ღირს კი ბავშვთან ერთად სათამაშოების დიდ მაღაზიაში შესვლა?
ყველას სურს, შეიძინოს ის, რაც არ აქვს, მაგრამ ზრდასრული ადამიანი ითვალისწინებს საკუთარ შესაძლებლობებს, ბავშვს კი უნდა და მორჩა! უცნაურია, რატომ ვერ ხვდება დედა, რომ ეს ლამაზი თოჯინა მისი შვილის ოთახში უნდა იჯდეს ან რატომ არ ცდილობს მამა, ბიჭის ავტოფარეხი ახალი მანქანით გაამდიდროს. რას იზამ, მშობლები მიუხვედრელები არიან, და პატარებს ისღა დარჩენიათ, ტირილითა და ყვირილით დაიცვან თავიანთი უფლებები.
ბავშვის პოზიციიდან მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ ამგვარი სცენები ძალიან აბრაზებთ უფროსებს - პატარას მოთოკვა ძნელია, თანაც აღწერილი სიტუაცია შორიდან არცთუ ისე ლამაზად გამოიყურება. როგორც არ უნდა ამტკიცებდეს მშობელი, რომ საზოგადოებრივი აზრი არ აინტერესებს, მაინც სურს, მისი შვილი კარგად აღზრდილი ბავშვის შთაბეჭდილებას ახდენდეს, ამიტომ ცდილობს, შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ეს უხერხული სიტუაცია. ზოგიერთი უბრალოდ ყიდულობს ავბედით სათამაშოს. კონკრეტულ სიტუაციაში ეს მართლაც აგვარებს პრობლემას, მაგრამ პატარა ტრიუმფატორი ასკვნის, რომ საკუთარი ემოციებით შეუძლია მშობლების მართვა და შემდგომ ანალოგიური მოთხოვნა ვრცელდება თითქმის ყველაფერზე, ხოლო უარის შემთხვევაში ხმამაღალი ტირილის სცენა თამაშდება. ესე იგი, პატარას სურვილის დაუყოვნებლივ ასრულების ტაქტიკა არ ამართლებს.
არსებობენ სხვა კატეგორიის მშობლებიც. ისინი არ (უფრო კი ვერ) უსრულებენ შვილს ყველა ახირებულ თხოვნას. "საამისო ფული არ მაქვს", - ეუბნებიან ისინი ბავშვს. არ არის გამორიცხული, პატარამ გვკითხოს: "რატომ არ გაქვს ფული, მამა ხომ მუშაობს?" "თუ მშობლებს ფული არ აქვთ, რისთვის მუშაობენ? თუ მუშაობენ, ესე იგი ფულიც აქვთ!" - ასეთია ბავშვის ლოგიკა. მისთვის ძნელია ფინანსური სირთულეების აღქმა. მას უჭირს გაიგოს, რომ ოჯახის თანხა უნდა განაწილდეს, რომ არსებობს აუცილებელი და მეორეხარისხოვანი ხარჯი, გარკვეული თანხის დაზოგვის აუცილებლობა... ასაკის მატებასთან ერთად ფართოვდება ბავშვის წარმოდგენა სამყაროზე. მას ესმის მნიშვნელობა სიტყვებისა "შეიძლება" და "არ შეიძლება", "ძვირი" და "იაფი". დროა, ისიც გაიგოს, რომ ფული ციდან არ ცვივა... თამამად შეიძლება, 4 წლის ბავშვს სასურსათო მაღაზიაში ჩვენი თანდასწრებით რამის შეძენა დავავალოთ და ამისთვის თანხაც მივცეთ. ასე მიხვდება პატარა, რომ ყველაზე უბრალო პროდუქტსაც კი ფასი აქვს, მის შესაძენად ფულია საჭირო...
ზოგჯერ მშობლებს უარის შემთხვევაში არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ბავშვს ისედაც უამრავი სათამაშო აქვს. მათ დავას ვერ დავუწყებთ - უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი არ არის მიზანშეწონილი, ბავშვის ოთახში თაროები ჭერიდან იატაკამდე იყოს სავსე სათამაშოებით, თუმცა ბავშვის პოზიციიდან არც ეს არგუმენტია აბსოლუტური. ის ყოველთვის გიპასუხებთ, რომ, მაგალითად, ანას ან საბას უკეთესი აქვს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ავუხსნათ ბავშვს - სათამაშოების ყოველდღე ყიდვა არ არის საინტერესო, გაცილებით სასიამოვნოა, როცა მას დაპირებისამებრ ვიღებთ საჩუქრად, ამიტომ ჯობს, შვილთან ერთად მშვიდად დაათვალიეროთ მაღაზია, შეარჩიოთ სათამაშო და პატარას დაჰპირდეთ, რომ მას დაბადების დღეზე ან საახალწლოდ აჩუქებთ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვისთვის მხოლოდ ის სათამაშოა ძვირფასი, რომელიც მას სურს. თქვენი არგუმენტი, რომ მისი არჩევანი ცუდია, თქვენი კი კარგი, პატარასთვის არაფრისმთქმელია. დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: დაფიქრდით, ღირს კი ბავშვთან ერთად სათამაშოების დიდ მაღაზიაში შესვლა? არ იფიქროთ, რომ ფართო არჩევანი ბავშვს დააბნევს. პირიქით, ის ყველაფერს ერთად მოინდომებს.