რას უნდა ნიშნავდეს თავის გაოფლიანება
თუ 3-6 თვის პატარას გაძლიერებული ოფლიანობა აწუხებს, უწინარეს ყოვლისა, სწორედ რაქიტი უნდა ვიეჭვოთ. ამ დროს ბავშვი მოუსვენარია, წრიალებს, ერღვევა ძილის რეჟიმი. მატულობს კანის ვაზომოტორული აქტივობა - ძლიერდება წითელი დერმოგრაფიზმი. ოფლიანობა განსაკუთრებით შემაწუხებელია ძილისა და ჭამის დროს. ყველაზე მეტად სახე და თავის თმიანი ნაწილი ოფლიანდება. შეწუხებული ბავშვი თავს ბალიშს უხახუნებს და ამის გამო კეფაზე დამახასიათებელი თმის ცვენა ეწყება (კეფის ალოპეცია).
შესაძლოა, პატარას ამ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ყველა ჯერ არ ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული. ეს არ უნდა გვაძლევდეს დამშვიდების საბაბს. დროულად უნდა დავიწყოთ რაქიტის წინააღმდეგ ბრძოლა.
-
როგორ ვებრძოლოთ რაქიტს?
პირველ ყოვლისა, რაც შეიძლება მეტხანს კვებეთ პატარა დედის რძით. ლაქტაციის პერიოდში დედაც სწორად უნდა იკვებებოდეს - იღებდეს ცილით, დ ვიტამინით მდიდარ საკვებს (ასეთია, მაგალითად, თევზი). ზოგჯერ პოლივიტამინების კოპლექსის მიღებაც ხდება საჭირო. რა პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს რაქიტის განვითარების რისკი უფრო ნაკლები აქვთ. ამჟამად არსებული ხელოვნური საკვები ნარევები გამდიდრებულია ცილით, ცხიმით, ნახშირწყლებითა და ვიტამინებით, მათ შორის - დ ვიტამინითაც.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედებმა უარი თქვან პატარების ძუძუთი კვებაზე რაქიტის თავიდან აცილების მიზნით. ჩვენ შორსა ვართ ამ აზრისგან. პირიქით, დედამ, რომელიც შვილს ძუძუს აწოვებს, უნდა გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჯანსაღი, სრულფასოვანი კვება და ცხოვრების რეჟიმი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის. მნიშვნე-ლოვანია, პატარას დროულად მიეცეს დამატებითი საკვები, მათ შორის ხაჭო, რომელიც კალციუმის წყაროა (მხოლოდ დღეში არა უმეტეს 25-30 გრამისა). გადაჭარბება სახიფათოა - ცილის სიჭარბემ შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს საჭმლის მომნელებელ და შარდის გამომყოფ სისტემაზე. ამდენად გირჩევდით, ყოველი ახალი პროდუქტის შეტანა პატარას რაციონში ექიმთან შეათანხმოთ.
რაქიტის პროფილაქტიკისთვის საჭიროა სუფთა ჰაერზე სეირნობა, ყოველდღე თითო საათს მაინც. თუ გასეირნება ვერ მოახერხეთ, პატარას სახლშივე მოუწყვეთ "აბაზანები". ჩააცვით ისე, როგორც სეირნობისას, გამოაღეთ ფანჯარა ან გაიყვანეთ აივანზე.
ჩვენი რჩევაა: მოარიდეთ პატარა ორპირ ნიავს.
რაც უფრო ადრე მიაჩვევთ ბავშვს სეირნობას, მით უკეთესია. დაიხსომეთ: რაქიტის საწინააღმდეგო დ ვიტამინის აქტიური კომპონენტები კანში მხოლოდ მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში ბავშვი მზის გულზე ატაროთ. ამ პერიოდში ხეების ტოტებში გამოღწეული სხივებიც საკმარისია. თუ პროფილაქტიკა საკმარისი არ აღმოჩნდა, დ ვიტამინის პრეპარატს, მის დოზასა და კურსის ხანგრძლივობას პირადი პედიატრი შეგირჩევთ.
-
რამდენად მიზანშეწონილია თევზის ქონის გამოყენება რაქიტის პროფილაქტიკისთვის ან სამკურნალოდ?
თევზის ქონი D ვიტამინისა და ყველა სხვა, ცხიმში ხსნადი ვიტამინის წყაროა. მისი გამოყენება დასაშვებია მეორე-მესამე წლიდან, ვინაიდან ის კაფსულების სახით გამოდის, ჩვილ ბავშვებს კი მისი გადაყლაპვა უჭირთ. თანაც ის მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება.
მშობელს ვურჩევთ, ჩვილს კანი ყოველდღე დაუთვალიეროს თავის არეში, განსაკუთრებით ნაკეცების მიდამოში - კისრის, ყურის უკან, რადგან ჭარბი ოფლიანობა აზიანებს ჩვილის ნაზ კანს და იწვევს გამოყელვას. თუნდაც უმნიშვნელო სიწითლის შემჩნევისას ნაკეცების არე გადადუღებული წყლით ჩამობანეთ და ბრილიანტის მწვანის სპირტხსნარით დაამუშავეთ.
კარგ ეფექტს იძლევა ასევე გვირილისა და ორკბილას ნახარშის აბაზანები და გაწითლებული ნაკეცების დამუშავება მათივე ნაყენის სპირტხსნარით. სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყოველდღე, ხოლო 6 თვის შემდეგ დღეგამოშვებით საჭიროა კანის პიგმენტური აბაზანების ჩატარება. კანის გამშრალების შემდეგ ის ადგილები, სადაც ადვილად ჩნდება გამოყელვა, ვაზელინით ან მზესუმზირას ზეთით დაამუშავეთ. ამისათვის ბავშვის სურნელოვანი ზეთიც გამოგადგებათ. საბავშვო ტალკის გამოყენება რეკომენდებული არ არის - ოფლიანობისას ის ქერქივით ლაგდება ნაოჭებში და მექანიკური ზემოქმედებით თავადვე აზიანებს კანს