7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
თუმცა მშობლები ზოგჯერ ზედმეტად კატეგორიულები არიან.
1. ხარბი
- „ხარბი ხარ? ბევრი სათამაშო გაქვს, ათხოვე სხვას“. „მიეცი პატარა ძმას შენი რობოტი, ხედავ, რომ ის ტირის, არ გეცოდება?“
სინამდვილეში, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც, რაც მხოლოდ მას ეკუთვნის, რისი განკარგვაც მას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია. მხოლოდ „საკუთარი“ ცნობიერების მეშვეობით შეიძლება ისწავლოს „სხვის“-ის დანახვა.
თქვენი შვილის არჩევანის მიღებით, რომ მან არ ათხოვა საკუთარი ნივთი სხვას, თქვენ აცნობებთ მას, რომ პატივს სცემთ მის გადაწყვეტილებას და რომ მას აქვს უფლება, თქვას უარი. ანალოგიურად, შეგიძლიათ აჩვენოთ მას, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ ეს უფლება – არ მისცენ მას ის, რაც მათ ეკუთვნის.
თუ გინდა გამოიყენო ის, რაც სხვისია, სთხოვე, იქნებ მოგცეს. ან შესთავაზეთ სამართლიანი გაცვლა.
გულუხვობის განვითარების ყველაზე ეფექტური გზა კი მშობლების პირადი მაგალითია.
2. მოწყენილობა და ტირილი
- „რატომ ხარ მოწყენილი, ყველაფერი კარგადაა!“, „ბიჭები არ ტირიან“.
როგორც წესი, ამ ფრაზებს ამბობენ ის მოზრდილები, რომლებსაც უჭირთ სევდის, წყენის ან სასოწარკვეთილების გაძლება – როგორც საკუთარ თავში, ასევე შვილის შემთხვევაში. მშობლები ფიქრობენ, რომ ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, თუ მათი შვილები იტანჯებიან.
სევდა და მოწყენილობა იგივე ბუნებრივი ემოციური მდგომარეობაა, როგორც სიხარული, ინტერესი და სიამოვნება. სევდა მოდის ჩვენთან მაშინ, როცა დაღლილები ვართ, როცა რაღაც არ გამოდის. ზოგჯერ მოწყენილობაც სასარგებლოა. ეს შესაძლებელს ხდის გაუშვათ ის, რაც არ მომხდარა.
და არ არის სირცხვილი ტირილი – სიხარულისგან, მწუხარებისგან, ტკივილისგან. ცრემლები ძლიერი ემოციების გამოხატულებაა, არ არის საჭირო მათი დათრგუნვა ან დამალვა.
ასწავლეთ შვილებს გააცნობიერონ თავიანთი ემოციები, დაასახელონ და განიცადონ ისინი. თუ სევდა და ტკივილი აღიარებულია, ის გაივლის და ჩანაცვლდება სხვა, მსუბუქი გრძნობებით.
3. შიში და სიმორცხვე
- „ნუ იგონებ, არაფრის გეშინია!“, „ნუ იმორცხვებ, მოდი და შეხვდი გოგოს“.
როდესაც თქვენი შვილი საუბრობს შიშზე, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის მისი ნუგეშისცემა („მე აქ ვარ, შენ ჩემი მფარველობის ქვეშ ხარ, უსაფრთხოდ ხარ“). ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეთ დიდი, ძლიერი ზრდასრული, რომელსაც დაეყრდნობა და ეტყვის, როგორ გაუმკლავდნენ შიშებს – მაგალითად, ნახატებისა და ზღაპრების დახმარებით.
ხოლო თუ ბავშვი მორცხვი და მორიდებულია, დაეხმარეთ მას დაინახოს და მიიღოს მისი ეს თავისებურება.
თამაშების საშუალებით, მოვლენების იძულების გარეშე, დაიწყეთ სოციალური ურთიერთქმედების უნარების პრაქტიკა – როგორ შეხვდეს და დაუმეგობრდეს თანატოლებს, როგორ მოაგვაროს კონფლიქტები.
4. სიბრაზე
- „რატომ ვართ ასე გაბრაზებული და უკმაყოფილო?“
ბრაზი არის სასარგებლო გრძნობა, რომელიც გვეხმარება დავიცვათ ჩვენი თავი და დავიცვათ ის, რაც ჩვენთვის ღირებულია. მოზარდები ხშირად აიგივებენ „გაბრაზებას“ „აგრესიულობასთან და გარშემო ყველაფრის განადგურებასთან“. მაგრამ გრძნობები და მოქმედებები განსხვავებულია.
შეგიძლიათ განიცადოთ სიბრაზე, დაღლილობა, იმედგაცრუება, წყენა, მაგრამ ამავე დროს დაარეგულიროთ თქვენი ქცევა. ეს არის ის, რაც ბავშვებს უნდა ასწავლოთ: „შეიძლება იყო გაბრაზებული, შეგიძლია სიტყვებით გამოხატო ემოცია, მაგრამ არ შეიძლება დაარტყა, შეურაცხყოფა მიაყენო სხვას ან რამე დაამტვრიო“.
დაეხმარეთ თქვენს შვილს ბრაზის გადალახვაში და შესთავაზეთ ბალიშის ცემა ან ყვირილი „კივილის ტომარაში“, ან დაწეროს თავის უკმაყოფილებაზე.
5. უარი და წინააღმდეგობა
- „რას ნიშნავს „არა“? გითხრეს – წადი და გააკეთე ეს, – „სანამ ყველაფერს არ შეჭამ, სუფრას არ დატოვებ“.
ერთი მხრივ, ჩვენ გვინდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები დამოუკიდებლებად, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ მტკივნეულად ვრეაგირებთ, როდესაც ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენს გადაწყვეტილებებს და უარს ამბობენ იმაზე, რასაც მათგან ველით.
თქვენ გაქვთ უფლება დაჟინებით მოითხოვოთ ის, რასაც ბავშვისთვის შესაფერისად თვლით, მაგრამ ბავშვს ასევე უნდა ჰქონდეს პროტესტის, აღშფოთებისა და დაუთანხმებლობის უფლება.
ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაჰყვეთ ბავშვის ყველა „არ მინდა“-ს. მაგრამ მას უნდა ჰქონდეს უფლება გამოხატოს „არა“ და „არ მინდა“. ეს საშუალებას მისცემს მას, შემდეგ უარი თქვას ნარკოტიკებზე, ცუდ კომპანიასა და ურთიერთობებზე, რომლებშიც თავს ცუდად გრძნობს.
ვაღიარებთ და პატივს ვცემთ რა ბავშვის უფლებას, უარი თქვას, არ დაეთანხმოს და გააპროტესტოს – ამით ჩვენ ვასწავლით მას მოუსმინოს თავის თავს და საჭიროებებს.
6. უსაქმურობა
- „რატომ ზიხარ უსაქმოდ, გააკეთე რამე“.
უსაქმურობა არ ნიშნავს დივანზე ჯდომას გაჯეტით ხელში, არამედ როცა ბავშვი არაფერს აკეთებს „სასარგებლოს“. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ხანდახან „არაფრის კეთებას“.
თავის თავთან მარტო დარჩენით, შევძლებთ მოვუსმინოთ სხეულში არსებულ შეგრძნებებს, ვიფიქროთ, ვიფანტაზიოროთ, გავაკეთოთ რაიმე აღმოჩენა, დავინახოთ ჩვენი თავი გარედან და შევხვდეთ ჩვენს რეალურ სურვილებსა და ოცნებებს.
7. დაბინძურება
- ვსაუბრობთ სიტუაციებზე, როდესაც დაბინძურება ბუნებრივია.
მაგალითად, სასეირნოდ, ცუდ ამინდში ან როცა ბავშვი ხატავს. ნივთებზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნარია, მაგრამ არ შეიძლება პატარა ბავშვს თეთრი კოლგოტი ჩააცვა და მოელოდე, რომ ის თეთრი დარჩეს.