შფოთვითი დარღვევები ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შფოთვითი დარღვევები ბავშვებში

ამ თემაზე გვესაუბრება ბაკურ კოტეტიშვილის ბავშვთა ფსიქო-ნევროლოგიური კლინიკის ფსიქოთერაპევტი ზაზა ვარდიაშვილი.

- რა არის შფოთვითი დარღვევა?

- შფოთვითი დარღვევები, განსაკუთრებით ბოლო ოცწლეულში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა. იგი უდიდეს უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და შრომისუნარიანობაზე. შფოთვითი დარღვევა შეიძლება დაიწყოს უეცრად ან თანდათან; შესაძლოა, ადამიანმა დააფიქსიროს, რამ გამოიწვია აღნიშნული მდგომარეობა, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ძნელია გაირკვეს შფოთვითი დარღვევის მიზეზი.

შფოთვითი დარღვევა გვხვდება ყველა ასაკში, ყველა პროფესიისა და სოციალური სტატუსის ადამიანთა შორის. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება: ქალთა შორის შფოთვითი დარღვევა აღინიშნება 5-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში.

- მოქმედებს თუ არა შფოთვით დარღვევაზე სეზონურობა?

- შფოთვითი დარღვევები უფრო ხშირად იწყება გაზაფხულობით. ასევე ხშირია მდგომარეობის გამწვავება მარტსა და აპრილში, რისი მიზეზიცაა იმ ჰორმონების (სეროტონინი, ადრენალინი და ა.შ.) აქტივირება ადრეულ გაზაფხულზე, რომელთა ცვლა, თანაფარდობა და ბალანსი იწვევს შიშს, აღელვებას, მხიარულებას, იმპულსურობას ან პასიურობას. გარდა ამისა, მზეც მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. შფოთვითი მდგომარეობების განვითარების რისკი შედარებით მაღალია იმ ადამიანებში, ვინც მეტ დროს ატარებს შენობებში. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, რადგან შფოთვითი დარღვევის ერთ-ერთი სიმპტომია მუდმივად სახლში ყოფნის სურვილი.

- არის თუ არა განსხვავება შფოთვასა და შფოთვით დარღვევებს შორის?

- ზოგადად, შფოთვა შეგუებითი, ადაპტაციური ემოციაა, რომელიც ამზადებს ადამიანს იმ ფიზიკური და ემოციური სიტუაციებისთვის, რომლებიც შესაძლოა საშიში იყოს მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. შიში მყისიერი რეაქციაა აწმყოში, შფოთვა კი ორიენტირებულია მომავალზე ანუ შესაძლო სიტუაციებზე მომავალში.

შფოთვითი დარღვევა ნორმალური (ადაპტაციური) შფოთვისაგან განსხვავდება იმით, რომ:

  1. გამოხატულია მაღალი ინტენსივობით;
  2. აზროვნების დიდ ნაწილს მოიცავს;
  3. მნიშვნელოვნად უშლის ხელს პიროვნების სათანადო ფუნქციონირებას.

შფოთვითი დარღვევები პრობლემებს ქმნიან ბავშვისათვის სკოლაში, ოჯახში, მეგობრებთან ურთიერთობაში, ხშირია კონფლიქტი მშობლებთან. ყოველივეს მივყავართ ბავშვის თვითიზოლაციამდე.

- რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებენ შფოთვითი მდგომარეობების განვითარებას ბავშვთა ასაკში?

- მუცლადყოფნის პერიოდში დედის მიერ გადატანილი სტრესული სიტუაციები უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციური სფეროს განვითარებაზე. ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითია 11 სექტემბრის მოვლენა, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ამერიკის მოსახლეობა. ამ დღის შემდეგ მილიონობით ადამიანს აღენიშნა სხვადასხვა ტიპის შფოთვითი დარღვევა. მათ ეშინოდათ უცხო ადამიანების, ქუჩაში გამოსვლის, შოუებსა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების, ეშინოდათ საკვების და ა.შ. ამერიკის ხელისუფლებისა და ფსიქოთერაპევტების დახმარებით უამრავმა ადამიანმა დაძლია შფოთვითი დარღვევები. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამერიკაში ცხოვრობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც არაფერი იციან 11 სექტემბრის ტერაქტზე, ამ ტრაგედიაზე არავისგან სმენიათ, მათი ოჯახის არც ერთი წევრი არ გარდაცვლილა მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, მაგრამ მაინც მწვავედ განიცდიან ტერორისტული აქტის ზემოქმედებას. ესენია ის ასეულობით ბავშვი, რომელთა დედებიც 11 სექტემბერს ორსულობის სხვადასხვა სტადიაზე იმყოფებოდნენ. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ კორტიზოლის (სტრესისადმი მზაობის განმაპირობებელი ჰორმონი) შემცველობა ამ ქალების მიერ გაჩენილი ბავშვების ორგანიზმში მნიშვნელოვნად აღემატება ტერორისტული აქტის შემდეგ და მანამდე დაბადებული ბავშვების ორგანიზმში არსებული ჰორმონის დონეს. ამასთან აღმოჩნდა ისიც, რომ შფოთვითი დარღვევები ბავშვების ამ ჯგუფში გამოვლინდებოდა 4-ჯერ უფრო ხშირად, მათზე უმცროს ან უფროს ბავშვებთან შედარებით.

- რა სიმპტომები ახასიათებს შფოთვით დარღვევებს და როგორ გამოვლინდება იგი ასაკის მიხედვით?

შფოთვით მდგომარეობას ახასიათებს სიმპტომების სამი დიდი ჯგუფი.

ფიზიკური სიმპტომები. მას მიეკუთვნება:

  1. პულსის გახშირება, სუნთქვის გახშირება, პერიოდული ღრმა ჩასუნთქვები;
  2. მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
  3. გულისრევა, ნაწლავთა აშლილობა, პირის სიმშრალე;
  4. ტკივილი ან არასასიამოვნო შეგრძნებები მკერდში;
  5. ე.წ. "ყელში ბურთის მოწოლის" შეგრძნება;
  6. სისხლის მოწოლა სახეზე;
  7. ოფლიანობა, განსაკუთრებით მტევნების მიდამოში;
  8. ხელების და ფეხების გაცივება;
  9. ტკივილი მუცლის არეში, თავში;
  10. სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაბუჟება;
  11. ძილის დარღვევა - ჩაძინების გაძნელება, შემაწუხებელი, კოშმარული სიზმრები.

სიმპტომების მეორე ჯგუფში შედის:

  1. თვითკრიტიკული აზრები;
  2. ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება, გულმავიწყობა;
  3. ფიქრი, რომ გამოიყურება სასაცილოდ;
  4. ფიქრი ახლობლების ან საკუთარ ავადმყოფობაზე;
  5. წარსულში არსებული უარყოფითი მოვლენების გახსენება;
  6. ფიქრი კატასტროფებსა და ზებუნებრივ მოვლენებზე.

მესამე ჯგუფს შეადგენს ქცევითი სიმპტომები:

  1. ტირილი, ხშირი კვნესა;
  2. მარტო ყოფნის ან პირიქით, ოჯახის წევრების მხრიდან ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი;
  3. ფრჩხილების კვნეტა, თითების გრეხა, თმით მანიპულირება, თითის წოვა და ა.შ.;
  4. ენის დაბმა, ტუჩების კანკალი, კიდურების რიტმული მოძრაობები.

ეს სიმპტომები სხვადასხვა კომბინაციით გვხვდება შფოთვითი დარღვევის სხვადასხვა ფორმის დროს.

- რა ფორმებია ესენი?

- კიეველმა ექიმებმა წარმოადგინეს საინტერესო კვლევის შედეგები: სასწრაფო დახმარების გამოძახებების 34% და ამბულატორიული ვიზიტების 48% სწორედ შფოთვითი დარღვევების მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე მოდიოდა. ექიმებთან ვიზიტების მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ ისინი, ვისაც აღენიშნება პანიკური დარღვევები, გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა და ობსესიურ-კომპულსური დარღვევა.

  • პანიკური დარღვევა

პანიკურ დარღვევას ახასიათებს პანიკის შეტევა, რომელიც უეცრად წარმოიქმნება და ვითარდება შემდეგი ნიშნები:

  1. ტკივილი გვერდში;
  2. ძლიერი გულისცემა;
  3. ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
  4. თავბრუხვევა;
  5. მუცლის ტკივილი.

პანიკური დარღვევები განმეორებადია. მას წინ უძღვის მოუსვენრობა. აღნიშნული მდგომარეობა საკმაოდ ხშირია მოზარდებში. მისი აღმოცენების საშუალო ასაკია 15 წელი. შესაძლოა მდგომარეობა გართულდეს დეპრესიით.

  • გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა

ეს არის ქრონიკული და ძლიერი შფოთვა, დაძაბულობა, მუდმივი უბედურების მოლოდინი. მას ახასიათებს:

  1. თავის ტკივილი;
  2. გულისრევის შეგრძნება;
  3. კანკალი;
  4. სიძნელეები ჩაძინებისას ან არაღრმა, მოუსვენარი, არასაკმარისი ძილი;
  5. სწრაფი დაღლა;
  6. მეხსიერების დარღვევა;
  7. ადვილად გაღიზიანებადობა;
  8. მკვეთრად შემცირებული თვითშეფასება. დიდ ყურადღებას აქცევენ სხვა ადამიანების აზრს მათ შესახებ, ადანაშაულებენ საკუთარ თავს ყველაფერში.

გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა შესაძლოა აღმოცენდეს ნებისმიერ ასაკში და გაგრძელდეს რამდენიმე წელიც კი.

  • ობსესიურ-კომპულსიური დარღვევა

ესაა განმეორებადი და არასასურველი აზრები ძირითადად სხვადასხვა ონკოლოგიურ ან ინფექციურ დაავადებებზე, კატასტროფებზე. ასეთ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ საკვების მიღების დარღვევები, შესაძლოა განუვითარდეთ სხვადასხვა ტიპის ტიკი. შფოთვითი დარღვევებიდან იგი ყველაზე ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

გარდა აღნიშნული სამი მდგომარეობისა, შფოთვითი დარღვევების ჯგუფში შედის სხვადასხვა ფობიები - შიშები.

  • სპეციფიკური ფობია

მყარი, ძლიერი და გაუმართლებელი შიში, რომელიც აღმოცენდება სპეციფიკურ ობიექტებთან შეჯახებისას ან გონებაში წამოდგენისას. ადამიანი მუდმივად თავს არიდებს ამ ობიექტებთან კონტაქტს. თუმცა ესმის, რომ მისი შიში არაჩვეულებრივად ძლიერი და აუხსნელია. შიშის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი (მაგ. ჩაქუჩი, ნემსი და ა.შ.), ცხოველი (ობობა, თაგვი და სხვა), სიტუაცია (სიმაღლე, ჩაკეტილი სივრცე, ღია ადგილი და ა.შ.). სპეციფიკური ფობია საკმაოდ გავრცელებულია და გვხვდება ადამიანების 2-4%-ში. ძირითადად ჩამოყალიბება ხდება 10-13 წლის ასაკში და შესაძლოა მთელი ცხოვრება დარჩეს, თუმცა ადვილად ექვემდებარება მკურნალობას, ფსიქოთერაპიას.

  • სოციოფობია

ეს მკვეთრად გამოხატული მყარი შიში დაკავშირებულია სოციალურ სიტუაციასთან, რომლის დროსაც პიროვნება აღმოჩნდება უცნობ ხალხში ან სხვების მხრიდან შესაძლო შეფასების ობიექტი. სოციოფობიის მქონე ადამიანი განიცდის, რომ თავისი ქმედებით შესაძლოა გახდეს დასაცინი ან სხვა ადამიანებისთვის გამაღიზიანებელი, შესაძლოა, განუვითარდეს პანიკის შეტევა. ეს ადამიანები გრძნობენ, რომ მათი შიში უსაფუძვლოა, მაგრამ დახმარების გარეშე უჭირთ პრობლემის დაძლევა. სოციოფობია გვხვდება უპირატესად გოგონებში, შესაძლოა მისი დაწყება 6-8 წლის ასაკშიც კი.

  • პოსტტრავმული სტრესული დარღვევა

მას ახასიათებს მძიმე და მატრავმირებელი სიტუაციის გადატანის შემდეგ აღმოცენებული მატრავმირებელი სიტუაციის განმეორებადი განცდა, იგი ვითარდება კატასტროფების, ომების, ახლობლების დაღუპვის და სხვა ექსტრემალური სიტუაციების შემდეგ და შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი დაღი დაასვას ადამიანის ცხოვრებას. აღნიშნული დარღვევის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან ბავშვები.

ბავშვებში იგი ძირითადად გამოიხატება:

  1. ღამის კოშმარული სიზმრების;
  2. ჰიპერაქტიურობის;
  3. კონცენტრირების პრობლემების სახით.

მწვავე სტრესული დარღვევა გრძელდება არაუმეტეს 4 კვირა. ესაა სტრესის გადატანის შემდეგ აღმოცენებული ძლიერი ემოციური რეაქცია, რომელსაც თან ერთვის სიტუაციის სუსტი ან არასწორი აღქმა, ნაწილობრივი ამნეზია (მეხსიერების დაქვეითება), ძილისა და კვების დარღვევა.

- არსებობს შფოთვითი დარღვევის სახე, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი და მოზრდილებში არ გვხვდება?

- ესაა სეპარაციული შფოთვითი დარღვევა. იგი განისაზღვრება, როგორც ასაკთან შეუსაბამო, ძლიერად მოქმედი ნეგატიური (უარყოფითი) შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია მშობლებთან განშორებასთან ან სახლიდან წასვლასთან. სეპარაციული შფოთვითი დარღვევა გვხვდება ბავშვების 10%-ში. ამ დროს ბავშვები უარს ამბობენ სკოლაში სიარულზე, ოთახში მარტო ძილზე, ასევე ხშირად აღენიშნებათ:

  1. მუცლისა და თავის ტკივილი;
  2. ღამე ტირილით გამოღვიძება;
  3. კოშმარული ხასიათის სიზმრები.

მშობლებთან განშორების შიში მცირე ასაკის ბავშვებისთვის არის ნორმალური თავდაცვითი აუცილებლობა. 7 თვიდან 6-7 წლის ასაკამდე ყველა ბავშვი განიცდის მშობლებთან განშორებას. მაგრამ თუ 6-7 წლის ასაკის შემდეგ აღენიშნება მშობელთან მცირე ხნით განშორების ძლიერი შფოთვა და ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა 4 კვირაზე მეტხანს, სავარაუდოდ, ადგილი აქვს სეპარაციულ შფოთვით დარღვევას. მდგომარეობა პიკს აღწევს 9-11 წლის ასაკში. თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს. კერძოდ, ბავშვი ხდება ჩაკეტილი, აღენიშნება დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნები.

- რამდენად ექვემდებარება მკურნალობას შფოთვითი დარღვევები?

- ადეკვატური მკურნალობით მდგომარეობის გაუმჯობესება და განკურნება შესაძლებელია ყველა ტიპის შფოთვითი დარღვევის შემთხვევაში. თუ სპეციფიკური ფობია და გენერალიზებული შფოთვითი დარღვევა შედარებით ადვილად ექვემდებარება მკურნალობას, პოსტტრავმული სტრესული დარღვევისა და ობსესიურ-კომპულსიური სინდრომის მკურნალობა საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ განკურნება ყველა შემთხვევაში მიიღწევა.

- მკურნალობის რა საშუალებები გამოიყენება?

- შფოთვითი დარღვევების სამკურნალოდ მრავალი საშუალება არსებობს, მათ შორის - მედიკამენტური. ასევე სრული განკურნებისთვის მაღალეფექტურობით გამოირჩევა ფსიქოთერაპიის გამოყენება. განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა ფსიქოთერაპია ბავშვებში შფოთვითი დარღვევების არსებობისას.

ზოგადი რეკომენდაციების სახით შეგვიძლია გირჩიოთ:

  1. ყოველდღიურად გარკვეული დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას;
  2. დიდი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე;
  3. დაიცავით ზომიერება ყველა ტიპის საქმიანობის შესრულებისას, ზედმეტად ნუ გადატვირთავთ ბავშვს, მიეცით დასვენებისა და სრული განტვირთვის საშუალება მეცადინეობის შუალედებში;
  4. მაქსიმალურად მოარიდეთ სტრესულ სიტუაციებს;
  5. შეეცადეთ იმეგობროთ თქვენს შვილთან, მისთვის გასაგებად აუხსნათ ყველა შექმნილი პრობლემის მიზეზი, ერთად მოძებნოთ გამოსავალი სიტუაციიდან. შეუქმენით თბილი ოჯახური გარემო.