ძილისპირული
ზოგისთვის კი - ნამდვილი ტანჯვა. საკუთარი ბავშვობა გაიხსენეთ - მოსაღამოვდებოდა თუ არა, ელოდით, როდის აიღებდა დედა ან მამა თქვენს საყვარელ წიგნს და ზღაპრის კითხვას დაიწყებდა ან ბებია მოიფიქრებდა რამეს ექსპრომტად... რა თქმა უნდა, მსგავსი მოლოდინი თქვენს შვილებსაც აქვთ. ასე რომ, თუ თქვენი ოჯახი ჯერ კიდევ არ მისდევს ძილის წინ ბავშვისთვის ზღაპრის კითხვის ტრადიციას, დროულად დაამკვიდრეთ ის.
-
ყველაზე პატარებისთვის
ბავშვისთვის წიგნების კითხვა ადრეულ ასაკშივე შეიძლება დაიწყოთ. შესაძლოა, ბავშვი ჯერ არ ლაპარაკობდეს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის ვერაფერს გაიგებს. ბავშვთა ფსიქოლოგიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პატარა ამ შემთხვევაშიც ვითარდება. ჯერ ძალიან მოკლე ზღაპრებით უნდა დავიწყოთ. შემდგომში ტექსტი შეიძლება უფრო დიდი მოცულობისა და რთული გახდეს. სულაც არ არის აუცილებელი ზღაპარი დავასრულოთ. ბავშვს ძალიან უჭირს, მთლიან სიუჟეტს მიუგდოს ყური და შესაძლოა, არც მშობელი იყოს უბადლო მთხრობელი. ამიტომ შეიძლება, ერთი ეპიზოდით შემოვიფა-რგლოთ. მნიშვნელოვანია, რა წავუკითხოთ პატარებს. რა თქმა უნდა, ცალსახა პასუხი არ არსე-ბობს და მზა რეცეპტს - რეკომენდებული წიგნების სიას ვერავინ მოგაწვდით. შეგიძლიათ, კლასიკად ქცეული წიგნები შეარჩიოთ, თუმცა ვერც სიახლეს დაგიშლით ვინმე - გემოვნებაზე არ დაობენ. მთავარია სიუჟეტი ბავშვის ფსიქიკაზე არ მოქმედებდეს უარყოფითად.
-
საყვარელი რიტუალი
თუ საქმეს სერიოზულად მივუდგებით, ბავშვები სწრაფად ეჩვევიან ზღაპრების მოსმენას და საღამოს ამ რიტუალს მოუთმენლად ელიან. გარდა იმისა, რომ ბავშვი წიგნის სიყვარულს სწავლობს, სწორად შერჩეული ნაწარმოებების კითხვისას პატარას ვაწყნარებთ, ძილისთვის ვამზადებთ. ის დღის დასრულების აუცილებელი მომენტი ხდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ზღაპარი ოპტიმისტური იყოს და არა ზედმეტად საშინელი. არც წიგნის მხატვრული გაფორმება უნდა იწვევდეს შიშს.
ძილის წინ კითხვა შეიძლება კარგი სტიმული იყოს ბავშვისთვის, რათა პატარამ სწრაფად ივახშმოს, სათამაშოები დაალაგოს, აბაზანაში გაიქცეს, ხელ-პირი დაიბანოს და საწოლისკენ გაემართოს. ბავშვს წინასწარ აუხსენით, რომ თუ ვახშმისა და ხელ-პირის დაბანისთვის დიდ დროს დაკარგავს, კითხვაც ჩაიშლება, რადგანაც უკვე გვიანი იქნება. თუ ბავშვი ყოველნაირად ცდილობს, ძილის წინ ჯილდოდ ზღაპარი მიიღოს, მოლოდინი აუცილებლად უნდა გაუმართლოთ, განურჩევლად იმისა, დღის განმავლობაში დაიღალეთ თუ არა. არ არის აუცილებელი, კითხვის პროცესში დედა იყოს ჩაბმული. ეს ფუნქცია წარმატებით შეიძლება იკისრონ მამებმაც.
დაიწყეთ ბავშვებისთვის ძილის წინ კითხვა. მალე დარწმუნდებით, რომ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. თქვენ თავიდან აღმოაჩენთ ბევრ წიგნს, რომლებითაც თავის დროზე ერთობოდით, მაგრამ თითქმის აღარ გახსოვთ. თანაც, თუ ბავშვთა ზოგიერთი ფსიქოლოგის რჩევას გავითვალისწინებთ, პატარებისთვის ხმამაღლა კითხვა თითქმის თორმეტ წლამდეა რეკომენდებული. ასე რომ, წინ ბევრი რამ გელით! იკითხეთ გულწრფელად, იკითხეთ სხვადასხვა ხმით, დაამსგავსეთ კითხვა სპექტაკლს და მალე ეს ყოველივე გატაცებად გადაგექცევათ.
-
რატომ არ იძინებს ბავშვი
"ბავშვივით სძინავს" - ჩვეულებრივ, ამ გამოთქმას მშვიდი, ხანგრძლივი ძილის სიმბოლოდ იყენებენ, თუმცა ამ სიტყვების გაგონებისას ბევრი გაიღიმებს და გაიხსენებს, რა ძალისხმევა სჭირდებოდა თავისი პატარას დასაძინებლად... ძილის ხასიათი და სტრუქტურა მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება.
ინსომნია, რაც სიტყვასიტყვით უძილობას ნიშნავს, განსაკუთრებით ხშირად პატარა ბავშვთა შორის გვხვდება. ეს სულაც არ არის გასაკვირი - ახალშობილების ცენტრალური ნერვული სისტემა უმწიფარია, ციკლი "ძილი-სიფხიზლე" ფორმირებული არ არის. ძილის დარღვევათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ინსომნია განიმარტება როგორც მდგომარეობა, რომლის დროსაც დარღვეულია ჩაძინება ან ღამის ძილის უწყვეტობა.
ექიმთან მისვლის მიზეზთა შორის უძილობა მხოლოდ გაციებას, გასტრიტსა და თავის ტკივილს უთმობს პირველობას. სტატისტიკა არც ბავშვების შემთხვევაშია იმედის მომცემი - ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის პატარების მეოთხედს ძალიან ცუდად სძინავს.
-
ემოციურ-სტრესული ფაქტორები
უძილობის მიზეზთა შორის რასაკვირველია, ემოციურ-სტრესული ფაქტორები ლიდერობენ. თუ ბავშვმა დღის განმავლობაში ფსიქიკური ტრავმა მიიღო, ის ღამით იწყებს შფოთვას. მაგალითად, საყვარელი ზაზუნას სიკვდილი იმდენად ძლიერი სტრესია ემოციური ბავშვისთვის, რომ ძილის დარღვევა გარდაუვალია. მსგავსმა მოვლენებმა ბავშვის სულს იმაზე გაცილებით ძლიერი კვალი შეიძლება დაამჩნიოს, ვიდრე ამას ხანდახან მშობლები ფიქრობენ. ძილის დარღვევის ხშირი მიზეზი ოჯახური ჰარმონიის მოშლაა - მშობლების განშორება, გაყრა, კინკლაობა და ავადმყოფობა უსათუოდ აისახება ბავშვის ძილზე. უძილობის მიზეზად შეიძლება იქცეს ახალ ბინაში გადასვლა ან სკოლის შეცვლაც.
უძილობა ბავშვთა ასაკში შეიძლება მათ ზრდა-განვითარებაზეც აისახოს. ცნობილი ფაქტია, რომ სომატოტროპული ანუ ზრდის ჰორმონი ძირითადად ძილში გამომუშავდება. ამის გამო დიდია ძილის დარღვევისას ზრდის შეფერხების რისკი. ძილის მუდმივი დეფიციტი აზროვნების პროცესზეც აისახება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაქვეითდეს ლოგიკური აზროვნების უნარიც. ბავშვები ავტოპილოტის მიერ მართულ თვითმფრინავს ემსგავსებიან. ადვილ ამოცანებს ადვილად წყვეტენ. პასუხისათვის სტერეოტიპულ ფრაზებს იყენებენ, ხოლო ყველაფერი, რაც ჩვეულ ჩარჩოებს სცილდება, შეცდომით სრულდება.
უძილობის ძირითად მიზეზებს, რომლებიც თანაბრად ეხება ყველა ასაკის ბავშვებს, ემატება მისი სპეციფიკური ფორმებიც, რომლებიც ბავშვის სიცოცხლის გარკვეული პერიოდებისთვისაა დამახასიათებელი.
-
პირველი კბილები
ჩვილ ბავშვთა ინსომნია ხშირად ორგანიზმის რეაქციაა კბილების ამოსვლაზე - იზრდება ნერწყვის გამომუშავება, ის გროვდება ყელში, შედეგად ბავშვი შფოთავს, ადვილად იღვიძებს ღამით. გარდა ამისა, როცა მზარდი კბილი ღრძილს თანდათან ჭრის, პატარებს ტკივილიც აწუხებთ.
-
სუნები
ახალშობილები მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან ჰაერში არსებული გამაღიზიანებელი ნივთიერებების მიმართ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თამბაქოს კვამლია. ამიტომაც არის მიუღებელი მოწევა იქ, სადაც ბავშვს სძინავს. არ არის რეკომენდებული პარფიუმერიული საშუალებების თავღია დატოვება, ბავშვის ოთახში პულვერიზატორიანი თმის ლაქის, სუნამოსა თუ დეზოდორის შესხურება.
-
კვებით ალერგენები
ღამით გამოღვიძება ხშირად კვებით ალერგენთანაც არის დაკავშირებული - პატარას აწუხებს მუცელში დაგროვილი აირების გამო აღმოცენებული მჭრელი ტკივილი და შებერვის შეგრძნება.
მსგავსი სიმპტომების ყველაზე ხშირი მიზეზი ძროხის რძეა. გარდა ამისა, ალერგიას იწვევს კვერცხი, ხორბალი, ციტრუსები, სიმინდი, ხახვი, თევზი, თხილი, კომბოსტო, შოკოლადი.
-
რეფლუქსი
ზოგჯერ ინსომნია საყლაპავში კუჭის შიგთავსის უცაბედი ამოტყორცნით ანუ რეფლუქსით არის განპირობებული. ეს კი ბავშვებისთვისაც ისევე არასასიამოვნოა, როგორც გულძმარვა მოზრდილებისთვის. რეფლუქსით გამოწვეული დისკომფორტი შემსუბუქდება, თუ ბავშვს ვერტიკალურ მდგომარეობაში გადავიყვანთ - ხელში ავიყვანთ. საყლაპავში კუჭის შიგთავსის ამოტყორცნის სიმპტომებია ხშირი ტირილი, წამოქაფება საკვების მიღების შემდეგ, ნევროზულობა, ხშირი რესპირაციული ინფექცია.
-
ჭიები
უძილობის კიდევ ერთი მიზეზი ჭიებია, კერძოდ, მახვილა ჭიები, რომლებიც კვერცხებს ანალურ ხვრელთან ნაოჭებში დებენ. ეს ქავილს და ბავშვის ხშირ გამოღვიძებას იწვევს.
-
ყურის ინფექცია
ჩვილ ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ძნელად სადიაგნოზო მდგომარეობა ყურის ინფექციაა. არცთუ იშვიათად მისი ერთადერთი სიმპტომი ძილის დარღვევაა, ვინაიდან დაავადება ღამის საათებში განსაკუთრებით შემაწუხებელია. წოლისას ანთების გამო წარმოქმნილი სითხე ზეწოლას ახდენს დაფის აპკზე, რაც ვერტიკალურ მდგომარეობაში საგრძნობლად მცირდება.
-
პირველი ნაბიჯები
9 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის მიჩვეული დგომასა და სიარულს. ეს უნარი მათ ხიბლავს, მაგრამ აშინებს კიდეც. ამის გამო ზოგჯერ ბავშვები საწოლში დგებიან, მაგრამ ვეღარ წვებიან. დღის განმავლობაში მშობლები პატარებს ამ ჩვევების სრულყოფაში უნდა დაეხმარონ.
-
ჭარბი ინფორმაცია და ფიზიკური აქტივობა
ძილის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს ჭარბი ინფორმაცია ან ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში. ბავშვი დროთა განმავლობაში ეჩვევა ძილის წინ ჩასატარებელ რიტუალს. მისი დარღვევა შეიძლება ძილის დარღვევის მიზეზი გახდეს. მსგავსი შემთხვევები ძილის დარღვევათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში აღინიშნება როგორც ჩაძინების ასოციაციის დარღვევა.
-
დარჩი ჩემთან!
2-3 წლის ბავშვთა ღამის სიფხიზლის ემოციურ მიზეზთა შორის უმთავრესი განშორების შიშია. ამ ასაკში ბავშვს უჩნდება მისწრაფება, აკონტროლოს თავისი გარემოცვა, ის უცაბედად ამჩნევს ოჯახში ვინმეს არყოფნას. პატარებს ეშინიათ, რომ ძილის დროს მათთვის ესოდენ ძვირფასი სამყარო შეიცვლება, უცებ ვინმეს დაკარგავენ. 3 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა ღამით ხშირად გაღვიძება. ეს მოვლენა განსაკუთრებით ხშირია, როცა ბავშვი თავისით ვერ იძინებს და რწევის, ჭამის ან რაიმე სხვა სახის "საქმიანობის" შედეგად მიეცემა თვლემას. მსგავს შემთხვევებში ექიმები გვირჩევენ, თანდათან მოვსპოთ მსგავსი ასოციაცია და პატარა დამოუკიდებლად დაძინებას მივაჩვიოთ.
-
ვაიმე, ურჩხული!
3-6 წლამდე ბავშვებს ჩაძინების პროცესი გართულებული აქვთ საკუთარი ფანტაზიის გამო. მათი გონება ქმნის სხვადასხვა საშინელ პერსონაჟს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ეშინიათ საკუთარი ფანტაზიითვე შექმნილი ხმაურიანი, ბოროტი, უძლეველი ურჩხულების. შიში პიკს აღწევს სწორედ ჩაძინების პროცესში, ანუ მაშინ, როცა პატარა მარტო რჩება თავის ფიქრებთან. ხშირად წარმოსახვაში არსებული მონსტრი რეალურ საგნებსა თუ ობიექტებზე ასოცირდება და, სამედიცინო ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ჰიპნაგონიურ ჰალუცინაციებს ქმნის. ბავშვის ფანტაზიას შეუძლია შიშის გამოწვევის უნარი ინტერიერის ისეთ უწყინარ საგნებს მიანიჭოს, როგორიცაა, მაგალითად, კარადა, სავარძელი ან სკამი. ქუჩაში მდგარი ლამპიონიდან ოთახში შემოჭრილი შუქი, რომელიც კედელს ანათებს, შეიძლება ურჩხული გახდეს, ხოლო სკამზე დატოვებული შარვალი - ყაჩაღი. ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბავშვი ვეღარ იძინებს.
ღამის კოშმარების პიკი მაინც სკოლამდელ ასაკზე მოდის, თუმცა ეს სულაც არ არის საშიში და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვი ძალიან აქტიურად იღებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. თუ კოშმარები ხშირი არ არის, არ ღირს მღელვარებად. გაივლის სულ რაღაც ორი წელი და ბავშვიც სიზმარში გააფთრებული ხარის ნაცვლად მათემატიკის საკონტროლო წერას ნახავს... ხშირი კოშმარებისას, რომელთა სიუჟეტიც არ იცვლება, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.
-
სინათლე და ხმა
ხშირად პატარა ბავშვის ძილის მოსაწესრიგებლად საკმარისია მკვეთრად ჩამოყალიბებული ციკლის - "ძილი-სიფხიზლე" ფორმირება. შეეცადეთ შექმნათ კონტრასტი ამ ორ მდგომარეობას შორის. კარგია, როცა დღის განმავლობაში ბავშვი ერთობა სიცილით, თამაშით, ხმამაღალი შეძახილებით. საღამოს მოახლოებისას ეცადეთ ხმას დაუწიოთ. ტელევიზორი გამორთოთ, დაბალი განათება ჩართოთ. ეს ერთგვარი სიგნალი იქნება ძილის მოახლოებისა.
ნორმალური ძილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია განათების რეჟიმი. დღის განმავლობაში ბავშვი კაშკაშა სინათლეზე უნდა იყოს. ეს დადებითად მოქმედებს შემდგომ ძილზე. დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი მელატონინი სიბნელეში გამომუშავდება. დილით ტვინი მელატონინითაა გაჯერებული. სინათლე საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავთავისუფლდეთ ამ ჰორმონისაგან, ეს კი დადებითად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე. სწორედ აღნიშნული ეფექტია უძილობის სამკურნალოდ ფოტოთერაპიის - სპეციალური ლამპის სინათლის გამოყენების საფუძველი. ინსომნიის შემთხვევათა მესამედი დაკავშირებულია დასაძინებელი ადგილით გამოწვეულ დისკომფორტთან. მეტისმეტად რბილი ან მეტისმეტად მაგარი ლეიბი, მაღალი ან მოუხერხებელი ბალიში, ვიწრო საწოლი - ეს ის დეტალებია, რომლებიც ბავშვს ძილს ურღვევს.
კიდევ ერთი პოტენციური პრობლემაა ხმაური საძინებელში. მისი გადაჭრის ერთ-ერთი მეთოდია საძინებელში ეგრეთ წოდებული თეთრი ხმაურის შექმნა, რომლის გენერატორიც შეიძლება იყოს ვენტილატორი ან წვიმის, ქარის ან მონოტონური წყნარი მუსიკის ჩანაწერის დაკვრა. ძილის წინ თავიდან უნდა ავიცილოთ ურთიერთობების გარკვევა, სკანდალები და სასიამოვნო სიურპრიზებიც კი. ემოციური დაძაბულობის მდგომარეობა აფერხებს ჩაძინებას და აუარესებს ძილის ხარისხს.
-
ძილი ნებისა!
უძილობის მედიკამენტური მკურნალობა ბავშვებში ძალიან დიდი სიფრთხილით ტარდება. მოზრდილთათვის ესოდენ საყვარელი საძილე საშუალებები, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის მიუღებელია (გარდა იშვიათი შემთხვევებისა, როცა ექიმი აუცილებლად მიიჩნევს მათ დანიშვნას). სპეციალისტის რეკომე-ნდაციის გარეშე ასევე დაუშვებელია ბავშვისთვის დამამშვიდებელი მცენარეული საშუალებების მიცემა.
ინსომნიის მკურნალობის მეთოდთა შორის ლიდერია ფსიქოთერაპია, რაც გულისხმობს სპეციალისტის მუშაობას არა მარტო ბავშვებთან, არამედ მშობლებთანაც.
უძილობის მკურნალობის მეთოდთა შორის ფართოდ არის გავრცელებული თვითრეგულაციის საშუალებები:
- კუნთების მოდუნება;
- დამამშვიდებელი ვარჯიშები (თვითმასაჟი, გაჭიმვა);
- სუნთქვითი ვარჯიში;
- წარმოსახვითი ვარჯიშები (ბავშვის თავი, თითები, ცხვირი შეიძლება სხვადასხვა პერსონაჟად "გადავაქციოთ", რომელთა მიერ წარმოთქმული ფრაზა "ძილი ნებისა" პატარას ჩაძინებას გაუადვილებს);
- ეფექტურია წერტილოვანი მასაჟი;
- სასარგებლოა არომათერაპია - მასაჟი ეთერზეთებით, ინჰალაციები, არომატული აბაზანები, ძილის მომგვრელი მცენარეებით (მამრი გვიმრა, წიწვოვნები, პიტნა, როზმარინი, ვარდის ფურცლები) სავსე პატარა ბალიშები. უკანასკნელი მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როცა ბავშვს არ აქვს ალერგია.