ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდაა
ნურასოდეს დაელაპარაკებით ბავშვს ენის მოჩლექით
- როცა უფროსები ბავშვს ესაუბრებიან “ბავშვურ” ენაზე, მიაჩნიათ, რომ მას სხვა ენა არ ესმის, ფერხდება სწორი ენობრივი ჩვევების ფორმირება.
ბავშვის იგნორირება უარესია, ვიდრე განებივრება
- ჩვენთვის ცნობილია უამრავი მაგალითი იმისა, რომ განებივრებული და ზედმეტი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვი ნერვულ და მორცხვ, შებოჭილ პიროვნებად ვითარდება. მიუხედავად ამისა, სიყვარულსა და მზრუნველობაში აღზრდილი ბავშვები უკეთ ახერხებენ საზოგადოებასთან ადაპტაციას და უფრო გაწონასწორებულ და კეთილგანწყობილ ადამიანებადაც იზრდებიან.
ბავშვის უხასიათობას თავისი მიზეზი აქვს
- თუ მშობლები უგულებელყოფენ ბავშვის გრძნობებს, პატარას დაუკმაყოფილებლობის განცდა ექნება. მშობლებმა კი არ უნდა დათრგუნონ უხასიათობა, არამედ მიაგნონ მის მიზეზს და აღმოფხვრან.
უმჯობესია, შევაქოთ ბავშვი, ვიდრე გავკიცხოთ
- რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა აუცილებელია ბავშვის დატუქსვა, მისი იძულება რაიმე მოქმედებისთვის, მაგრამ, საზოგადოდ, უკეთესი იქნება, თუ რთულ სიტუაციაში ბავშვს არჩევანის საშუალებას მივცემთ ან დავარწმუნებთ. თუ პატარა ხევს გაზეთს, რომელიც თქვენ ჯერ არ წაგიკითხავთ, ნაცვლად იმისა, რომ ხელიდან გამოგლიჯოთ ის ან ხელში ჩაარტყათ, ძველი გაზეთი მიაწოდეთ. თუ ბავშვს უბრალოდ წაართმევთ გაზეთს, ამით ჩაკლავთ მასში მოქმედების ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს.
ბავშვის აღზრდა საკუთარი თავის აღზრდაა
- აქტიური მშობლების უსიტყვო მაგალითიც კი უფრო ქმედითია, ვიდრე არააქტიურთა ბრძანებები და მითითებები. ბავშვები ბაძავენ ან იმეორებენ არა სიტყვებს, რომლებიც ესმით, არამედ საქციელს, რომელსაც ხედავენ, ამიტომ უბიძგეთ ბავშვს მოქმედებისკენ პირადი მაგალითით.