როგორ აღმოცენდება სიჯიუტე?
ერთი წლის ასაკის კრიზისისას პატარას მთავარი სიტყვა არის “არა”. ის ამ სიტყვას იმეორებს ყოველთვის, როცა არ ანებებენ ცოცვას, სიარულს, რაღაცის აღებას და თანაც სანაცვლოდ არაფერს სთავაზობენ.
სამი წლის ასაკს ოფიციალურად უწოდებენ “სიჯიუტის ხანას”. ბავშვი ცდილობს ზემოქმედებას მშობლებზე, ამისათვის კი იყენებს ახალ შესაძლებლობებს – უარს ამბობს, თავის სიტყვაზე დგას, რაღაცას ითხოვს, გარბის და ა. შ. მას უნდა გაკეთოს ის, რაც გადაწყვიტა სწორედ ახლა, თუმცა რამდენიმე წუთში შეიძლება საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს. ამ პერიოდში ბავშვს უჩნდება საკუთარი “მე”, ყველაფრის დამოუკიდებლად კეთების სურვილი. რადგან მან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის, იბადება შინაგანი დაძაბულობა.
შემდგომი ასაკობრივი კრიზისი 7 წლისთვის გველოდება. ამ დროს პატარა ცდილობს მთლიანად გაუსხლტეს უფროსების კონტროლს და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქცევის გამო, ამიტომ უკმაყოფილებას და სიჯიუტეს ავლენს, როცა მშობლები რაიმეს უსწორებენ ან სთხოვენ.
რატომ აბაკუნებენ ბავშვები ფეხებს და რატომ იწყებენ იატაკზე გორვას?
თუ მშობლების აღზრდის ტაქტიკა ძალზე მკაცრია ან, პირიქით, სუსტი, ბავშვის სიჯიუტე შეიძლება მრისხანების შეტევებით გამოიხატოს. მაგალითად, ის ვარდება იატაკზე და ყვირის რაც ძალი და ღონე აქვს, აბაკუნებს ფეხებს, ველურიც კი ხდება. შესაძლოა სხვაგვარი რეაქციაც – ადგილზე გაირინდება, სახე უშეშდება, არაფერს ამბობს, მუშტებს კრავს და შეიძლება ვინმეს დაარტყას კიდევაც. ამ ორი მეთოდიდან რომელი ახასიათებს კონკრეტულ პატარას? რასაკვირველია, ის, რომელიც პირველად სცადა და აითვისა!
რატომ ჯიუტობენ ჯიუტები?
ჯიუტი პატარები გასაოცარ მდგრადობას ავლენენ საკუთარი პოზიციის დაცვისას, მიუხედავად ამ პოზიციის ალოგიკურობისა, სისულელისა და უაზრობისა. ეს სულაც არ არის ძლიერი ნებისყოფის გამოხატულება. მიზეზი ისაა, რომ პატარებს არ შეუძლიათ საკუთარი პოზიციის ცვლილება. მოთხოვნილება, რომელიც მათ ქმედებებს აღძრავს, იმდენად ძლიერია, რომ პატარას არ აძლევს სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას.
ბავშვი სულაც არ ჯიუტობს იმის გამო, რომ ასეთი ქცევა მოსწონს. უბრალოდ ის კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვდა და არ შეუძლია, არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ მდგომარეობას. ასე იწყება აფეთქება, რომელიც ბავშვისთვის განმუხტვა ან პრობლემის გადაწყვეტის გზების გაუცნობიერებელი ძიებაა. სიჯიუტის შეტევამდე საქმე მაშინ მიდის, როცა ბავშვს ვაიძულებთ აკეთოს ის, რაც არ სურს. იმედია, ეს გასაგები ფრაზაა. კონფლიქტს, სიჯიუტის შეტევას ყოველთვის წინ უძღვის რაღაც, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის ნებისყოფას, მის მყისიერ სურვილს.
როგორ იწრთობა სიჯიუტე
პატარა ნამდვილ ჯიუტად ჩამოყალიბდება, როცა უფროსი:
- თავს ახვევს მზა გადაწყვეტილებას, აზრს, შეხედულებას, რათა ბავშვი მიხვდეს, როგორი უმნიშვნელოა მისი როლი;
- ანებივრებს მას, ბრმად უყვარს ის, აჩვევს, რომ მშობლებისაგან ყველაფერი შეიძლება მიიღოს, თუ აირჩევს ქცევის გარკვეულ ტაქტიკას – უსაზღვრო სიჯიუტეს;
- მშობელი არის თავმომწონე, ავტორიტარული, თავდაჯერებული, არ ცნობს საკუთარ შეცდომებს აღზრდის პროცესში, კრიტიკულ შენიშვნებს, თვლის, რომ ყველა აზრი, საკუთარის გარდა, არასწორია.
სიჯიუტის სიმპტომები:
- მაღალი თვითშეფასება;
- უნდობლობა ირგვლივ მყოფთა მიმართ;
- უსაზღვრო სურვილები;
- საკუთარი შეცდომების დანახვისა და გაგების უუნარობა;
- გარდაქმნის უუნარობა;
- საკუთარი მიზნების მიღწევის გზათა ძიების უსურვილობა;
- განურჩევლობა სხვა ადამიანების მიმართ.
თქვენი აზრით, რატომაა აქ მოყვანილი სიჯიუტის ნიშნები? საკუთარ ბავშვში მათი ძებნისა და აღმოჩენისათვის? ხომ არ ჯობს ეს ნიშნები პატივცემულმა მშობლებმა საკუთარ თავში ეძებონ? ბავშვები ხომ მშობლების სარკეები არიან! ხასიათის ზოგიერთი თვისება, რომლებსაც საკუთარ თავს ვერც კი ვამჩნევთ, ბავშვში გვაღიზიანებს. სანამ საკუთარ პირმშოს განაჩენს გამოვუტანდეთ და აუტანელ, გამოუსწორებელ ჯიუტად მოვნათლავდეთ, ჯობს, საკუთარ საქციელს დავაკვირდეთ, საკუთარი ქცევა გავაანალიზოთ. ჩვენ, უფროსები, ხომ არ ვუჩვენებთ პატარას სიჯიუტის მაგალითს? ჩვენ ხომ ერთადერთ ტაქტიკას ვემხრობით – ვცდილობთ ვძლიოთ ბავშვების სიჯიუტეს; ამ დროს კი არაფერი დავთმოთ და ცრუ პრინციპულობა გამოვიჩინოთ. ჯიუტ პატარებს, როგორც წესი, ჰყავთ მშობლები, რომელთა ლექსიკონის მთავარი სიტყვაც არის “არა”. დააკვირდით საკუთარ თავს, რამდენჯერ ამბობთ ამ სიტყვას, რამდენჯერ გასცემთ მითითებას, ბრძანებას. იქნებ პატარა ბავშვისათვის გაცილებით ადვილია ამბოხი მოაწყოს, ვიდრე მშობლის მუდმივი მითითებები და ბრძანებები შეასრულოს! აბა, წარმოიდგინეთ, რა მოგივათ, თუ დღეში 37-ჯერ გიბრძანებენ, 42-ჯერ მიგითითებენ, ხოლო 50-ჯერ ბრალს დაგდებენ. ციფრები შემთხვევითი არ არის. ზუსტად ასეთია რაოდენობრივად იმ მშობელთა “ინსტრუქციები”, რომელთა შვილებსაც დიდი შანსი აქვთ ნევროზისა და ფსიქოზისა.
ბავშვს მხოლოდ ბრძანებების, მითითებების, განჩინების, შექების, საყვედურებისაგან დასვენება როდი სჭირდება. საჭიროა დასვენება ნებისმიერი ზემოქმედებისა და მიმართვისაგან! დროდადრო პატარასაც სჭირდება, საკუთარი თავი თავად განკარგოს, ანუ სჭირდება თავისუფლების საკუთარი წილი. მის გარეშე ადამიანს უბრალოდ სული შეეხუთება. ძაღლების მწვრთნელებსაც კი ურჩევენ, თანდათან რაც შეიძლება ნაკლებად უბრძანონ და უსტვინონ ლეკვებს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სიჯიუტე ხასიათის თვისება არ გახდეს?
- დაუთმეთ ბავშვს. ეს სულაც არ არის საკუთარი სისუსტის გამოვლინება. პირიქით, ის, ვინც დათმობაზე მიდის, შორსმჭვრეტელობას იჩენს, ზრუნავს მასზე, ვინც უყვარს, პატარა ჯიუტს უჩვენებს სხვაგვარი ქცევის მაგალითს. რასაკვირველია, არსებობს პრინციპული მომენტები, როცა დათმობა შეუძლებელია. მაგალითად, პატარამ ქუჩაზე გადასვლისას დედას უნდა მოჰკიდოს ხელი, დასაძინებლად უნდა დაწვეს დროზე, დილით უნდა ისაუზმოს და ასე შემდეგ. სხვა, არაპრინციპულ შემთხვევებში დათმობა აუცილებელია. მაშინ ბავშვი თავს იგრძნობს უფროსის თანასწორად, იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობას და დამოუკიდებლობას.
- სანამ ბავშვს მზა გადაწყვეტილებას გააცნობდეთ, ჰკითხეთ მას, რა საქმიანობას არჩევდა. შესთავაზეთ დამოუკიდებელი არჩევანი, მიეცით საშუალება თავად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ შეუძლია რაღაც თავად გააკეთოს ან გადაწყვეტილება უთქვენოდ მიიღოს, ის ძალიან დიდ კმაყოფილებას განიცდის. მომავალში საკუთარი ძალების რწმენა ბავშვს დაეხმარება ცხოვრებისეული წინაღობების გადალახვაში, ის მიზანსწრაფული და შეუპოვარი გახდება.
- როგორ დავამშვიდოთ მტირალი, აღელვებული, გაცხარებული პატარა? ასეთ სიტუაციაში ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო. როგორც წესი, მავნეა როგორც ძალიან მკაცრი, ასევე ძალიან რბილი პოზიცია. ყველას ჯობს, სწრაფად მოვწყვიტოთ ბავშვის ყურადღება პრობლემას და მისი მზერა სხვა, არანაკლებ საინტერესო საგნისა თუ მოვლენისაკენ მივმართოთ. ნამდვილად არ ღირს იქვე, ადგილზე მტკიცება, რომ “ბავშვი დამჯერი უნდა იყოს და დედას არ უნდა არცხვენდეს ასეთი საქციელით”, რომ “დროა მიეჩვიოს დედის სიტყვების გაგონებას”. ყურადღების სხვა საგანზე გადართვისთვის ბავშვს ცოტა დრო დასჭირდება, მან უნდა იცოდეს, რას გააკეთებს და როგორ.
- რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ბავშვს გაბრაზების შეტევა აქვს? თუ შევეცდებით მივაღწიოთ, რომ ბავშვმა მხოლოდ დადებითი, კარგი თვისებები გამოავლინოს, უნებურად ხელს შევუწყობთ მის სულში უარყოფითი ემოციის დაგროვებას. თუ ადამიანს არ აქვს უნარი ამ ნეგატივისგან გათავისუფლებისა, ის თანდათან, ფარულად გროვდება და შეიძლება დაავადებების აღმოცენებასაც კი შეუწყოს ხელი. შეიძლება ბავშვს დაველაპარაკოთ მისი გრძნობების შესახებ. მაგალითად, ვკითხოთ, როგორ გრძნობს ის სიბრაზეს, შევთავაზოთ დახატოს თავისი ემოცია ან თქვენ გითხრათ, როგორია ის. შემდეგ შეგიძლიათ ერთად დაჭმუჭნოთ და გადააგდოთ ნახატი – სიბრაზე გაანადგუროთ. არც ფიზიკური ვარჯიშია ურიგო სიბრაზესთან საბრძოლველად. შეიძლება ბავშვმა თავად შემოგთავაზოთ მის უარყოფით ემოციასთან ბრძოლის რაიმე მეთოდი. აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი აზრი. ასე ასწავლით პატარას ნეგატიურ განცდებთან გამკლავებას და არა მათ დაგროვებას. გარდა ამისა, ბავშვს ეცოდინება, რომ ცუდია მისი ქცევა და არა თავად, ასე თვითშეფასებაც აღარ დაუქვეითდება. პირიქით, თავს უფრო მშვიდად იგრძნობს, ირწმუნებს საკუთარ ძალას, არ შეაწუხებს დანაშაულის განცდა, რაც საკმაოდ დიდი სტრესფაქტორია.
- არ უნდა ვაიძულოთ ბავშვი დადოს პირობა, რომ “ასე აღარ იზამს”. მნიშვნელოვანი სხვა რამაა – ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მისი პერსონა მშობლებისათვის სულ ერთი არ არის, რომ მშობლები მზად არიან მასთან ერთად იფიქრონ, განცდები შეუმსუბუქონ, ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნონ. ბავშვს მუდმივად უნდა ვაგრძნობინოთ, რომ გვიყვარს და შეუძლია გვენდოს.
- უნდა ვეცადოთ სიჯიუტის გამომწვევი სიტუაციების თავიდან აცილებას. ეს საჭიროა, რომ ბავშვმა არ ჩათვალოს, მსგავსი მეთოდით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. იყავით უფრო გამჭრიახი, შეკითხვები დასვით ისე, რომ მათზე უარყოფითი პასუხი არ შეიძლებოდეს, ნუ დასვამთ შეკითხვას, რომელზეც არსებობს ერთი პასუხი. მაგალითად, არ ჰკითხოთ, უნდა თუ არა ჭამა. უხშირესად ასეთ შეკითხვაზე პასუხი არის “არა”. ამ პასუხის მიუხედავად, თქვენ მას მაინც აიძულებთ ჭამას. ასეთი ძალდატანების ასარიდებლად ჯობს ნეიტრალური ტონით გამოვაცხადოთ, რომ ჭამის დროა.
ბავშვური სიჯიუტის პერიოდი სერიოზული გამოცდაა მშობლებისა და შვილებისათვის. ერთსაც და მეორესაც ბევრი რამის სწავლა უწევთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პერიოდი, როცა საფუძველი ეყრება შვილებისა და მშობლების მომავალ ურთიერთობებს და ამ საფუძველს სწორედ მშობლები ქმნიან.