ოჰ, ეს აკლიმატიზაცია!
.
ტურისტების რისხვასიტყვა "აკლიმატიზაცია" ბერძნული წარმოშობისაა, თუმცა დღეს მას ყველა ეროვნების ექიმები იყენებენ. აკლიმატიზაცია დაავადება არ არის, ის ორგანიზმის რეაქციაა ჩვეული საცხოვრებელი პირობების მკვეთრ ცვლილებაზე, რომელიც ექიმების ყურადღებას მოითხოვს.
-
პირველი ეტაპი - სიახლით გამოწვეული შოკი
ახალ ადგილზე ადაპტაციის პირველ ეტაპს შეიძლება სიახლით გამოწვეული შოკი ვუწოდოთ. სრულიად განსხვავებულ კლიმატურ პირობებში მოხვედრისას ბავშვებს უხალისობა ეუფლებათ, ადვილად ღიზიანდებიან, უფრო ხშირად ტირიან. შესაძლოა, აღმოცენდეს გულისრევის შეგრძნება, მოიმატოს ტემპერატურამ, გაურესდეს მადა, თავი იჩინოს ძილიანობამ.
-
პირველი ეტაპის შემდეგ - ბავშვი მეტისმეტად აქტიური ხდება
ადაპტაციის პირველი ეტაპის შემდეგ ხშირად საპირისპირო რეაქცია ვითარდება - ბავშვი მეტისმეტად აქტიური ხდება. ახალი ადგილის დაზვერვისას ის ხარბად შთანთქავს ინფორმაციის დიდ ნაკადს, რის გამოც მისი გრძნობის ყველა ორგანო მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ამ დროს პატარები ძალიან აგზნებულები, გაუწონასწორებლები არიან, ცუდად სძინავთ. მათი ორგანიზმის თავდაცვითი უნარი ქვე-ითდება და ხშირდება აგარაკისთვის დამახასიათებელი ინფექციები. იშვიათი არც ქრონიკული დაავადებების - გასტრიტის, დერმატიტის, ბრონქული ასთმის, ალერგიის, დისბაქტერიოზის გამწვავებაა.
აკლიმატიზაციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა ოჯახი უცხო ქალაქშია - აქ ხომ არც ნაცნობი ექიმია და არც მეზობელი აფთიაქი, სადაც მრავალ შეკითხვაზე გიპასუხებენ. მსგავს სიტუაციაში რომ არ დაიბნენ, ყველა დედამ უნდა იცოდეს ის ელემენტარული ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია ცხელების, ღებინების ან დიარეის დროს.
ზოგიერთმა შესაძლოა ნიშნის მოგებით გვითხრას, რომ შვილები შორეულ კურორტებზე დაჰყავს, მაგრამ მათთვის მსგავსი არაფერი შეუმჩნევია. ეს სიცრუე სულაც არ არის. თუ ბავშვს ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, აკლიმატიზაციის პერიოდი მართლაც შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუმცა არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ მგზავრობა ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახება.
-
ასაკობრივი ბარიერი
პედიატრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ შორეულ კურორტებზე დასვენების უფლება თავს შეიძლება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როცა ბავშვი განსაზღვრულ ასაკს მიაღწევს, თუმცა მშობლები შესაძლოა არ დაეთანხმონ - ბუნებრივი კვებისა თუ თანამედროვე საკვები ნარევების წყალობით ჩვილ ბავშვთან ერთად მოგზაურობა სულაც არ არის რთული, თანაც ჩვილს ხომ არც სიარული შეუძლია, ვერც წყლისკენ გაიქცევა და არც სადმე დაგვემალება...
ეს აზრი მცდარია. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ აკლიმატიზაციის პროცესი ჩვილისთვის უმტკივნეულოდ ჩაივლის. ჩვილ ასაკში ორგანიზმის თავდაცვითი სისტემა ფორმირების პროცესშია, რის გამოც ტემპერატურის, ტენიანობისა და განათების მკვეთრი ცვლილება სასურველი არ არის. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტხანს მოითხოვს ადაპტაციის პროცესი. ამის გამო ექიმები მიიჩნევენ, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვის სხვა კლიმატურ ზონაში წაყვანა სასურველი არ არის.
აკლიმატიზაციის პროცესის გასაადვილებლად რეკომენდებულია, პატარამ ნაკლები დრო დაყოს მზეზე თუ წყალში, არ იაროს შორეულ ექსკურსიებზე. ამ რეკომენდაციების შესრულება სულაც არ არის ადვილი - მოზრდილები ხომ იოლად ეჩვევიან ახალ პირობებს და გზიდანვე ემზადებიან აქტიური დასვენები-სთვის. ყველაფერთან ერთად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს იშვიათად ეძლევა შვებულების ერთად გატარების შანსი და დიდია სურვილი, მოსაგონარი ბევრი რამ დარჩეს.
-
მგზავრობისას
ტექნიკის თანამედროვე მიღწევები საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე თითქმის მთელი ნახევარსფერო გადავკვეთოთ და რადიკალურად განსხვავებულ პირობებში აღმოვჩნ-დეთ, თუმცა ჩვენი ორგანიზმის შესაძლებლობები ტექნიკის პარალელურად არ ვითარდება. მისი ფიზი-ოლოგიური ფუნქციები უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება იმ ადამიანების ორგანიზმისგან, ვისაც მხოლოდ ფეხით მოგზაურობის საშუალება ჰქონდა. ასე რომ, ნებისმიერი მგზავრობა, რომელსაც კლიმატური პირობების მკვეთრი შეცვლა ახლავს, მოზარდი ორგანიზმისათვის ნამდვილი შოკია.
სამედიცინო კლიმატოლოგიის სპეციალისტების აზრით, გრძედის ან განედის გასვწრივ ყოველი 10 გრადუსით გადაადგილება ორგანიზმის ჩვეულ დღეღამურ რიტმს არღვევს და ახალ პირობებთან ადაპტაციისათვის დროს მოითხოვს. თუ ბავშვის ორგანიზმი ამა თუ იმ დაავადებით არის დასუსტებული, აკლიმატიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი რამდენჯერმე იზრდება. ბუნებრივი პირობების ცვლილებათა თვალსაზრისით ბავშვებისთვის მატარებლით მგზავრობა უფრო შესაფერისია, ვიდრე თვითმფრინავით, რადგანაც ფრენისას კლიმატური პირობები რამდენიმე საათის განმავლობაში არაერთხელ იცვლება.