დედის რძე
- რა ნივთიერებებს შეიცავს დედის რძე?
- დედის რძის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების დათვლა წარმოუდგენელია. მათი რიცხვი დაახლოებით 400-500-ს აღწევს. ამასთან, დედის რძის შემადგენლობა განუწყვეტლივ იცვლება - არათუ დღე-ღამეში, არამედ კვებიდან კვებამდეც კი. გაირკვა, რომ იმ ქალების რძე, რომლებიც ჩვილებს ძუძუს კი არ აწოვებენ, არამედ ბოთლიდან ასმევენ გამოწველილ რძეს, შემადგენლობით უფრო ღარიბია. ამის მიზეზი კი დედა-შვილს შორის ცოცხალი ურთიერთობის არარსებობაა. ქალის რძე კარდინალურად განსხვავდება ძროხისა თუ თხის რძისგან. ამ განსხვავების უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქალის რძე ბავშვისთვის, მისი ზრდა-განვითარების, ორგანოებისა და სისტემების სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო. ბავშვი სუსტი და მოუმწიფებელი იბადება, მასზე ბევრი არასასურველი გარეგანი ფაქტორი მოქმედებს. დედის რძე ბევრ დამცავ ნივთიერებას შეიცავს. სიცოცხლის პირველ წელს ყველაზე აქტიურად ვითარდება ნერვული სისტემა, ამიტომ დედის რძის შემადგენლობაში ჭარბობს ზრდის ფაქტორები და ცხიმოვანი მჟავები. ხბო და თიკანი ბიოლოგიურად განსხვავებული არსებები არიან, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია კუნთოვანი მასის განვითარება და ძროხისა და თხის რძის შემადგენლობაც ამას უზრუნველყოფს.
- ადაპტირებული ნარევები შემადგენლობით დედის რძეს უახლოვდება. შეუძლიათ თუ არა მათ, სავსებით შეცვალონ დედის რძე?
- ადაპტირებული ნარევების ამოცანაა, ძროხისა თუ თხის რძის შემადგენლობა ქალის რძისას მიუახლოოს. ამისთვის მათში ამცირებენ ცილების რაოდენობას, ამატებენ ზოგიერთ ვიტამინს, მინერალურ ნივთიერებასა და ცხიმოვან მჟავებს. მაგრამ მეცნიერებას ჯერ არ ძალუძს, დაუმატოს ხელოვნურ ნარევს ბავშვისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება. 40-50 კომპონენტი - ეს ის მაქსიმუმია, რომელიც დანაკარგის გარეშე შეიძლება აითვისოს ორგანიზმმა, ხოლო დედის რძეში მხოლოდ ოლიგოსაქარიდია 130 და ყველას თავ-თავისი როლი აკისრია ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ხელოვნური ნარევები არ შეიცავს ზრდის, იმუნურ ფაქტორებს და ჰორმონებს, ამიტომ დედის რძე, თუნდაც გამოწველილი, ყოველთვის გაცილებით სასარგებლოა ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, ვიდრე ადაპტირებული ნარევები და ცხოველური რძე.
- სითხეს, რომელიც ქალის სარძევე ჯირკვლებში პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში წარმოიქმნება, ხსენს უწოდებენ. რით განსხვავდება ის რძისგან?
- ხსენი არის ყვითელი ან ნარინჯისფერი სითხე, რომლის გამომუშავება ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იწყება სარძევე ჯირკვლებში. ზოგიერთს იგი ბევრი აქვს და თავისით გადმოსდის დვრილებიდან, ზოგს - ცოტა, თუმცა ახალშობილისთვის ეს რამდენიმე წვეთიც საკმარისია. მისი კუჭის ტევადობა მხოლოდ 5 მლ-ია, უფრო მეტ საკვებს მისი კუჭი ვერ დაიტევს და საზიანოცაა. ხსენი საკმაოდ კონცენტრირებული საკვებია. პირველ დღეს მის შემადგენლობაში ცილა სამჯერ მეტია, ვიდრე მომწიფებულ რძეში. ხსენის ცილა განსაკუთრებულია: ის ძალიან წვრილდისპერსიულია, უფრო ადვილად გადამუშავდება, არ მოითხოვს დიდი რაოდენობით საჭმლის მომნელებელ წვენს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს მის ასათვისებლად დიდი ძალისხმევა არ ადგება. წყალი ხსენში ცოტაა, რადგან ახალშობილს არ შეუძლია დიდი მოცულობით სითხის გადამუშავება: თირკმელებს დრო სჭირდება ადაპტაციისთვის მუცლადყოფნის პერიოდის შემდეგ. ბავშვი იბადება წყლის მარაგით, რომელიც იცავს მის ორგანიზმს გამოშრობისაგან, სანამ რძე უფრო თხიერი გახდება. ხსენის მთავარი ღირსებაა დამცველობითი ფაქტორების სიუხვე. მაგალითად, მოყვითალო-ნარინჯისფერს მას, როგორც სტაფილოს, ბეტა-კაროტინი აძლევს. იგი A ვიტამინის წინამორბედია, რომელიც ძლიერ იმუნოსტიმულატორად და ადაპტოგენად მიიჩნევა. ხსენი ბევრ სხვადასხვა იმუნოგლობულინს შეიცავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სეკრეტორული იმუნოგლობულინი. იგი პირველი წვეთების მიღებისთანავე იწყებს ახალშობილის ლორწოვანის დაცვას - ეს უკანასკნელი ხომ ინფექციის კარიბჭეა. ხსენში იმუნოგლობულინის შემცველობა იმდენად დიდია, რომ დღე-ღამის განმავლობაში მიღებული ხსენი ახალშობილის ორგანიზმს მოზრდილი ადამიანის სამკურნალო დოზაზე 50-ჯერ მეტ იმუნოგლობულინს აძლევს. A იმუნოგლობულინი აქტიურია ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვის კუჭ-ნაწლავში არსებულ გარემოში. დამატებითი ან შემატებული კვების დროს გარემო იცვლება და იმუნოგლობულინის აქტიურობაც მცირდება. ხსენს აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება. მისი მეშვეობით თავისუფლდება ახალშობილის ორგანიზმი ჭარბი ბილირუბინისგან, რომელიც პათოლოგიურ სიყვითლეს იწვევს. ვინაიდან ხსენი ასეთი სასარგებლოა, ახალშობილს დაბადებისთანავე მიჰყავთ ძუძუზე, რათა თავი პირველივე წუთებიდანვე დაცულად იგრძნოს.
- ბავშვი იზრდება და იზრდება საკვებზე მისი მოთხოვნილებაც. ხსენი მას აღარ ჰყოფნის. ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში ხსენი გარდაიქმნება გარდამავალ რძედ, მერე კი მომწიფებული რძე წარმოიქმნება. რას წარმოადგენს გარდამავალი რძე?
- რძე, რომელიც ხსენის შემდეგ წარმოიქმნება და რომლითაც ორი კვირა იკვებება ახალშობილი, არის გარდამავალი რძე. თავდაპირველად იგი ყვითელია, შემდეგ თანდათან თეთრდება. მცირდება მასში ცილების, ნატრიუმის, კალციუმის, იმუნოგლობულინების, A და E ვიტამინების შემცველობა, სამაგიეროდ იმატებს ცხიმებისა, ნახშირწყლებისა და B ჯგუფის ვიტამინებისა და, რაც მთავარია, იგი მოცულობით ხსენზე მეტია. ამ თოთხმეტი დღის განმავლობაში ახალშობილს რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაწოვოთ ძუძუ. ხშირი წოვება სტიმულია, რათა აქტიურად განვითარდეს ძუძუს ჯირკვლოვანი ქსოვილი, წარმოიქმნას უფრო მეტი რძე, რომელიც ბავშვს ძუძუთი კვების მთელი პერიოდის განმავლობაში ეყოფა. ხშირად წოვებისას რძის მხოლოდ რაოდენობა კი არ იმატებს, არამედ შემადგენლობაც მდიდრდება. ბავშვის მოთხოვნისამებრ კვებისას უფრო მეტი რძე წარმოიქმნება, ვიდრე საათობრივი კვებისას, ამიტომ ახალშობილები, რომლებიც დედასთან ერთად იმყოფებიან სამშობიაროში, ღებულობენ ცილებს 1,6-ჯერ მეტს, ცხიმებს 1,8-ჯერ მეტს, ვიტამინ ჩ-ს1,3-ჯერ მეტს. ასე რომ, “ხარისხიანი რძის საიდუმლო” მარტივია - ახალშობილს ხშირად აწოვეთ ძუძუ!
- დასასრულ, ყალიბდება ე.წ. მომწიფებული რძე. რაზეა დამოკიდებული მისი ხარისხი, შემადგენლობა და ოდენობა? რატომ არის, რომ ზოგს რძე ერთი წლის შემდეგაც საკმარისი აქვს, ზოგს კი რამდენიმე თვეც არ ჰყოფნის?
- მომწიფებული რძით ჩვილი დიდხანს იკვებება. მისი ოდენობა და კომპონენტების თანაფარდობა შესაძლოა იცვლებოდეს. ზოგიერთი კომპონენტი უცვლელია, მის ოდენობაზე ვერაფრით ვიმოქმედებთ. ასეთებია რკინა, თუთია და კალციუმი. კალციუმი შესაძლოა დედის რაციონში ნაკლები იყოს, მაგრამ ბავშვის ორგანიზმი საჭირო ულუფას მაინც მიიღებს და ეს დედის ორგანიზმის მარაგის ხარჯზე მოხდება. რძეში იოდის, სელენისა და წყალში ხსნადი ვიტამინების ოდენობა კი დედის რაციონზეა დამოკიდებული. ამდენად, სრულფასოვანი დიეტა მეძუძური დედისთვის აუცილებელია. დედის კვებაზე არ არის დამოკიდებული რძის ცხიმიანობა, თუმცა ამა თუ იმ საკვების გავლენით იცვლება რძეში ცხიმოვანი მჟავების თანაფარდობა. თუ დედა დიდი ოდენობით მიირთმევს კაკალს ან ცხიმიან საკვებს, რძე შესაძლოა ბლანტი და სქელი გახდეს. რძის ცხიმიანობა იცვლება თვით კვების დროსაც. ბავშვი თავდაპირველად იღებს წინა რძეს, რომელიც უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს ცხიმს. რძის ეს ულუფა ბავშვს წყურვილს უკლავს. ბოლო ულუფაში, რომელსაც კვების დასასრულს იღებს ჩვილი, ცხიმი გაცილებით მეტია. რაც უფრო ხშირად წოვს ბავშვი ერთსა და იმავე ძუძუს, მით უფრო ცხიმიან რძეს იღებს იგი. ამიტომ სანამ მეორე ძუძუზე გადავიყვანთ, საშუალება უნდა მივცეთ, პირველი ბოლომდე გამოწოვოს. დედის რძეს ბავშვი უფრო სწრაფად და იოლად ითვისებს, ვიდრე ნებისმიერ ხელოვნურ ნარევს. მისი ცილის, კაზეინის, ნაწილაკები ჩვილის კუჭში მოხვედრისას ნაზ, ადვილად მოსანელებელ ფირფიტებად გარდაიქმნება. დედის რძის ცხიმოვანი მოლეკულები ძალიან პატარაა, ამიტომ უკეთ შეიწოვება. დედის რძესთან ერთად ბავშვის ორგანიზმი იღებს ფერმენტ ლიპაზას, რომელიც მას ცხიმების მონელებაში ეხმარება და ნაწილობრივ აკომპენსირებს მისი ორგანიზმის საკუთარი ფერმენტების უკმარისობას. ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დედის რძისგან გამოთავისუფლებული ცხიმოვანი მჟავები ძლიერ ანტივირუსულ და ანტიპარაზიტულ ეფექტს ამჟღავნებენ, ხოლო მისი ბიფიდოფაქტორი ასტიმულირებს ჩვილის ნაწლავებში ბიფიდობაქტერიების გამრავლებას.
- ხშირად ბავშვები ერთი წლის შემდეგაც ითხოვენ და სიამოვნებითაც მიირთმევენ დედის რძეს. ამ ასაკშიც სასარგებლოა იგი?
- არსებობს წარმოდგენა, რომ ერთი წლის შემდეგ დედის რძე სასარგებლო თვისებებს კარგავს. ეს წარმოდგენა მცდარია. თუ ბავშვს სურს, ძუძუ ერთი წლის შემდეგაც წოვოს, ნუ დაუშლით და ძალდატანებით ნუ მოიწყვეტთ ძუძუდან. ამით წყდება კავშირი დედასა და შვილს შორის. ერთი წლის შემდეგ ბავშვს უფრო ნაკლები რძე სჭირდება, - რაციონში მის ადგილს იკავებს საკვები საერთო სუფრიდან, - ამიტომ რძის გამომუშავებაც მცირდება, სამაგიეროდ, იმატებს მისი კალორიულობა. ბუნება თვითონვე ახდენს კომპენსირებას - რაოდენობის შემცირების ხარჯზე იმატებს ხარისხი. ერთი წლის შემდეგ რძეში იზრდება ინფექციებისგან დამცავი ფაქტორების რაოდენობა. მიკრობებისგან დაცვაზე პასუხს აგებს რძის ფერმენტები ლიზოციმი და ლაქტოფერონი. ლიზოციმი აწესრიგებს პირის ღრუსა და ნაწლავების ფლორას და ამით ბავშვის ორგანიზმს ნაწლავური ინფექციებისგან იცავს. დედის რძის ლიზოციმი 1000-ჯერ აქტიურია, ვიდრე ძროხის რძისა. ლიზოციმისა და ლაქტოფერონის რაოდენობა მით უფრო იზრდება, რაც უფრო მეტხანს წოვს ძუძუს ბავშვი. დედები ხშირად აღნიშნავენ, რომ როდესაც ბავშვი უგუნებოდაა, რამდენიმე დღე სხვა საკვებზე უარს ამბობს და მხოლოდ ძუძუს წოვს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი კვების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ბავშვი, რომელსაც ძალით მოიწყვეტენ ძუძუდან, უფრო ხშირად ავადმყოფობს. ეს იმით აიხსნება, რომ მას აკლდება დედის რძის დამცველობითი სხეულები. უმჯობესია, თავად ბავშვს ვაცადოთ ძუძუსთვის თავის დანებება. ჩვეულებრივ, ეს ორიდან ოთხ წლამდე ასაკში ხდება. ამ პერიოდში ბავშვმა შესაძლოა რამდენიმე დღეში ერთხელ მოითხოვოს ძუძუ, ისიც - ცოტა ხნით.
- თუ დედა დაორსულდა, შეიძლება თუ არა, ბავშვს მაინც აწოვოს ძუძუ? რამდენად სასარგებლოა ასეთი რძე ბავშვისთვის?
- ორსულობის მეორე ტრიმესტრში დედის ორგანიზმი ნაყოფის მოთხოვნილებისამებრ გადაეწყობა, ამიტომ რძის რაოდენობა მცირდება, შემადგენლობა კი ხსენისას უახლოვდება. ზოგი ბავშვი ასეთ დროს უარს ამბობს რძეზე, ზოგი კი მშობიარობამდეც და მშობიარობის შემდეგაც სიამოვნებით წოვს ძუძუს. ასე რომ, დედას ორი ბავშვის კვება უწევს, რძე კი შესაძლოა ორივეს სამყოფი არ იყოს. ამ შემთხვევაში საკითხი უმცროსი შვილის სასარგებლოდ წყდება. ასე რომ, ნუ ინერვიულებთ იმის თაობაზე, საკმარისია თუ არა რძე, ანდა როგორი ხარისხისაა იგი. ბუნება ადამიანზე ბრძენია - დედის რძე ყოველთვის იქნება ყველაზე სასარგებლო საკვები ბავშვისთვის.