ზღვა და რაქიტის პროფილაქტიკა
კალციუმის ათვისებაში ეხმარება, რაც ბავშვის ძვლოვანი სისტემის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები D ვიტამინის ნაკლებობისაგან? სწორედ ამაზე გვესაუბრება №23 პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგე ქ-ნი ლალი ქორიძე.
-
რა იწვევს D ვიტამინის უკმარისობას?
- D ვიტამინს ორგანიზმი საკვების მეშვეობითაც იღებს და თვითონაც წარმოქმნის. დეფიციტი მაშინ ვითარდება, როდესაც სურსათი ბავშვს საკმაო ოდენობის ვიტამინს ვერ აწვდის ან მზის სხივების ნაკლებობის გამო ორგანიზმში ის სათანადო ოდენობით ვერ წარმოიქმნება. D ჰიპოვიტამინოზი მაშინაც შეიძლება ჩამოყალიბდეს, როდესაც ვიტამინის მიწოდება საკმარისია, მაგრამ მიზეზთა გამო შეფერხებულია მისი შეწოვა.
ეს მიზეზებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ნაწლავური ინფექციები, მუკოვისციდოზი, ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქცია, ჰიპოტროფია, ხანგრძლივი მკურნალობა მედიკამენტებით, განსაკუთრებით - კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებით. რაქიტის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია დღენაკლულობა. დღენაკლული ბავშვი, ერთი მხრივ, კალციუმის მცირე მარაგით იბადება, მეორე მხრივ კი სწრაფი ზრდის გამო ეს ელემენტი ერთიორად მეტი სჭირდება. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც დროული, ასევე დღენაკლული ჩვილის სწორ და სრულფასოვან კვებას.
-
როგორია რაქიტის ადრეული ნიშნები, რომლებიც მშობლებს პროფილაქტიკის დროულად დაწყებაში დაეხმარება?
- პირველი ნიშნები, ჩვეულებრივ, 2-3 თვის ასაკში ვლინდება, თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო ადრე, მაგალითად, 1,5 თვის ასაკში, ან უფრო გვიან - მეექვსე თვეს იჩინოს თავი. უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს კრთომა, ჭირვეულობა, ძილის დარღვევა, ჩვეულებრივი გამღიზიანებლების: ხმამაღალი ლაპარაკის, კარის გაღების, ოთახის განათების, შეხების მიმართაც კი მოჭარბებული მგრძნობელობა და ტირილით რეაგირება, იოლად გამოფხიზლება, სათამაშოების მიმართ ინტერესის დაქვეითება, აქტიური მოძრაობის სურვილის არქონა. მერე და მერე შესამჩნევი ხდება სხვა ნიშნებიც, კერძოდ, სახის, თავისა და კისრის ჭარბი ოფლიანობა, განსაკუთრებით - ტირილის, ჭამისა და ძილის დროს. ოფლს აქვს უსიამოვნო, მჟავე სუნი, აღიზიანებს ჩვილის ნაზ კანს, იწვევს ქავილსა და გამონაყარს. ეს პერიოდი 10-დან 45 დღემდე გრძელდება. შემდეგ იწყება დაავადების მომდევნო საფეხური, როდესაც ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ღრმავდება და მათ ძვლების, კუნთებისა და შინაგანი ორგანოებისმხრივი მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ერთვის.
-
როგორ ავიცილოთ თავიდან რაქიტი?
- დედა ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად, მისდევდეს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ბევრ დროს ატარებდეს სუფთა ჰაერსა და მზეზე, ორსულობის ბოლო 2 თვის განმავლობაში ინტენდიურად მიიღოს D ვიტამინი. ბავშვის დაბადებისთანავე იწყება რაქიტის სპეციფიკური პროფილაქტიკა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მესამე-მეოთხე კვირიდან D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზით მიღებას, ახალშობილის დედის რძით კვებას, წვენების, დამატებითი საკვების მენიუში დრო-ულად შეტანას, სუფთა ჰაერზე სეირნობას, ჰაერისა და მზის აბაზანებს, გაკაჟებას, მასაჟსა და ფიზკუ-ლტურას.
- როგორ მივაღებინოთ პატარას მზის აბაზანები? როდიდან შეიძლება ჩვილის ზღვაზე წაყვანა?
- ჩვილი, რომელიც უკვე იწონის 4,5 კგ-ს, თბილ, უქარო ამინდში მცირე ხნით შეგიძლიათ მზის გულზე დატოვოთ. მზის აბაზანები თავდაპირველად 1-2 წუთს უნდა გაგრძელდეს, თანდათან - უფრო და უფრო მეტხანს. მზიან, მაგრამ გრილ ამინდში პატარას მხოლოდ ფეხები გაუშიშვლეთ, სახე კი დაუფარეთ.
ზამთრობით, თუ ოთახში თბილა და ორპირი ქარი არ ქრის, მზის აბაზანები შეგიძლიათ ღია სარკმელთან მოაწყოთ. სხივებს ჯერ ბავშვის ზურგი მიუშვირეთ, მერე კი მუცელი. პირველი პროცედურის ხანგრძლი-ვობა 1-2 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მერე და მერე დრო ყოველდღე 1-2 წუთით გაზარდეთ. მეტი-სმეტი არ მოგივიდეთ - აბაზანამ 15 წუთზე მეტხანს არ უნდა გასტანოს. ბავშვი რომ არ გადახურდეს, მაგიდაზე დააწვინეთ - ასე ჰაერი ყოველი მხრიდან დაუბერავს და გააგრილებს. თუ მზის სინათლე ინტენსიურია (მაგალითად, პლაჟზე), ბავშვი პირველი 2-3 დღე მაინც ჩრდილში უნდა გყავდეთ.
თუ ქალაქში ცხოვრობთ და ჩვილის ზღვაზე წაყვანა გსურთ, უმჯობესია, 3 თვემდე მოიცადოთ. პე-დიატრთან შეუთანხმებლად მაინც ნუ წახვალთ, ვინაიდან კლიმატის შეცვლისას გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. მაგრამ თუ ზღვის სანაპირო ზოლის მცხოვრები ბრძანდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვილისთვის ზღვის კლიმატი ჩვეულია და შეგიძლიათ, სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე ასეირნოთ სანაპიროზე ჰაერისა და მზის აბაზანების მისაღებად. პატარას ნაზი და თხელი კანი აქვს, ამიტომ მზის აბაზანების დროს მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ - შესაძლოა, პაწია დაიწვას.
-
ზღვაში ჩვილის ბანაობა თუ შეიძლება?
- უფრო უპრიანი იქნება, შევიძინოთ ზღვის მარილი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება, გავხსნათ თბილ წყალში ეტიკეტზე მითითებული პროპორციით და პატარას ასე ჩავუტაროთ წყლის აბაზანები. ასეთი პროცედურის ჩატარება თვით პლაჟზეც შეიძლება - ბავშვმა ერთდროულად რომ მიიღოს წყლის, ზღვის ჰაერისა და მზის აბაზანები, გამოიყენეთ პატარა გასაბერი აუზი.
-
სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ზღვისპირა ქვიშაც. როგორ შეიძლება მისი გამოყენება რაქიტის პროფილაქტიკისთვის?
- მაგნიტურ ქვიშას რაქიტის უკვე ჩამოყალიბებული ფორმისას და მისი ნარჩენი მოვლენებისას იყენებენ. ვიდრე ბავშვს მაგნიტური ქვიშით ცნობილ კურორტზე წაიყვანდეთ, უმჯობესია, პედიატრსა და ორთოპედს გაესაუბროთ. ქვიშის აბაზანების მიღებისას ბავშვი რომ არ გადახურდეს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ასვით ბავშვს სითხე, უმთავრესად - მინერალური წყალი. და, რაც მთავარია, დაიცავით ზომიერება.