ერთიდან ორ წლამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთიდან ორ წლამდე

თითქოს პედიატრთა კომპეტენციაში არ შედის, ხოლო ფსიქოლოგების დიდი ნაწილი ბავშვებთან მუშაობას 3 წლიდან იწყებს. არც სპეციალურ ლიტერატურაში მოიპოვება მდიდარი ინფორმაცია ცხოვრების ამ საინტერესო პერიოდის შესახებ. ამის გამო ზოგიერთ მშობელს ეუფლება განცდა, თითქოს მათ გარკვეულ დრომდე ხელიხელჩაკიდებულებს ატარებდნენ, მერე კი უცაბედად მიატოვეს...

გამოდის, რომ ერთი წელი ის მიჯნაა, რომლის გადალახვის შემდეგაც ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა შემსუბუქდეს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. პატარა ბავშვი დღიდან დღემდე იცვლება და ეს უფრო და უფრო თვალში საცემი ხდება. ბავშვი, მართალია, უკვე დადის, მაგრამ ჯერ კიდევ ვერაფერს აცნობიერებს. ეს, სულ ცოტა, ერთი წელიწადი გაგრძელდება.

მაშ ასე, რამდენიმე თვეა, რაც ბავშვი ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადავიდა. ჩვენ მას ზემოდან დავცქერით და გვიჭირს გავიგოთ, რა ძლიერ შეიცვალა მისთვის სამყარო, როცა მისი პაწია ხელები იატაკს მოსწყდა და თვალწინ არნახული სურათი გადაეშალა. ბავშვის აქტივობა მრავალჯერ გაიზარდა და ის ასეთივე აქტივობას მოითხოვს ჩვენგანაც. რა ვიღონოთ?

მოდი ვცადოთ, მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის – ბავშვს ახლა მართლაც უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე მაშინ, როცა დღე-ღამეში 16-18 საათი ეძინა. ეს სულაც არ არის ჭირვეულობა - ცხოვრების ამ ეტაპისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა. თუ ბავშვს არ მივცემთ თავისუფლად გადაადგილებისა და ყველაფრის გამოკვლევის საშუალებას, დიდია ალბათობა, სანაცვლოდ მივიღოთ, ჩვენი აზრით, სავსებით უსაფუძვლო კაპრიზები და მოთხოვნები და, იმავე დროს, ჩავახშოთ ბავშვის ბუნებრივი სწრაფვა საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობისკენ. ასე რომ არ მოხდეს, დიდი ძალისხმევაა საჭირო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველგან, სადაც კი შეიძლება აღმოვჩნდეთ - ქუჩაში, სტუმრად, პოლიკლინიკაში - ბავშვს ჰქონდეს დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება.

ამისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვს ეცვას სათანადო ფეხსაცმელი. სპეციალისტები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სიცივეში, თოვლსა თუ წვიმაში ბავშვი, რომელიც უკვე კარგად დადის, ჯობს ეტლში იჯდეს. ამავე დროს ახალფეხადგმულ ბავშვთან ერთად შორს წასვლა არ ღირს - დიდხანს სიარული პატარას ჯერ კიდევ გაუჭირდება და არც ორთოპედიული თვალსაზრისით არის გამართლებული (გაუთავებელი სირბილი შინ თუ ეზოში სულ სხვა რამაა, ვიდრე შორ მანძილზე მონოტონური სვლა). ამიტომ თუ პატარას არ სურს ეტლში ჯდომა, ჯობს სახლთან ახლოს გაასეირნოთ. რასაკვირველია, თუ ეზოს მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ.

დამოუკიდებლობა

ძალზე მნიშვნელოვანია, ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვს ნება დავრთოთ, აკეთოს ყველაფერი, რაც საფრთხეს არ შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ნუ დაუშლით, საათობით ათვალიეროს კარადაში ქვაბები და ჯამები, ოღონდ მძიმე ჭურჭელი, რომელმაც დაცემისას ბავშვს შეიძლება ფეხი დაუშავოს, რასაკვირველია, სხვაგან უნდა შევინახოთ. თუ მსუბუქი ნივთი დაეცა, არაფერია. შეგიძლიათ, ეს ფაქტი შემეცნებისთვისაც გამოიყენოთ: ბავშვის ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ "ეტკინა", მოუყვეთ, როდის განვიცდით ტკივილს. შესაძლოა, ამის შემდეგ მან უფროსების სიტყვიერი გაფრთხილება უკეთ გაიგოს.

ასეთივე ხერხით შეიძლება გააცნობიეროს პატარამ, რას ნიშნავს "ცხელი", "ცივი", "ჭუჭყიანი", "სრიალა" და ასე შემდეგ.

ბავშვების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ერთ წლამდე ავლენს სწრაფვას, ხელში აიღოს კოვზი და პირთან მიიტანოს. თუ მშობლები წინააღმდეგობას არ გაუწევენ მის ამ სურვილს, შეეცდებიან შეუქმნან პირობები დამოუკიდებლად კვებისთვის (უყიდიან მოხერხებულ ჭურჭელს) და მოთმინებით შეხვდებიან დაღვრილ წვნიანს თუ გადაბრუნებულ ფაფის თეფშს, აუცილებლად მიიღებენ ჯილდოს - სხვა მშობლებზე ადრე დაინახავენ შვილის ჭკვიანურ გამოხედვასა და ადეკვატურ რეაქციას მიმართვის საპასუხოდ. რაც მთავარია, მათი შვილი უფრო ადრე ალაპარაკდება, ვიდრე მისი თანატოლები, ნაკლებად იჭირვეულებს და იშფოთებს დედასთან განშორებისას. ეს ყველაფერი სწორად უნდა გავიგოთ.

დამოუკიდებლად ჭამა არ არის ყველა პრობლემის პანაცეა. უბრალოდ, ეს ბავშვის განვითარებაზე გავლენის მქონე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან დამოუკიდებლად ჭამის შესაძლებლობა პატარას თვითშეგნების სავსებით სხვა დონეზე აყენებს.

ფანქრები, ფლომასტერები, სახატავი ალბომი – ეს საგნები ერთი წლის ბავშვსაც კი სჭირდება. ფანქარი უნდა იყოს სქელი, მსუბუქი, რბილწვერიანი. იდეალურია სამკუთხა კვეთის მქონე ფანქარი. ბოლო ხანს ასეთივე ფორმის ფლომასტერებსაც ამზადებენ. ფლომასტერის წვერი ძლიერი ზეწოლისას შიგნით არ უნდა ვარდებოდეს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვი თავიდანვე მიეჩვიოს ფანქრის სწორად დაჭერას. თქვენ ფანქარი მას მარჯვენა ხელში უნდა მოაწოდოთ. ეს სულაც არ არის ზეწოლა ცაცია ბავშვზე, უბრალოდ, წლინახევრის ასაკამდე ვცდილობთ, ბავშვს ძალდაუტანებლად ჩამოვუყალიბოთ სწორი ჩვევა.

გვერდს ვერ ავუვლით სიტყვებს "არ შეიძლება". თუ ბავშვი არ გვიჯერებს და ამ სიტყვას მეტისმეტად ხშირად ვიყენებთ, რასაკვირველია, ის დაკარგავს მნიშვნელობას. დამჯერი ბავშვების მშობლებმა კი ამით შესაძლოა საერთოდ დაუკარგონ შვილს რამის კეთების სურვილი, რადგან ბავშვმა წინასწარ იცის, რომ ყველაფერს დაუშლიან.

მიზანშეწონილია, შევაფასოთ, რამდენად ვზღუდავთ ბავშვის დამოუკიდებლობას. ამისთვის რეკომენდებულია, აკრძალვა დღეში 2-3-მდე შევამციროთ, დანარჩენ შემთხვევებში კი გამოვიყენოთ ფორმულირება, რომელიც აკრძლვას არ შეიცავს. მაგალითად, ნაცვლად ფრაზისა "არ ჩაადგა ფეხი წყალში", ფრაზა "მოდი შემოვუაროთ გუბეს". მალე დარწმუნდებით, რომ ამკრძალავი ფრაზები შესაძლოა აღარც დაგჭირდეთ.

სიმკაცრე და პრინციპულობა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად, როდესაც ვითხოვთ: "არ შეიძლება, ბებოს ხელი დაარტყა!", "არ შეიძლება, დედას აწყენინო!", "არ შეიძლება, დაღლილი მამა გააღვიძო!"


მეტყველება

სიცოცხლის მეორე წელს მშობლების უმთავრესი ამოცანაა მეტყველების განვითარება. ამისთვის აუცილებელია, ვესაუბროთ ბავშვს. ბავშვთან სიტყვიერი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო საკუთარი ქმედებების გახმოვანებას, არამედ მასთან როგორც დიდ ადამიანთან ურთიერთობასაც. ამ დროს ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ბავშვი გვიპასუხებს და გაიგებს ჩვენს სიტყვებს. აუცილებლად უნდა ვიგრძნოთ მისი "პასუხი" - ჟესტი, ბგერები, მიმიკა. პატარა, რომელიც ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს, ასრულებს ჩვენს სურვილს, მოაქვს რაიმე ან გვიჩვენებს დასახელებულ საგანს. თუ ბავშვს ეს ყველაფერი შეუძლია, ესე იგი მას კარგი საფუძველი აქვს განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჯერ არ ლაპარაკობს, მისი პასიური სიტყვათა მარაგი ანუ მარაგი იმ სიტყვებისა, რომლებიც ესმის, ძალიან მდიდარია. მშობლებს ხშირად ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენად მდიდარი. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სიტყვა მშობლებთან ურთიერთობის წყალობით, მით უფრო გაუადვილდება ბავშვს აქტიური მეტყველების დაწყება.

გარდა ამისა, არსებობს კავშირი პასიურ სიტყვიერ მარაგსა და თავის ტვინის იმ მოცულობას შორის, რომელსაც ადამიანი მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებს. გარდა ამისა, თქვენ თვითონ გამოიმუშავებთ უნარს, ბავშვს ყველაფერი აუხსნათ, ეს კი თავიდან აგაცილებთ ჭირვეულობას.

თუ ბავშვს სიტყვებით დაამშვიდებთ, თანდათან ისიც ისწავლის თქვენთან ურთიერთობას არა ყვირილით, არამედ ჟესტებით, ბგერებით, მეტყველების ინტონაციური იმიტაციით. არსებითად, ბავშვის მიერ გამოცემული ეს ბგერებია მომავალი მეტყველების საფუძველი. ბავშვთან საუბრისას თქვენ უცებ გაიგონებთ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვას. ეს მომენტი არ უნდა გამოგრჩეთ. სიტყვის მსგავსი ბგერების გაგონებისას სიტყვა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ. მაგალითად, კითხვაზე "გინდა ატამი?" - პასუხად შეიძლება გაიგონოთ "ტამი". ამ შემთხვევაში სიტყვა "ატამი" რამდენჯერმე გაიმეორეთ: "ფისოს უნდა ა-ტა-მიიი, დათუჩას უნდა ა-ტა-მიიი". ამ დროს ატამს თლით, ჭრით და ბავშვს აძლევთ. რასაკვირველია, არ ველით, რომ ბავშვი ამ სიტყვას გაიმეორებს, მაგრამ ის აუცილებლად დააფიქსირებს მას და დაიმახსოვრებს. გარდა ამისა, ხშირად უნდა გაიმეოროთ სიტყვები, რომლებიც ბავშვს უკვე ათვისებული აქვს. თუ იცით, რომ ბავშვს შეუძლია რომელიმე სიტყვის წარმოთქმა, ყველანაირად მიეცით საამისო სტიმული.

ბავშვთან ურთიერთობის აუცილებელი პირობაა მხედველობითი კონტაქტი, ბავშვისა და უფროსის თვალები ერთ დონეზე უნდა იყოს. ამისთვის ან პატარა უნდა ავიყვანოთ, ან ჩვენ უნდა ჩავიცუცქოთ. სიცოცხლის მეორე წელს ბავშვი ლაპარაკს ისწავლის. ადამიანებთან მისი ურთიერთობა სხვა თვისებრივ დონეზე გადავა. ამ ეტაპზე აუცილებელია ზომიერება. სანამ ბავშვი ალაპარაკდება, ჩვენ ვერ აღვიქვამთ მისი განვითარების რეალურ დონეს და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ის იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე გვგონია, მეტყველების დაწყების შემდეგ კი პატარას მეტისმეტად ბევრს ვთხოვთ და იმაზე დიდი გვგონია, ვიდრე სინამდვილეშია.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი: მეტყველების აქტიური ფორმირების ეტაპზე ბავშვს არ უნდა აკლდეს ძილი. არ არის რეკომენდებული ძილის წინ უცნობი წიგნების კითხვა.

მაღაზიაში მივდივართ

არსებობს მოსაზრება, რომ დიდ მაღაზიაში სიარული სამ წლამდე საერთოდ არ არის რეკომენდებული - ეს მკვეთრი შთაბეჭდილება მომდევნო პერიოდისთვის უნდა გადავდოთ. როცა ბავშვი უამრავ ნივთს შორის ნაცნობსა და საინტერესოს დაინახავს, აუცილებლად მოითხოვს მას. დედაც იძულებული გახდება, რამე უყიდოს. ეს გარდაუვალია. ასე ყალიბდება ბავშვის ქცევისა და დედის რეაქციის სტერეოტიპი, რომლის შეცვლა შემდგომში ძალიან რთულია.

შეიძლება თუ არა, თავიდან ავიცილოთ სუპერმარკეტში ასეთი ლაშქრობა?

რასაკვირველია, შეიძლება. თუ თვითკრიტიკულნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად სუპერმარკეტში ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე შევდივართ - ეზოში უსაქმოდ დგომას მაღაზიის თვალიერება გვირჩევნია. ასე რომ, ჯობს, აუცილებელი პროდუქტები უქმე დღეებში შევიძინოთ, ხოლო კვირის განმავლობაში ეს ფუნქცია ოჯახის სხვა წევრებს დავაკისროთ.

რა შეიძლება ვუყოთ ბავშვს, რომელსაც უკვე ჩამოუყალიბდა მაღაზიაში წუწუნისა და სასურველი ნივთების მოთხოვნის ჩვევა? თავდაპირველად უარი უნდა ვთქვათ მასთან ერთად მაღაზიაში სიარულზე, მივცეთ საშუალება, ეს ყველაფერი დაივიწყოს. როცა პროდუქტების შესაძენად წავალთ, პატარას უნდა ვკითხოთ, რა მოვუტანოთ მაღაზიიდან და თხოვნა აუცილებლად შევუსრულოთ. როცა ბავშვი გაიზრდება, შეიძლება ვიფიქროთ მაღაზიაში მის წაყვანაზეც, მაგრამ აუცილებელია გეგმის შედგენა. პატარას თანდასწრებით წინასწარ უნდა დავგეგმოთ, რას ვყიდულობთ მამისთვის, რას – ბებოსთვის და რას - მისთვის.

შეთანხმება პატარას უნდა შევახსენოთ მაღაზიაში შესვლის წინ და დაპირება აუცილებლად უნდა შევასრულოთ. თუ ბავშვმა პირობა არ შეასრულა ანუ მაღაზიაში ცუდად მოიქცა, მაშინვე ნუ მისცემთ შენიშვნას, უბრალოდ, ახლო მომავალში სუპერმარკეტში ნუღარ წაიყვანთ, დაელოდეთ იმ დროს, როცა პატარა გაიზრდება და მიცემული სიტყვის შესრულებას შეძლებს.


ისტერიკა

ასე უწოდებენ მშობლები იმ სიტუაციას, როცა ბავშვის ქცევის რეგულირება შეუძლებელია და საქმე ყვირილამდე და ტირილამდე მიდის. "ჩემი შვილი წლისა და ცხრა თვისაა. ყოველი წვრილმანის გამო ჭირვეულობს, თუ სურვილი არ შევუსრულეთ, ისტერიკაში ვარდება. თუ გავუბრაზდით, საერთოდ გადაირევა ხოლმე, არ ვიცით რა ვქნათ", - მსგავსი შინაარსის წერილი თითქმის ყოველდღე მოდის რედაქციაში. მოდი, ამ პრობლემაში გარკვევა ვცადოთ.

ურჩობის პერიოდი, წესისამებრ, წინ უძღვის თვისობრივ ასაკობრივ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში ბავშვმა ფეხი აიდგა, მორიგი ჩვევა აითვისა, ენა ამოიდგა და ა. შ. თუ დაუმორჩილებლობის პერიოდები ბავშვის განვითარების თვისობრივ ნახტომებს მოსდევს, ესე იგი დამნაშავენი ჩვენ ვართ, ჩვენ ვერ შევძელით მისი სათანადოდ გარდაქმნა. თუ რამდენიმე კვირაში ქცევა მოწესრიგდა, ურჩობის ეს პერიოდები შეიძლება ბავშვის განვითარების თავისებურ ნორმად ჩავთვალოთ. ეს არის ბავშვის მიერ გარემოს ერთგვარი გამოცდა, მცდელობა, ყველაფერი ააწყოს თავისებურად, დაუმორჩილოს საკუთარ სურვილს. ნამდვილად არ არის საჭირო, ბავშვს ყველა მოთხოვნა შევუსრულოთ, მაგრამ არც ისაა მისაღები, გავუბრაზდეთ და დავსაჯოთ.

თუ პატარას ურჩობა დაუსრულებელია და ასაკთან ერთად ძლიერდება, ესე იგი აღზრდისას შეცდომა დავუშვით. ამ შემთხვევაში ჯობს, სიტუაციაში ფსიქოლოგის დახმარებით გავერკვეთ. ზოგადად კი უნდა დავფიქრდეთ, მეტისმეტად ბევრს ხომ არ ვუკრძალავთ პატარას. არ უნდა გამოვიჩინოთ პრინციპულობა, როცა ეს სრულიადაც არ არის საჭირო; უნდა ვისწავლოთ ბავშვის ყურადღების გადატანა სხვა საგანზე, გართობა საუბრით. ყველაზე მთავარი კი ნებისმიერ სიტუაციაში წონასწორობის შენარჩუნებაა. ეს ძნელია, მაგრამ შედეგიანი.

ალბათ თავადაც შეგიმჩნევიათ, რომ როცა გინდათ, ბავშვი მალე დააძინოთ, ის სწორედ მაშინ იწყებს ჭირვეულობას, მაგრამ როცა არსად გეჩქარებათ, პატარა უცბად ჩაიძინებს ხოლმე. ამიტომ უნდა ვეცადოთ, როცა შეიძლება, არ გავუწიოთ წინააღმდეგობა პატარას სურვილს - როცა ბავშვი წინააღმდეგობას გრძნობს, უფრო მეტად ჭირვეულობს.

კიდევ ერთი რთული მომენტია ჩაცმა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს ბავშვის ჭირვეულობა შესაძლოა ტანსაცმლის მოუხერხებლობის ნიშანი იყოს. ერთხელ მაინც უნდა მივუშვათ ეს პროცესი თავის ნებაზე. როცა პატარა წინააღმდეგობას გაგვიწევს, უსიტყვოდ უნდა დავუჯდეთ ახლოს და დავაკვირდეთ, როგორ თამაშობს. ამ დროს არც ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ და არც ბავშვს უნდა ვეთამაშოთ. ასე შეიძლება დავკარგოთ ნახევარი საათი. ამ ხნის განმავლობაში აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა. იქვე უნდა იდოს ბავშვის ტანსაცმელი. რამდენიმე ხნის შემდეგ პატარას აუცილებლად მოენატრება თქვენი ყურადღება და გთხოვთ, ჩააცვათ.

აღწერილი სიტუაციები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ერთ რამეს ადასტურებს: დედის სიმშვიდე ბავშვის სიმშვიდის წინაპირობაა. დედას, რომელიც ძალიან იღლება საკუთარ შვილთან ურთიერთობით, შეიძლება ერთი ექსპერიმენტი შევთავაზოთ: აირჩიოს შესაფერისი დღე, თავი დაანებოს ოჯახის საქმეს, არ ჩართოს ტელევიზორი, უარი თქვას ხანგრძლივ სატელეფონო საუბრებზე და დღე ბავშვის რიტმში გაატაროს. არ არის საჭირო ბავშვისათვის საკუთარი რიტმის თავს მოხვევა. ეს ერთი დღე მრავალი დასკვნის საფუძველს მოგვცემს: ზოგი აღმოაჩენს, რომ ბავშვის თამაში, რომელიც დაუსრულებელი გვგონია, მაქსიმუმ ოცი წუთის განმავლობაში გრძელდება, ამდენი ხნით კი შეიძლება სეირნობაც გადავდოთ და სადილიც; ზოგი მიხვდება, რომ უაზრობაა, რამე მოვთხოვოთ დაღლილ და მშიერ პატარას. საქმე ის არის, რომ ბავშვისთვის საქმიანობის ნებისმიერი შეცვლა დაძაბვაა. თუ ბავშვი დაიღალა, მას აღარც იმ ქმედებების შესრულება შეუძლია, რომლებიც მდგომარეობას მასვე შეუმსუბუქებს. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც ეძინება, ვერ გაიხდის ტანსაცმელს და ვერ ჩაწვება ლოგინში. ზოგისთვის ნათელი გახდება, რომ დაწესებული განრიგი სულაც არ არის მოხერხებული და მის შეცვლას გადაწყვეტს, თუნდაც ასე: დასაძინებლად მზადება ჯობს დაიწყოს ბანაობით, ამას პიჟამის ჩაცმა მოჰყვეს, მერე კი წყნარი თამაში. პატარა მალე თავისით ჩაიძინებს. ეს გაცილებით მოხერხებულია.

რასაკვირველია, აღწერილი ექსპერიმენტი ყველა დედას სხვადასხვა დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემს, მაგრამ შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში ერთი იქნება – შვილისა და მშობლის ურთიერთგაგება. სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, თუ მუდამ გეხსომებათ სამი რამ:

  • თუ ბავშვთან ურთიერთობა გაღიზიანებთ, ეს ბავშვის ბრალი არ არის; ეძებეთ მიზეზი საკუთარ თავში.
  • თქვენ ბავშვისთვის ყველაზე ახლობელი, ყველაზე ძვირფასი ადამიანი ბრძანდებით. თუ სურვილს თქვენ ვერ მიუხვდით, ვერავინ მიუხვდება.
  • არავის უყვარხართ ისე ძლიერ და უანგაროდ, როგორც შვილს.