კომპოტი თუ ხილის წვენი?

რა უკეთესია - ხილისა და ბოსტნეულის წვენები თუ კომპოტი? რომელშია უფრო მეტი ვიტამინი? გვესაუბრება პედიატრი ინგა იოსავა
- ბავშვის კვების პროდუქტებით აჭრელებულია მაღაზიის ვიტრინები თუ დახლები. მათ შორისაა სხვადასხვა ხილის წვენი. როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის წვენი?
- ბავშვისთვის წვენი უნდა შევარჩიოთ მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის (ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები), წელიწადისა და დღის მონაკვეთის გათვალისწინებით. ქარხნული წარმოების წვენებისა თუ სასმელების ყიდვისას არ დაივიწყოთ ვარგისიანობის შემოწმება.
თუ 1-დან 3 წლამდე ბავშვისთვის ყიდულობთ, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული ეს პროდუქტი. მხოლოდ ასეთი წარწერაა იმის გარანტი, რომ პროდუქტი მცირე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და შესაბამისი სტანდარტებითაა მომზადებული. ასეთი მარკირება აქვს მხოლოდ 3 წლამდე ასაკის ბავშვთა პროდუქტს. ამ ასაკის ზევით პროდუქტი აღარ კლასიფიცირდება “საბავშვოდ” და “უფროსებისთვის”. ასე რომ, წარწერამ “3 წლამდე ბავშვებისთვის” არ უნდა შეგაცდინოთ. პროდუქტზე მითითებული უნდა იყოს “რეკომენდებულია ერთი წლის ასაკიდან”.
- რა რაოდენობით წვენია დასაშვები ბავშვისთვის?
- როგორც ყველასთვის ცნობილია, წყალი ჩვენი ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალზე 1 წლის ბავშვის მოთხოვნილება, სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, 100-150მლ-ია.
- 1-დან 3 წლამდე - 100მლ;
- 3-დან 7 წლამდე - 80მლ;
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ამ რაოდენობას მხოლოდ წყლით არ იღებს ორგანიზმი, მას წვენები და საკვებიც (განსაკუთრებით ხილი და ბოსტნეული) ეხმარება. წყლის გარკვეული რაოდენობა საკვების გადამუშავებისასაც წარმოიქმნება და ორგანიზმში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების დაჟანგვის დროსაც.
სასმელები შეიძლება დაიყოს ცხელ და ცივ სასმელებად. ბავშვების შემთხვევაში ეს დაყოფა პირობითია, რადგან მათ არც ცივ და არც ცხელ სასმელს არ ვაძლევთ. მათთვის ოთახის ტემპერატურის სასმელია რეკომენდებული მხოლოდ. მაცივრიდან გამოღებული თუ გაზქურიდან გადმოდგმული სითხე (წვენი, ჩაი) ოთახის ტემპერატურისა უნდა გავხადოთ და ამის შემდეგ მივცეთ ბავშვს.
სასმლის ტემპერატურა უნდა განვსაზღვროთ წელიწადის დროის გათვალიწინებით. წლის ცივ პერიოდში უფრო სასარგებლოა ჩაი, კაკაო, ზაფხულში - ხილის წვენები.
- სეზონის გათვალისწინებით რომელ სასმელს ურჩევთ პატარებს?
- წლის ცივ პერიოდში ორგანიზმი თბილ სასმელს ითხოვს. მოზრდილებისთვის გარკვეულია, რა უნდა მიიღონ ასეთ შემთხვევაში (ჩაი, ყავა და ა.შ.), პატარებისთვის კი სასმლის შერჩევა იოლი არ არის.
- ჩაი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელსაც პატარებსაც ვთავაზობთ. კოფეინისა და ტანინის შეხამებით ეს სასმელი ყავასავით ძლიერმოქმედი არაა. თავის მხრივ კოფეინი ხელს უწყობს მხნეობას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი.
გარდა ამისა, ჩაი შეიცავს ბაქტერიციდული მოქმედების ნივთიერებებს და ეხმარება ორგანიზმს გაციების დროს. ჩაი შეიცავს ვიტამინებს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას.
მეორე მხრივ, ჩაის გადაჭარბებულად მიღება აღაგზნებს ბავშვს, დაურღვევს ძილის რეჟიმს. უარყოფითად იმოქმედებს გულის რიტმზე. ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად ბავშვს უნდა მივცეთ ბაცი (ნაკლებად კონცენტრირებული) ჩაი ან 2 წლამდე საერთოდ არ დავალევინოთ.
ბაცი ჩაის მისაღებად ჩაის ფოთლებზე დასხმულ მდუღარე წყალს დიდხანს ნუ გააჩერებთ, მალევე გადაწურეთ და დაუმატეთ რძე.
3-5 წლის ბავშვებისთვის დღის განმავლობაში შეიძლება 1 ჭიქა (200 მლ) ჩაი, ისიც დაძინებამდე 3 საათით ადრე.
დიეტოლოგებისა და პედიატრების ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, ბავშვთა ასაკში ყავა დაუშვებელია! იმიტომ, რომ კოფეინის მაღალი კონცენტრაცია აღაგზნებს მის ნერვულ სისტემას, გაუძლიერებს გულის მუშაობას და მოუმატებს კუნთოვან ტონუსს.
- კაკაო - საბავშვო ბაღისა და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის შეუცვლელია. ისიც შეიცავს კოფეინს, მაგრამ უმნიშვნელო ოდენობით, 1%-ზე ნაკლებს. კაკაო შეიცავს კოფეინის მსგავს თეობრომინს, ამიტომ 3 წლამდე მისი მიღება არ არის რეკომენდებული, ასევე დაუშვებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების მქონე პაციენტებისთვის.
კაკაოს ფხვნილს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, შეიცავს ბევრ სასარგებლო ელემენტს, მაგ., კალიუმს, ფოსფორს, რკინას, ნიაცინს, ასევე ფლავანოლს - ანტიოქსიდანტს; აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და კარგად ასათვისებელს ხდის ცილებს. კაკაოს მთავარი მინუსი ისაა, რომ მას ალერგიის გამოწვევა შეუძლია. არაალერგიული ბავშვებისთვის შეიძლება მისი მიღება, 1 ჭიქა - 200 მლ დღეში, კვირაში 3-4-ჯერ.
შემოდგომასა და გაზაფხულზე ორგანიზმი განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს, უნდა შეიქმნას ვიტამინების მარაგი, რომ გამოზამთრებულმა ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს. ამ პერიოდში სასურველია ზუსტად შევარჩიოთ სასმელი.
- ასკილის ნაყენი (ჩაი) - მისი მომზადება მარტივია. გარეცხილ, გამხმარ 100 გ ასკილს დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით დავტოვოთ თერმოსში. დილით ნაყენი მზადაა. შეგიძლიათ ზომიერად დაატკბოთ შაქრით ან თაფლით.
ასკილი შესანიშნავი პოლივიტამინური საშუალებაცაა. ის ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას, არის მსუბუქი მატონიზებელი, რეგენერაციულ-აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ამშვიდებს, აძლიერებს სისხლძარღვებს. C ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ის სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ბავშვებში.
3-5 წლის ასაკში პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია 100 მლ ასკილის ნაყენი, ორჯერ დღეში, ჭამამდე, 2-3 კვირა. ასკილის ნაყენი წელიწადის დროის გათვალისწინებით შეიძლება ცხელიც დალიოთ და გრილიც.