გულისრევისა და ღებინების მიზეზები
მწვავე გასტრიტი - გულისრევისა და ღებინების უხშირესი მიზეზი
მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანის მწვავე ანთებაა. ის შეიძლება სრულიად სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებით იყოს განპირობებული. მათ შორის აღსანიშნავია:
- ინფექციები. ისეთი ფართოდ გავრცელებული ინფექციური ფაქტორები, როგორებიცაა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მოქმედი ვირუსები ან ბაქტერიები, ხშირად იწვევს მწვავე გასტრიტს. ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება და პაციენტის მნიშვნელოვანი დისკომფორტის მიზეზი სწორედ გულისრევა და ღებინებაა. ამ სიმპტომებს ერთვის შეტევითი მოვლითი ხასიათის ტკივილი კუჭის საპროექციო არეში. მოსალოდნელია ასევე შემცივნება, ტემპერატურის მომატება. გულისრევისა და ღებინების გამომწვევი ფართოდ გავრცელებული მიკროორგანიზმებია ნოროვირუსი და როტავირუსი, ასევე - ჰელიკობაქტერია;
- გასტროენტერიტი, რომელსაც უცხოელები “კუჭის გრიპსაც” უწოდებენ, ღებინების ერთ-ერთი მიზეზია. ამ დროს ღებინებას, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ერთვის ფაღარათი;
- საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია, რომელსაც ხშირად “საკვებით მოწამვლას” უწოდებენ, გულისრევისა და ღებინების კიდევ ერთი მიზეზია. ამ დროს საკვები ბინძურდება მიკროორგანიზმებით, რომელთა ზრდა-გამრავლებისთვისაც არაჩვეულებრივი გარემოა ზოგიერთი, მაგალითად კრემიანი, ხორციანი საკვები, განსაკუთრებით - თუ დიდხანს დარჩა მაღალ ტემპერატურაზე, უმაცივროდ. ცხოველქმედებისას ბაქტერიები ტოქსინებს გამოყოფენ. ერთ-ერთი უძლიერესია ოქროსფერი სტაფილოკოკის ტოქსინი. ვინაიდან ადამიანი ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ საკვებს იღებს და მის ორგანიზმში მზა ტოქსინები ხვდება, მოწამვლის ნიშნები რამდენიმე საათში იჩენს თავს. გარდა სტაფილოკოკისა, ტოქსიკოინფექციის მნიშვნელოვანი გამომწვევებია სალმონელა, კამპილობაქტერია, შიგელა, ნაწლავის ჩხირი, ლისტერია, ბოტულიზმის ჩხირი (კლოსტრიდია). აღსანიშნავია, რომ ღებინებას ხშირად შვება მოაქვს;
- ალკოჰოლი, თამბაქო, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ასპირინი, დიკლოფენაკი, ნიმესულიდი და სხვა) ზემოქმედებენ კუჭის ლორწოვანზე და გულისრევასა და ღებინებას იწვევენ.
კუჭთან დაკავშირებულ გულისრევასა და ღებინებაზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ კუჭის წყლული და გასტროეზოფაგური რეფლუქსი. კუჭის წყლულის დროს გულისრევისა და ღებინების უშუალო მიზეზებია კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება, მჟავა წვენის ჭარბი პროდუქცია, ძლიერი ტკივილი. ინფექციურ დაავადებათა შესახებ საუბრისას კი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ქოლერა - განსაკუთრებით საშიში, საკარანტინო ინფექცია. მისთვის დამახასიათებელია შადრევნისებრი ღებინება გულისრევის შეგრძნების გარეშე. თუმცა დაავადების პირველი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ფაღარათი, ღებინება კი მოგვიანებით ვითარდება.
საყლაპავის დაავადებები
გულისრევისა და ღებინების მიზეზად შესაძლოა იქცეს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება - დაავადება, რომლის დროსაც კუჭის მჟავა წვენი საყლაპავში ამოიტყორცნება. ამ შემთხვევაში გულისრევის შეგრძნებას იწვევს საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებაც და თავად შიგთავსის ამოტყორცნაც. ღებინების კიდევ ერთი მიზეზია საყლაპავის სტენოზი - საყლაპავის შევიწროება დამწვრობის გამო ან სხვა მიზეზით. საკვებს შევიწროებულ უბანში გავლა უჭირს, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ გაივლის მას. შევიწროებული უბნის ზემოთ საყლაპავი თანდათან ფართოვდება. საკვების შეკავება და საყლაპავის კუნთების უკუმიმართულებით მოძრაობა საკვები მასების ამონთხევას იწვევს. ეს არის ეგრეთ წოდებული საყლაპავისმიერი ღებინება. ის ვითარდება საკვების მიღებიდან გარკვეული ხნის შემდეგ. მას გულისრევის შეგრძნება არ უძღვის წინ.
ორგანიზმის ზოგად დაავადებებთან დაკავშირებული გულისრევა და ღებინება შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტის დროს გულისრევა და ღებინება უმთავრესად ორ შემთხვევაშია მოსალოდნელი. ესენია:
- გასტროპარეზი - ამ დროს შეფერხებულია კუჭის დაცლა. სავარაუდოდ, ეს დარღვევა დაკავშირებულია დიაბეტის დროს აღმოცენებულ ნეიროპათიასთან - დაავადების ერთ-ერთ გართულებასთან;
- სისხლში გლუკოზის მეტისმეტად მაღალი ან მეტისმეტად დაბალი დონე - დიაგნოზის დადასტურებაში გვეხმარება სათანადო ლაბორატორიული კვლევები.
გარდა ამისა, გულისრევა და ღებინება მოსალოდნელია თირეოტოქსიკოზის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბის) და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
გარდა ზემოთ განხილული მდგომარეობებისა, გულისრევა და ღებინება საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი დაავადებების თანმხლები სიმპტომიც არის, როგორებიცაა:
- ჰეპატიტი - ამა თუ იმ მიზეზით აღმოცენებული ღვიძლის ანთებითი დაავადება;
- ნაღვლის ბუშტის დაავადებები;
- პანკრეატიტი;
- კრონის დაავადება.
თითოეულ ამ დაავადებას თვალსაჩინო კლინიკური სურათი ახასიათებს, რაც აადვილებს გულისრევისა და ღებინების მიზეზის დიაგნოსტიკას.
თირკმლის დაავადებები
გულისრევა და ღებინება მოსაოდნელია თირკმლის ჭვალის (ე. წ. კენჭის გავლის) დროს ძლიერი ტკივილის გამო, აგრეთვე - თირკმლის ინფექციის დროს მიმდინარე ზოგადი ინტოქსიკაციის ფონზე. ამ მდგომარეობათა ეფექტური მკურნალობისას ჩივილები, ჩვეულებრივ, უკუვითარდება. განსაკუთრებით შემაწუხებელია გულისრევა და ღებინება თირკმლის უკმარისობის დროს, მის უკანასკნელ სტადიებში.
გულისრევა და ღებინება - ატიპური სიმპტომები
ზოგჯერ გულისრევა და ღებინება იმ დაავადებებსაც ახლავს თან, რომელთა დროსაც საჭმლის მომნელებელი სისტემა უშუალოდ არ ზიანდება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია:
- გულის შეტევა - გულისრევა და ღებინება გულის იშემიის ატიპური სიმპტომებია. განსაკუთრებით აქტუალურია ეს სიმპტომატიკა უკანა კედლის ინფარქტის დროს;
- ფილტვის ინფექციები - გულისრევისა და ღებინების მიზეზად ფილტვების ანთება - პნევმონია - და ბრონქიტიც შეიძლება იქცეს. ასეთი რამ უმთავრესად მაშინ არის მოსალოდნელი, როცა პროცესი ლოკალიზებულია დიაფრაგმის (მუცლისა და გულმკერდის ღრუს გამყოფი კუნთის) ახლოს.
გულისრევისა და ღებინების გამომწვევი ორგანიზმის ზოგადი დაავადებების შესახებ საუბრისას უნდა ვახსენოთ სიმსივნე და სეფსისიც - გენერალიზებული ინფექცია, რომლის დროსაც პროცესი სისხლით ვრცელდება. დაავადების კლინიკური სურათი ორივე შემთხვევაში თვალსაჩინოა, ამიტომ ჩივილების მიზეზი ძნელი მისაგნები არ არის.
მედიკამენტები და მედიკამენტური მკურნალობა - გულისრევისა და ღებინების მიზეზი
გულისრევა და ღებინება შესაძლოა ზოგიერთმა მედიკამენტმაც გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მათი უშუალო მიზეზია კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა სიმსივნეთა ქიმიოთერაპიისთვის რეკომენდებული საშუალებები. ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული გულისრევისა და ღებინების შემსუბუქება, სამწუხაროდ, იოლი არ არის. გულისრევა და ღებინება ხშირად ახლავს თან ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების, ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული საშუალებების, სტეროიდული ჰორმონების, ანტიბიოტიკების მიღებას. ეს სიმპტომები ხშირია სხივური თერაპიის დროსაც.
დავეხმაროთ საკუთარ თავს
შემაწუხებელი გულისრევისა და ღებინების დროს აუცილებელია კუჭის ლორწოვანის დასვენება და დეჰიდრატაციის (სითხის დეფიციტი) თავიდან აცილება. ხშირად, როცა გულისრევა და ღებინება კუჭ-ნაწლავის ინფექციებთან არის დაკავშირებული, პირველი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ სითხის მიღებაა საჭირო, მეორე დღიდან კი შეიძლება დიეტის გაფართოება. ბუნებრივია, გასათვალისწინებელია, როგორ იტანს პაციენტი საკვებს. გაღიზიანებული კუჭი ადვილად იტანს და ორგანიზმი ადვილად იწოვს:
- წყალს;
- უგაზო მინერალურ წყალს;
- ჟელეს.
პაციენტმა ერთბაშად არ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობის სითხე, ვინაიდან კუჭის გადავსება გულისრევასა და ღებინებას აძლიერებს. მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებულია 5-10 წუთში ერთხელ 30-60 მლ (2-4 სუფრის კოვზი) სითხის მიღება იმის გათვალისწინებით, როგორ იტანს სითხეს. პირველი 24-48 საათის განმავლობაში უარი უნდა ითქვას რძის ნაწარმზე. აკრძალვის მიზეზი მარტივია: ღებინებისას ორგანიზმში იკლებს რძის შაქრის, ლაქტოზის, გადამამუშავებელი ფერმენტის დონე.
როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ძნელად მოიპოვება ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ შეუწუხებია გულისრევასა და ღებინებას. ხშირად ის შიგთავსისგან კუჭის გათავისუფლებისთანავე გაივლის, თუმცა არის შემთხვევები, როცა აუცილებელია ექიმის დახმარება. ვგულისხმობთ იმ მდგომარეობებს, როცა:
- სიმპტომები გრძელდება 24 საათზე მეტხანს;
- გაურკვეველია გულისრევისა და ღებინებსი მიზეზი;
- თავს იჩენს დეჰიდრატაციის ნიშნები - კანისა და ლორწოვანების სიმშრალე, კანის დაჭიმულობის შემცირება, წნევის დაქვეითება;
- პაციენტს აქვს დაავადება, რომლის გამოც აუცილებელია დროული დახმარება.
დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, როცა გულისრევასა და ღებინებას ერთვის:
- ტკივილი;
- მაღალი სიცხე;
- ღებინება სისხლიანი მინარევით ან ყავის ნალექისმაგვარი შიგთავსით;
- ნაწლავების მოქმედება კუპრისმაგვარი მასებით.
დიაგნოსტიკის პრინციპები
გულისრევისა და ღებინების მიზეზი უმეტესად ნათელი ხდება, როცა ექიმი დეტალურად გაეცნობა პაციენტის ისტორიას და გულდასმით გასინჯავს მას. ხშირად კვლევის გაგრძელება არც კია აუცილებელი, თუმცა ზოგჯერ, მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, ინიშნება ლაბორატორიული ან რენტგენოლოგიური კვლევა. მისი მიზანი უმთავრესად პაციენტის მდგომარეობის კონტროლია და არა დიაგნოზის დასმა.
როგორ მკურნალობენ
იდეალურ შემთხვევაში გულისრევისა და ღებინების მკურნალობა მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობაა, თუმცა ხშირად, ეფექტის მიღებამდე, საჭირო ხდება განსაზღვრული მედიკამენტების დროებითი გამოყენება ამ შემაწუხებელი სიმპტომების შესამსუბუქებლად. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ სითხის ჭარბი კარგვის გამო ორგანიზმის გაუწყლოება ანუ დეჰიდრატაცია ამძიმებს გულისრევასა და ღებინებას, ხოლო გულისრევა აძნელებს სითხის მიღებას. ასე იკვრება მანკიერი წრე. ამ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სითხის ვენაში გადასხმა მდგომარეობის გამოსასწორებლად. არსებობს ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფი. ექიმმა პაციენტის მონაცემების გათვალისწინებით შესაძლოა მათი გამოყენებაც გადაწყვიტოს.
უნდა ვიცოდეთ, რომ...
გულისრევის შეგრძნებამ შესაძლოა სავსებით ჯანმრთელი ადამიანიც შეაწუხოს, თუ:
- დიდხანს დარჩა მშიერი;
- დილა დაიწყო სიგარეტით და დიდხანს არ ისაუზმა;
- დიდი რაოდენობით მიიღო ალკოჰოლი.