ზედმეტად მორცხვი
მორცხვ ბავშვს იოლად შეამჩნევთ. ის ძნელად ამყარებს ურთიერთობას სხვა ბავშვებთან, მისი მოძრაობები შებოჭილია, ქცევაში არ შეიმჩნევა უშუალობა და სპონტანურობა, უწყინარი ხუმრობაც კი სწყინს და უფრო მეტად იკეტება საკუთარ თავში.
სიმორცხვე ხასიათის თავისებურებაა. ის მაშინ იჩენს თავს, როცა პატარა ადამიანს ხასიათი უყალიბდება. ერთი წლიდან ბავშვს უჩნდება უცნობი ადამიანების შიში.
ის დამფრთხალი უმზერს სტუმრებს და ზოგჯერ მათ გამოჩენას ტირილით აპროტესტებს ან დედის კალთას ამოეფარება და შეშინებული იყურება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ზედმეტი მორცხვობა უარყოფითი თვისებაა და არასოდეს დავფიქრებულვართ იმაზე, რომ ის შესაძლოა ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს. მაგალითად, მორცხვი პატარა არასოდეს გაუბამს საუბარს უცნობს და არ გაუჩნდება მასთან ერთად გასეირნების სურვილი. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ზედმეტი სიმორცხვე პრობლემებს აჩენს - მორცხვ ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და დაცვა, სუსტი ნებისყოფა აქვთ, ადვილად ექცევიან ძლიერი ბავშვების გავლენის ქვეშ, ცოტა მეგობარი ჰყავთ და ზოგჯერ თანატოლები დასცინიან კიდეც.
საშიში უცნობები
ახალ კოლექტივში ადაპტაციისთვის ბავშვს დრო სჭირდება. უცნობი ბავშვების გაცნობისას თითქმის ყველა პატარა ფრთხილად იქცევა და ეს სიფრთხილე სწორედ სიმორცხვით ვლინდება. ახალ კოლექტივში პატარები არ ჩქარობენ თამაშში ჩაბმას, უმეტესად ჩუმად არიან, დროს მარტონი ატარებენ. თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, ბავშვი თანდათან ჩამორჩება თანატოლებს განვითარებით, კომუნიკაციური ჩვევების ჩამოყალიბებით.
როცა მოზრდილები ცდილობენ, დააჩქარონ პროცესი და პატარას სთხოვენ, თამაშში ჩაერთოს, ბავშვი იბნევა. მას არ ესმის, რატომ უნდა მოიქცეს ასე და არა სხვანაირად. ჯერ ვერ გაურკვევია, ქცევის რომელი ტიპი აირჩიოს და რომელი ნიშა დაიკავოს კოლექტივში. ის ჯერ მხოლოდ აკვირდება, როგორ მოიქცეს სხვა ბავშვებთან - ვისთან დაამყაროს ფრთხილი, ზედაპირული ურთიერთობა და ვისთან შეუპოვარი იყოს. თუ მას ადაპტაციისთვის საკმარისი დრო არ მივეცით, მისი შინაგანი ლოგიკა აირევა, პატარა უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს და უფრო უსუსური გახდება.
აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიმორცხვე, რომელიც ადაპტაციის პროცესში მჟღავნდება, ნორმალური მოვლენაა. ის მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება ბავშვს. მშობლების ყველაზე მართებული ტაქტიკა ის იქნება, ბავშვს მორცხვობის უფლება მიანიჭონ. გავა ხანი და პრობლემა თავისთავად მოგვარდება.
აღზრდის შეცდომები
ყველაზე საშიში ის მორცხვობაა, რომელიც არასწორი აღზრდის შედეგად ყალიბდება. ასე ხდება, როცა მშობლები ბავშვში სუპერეგოს კულტივირებას იწყებენ.
რა არის სუპერეგო?
ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ პიროვნების სტრუქტურა იყოფა ეგოდ და სუპერეგოდ (ანუ მედ და ზე-მედ). ეგო არის ის, რადაც ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს, ხოლო სუპერეგო - ის, რასაც ბავშვში მშობლები ზრდიან. როცა ამ ორ ეგოს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ბავშვი მორცხვ და დათრგუნულ ადამიანად ყალიბდება. როცა დედ-მამა ყურადღებას მხოლოდ ბავშვის უარყოფით მხარეებზე ამახვილებს, ბავშვიც მხოლოდ ცუდს ხედავს საკუთარ თავში. წარმოიდგინეთ, რომ პატარას საბავშვო ბაღში, ზეიმზე, ლექსი დაავიწყდა. თუ ამას არ შევიმჩნევთ, ბავშვს შევაქებთ და ვეტყვით, რომ შემდეგში უკეთ გამოუვა, მომდევნო ჯერზე ის მართლაც წარმატებით წარუდგება მაყურებელს.
არ შეიძლება ბავშვს ცუდი მეხსიერების გამო ვუსაყვედუროთ, თორემ მომავალ წარუმატებლობაზე ფიქრი ყველაფერს აურ-დაურევს, შექების შემთხვევაში კი ბავშვს გაუჩნდება სურვილი, საკუთარი თავი ნებისმიერ სიტუაციაში უკეთ წარმოაჩინოს. რა თქმა უნდა, ადამიანი ყოველთვის იდეალური ვერ იქნება. ეს არც არის საჭირო.
მოულოდნელი წარუმატებლობისა თუ შეცდომის დროს მორცხვი ბავშვი საკუთარ თავში იკეტება, ეჭვი ეპარება თავის შესაძლებლობებში და ყოველი შენიშვნა მისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცევა. დროთა განმავლობაში ასეთი ქცევა განმტკიცდება და მორცხვობა ხასიათის თვისებად იქცევა, რის შემდეგაც მასთან ბროლა ძალიან გაჭირდება.
რა მოგვეთხოვება ჩვენ?
უნდა ვეცადოთ, აქცენტი პატარას მიღწევებზე გავაკეთოთ. თუნდაც ვხედავდეთ, რომ ბავშვს რაღაც არ გამოსდის, მაინც უნდა ვუთხრათ, რომ ყველაფერი მშვენივრად გამოუვიდა, ხოლო თუ მოინდომებს, მომავალში უფრო უკეთე გამოუვა. უფრო ხშირად შეაქეთ ბავშვი წარმატების გამო და ის დღითი დღე უფრო და უფრო მეტად დარწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში.
ურთიერთობის სირთულეები
არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ბავშვს უბრალოდ არ სურს, მაგრამ გარემოებათა გამო იძულებულია, მათთან კონტაქტი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პატარა ძალიან მორცხვი იქნება. ასეთ სიტუაციაში უფროსების მთავარი შეცდომა ის არის, რომ პატარას აიძულებენ, ურთიერთობა ჰქონდეს არასასურველ ადამიანთან. ამ დროს ბავშვს განმარტოების სურვილი უჩნდება, თუმცა ის ვერასოდეს იტყვის ხმამაღლა: "არ მინდა ამ ქალთან თამაში!" ამ თავშეკავების მიზეზიც მორცხვობაა. ორივე შემთხვევაში მორცხვობა დროებითია. ის მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა პატარა მისთვის უჩვეულო მდგომარეობაშია.
როგორია სწორი ტაქტიკა?
ნუ აიძულებთ ბავშვს, ურთიერთობა ჰქონდეს ადამიანთან, რომელიც არ უყვარს. თუ სხვა გამოსავალი არ არის, ეცადეთ, მაქსიმალურად გაულამაზოთ არასასურველი ადამიანის გვერდით ყოფნის დრო, მაგრამ თუ საშუალება გაქვთ, ასეთი კონტაქტი საერთოდ ააცილეთ თავიდან.
ჩვენი შეცდომები
რა თქმა უნდა, იდეალური ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სათანადო ურთიერთობებს ამყარებენ, არ არსებობენ. ყველას მოგვდის შეცდომა და ხშირად ამას ვერც კი ვამჩნევთ. თუ შევამჩნიეთ, ჩვენი რეაქცია სხვადასხვანაირია. ზოგიერთს საკუთარ შეცდომებზე ეცინება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს ტრაგედიაა. შეცდომის მოლოდინში ისინი მუდამ დაძაბულნი არიან, ცდილობენ გათვალონ თავიანთი ქცევის შედეგები. ეს, რა თქმა უნდა, მოზრდილებს ეხება. პატარა ბავშვი თავის ქცევას და მის შედეგებს ვერ გათვლის. ამიტომაც ცდილობს, საერთოდ აარიდოს თავი ურთიერთობას - შეცდომის დაშვებას ეს ურჩევნია.
ხშირად მშობლები ნებით თუ უნებლიეთ ბავშვის ხასიათის ამა თუ იმ უარყოფითი თვისების კულტივირებას ახდენენ. ზოგჯერ ეს შეუმჩნევლად ხდება. ვერც კი ვაცნობიერებთ, როგორ ვკლავთ გასაღვიძებლად მომზადებულ დამოუკიდებლობის ჩანასახს ჩვენი უხეში ჩარევით თუ ყვირილით უმნიშვნელო წარუმატებლობის გამო.
შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ბედნიერი ბავშვის აღსაზრდელად მშობლები თავად უნდა შეიცვალონ. თქვენ ავტორიტარული, მკაცრი მშობლები ხართ და მიგაჩნიათ, რომ აღზრდის თქვენეული სტილი მართებულია? მაშინ შედეგებზე იფიქრეთ. თქვენ აღზრდით დამჯერე, მორცხვ ბავშვს, რომელსაც არა მარტო თქვენს წინაშე, არამედ ამხანაგებთან, პედაგოგებთან, ეზოში ხმის ამოღებისაც შეეშინდება. მორიდებულ პატარას ნაცნობიც ცოტა ჰყავს, რადგან მუდამ დაძაბულია და კონტაქტს თავს არიდებს. ასეთი ბავშვები ნებისმიერ, თუნდაც მოსალოდნელ შეცდომას მწვავედ განიცდიან, რადგანაც საკუთარი თავის არ სჯერათ.
მორიდებული ბავშვი ვერასოდეს გახდება ლიდერი, რადგან მას არ შეუძლია საკუთარი აზრების მკაფიოდ ჩამოყალიბება და დაცვა. მას ცოტა ენერგია აქვს და იმდენად არის დათრგუნული მშობლების მიერ, რომ საკუთარი ეგოს წარმოჩენა არ შეუძლია. ასეთ პატარას ცხოვრებაში უამრავი პრობლემა ექნება. ამისთვის იღვწით? ალბათ არა. ამიტომაც უნდა ვცეთ პატივი ბავშვის პიროვნებას დაბადებიდანვე.
მორცხვ ბავშვთან აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ და მისი ხასიათის ეს თვისება დავამარცხოთ. თუ მშობლები აღზრდის სტილს არ შეიცვლიან, მორცხვობა უფრო და უფრო მეტად გაძლიერდება. მშობლებისთვის ყველაზე რთული საკუთარი თავის გარდაქმნაა. რაც უფრო მკაცრნი არიან ისინი და რაც უფრო მეტად აიძულებენ ბავშვს რამეს, მით უფრო აგრესიული ხდება პატარა, თუ ის ძლიერი პიროვნებაა, ხოლო თუ სუსტია - პასიური და მორცხვი.
დაფიქრდით, მართებულად აძლევთ თუ არა ბავშვს შენიშვნებს არასწორი ქცევის გამო. არც იმის აღნიშვნაა საჭირო, რომ პატარა სხვა ბავშვების ცუდ გავლენას განიცდის - ამით მას კოლექტივს ჩამოაშორებთ, რასაც ნამდვილად არ მოჰყვება კარგი შედეგი. თუ პატარას საქციელით უკმაყოფილო ხართ, უთხარით, მართალია, კარგად ვერ მოიქცა, მაგრამ მაინც გიყვართ. როცა ბავშვი თქვენს სიყვარულს გრძნობს, ყველაფერი მართლაც კარგად არის!
დარწმუნების ხელოვნება
თუ ხედავთ, რომ მორცხვობა თქვენს შვილს უკვე ჩვევად ექცა და გინდათ, მის დაძლევაში დაეხმაროთ, ყური უგდეთ ფსიქოლოგების რჩევებს. ეთამაშეთ ბავშვს სიტუაციური თამაშები. სიუჟეტი ისე შეარჩიეთ, რომ პატარა იყოს მთავარი პერსონაჟი, რომელსაც დამოუკიდებელი, ზოგჯერ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ და უბიძგებთ, სხვა პერსონაჟებთან თამაში წამოიწყოს. ასე ის საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და დაცვას ისწავლის და გაიგებს, რომ სხვა ადამიანების დარწმუნება არც ისეთი ძნელი და საშიშია.
თამაშისთვის გამოიყენეთ ზღაპრის სიუჟეტი ან თავადვე მოიგონეთ სცენარი. მოდი, პატარა დათვის ბელი იყოს, რომელსაც გზაზე დიდი დათვი შეხვდა. დაავალეთ ბავშვს, დაარწმუნოს დიდი დათვი, რომ პატარას გზა დაუთმოს. მაგალითად, "პატარა დათვმა" თქვას, რომ დედასთან ეჩქარება, ეშინია, არ დაუღამდეს და ასე შემდეგ. მიეცით საშუალება ბავშვს, აირჩიოს მისთვის სასურველი ზღაპარი.
შეიძლება, ბავშვმა მგლის როლი შეასრულოს, რომელსაც კონფლიქტი აქვს სხვა პერსონაჟებთან. ასევე - მელიის ან დათვის. კურდღლის როლი მორცხვ ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ შესთავაზოთ - ასეთი როლი მას ცხოვრებაშიც ჰყოფნის. თუმცა შეგიძლიათ, პატარა მამაც კურდღლად აქციოთ, ისეთად, რომელსაც არც მგლისა ეშინია, არც მელიისა და არც დათვისა. თუნდაც თამაშის დროს ბავშვს ყველაფერი ისე არ გამოუვიდეს, როგორც თქვენ გინდათ, ის მაინც უნდა შეაქოთ. მთავარია, მას საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდეს, თუნდაც მისი ჩანასახი. ეს მას მორცხვობის დაძლევაში დაეხმარება.
ივარჯიშეთ ყველგან, გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა. მაგალითად, სეირნობის დროს პატარას დაავალეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰკითხოს, რომელი საათია. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ბავშვი უარს გეტყვით ამ თხოვნის შესრულებაზე, მაგრამ უნდა მოიგონოთ დამაჯერებელი მიზეზი, რათა სწორედ ბავშვმა დაუსვას შეკითხვა უცნობებს. ბავშვს ურთიერთობის გამოცდილება ჩამოუყალიბდება და მასთან ერთად საკუთარი ძალების რწმენაც გაეზრდება.
ბავშვი ცხოვრებაში უამრავ ხალხს შეხვდება, რომელთაგან ყველა ვერ იქნება კეთილგანწყობილი. ასე რომ, ურიგო არ იქნება, ამისთვის წინასწარ მოამზადოთ. პატარა შეიტყობს, რომ ადამიანი ყოველთვის ერთნაირ გუნებაზე არ არის - ხან მოწყენილია, ხან მხიარული, ხან დაფიქრებული ან დაბნეული - და მიხვდება, რომ ადამიანების განწყობა სულაც არ არის მის მიმართ დამოკიდებულების გამოხატულება, მერე და მერე კი იმასაც გაიგებს, რომ ყველა ადამიანთან ურთიერთობისას განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. ადაპტაციის უნარი მას ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგება.
დიდ დახმარებას გაგიწევთ არტთერაპია, რომლის დროსაც ბავშვი სხვადასხვა სიუჟეტს ხატავს. ნახატი ასახავს იმას, რაც პატარას აღელვებს. შეიძლება პატარას შევთავაზოთ დახატოს ოჯახი ან საბავშვო ბაღი. ხატვის დროს პატარა ცხოვრებისეულ სირთულეებს გადალახავს. ფსიქოლოგებმა იციან, როგორ გაშიფრონ ბავშვის ნახატები და პატარას ქცევის კორექციის გზებსაც შემოგთავაზებენ.