ალერგიული ბავშვი

ამ და სხვა საკითხებზე ალერგოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ეკა ჩხარტიშვილი გვესაუბრება.
რომელი პროდუქტი იწვევს ბავშვებში ალერგიას ყველაზე ხშირად?
- თუ ერთი მშობელი მაინც ალერგიულია ანუ ბავშვი ალერგიისადმი გენეტიკურად არის განწყობილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ბავშვებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა. შესაძლოა, ჩვილი მხოლოდ ძუძუს წოვდეს და ალერგიული რეაქციის პროვოცირება დედის მიერ მიღებულმა რძის ნაწარმმა მოახდინოს.
ძროხის რძეს მოსდევს ფრინველის კვერცხი - მისი ცილაც ალერგენია. იგი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ნაწლავებში დიდხანს ინარჩუნებს ანტიგენურ თვისებებს და ფერმენტ ტრიფსინს ბოჭავს. კვერცხის გულს ცილასთან შედარებით სუსტი ალერგიული თვისებები აქვს. ამიტომაც არის მიზანშეწონილი ჩვილებისთვის მოხარშული კვერცხის გულის მიცემა და არა ცილისა.
არცთუ იშვიათად ქათმის კვერცხის აუტანლობა ქათმის ხორცისა და ბულიონის აუტანლობასთან არის შერწყმული.
გახშირდა მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის, ჭვავისა და ქერის მიმართ ალერგიის შემთხვევები. ამ მარცვლოვანთა ცილა არა მარტო კვებით ალერგიას, არამედ ცელიაკიასაც იწვევს.
წლამდე ასაკის ბავშვთა 20-25%-ში ატოპიის განვითარების ან გამწვავების მიზეზად შეიძლება იქცეს სოია; ბოლო ხანს სოიის ნაწარმით წლამდე ასაკის ბავშვებს უცვლიდნენ რძეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ალერგიას ეს მცენარეც იწვევს. მიიჩნევა, რომ ალერგიულ რეაქციებს ყველაზე ხშირად თევზი იწვევს, ამიტომ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც კვებითი ალერგიის სიმპტომები აქვთ, მას არ აძლევენ.
თევზის ალერგენები თერმოსტაბილურია და კულინარიული დამუშავებისას პრაქტიკულად არ იშლება. ზღვის თევზის მიმართ ალერგია უფრო ხშირია, ვიდრე მდინარის თევზის მიმართ. ამასთანავე, თევზის ცილისადმი სენსიბილიზაცია ასაკთან ერთად არ მცირდება და მოწიფულ ასაკშიც შეინიშნება.
გარდა თევზისა, ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ხიზილალამ, კიბორჩხალამ და ზღვის სხვა პროდუქტებმა. თქვენ წარმოიდგინეთ, თევზის სუნმაც კი. წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა კვებითი ალერგენების მიმართ. შეინიშნება ჯვარედინი რეაქციებიც. ასაკთან ერთად თავს იჩენს სენსიბილიზაცია არა მარტო კვებითი, არამედ საყოფაცხოვრებო, მტვრის, სოკოსა და ბაქტერიული ალერგენების მიმართაც.
რას ნიშნავს ჯვარედინი რეაქციები?
- ჯვარედინს უწოდებენ ალერგიულ რეაქციებს, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი პროდუქტები იწვევს. მათი ცოდნა აუცილებელია. თუ ბავშვს აქვს ალერგია რომელიმე პროდუქტზე, მოსალოდნელია, ალერგიული რეაქცია სხვა, მსგავსი პროდუქტის მიმართაც განვითარდეს. ასეთი საკვების განსაზღვრაში ქვემოთ მოყვანილი სქემა დაგვეხმარება:
- ძროხის რძე - თხის რძე, ძროხისა და ხბოს ხორცი, ძროხის ტყავი, მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტული პრეპარატები;
- თევზი - ზღვისა და მდინარის თევზის პროდუქტები;
- ქათმის კვერცხი - ქათმის ხორცი და ბულიონი, იხვის ხორცი, მწყრის კვერცხი, მაიონეზი, ბუმბულის ბალიში, პრეპარატები: ინტერფერონი, ზოგიერთი ვაქცინა;
- სოკო - პროდუქტები, რომელთა დამზადების ტექნოლოგია სოკოს გამოყენებას ითვალისწინებს, კეფირი, ყველის ზოგიერთი სახეობა, გაფუებული ცომის პური, ანტიბიოტიკები, ობი;
- სტაფილო - ოხრახუში, ნიახური, ბეტა-კაროტინი, ა ვიტამინი;
- მარწყვი - მაყვალი, მოცხარი, ჟოლო;
- კაკალი - ნებისმიერი სხვა ჯიშის კაკალი, თხილი, მანგო;
- მზესუმზირა - მზესუმზირას ზეთი, ჰალვა, თაფლი, საზამთრო, ნესვი;
- შოკოლადი - კოკა-კოლა, კაკაო;
- ნებისმერი ციტრუსი - გრეიპფრუტი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ციტრო;
- ჭარხალი - შაქრის ჭარხალი, ისპანახი;
- ატამი - გარგარი, ქლიავი, ასპირინი, ამიდოპირინი.
ალერგიულ რეაქციებს იწვევს საკვები დანამატები - საღებავები, ემულგატორები, ანტიოქსიდანტები. ამ დანამატების გარეშე დამზადებულ პროდუქტს დღეს ალბათ ვეღარსად ნახავთ. ბანანს, ვაშლს, მსხალს, პომიდორს დამწიფების დასაჩქარებლად ზოგჯერ ნავთპროდუქტებით ამუშავებენ. ალერგენებია ასევე შაქრის შემცვლელები - სახარინი, ასპარტამი...
ზოგიერთ ნივთიერებას, რომელსაც სურსათი ბუნებრივად შეიცავს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაავადება ან გაამწვაოს ის ე.წ. ფსევდოალერგიული რეაქციით. მაგალითად, ჰისტამინი - ის ორგანიზმში ალერგიული რეაქციის დროს წარმოიქმნება და ზრდის სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, ხელს უწყობს შეშუპებას, იწვევს ქავილს.
არსებობს პროდუქტები, რომლებიც ჰისტამინს ბუნებრივად, თანაც საკმაო ოდენობით შეიცავს. ესენია: ყველი, კონსერვები, ტომატი, ისპანახი, მოხარშული ღორი, ღორის სოსისი, ღორის ღვიძლი, სარდინი, სკუმბრია, ქაშაყი, მჟავე კომბოსტო.
- თირამინი ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ჰისტამინის წარმოქმნას, არტერიული წნევის მომატებას. მას შეიცავს ლუდის საფუარი, დამარილებული ქაშაყი, შოკოლადი, ნუგა, თხილის კრემი, ციტრუსები, ძეხვი.
- სეროტონინი, ალერგიული რეაქციების მედიატორი, შედის ბანანის, ავოკადოს, კაკლის შემადგენლობაში. სალიცილატებს ბუნებრივი სახით შეიცავს ხმელი ხილი (ჩირი), კენკრა, ანანასი, გარგარი, ნუში, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. ასკორბინის მჟავას - C ვიტამინის - შემცველობა მაღალია ციტრუსებსა და მათ წვენებში, მჟაუნმჟავასი - ტომატში, ისპანახში, მჟაუნაში.
ეს ორი ნივთიერებაც კვებითი ალერგიის გამომწვევია. ამრიგად, როდესაც იცით, რომელი პროდუქტია სახიფათო ალერგიისადმი მიდრეკილი პატარებისთვის, უნდა მოარიდოთ იმ საკვებსაც, რომელიც მსგავს ალერგენებს შეიცავს.
რა საფრთხეს უქადის მტვერი ალერგიულ ბავშვს?
- როცა იწყება მცენარეთა ყვავილობა, მწვავდება ალერგია ყვავილის მტვერზე. სეზონური ცრემლდენა, თვალების სიწითლე და წვა, სურდო, მოთენთილობა სწორედ მცენარეების მტვრით არის გამოწვეული. ოთახის მტვერი უფრო სახიფათოა - ბაქტერიებსა და ვირუსებთან ერთად იგი შეიცავს ქსოვილის, ადამიანისა და ცხოველის კანის, ქუჩიდან თუ სამზარეულოდან შემოსული მტვრის ნაწილაკებს. მათ ემატება საყოფაცხოვრებო გამწმენდი საშუალებების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნაერთები, ობის სოკოს სპორები, მტვრის ტკიპა (ეს უკანასკნელი ალერგიული სურდოს, ბრონქული ასთმის მაპროვოცირებელი ძლიერი ალერგენია). ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს წიგნის მტვერმაც.
შესაძლებელია თუ არა მტვერთან ბრძოლა?
- მტვრის მოსაცილებლად საუკეთესო გზაა სახლის სველი წესით დალაგება და განიავება. ამასთან ერთად, საჭიროა საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრის უხილავი ნაწილაკებისგან. ქუჩის მტვერთან ბრძოლა გაცილებით რთულია. უმჯობესია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ჩვენ თვითონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტვერი ჩავყლაპოთ. სახლის მტვერი შეიცავს ქიმიურ კომპონენტებს. მათი წყაროა სარეცხი ფხვნილი, ავეჯისა და მინის საწმენდები, სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები. ეს ნივთიერებები თვალის ლორწოვან გარსს აღიზიანებს, იწვევს ქავილს, სიწითლეს, ქუთუთოების ალერგიულ შეშუპებას, ალერგიულ ეგზემას. თუ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი, გირჩევთ შინ დაბრუნებისთანავე მიიღოთ აბაზანა, ჩაიცვათ საშინაო ტანსაცმელი, საგარეო სამოსი კი კარგად დაფერთხოთ ფანჯრიდან და გაამზეუროთ. ტყავის სამოსი, ბავშვის სასეირნო ეტლი შინ დაბრუნებისთანავე გაწმინდეთ სველი ჩვრით. ქარში ბავშვი სასეირნოდ არ წაიყვანოთ. რბილი სათამაშოები დაასუფთავეთ სველი წესით.