დღესასწაული დღესასწაულად რომ დარჩეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღესასწაული დღესასწაულად რომ დარჩეს

.

მხიარულების შემდეგ ავადმყოფობას არავინ ელის, მაგრამ... ეს დაუპატიჟებელი სტუმარი ზოგჯერ მაინც გვეწვევა. რატომ ხდება ასე? როგორ ავიცილოთ თავიდან ჯანმრთელობის პრობლემები დღესასწაულის შემდეგ? ნებისმიერი დღესასწაული ჩვენს ცხოვრებას ელფერს, სიხარულს და ინტერესს მატებს. სტუმრებსა და საჩუქრებს განსაკუთრებული მოუთმენლობით ბავშვები ელიან. არადა, ახლობლებისა და მეგობრების ვიზიტი ბავშვებისთვის სულაც არ არის უსაფრთხო.

ყველას სურს, პატარას მოეხვიოს, აკოცოს, ხელში აიყვანოს, ამიტომ ბავშვი არა მარტო საჩუქრებსა და ადამიანებს, არამედ მანამდე უცნობ ვირუსებსა და ბაქტერიებსაც ეცნობა. ეს მიკროორგანიზმები ორგანიზში ერთბაშად შეაღწევენ და სტუმრებს აზრადაც არ მოსდით, რომ შეიძლება ბავშვის ავადმყოფობის მიზეზად იქცნენ. გარდა ამისა, თამაშისა და კონტაქტის დროს - უამისოდ კი ბავშვების შეხვედრა წარმოუდგენელია - პატარას შეიძლება გადაედოს კანის ჰერპესული, სტაფილოკოკური ან სოკოვანი ინფექცია. როგორ მოვაწყოთ დაუვიწყარი დღესასწაული ისე, რომ პატარა ინფექციისგან დაზღვეული იყოს?

  • ექსპრომტების გარეშე

ბავშვების ზეიმს, მოზრდილთა წვეულებისგან განსხვავებით, ექსპრომტები არ უყვარს. იმისთვის, რომ დღესასწაული დადგეს, ყველაფერი წინასწარ უნდა მოვიფიქროთ. გამოცდილმა მშობლებმა იციან, რომ თუ შინ ბავშვებს ვეპატიჟებით, აუცილებლად უნდა გვქონდეს მათი გართობის გეგმაც. წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე წუთში სახლი ნაომარს დაემსგავსება, ხოლო პატარები ჩხუბსა და ერთმანეთის წყენინებას მოასწრებენ. სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ გასართობ პროგრამაზე. დღესასწაულის მსვლელობა იმდენად დინამიკური და კაშკაშა უნდა იყოს, რომ ბავშვების ყურადღება არ გაიფანტოს.

მთელი საბავშვო დღესასწაულის ხანგრძლივობა, ასაკის გათვალისწინებით, უნდა იყოს:

    • წლამდე ბავშვებისთვის- 1-2 საათი;
    • 2 წლის ასაკში- 2-3 საათი;
    • 3 წლის ასაკში- 3-4 საათი.

შეიძლება თუ არა საერთო თამაშები მოვიგონოთ ამ ასაკის პატარებისთვის? რასაკვირველია, შეიძლება! მოაწყვეთ პატარა სტუმრებისთვის ”ბარიერები”, გაატარეთ ისინი ქაღალდის ”ვიწრო გზაზე”, გადაცურეთ ”მდინარე” (ეს შეიძლება იყოს ცისფერი ნაჭერი), გადახტით კუნძულიდან კუნძულზე (ესენი შეიძლება იყოს ბალიშები).

1-2 წლის პატარებს ასეთი თამაშები ძალიან მოსწონთ. წლინახევრის შემდეგ პატარებს თოჯინების თეატრი ხიბლავთ. შეიძლება, თოჯინებით მარტივი წარმოდგენა გავმართოთ. შეიძლება პატარებს რამის დახატვა შევთავაზოთ, ხოლო უფროსებს ვთხოვოთ, ნახატის ავტორი გამოიცნონ.

  • მობრძანდით სუფრასთან!

თამაშის შემდეგ ღონისძიებების მთავარ ნაწილზე - სადღესასწაულო სუფრაზე გადავდივართ. რასაკვირველია, პატარა ბავშვი უმალვე ვერ შეექცევა მოზრდილებისთვის განკუთვნილ საჭმელს. ჯობს, პატარებისთვის რაღაც სასარგებლო და მიმზიდველი მოვამზადოთ. ვაიძულოთ ბავშვი, მიუჯდეს სუფრას და მიირთვას, როცა სახლი სტუმრებითაა სავსე, საკმაოდ რთული, მაგრამ მაინც დასაძლევი ამოცანაა. სამ წლამდე ბავშვების გემოვნება კონსერვატიულია, ხოლო ნერვული სისტემა - უმწიფარი და ადვილად აგზნებადი.

პატარა სტუმრების მიპატიჟებისას არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი სუფრას მიუსხდებიან და კერძების ღირსებებზე დაიწყებენ საუბარს. არა, მაგიდასთან, რასაკვირველია, დასხდებიან, პაწაწინა ხელებსაც გასწევენ კერძებისა და ერთმანეთის თეფშებისაკენ, მაგრამ ნორმალურად ჭამას ახლობლების აღფრთოვანებული მზერის ქვეშ ნამდვილად ვერ შეძლებენ. სწორედ ამიტომ ჯობს, ბავშვს სტუმრად წასვლამდე ის ვაჭამოთ, რასაც ჩვეულებრივ მიირთმევს. ამ შემთხვევაში პატარა სადღესასწაულო სუფრასთან მშვიდად იქნება. პატარამ ხელი სალათაში ან ღომში რომ არ ჩაყოს, იქ, სადაც ბავშვები სხედან, ეცადეთ მათთვის შესაფერისი კერძები დააწყოთ. ჩინებული გამოსავალია მინიბუტერბროდები, რომლებსაც შეიძლება ლამაზი, ბავშვებისთვის საინტერესო ფორმები მივცეთ.

კარგი იქნება, თუ ხილს სუფრასთან გათლილს და დაჭრილს მივიტანთ - ბავშვს საშუალება ექნება, სასურველი ნაჭერი უცებ აიღოს. ბავშვებს აუცილებლად მოეწონებათ რძის კოქტეილი, ხრამუნა ნამცხვარი. მთავარია, ყველაფერი ლამაზად იყოს მორთული. არ ღირს სუფრის გაწყობა ფაიფურის ჭურჭლით, ჩვენი და პატარების უსაფრთხოებისთვის ჯობს ფერადი პლასტმასის თეფშები და ჭიქები გამოვიყენოთ.

  • უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია

სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ, კმაყოფილი პატარა საჩუქრებს ათვალიერებს, თქვენ კი ერთი სული გაქვთ, როდის აალაგებთ სუფრას და მოაწესრიგებთ სახლს, მერე კი დასაძინებლად დაწვებით... ენერგიული დიასახლისები იმავე დღეს წმენდენ იატაკს, ყველაფერს აცილებენ მტვერს, ხალიჩებსაც კი მტვერსასრუტით ასუფთავებენ და ოთახს ჩვეულ იერს უბრუნებენ, დაღლილი ქალები კი ცდილობენ, ეს საქმე უქმე დღეებისთვის გადადონ. მათთვის მნიშვნელოვანია, სტუმრების მოსვლისას ყველაფერი ბრწყინავდეს, მერე კი ჩვეული სიტუაცია ნელ-ნელა აღდგება.

თუ ოჯახში პატარაა, დღესასწაულის შემდეგ სახლის დალაგება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მის დაწყებამდე. ყოველ სტუმარს აქვს კანის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური მიკროფლორა, რომელიც სოკოებს, ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს, ზოგჯერ კი დაავადების გამომწვევ ვირუსებსა და ინფექციურ აგენტებსაც შეიცავს. ყველა ეს მიკრობი ჩვენს ბინაში ხვდება და თუმცაღა უფროსებისთვის უვნებელია, შესაძლოა პატარა ბავშვი დააავადონ. ვირუსებისა და ბაქტერიების უდიდესი ნაწილი გარემოსადმი საკმაოდ შეუვალია და დიდხანს ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს სხვადასხვა ზედაპირზე.

პატარამ კარის სახელურს მოჰკიდა ხელი? საყვარელი სათამაშო ჯერ მაგიდაზე დადო, მერე კი პირში ჩაიდო? ვიღაცის მობილურს ხელში ათამაშებს? ფრთხილად! ყველა ამ ზედაპირზე დაავადების გამომწვევი უამრავი ბაქტერიაა, რომლებიც ხელსაყრელ წამს ელიან პატარას ორგანიზმში მოსახვედრად. ნუ დაიზარებთ სახლის გულდასმით დალაგებას სტუმრების წასვლის შემდეგ. ნუ დაიზარებთ სპეციალური საწმენდი საშუალებების გამოყენებას, რადგან ჩვეულებრივი წყალი მიკრობების მიმართ უძლურია.

თუ ბავშვი ჯერ კიდევ ისეთი პატარაა, რომ ყველაფერს პირისკენ მიაქანებს, ნაჩუქარი რეზინისა და პლასტმასის სათამაშოები საპნიანი წყლით გარეცხეთ. მაღაზიაში შეძენილი სათამაშოები, რომლებსაც ხარისხის სერტიფიკატი აქვს, ნაკლებად საშიშია. თოჯინები, დათუნიები და სხვა რბილი სათამაშოები მიკრობიოლოგიურ კონტროლს უნდა გადიოდნენ და არ უნდა წარმოადგენდნენ სასურველ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის, მაგრამ სათამაშო შეიძლება დაბინძურდეს გაყიდვის ან ტრანსპორტირების დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ იმ სათამაშოებს, რომლებიც პატარების დიდ ყურადღებას იმსახურებს და ამიტომ მთელი საღამოს განმავლობაში ხელიდან ხელში გადადის. ასეთი სათამაშო შეიძლება ინფექციის გამომწვევი აგენტების მთელი ”თაიგულით” იყოს შემკული. როცა სტუმრების წასვლის შემდეგ სახლის დალაგებას დაიწყებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საერთო გამოყენების არეებს - ჰოლს, ტუალეტს, სააბაზანოს. დაიხსომეთ: მიკრობები ხელით ვრცელდება სხვადასხვა ზედაპირზე, ამიტომ გულდასმით გაწმინდეთ კარის სახელურები, ონკანები, ხელსაბანი.