როცა ბავშვი ტირის
როცა ლამაზ კონვერტში გახვეული ჩვილი შინ მიჰყავთ, იწყება ცხოვრების ახალი, უცნობი შეგრძნებებით აღსავსე პერიოდი, არა მარტო პაწაწინასთვის, არამედ მისი მშობლებისთვისაც. თუ დედ-მამას უკვე აქვს სათანადო გამოცდილება, ეცოდინება, რომ ბავშვის ტირილმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება წამოახტუნოს საწოლიდან, მაგრამ ახალბედა დედაც კი სულ ცოტა ხნის შემდეგ ინტუიციით ხვდება, რა სურს მის შვილს.
მთავარი მიზეზი
ახალშობილს სურვილებისა და მოთხოვნების გამოხატვა მხოლოდ ტირილით შეუძლია, ხანდახან კი ამ გზით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცვლილებებსაც გვამცნობს. ამიტომაც გვირჩევენ ექიმები, ჩვილის ტირილზე უმალვე მოვახდინოთ რეაგირება, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ ვუყვიროთ. მოზრდილი ადამიანის ნერვული სისტემა, მიუხედავად გადაღლისა და გადატვირთვისა, სტრესისადმი გაცილებით მდგრადია, ვიდრე ახალშობილისა. მშობლები კი არ უნდა გაბრაზდნენ, არამედ ბავშვის უკმაყოფილების მიზეზი გაარკვიონ და დაამშვიდონ.
მაინც რატომ ტირის ჩვილი? აი რამდენიმე ძირითადი მიზეზი:
- შიმშილი. ჭამა ჩვილის უმთავრესი მოთხოვნილებაა. მშიერი ბავშვი თავისებურად ტირის: ჯერ ჩუმად, მერე და მერე - უფრო და უფრო ხმამაღლა, და ვერავითარი ალერსითა და სიმღერით ვერ დააწყნარებთ. შესაძლოა ერთი-ორი წუთით გაჩუმდეს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოახდენს "თავისი უფლებების დეკლარაციას". ასეთ დროს ტირილს, წესისამებრ, თან ახლავს ტუჩების მოძრაობა, რომელიც წოვას მოგვაგონებს. პატარა ძუძუს ეძებს, თავს ატრიალებს, თუ პირთან თითს მივუტანთ, წოვას დაიწყებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბავშვისთვის გარკვეული დღის რეჟიმის შექმნა და შემდგომში ზუსტად საათების მიხედვით კვება ყოველთვის როდია შესაძლებელი. ზოგი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ასეთი კვების მიზანშეწონილობას.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში პატარა ძალიან ხშირად ითხოვს ძუძუს და დედაც ყოველ წუთს მზად უნდა იყოს მისი მოთხოვნის შესასრულებლად. დაახლოებით 3-4 თვისთვის კვების განსაზღვრული რეჟიმი ყალიბდება. ამ დროისთვის დედაც იძენს გამოცდილებას და ადვილად ხვდება, როდის ატირებს ჩვილს შიმშილი.
- წყურვილი. როცა დედას რძე საკმარისი აქვს, ბავშვს წყურვილი არ აწუხებს, მაგრამ თუ ზაფხულში ოფლიანობს, - მაგალითად, იმის გამო, რომ მეტისმეტად თბილად აცმევენ, - შესაძლოა, წყლის დამატებით მიცემა დასჭირდეს. ხელოვნური კვებისას კი წყლის მიცემა ისედაც აუცილებელია. როცა პატარა ძუძუს ითხოვს, მაგრამ აღარ წოვს, მიზანშეწონილია, წყალი შევთავაზოთ.
- დასვრილი საფენი. როცა პატარა ტირის, მაგრამ ძუძუს არ ეძებს და ვერც ვართობთ, საფიქრებელია, რომ რაღაც აწუხებს. ამ შემთხვევაში პამპერსი უნდა შევამოწმოთ. მიუხედავად იმისა, რომ პამპერსი კარგად იწოვს, სიცოცხლის პირველ თვეებში მისი ცვლა მაინც ხშირად არის საჭირო.
- დისკომფორტი. დისკომფორტის ერთ-ერთი მიზეზი მეტისმეტად მოჭერილი პამპერსია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დავათვალიეროთ საწოლი, შევამოწმოთ, რამე ხომ აწუხებს პატარას, ტანსაცმელი კომფორტული უნდა იყოს, არ უნდა ზღუდავდეს ბავშვის მოძრაობას, რაც მისი ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია.
- სიცივე. პატარა არც მეტისმეტად თბილად უნდა იყოს ჩაცმული და არც უნდა სციოდეს. ჩვილს თერმორეგულაციის სისტემა ჩამოუყალიბებელი აქვს, ამიტომ მეტისმეტად მგრძნობიარეა ტემპერატურის იმ უმნიშვნელო ცვლილებების მიმართაც კი, რაც მოზრდილებისთვის არაფერს ნიშნავს. თუ პატარა მაძღარია, პამპერსიც გამოცვლილი აქვს და მაინც წუხს, შეამოწმეთ, ხომ არ სცივა ან ხომ არ სცხელა. გადაცივებისას თავდაპირველად ცივდება ცხვირი, ხელისგულები ან ტერფები, გადახურებისას კი ოფლიანდება კისერი, შუბლი და სხეულის ტემპერატურამაც შეიძლება აიწიოს. უნდა შევამოწმოთ ოთახის ტემპერატურაც - ის 22 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში უნდა იყოს.
- მიკროკლიმატი. საწოლი არ უნდა იდგეს ორპირ ქარში, პირდაპირ ფანჯარასთან, მზის გულზე, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ პატარას მზე და სუფთა ჰაერი სჭირდება. დღისით ბავშვი შეიძლება გააღიზიანოს მეტისმეტად კაშკაშა სინათლემ, ხოლო ღამით, სრული სიბნელე რომ არ იყოს, ჯობს მაგიდის ელექტრონათურა ჩართოთ.
- ზედმეტი აგზნება. ალბათ ყველა დედა აღმოჩენილა ასეთ სიტუაციაში - პატარა დანაყრებულია, არ სცივა, არ სცხელა, არ სწყურია, პამპერსიც სუფთა აცვია, მაგრამ ჩაძინების ნაცვლად მონოტონურად ტირის. სინამდვილეში ჩვილს ეძინება, მაგრამ ვერ იძინებს. ეს ჩვენ, მოზრდილებსაც გამოგვიცდია მკვეთრი შთაბეჭდილებების თუ ძლიერი გადაღლის შემდეგ. ბავშვისთვის ხომ ყოველივე ახალი ძლიერი შთაბეჭდილების წყაროა.
ასეთ დროს პატარა ხელში უნდა ავიყვანოთ, მოვეფეროთ, ვუმღეროთ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ დედა მის გვერდითაა, გაიგონოს მისი ალერსიანი ხმა. ოღონდ უნდა ვეცადოთ, პატარა ხელში ძილს არ მიეჩვიოს. ჩვილის რწევა შესაძლებელია არა მარტო ხელში, არამედ საწოლსა და ეტლშიც.
- ტკივილი. ტკივილისას ტირილი ხმამაღალია, მჩხავანა, მკვეთრი. ბავშვი, რა თქმა უნდა, ვერაფერს გვეტყვის თავისი შეგრძნებების შესახებ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა ტკივილის მიზეზი გამოვიცნოთ. თუ გგონიათ, რომ პატარა ავადაა, გირჩევთ ექიმი გამოიძახოთ - ჯობს, მან ვერაფერი აღმოაჩინოს, ვიდრე შვილის ავადმყოფობა გამოგეპაროთ.
- კოლიკა ანუ ჭვალი. ეს გავრცელებული პრობლემაა სიცოცხლის პირველი 3-4 თვის განმავლობაში.
- კბილების ამოჭრა. თავად კბილების ამოჭრა აშკარა, იოლად შესამჩნევი პროცესია. შეუმჩნეველია კბილების ზრდის საწყისი სტადია, რომელიც დაახლოებით 3 თვის ასაკს ემთხვევა. ამ დროს პატარა უეცრად უარს ამბობს ჭამაზე, ხმამაღლა ტირის და ყვირის. ასეთ დროს ახალბედა დედები შიშობენ, რომ რძე გაუფუჭდათ, რომ პატარა საერთოდ იტყვის უარს ჭამაზე, დაკვირვებისას კი შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ პატარა წუხს დღე-ღამის ერთსა და იმავე, განსაზღვრულ დროს. ამას ახსნაც აქვს - მთელი ორგანიზმის, მათ შორის კბილების ზრდაც განსაკუთრებით აქტიურია დღისით.
კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც კბილების ჯერ კიდევ შეუმჩნეველ ამოჭრაზე მიუთითებს, გაძლიერებული ნერწყვდენაა. ასეთი მდგომარეობა 2-3 კვირა გრძელდება.
- მარტოობა. პატარა შეიძლება იმის გამოც ტიროდეს, რომ თავს მარტოსულად გრძნობს, დედის ალერსი და სითბო სწყურია. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვს ზედმეტი ალერსი "გააფუჭებს"; ხელში აიყვანეთ, ჩაეხუტეთ, მოეხვიეთ. ზოგჯერ ბავშვის დასამშვიდებლად საკმარისია იმის შეგრძნება, რომ დედა მის გვერდითაა, მისი ხმის გაგონება, მისი სითბოს შეგრძნება. სამყარო ხომ ასეთი დიდი და უცხოა, მაგრამ როცა დედა ახლოსაა, საშიში არაფერია.
ელაპარაკეთ შვილს, "გაასეირნეთ" მეზობელ ოთახში, გაართეთ. მნიშვნელოვანია, ჩვილს ესმოდეს დედის მშვიდი ხმა. დედა-შვილის მჭიდრო ემოციური კონტაქტი, მათი ურთიერთნდობა, დედის სიყვარული სწორედ ჩვილობის პერიოდში ყალიბდება და მთელი სიცოცხლე გრძელდება.