტს კურორტს ურჩევს ექიმი კურორტოლოგი, რომელიც მისი ჯანმრთელობის პარამეტრებს კურორტოლოგიურ ფაქტორებსა და ნიუანსებს შეაჯერებს.

დადგენილია, ამა თუ იმ დაავადებისთვის ამა თუ იმ სტადიაში რა ჩვენებები და უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს კურორტოლოგიურ მკურნალობასა და დასვენებას და რომელი დაავადების დროს რომელ კურორტზე ჯობს წავიდეს ადამიანი.

  • დასვენების დროს მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი. ყველა ცდილობს, ზაფხულში მენიუ დატვირთოს და გაამრავალფეროვნოს ხილითა და ბოსტნეულით, სხვადასხვა ნუგბარით და, შეძლებისდაგვარად, დელიკატესებით, რადგან გაძლიერებული კვება კარგი დასვენების ერთ-ერთ პარამეტრად მიიჩნევა.

- გაძლიერებული სმა-ჭამა პირობითი ცნებაა. თუ მიირთმევთ ხილს, კენკრას, ბოსტნეულს და იმ ადგილისთვის დამახასიათებელ ჯანსაღ პროდუქტებს, სადაც იმყოფებით, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თუ პურ-ფუნთუშეულს ჭარბად მიირთმევთ, ეს ორგანიზმისთვის სრულიადაც არ არის სასარგებლო.

თუ სოფელში მიემგზავრებით, ეცადეთ, ჯანსაღი ძროხის რძის ნაწარმი და შეუწამლავი ხილი მიირთვათ. დადგენილია, რომ მოცვი, მოცხარი, მაყვალი, მარწყვი, ჟოლო და სხვა კენკრა დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ითვლება, რომ წლის განმავლობაში ადამიანმა 10 კგ თითოეული ეს კენკრა უნდა მიირთვას.

  • ქრონიკულ ავადმყოფებს რას ურჩევდით?

- ქრონიკულად დაავადებულებს მკურნალმა ექიმმა უნდა მისცეს რჩევები და დანიშნულება. ყოველი ნოზოლოგიის შემთხვევაში რჩევები ინდივიდუალურია. ზოგადი რჩევები კი ასეთი იქნება: თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევთ, აქტიურად დაისვენონ.

აქტიური დასვენება ნიშნავს რაც შეიძლება მეტ ხანს ჰაერზე ყოფნას, ფეხით სეირნობას. მაგრამ მინდა, ხაზგასმით ვურჩიო ყველას მზის სხივებისგან თავის დაცვა. მზე განსაკუთრებით აქტიურია დღის 12-დან 17 საათამდე. თუ ამ დროს შინიდან გამოსვლა მოუხდათ, დაიხურონ ჩალის ქუდი და ჩაიცვან თეთრი ან ღია ფერის ტანსაცმელი. მზე ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ მზის აბაზანებისთვის დილისა და საღამოს საათები უნდა შევარჩიოთ. მზის აბაზანების მიღება შესაძლებელია მთის კურორტებზეც, თუმცა დოზირება ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

  • დღეს, თუ ადამიანს საამისო მატერიალური სახსარი აქვს, ნებისმიერი ქვეყნის კურორტებზე დასვენებაა შესაძლებელი...

- ჩვენი ბალნეოლოგიური კურორტების წყლები გაცილებით უფრო სასიამოვნოა, თუმცა ევროპის კურორტების დიდი უპირატესობაა კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. ევროპაში, მაგალითად, ავსტრიაში, არის ხელოვნურად შექმნილი ტყეები, რომლებსაც ძალიან კარგად უვლიან. ჩვენში ბუნებრივი ტყეებია, რომლებსაც, ცხადია, დიდი უპირატესობა აქვს ხელოვნურთან შედარებით.

  • რას ურჩევდით ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?

- კარგი იქნება, თუ კონსულტაციას გაივლიან ექიმ კურორტოლოგთან, რათა აირჩიონ მათთვის უმჯობესი კურორტი, განსაზღვრონ, რა მოუხდებათ და რა - არა.

მაგალითად, ძალიან კარგი კურორტია საირმე, მაგრამ ის ვიწრო ხეობაში მდებარეობს და მან, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს, შესაძლოა თავი ცუდად იგრძნოს, ხოლო ბორჯომში, სადაც კურორტოლგიური პირობები თითქმის ისეთივეა, ეს პრობლემა არ შეგაწუხებთ.

არ შეიძლება, ბაკურიანში გაგზავნო ადამიანი, რომელსაც გულის მანკი ან მაღალი არტერიული წნევა, II-III სტადიის გულის უკმარისობა აქვს. ამ დროს უნდა ვურჩიოთ, დასასვენებლად წავიდეს სურამში, ლიკანში - იქ უფრო სასურველ სამკურნალო ეფექტს მიიღებენ. საქართველოს კლიმატს, მის ბუნებას ვერაფერი შეედრება.

ჩვენში, თუ ჰაერი რომელიმე საწარმოს მიერ არ არის დაბინძურებული (ქვანახშირის წარმოება, ფეროშენადნობების ქარხანა და სხვა), უბრალო სოფელიც კი კურორტად შეიძლება ჩაითვალოს. კარგად დასვენება შეიძლება ყველგან, სადაც არის სიმწვანე, ლამაზი ლანდშაფტი და სუფთა წყალი.