რით ავადმყოფობენ ყველაზე ხშირად ბავშვები
სასუნთქი გზების დაავადებები იწყება შემდეგი ძირითადი ნიშნებით:
- სურდო (დასაწყისში წყლისებური, შემდეგ სქელი გამონადენით)
- ხველა (მშრალი, შემდეგ სველი, ნახველით)
- ყელის სიმშრალე
- ხმის ტემბრის შეცვლა
- ცემინება
- ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)
ყოველივე ამას ხშირად ემატება ტემპერატურული რეაქცია, ბავშვი ადვილად იღლება, უხასიათოდაა, გაღიზიანებულია, იტკივებს თავს (ზოგჯერ სახსრებსაც), ეწყება უმადობა. ბავშვი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს, ჩამორჩება თავის თანატოლებს ზრდა-განვითარებაში, სწავლაში, დარღვეული აქვს ტანადობა (ქათმისებური ან მეწაღისებური გულმკერდი და ა.შ.). ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ხველა. იგი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომელიც სტიმულს იძლევა ბრონქების გასუფთავე-ბისათვის. მას სხვადასხვა ხასიათი აქვს. თუ იგი ხანმოკლეა და არ მეორდება - ეს ნორმა-ლურია. ბავშვები 8-12 წლის ასაკში საშუალოდ 1-ჯერ ახველებენ დღე-ღამის განმავლობაში. თუ ხველა ხანგრძლივია ან შეტევითი ხასიათი აქვს, ეს უკვე დაავადებაზე მიუთითებს. ხველა შეიძლება იყოს მშრალი და სველი (ნახველიანი). ხანგრძლივობის მიხედვით კი - მწვავე (ხანმოკლე) და ქრონიკული. მშრალი ხველა ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთების დასაწყისში წარმოიშობა. მშრალი, მყეფავი ხასიათის ხველისას ხდება სახმო იოგების ცვლილებები და ბავშვს ეცვლება ხმის ტემბრი. ასეთი ხველა დამახასიათე-ბელია ლარინგიტისა და ლარინგოტრაქეიტის დროს. სველი ხველა მთავრდება ნახველის გამოყოფით, რაც ბავშვს შვებას ჰგვრის და კვლავ მეორდება ნახველის დაგროვებისთანავე. ფილტვების ანთების დროს დამახასიათებელია "ღრმა" ხველა. შეტევითი, სპაზმური ხველა ბრონქების დაზიანებაზე მეტყველებს. მაგალითად: ობსტრუქციული ბრონქიტის ან ბრონქული ასთმის დროს ხველა მსტვენავი ხასიათისაა და ბავშვს უჭირს ამოსუნთქვა. ხველა ღრმა ჩასუნთქვისას განვითარებული პლევრის გაღიზიანებაზე მიუთითებს. მას თან სდევს ტკივილი (დაზიანებული პლევრის მხარეს). გახანგრძლივებული (2 კვირაზე მეტი) ხველა გვხვდება ვირუსული ტრაქეობრონქიტისას, ასევე - მწვავე რესპირატორული დაავადებების გადატანის შემდეგ. იგი ვირუსით ხველის რეცეპტორების გაღიზიანების ან ცხვირ-ხახასა და ბრონქებში ლორწოს გაძლიერებული გამოყოფის შედეგია. ხველება "სტაკატო" - წყვეტილი, მაღალი ხმით, შეტევების მონაცვლეობით ახასიათებს ქლამიდიოზს 2-6 თვის ასაკში. არსებობს ხველა ფიზიკური დატვირთვის დროს. იგი წარმოიქმნება ბრონქული ასთმით დაავადებულ ბავშვებში, ბრონქებში ლორწოს გაძლიერებული გამოყოფის გამო. ბრონქული ასთმისას შეტევები გამთენიისას მძაფრდება, ძლიერდება ბრონქოსპაზმი. ფსიქოგენური ხველა ბავშვის რეაქციაა ოჯახსა თუ სკოლაში არსებულ სტრესულ სიტუაციებზე. ხშირად მას ტიკის ხასიათი აქვს. ხველა საკვების მიღების დროს ყლაპვის პროცესის დარღვევის ან საყლაპავის არასწორი მუშაობისას წარმოიქმნება. უკანასკნელ შემთხვევაში მას თან სდევს უხვი ქაფიანი ნახველის გამოყოფა. ასეთ დროს საჭიროა საყლაპავის კონტრასტული გამოკვლევა. საყლაპავ-კუჭის რეფლუქსის დროს ხველა კუჭის შიგთავსის ყელში მოხვედრის დროს ვითარდება.
ხველა ღამის საათებში სინუსიტს, ადენოიდს, ცხვირით სუნთქვის დარღვევას ახასიათებს და შესაბამის მკურნალობას მოითხოვს. უხვი ნახველი დილის საათებში ბრონქოექტაზიური დაავადებების კლასიკური ნიშანია. მწებავი ნახველი კი - მუკოვისციდოზის მანიშნებელია. ტუბერკულოზით დაავადებულები უჩივიან მუდმივ ხველას (თვეობით) ნახველით, ზოგჯერ - სისხლის მინარევით. სასუნთქი გზების დაავადებების მეორე ხშირი სიმპტომიაAცემინება. როგორც წესი, მას თან სდევს სურდო - ცხვირიდან გამონადენი. ხველის მსგავსად, ცემინებაც ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. ნორმის დროს ცხვირის ლორწოვანი გარსი ყოველ 1-2 წუთში გამოყოფს მცირე რაოდენობით ლორწოს. ანთების დროს სეკრეცია ძლიერდება. ცემინებისას ორგანიზმი ზედმეტი ლორწოსაგან თავისუფლდება. ცემინებას თან სდევს ლორწოვანის სიმშრალე (ფხაჭნის შეგრძნება ყელში). ცემინება შეიძლება გამოწვეული იყოს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებით, ქიმიური გამღიზიანებლებით (სუნით) ან ალერგენით (მაგ. პოლინოზის დროს). არცთუ იშვიათად გაციებით დაავადებებს თან ახლავს ქოშინი. ეს არის სუნთქვისას ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ფიზიკური დატვირთვისა და მოსვენების დროს. მას თან ახლავს სუნთქვის გახშირებაც (ტაქიპნოე).
ყველაზე ხშირად ბავშვებში ქოშინი წარმოიქმნება:
- სასუნთქი ორგანოების დაავადებების (ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, პნევმონია, პლევრიტი) დროს
- მაღალი ტემპერატურის დროს (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები)
- გულმკერდის არეში ტრავმის გამო
- დიაფრაგმის მოძრაობის დარღვევისას
- გულის დაავადებებისას
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას.
ბავშვებში სასუნთქი სისტემის ნებისმიერი დაავადება მთელი ორგანიზმის ცხოველქმედების დარღვევას იწვევს. ამიტომ ამ დაავადებათა თავიდან აცილება (პროფილაქტიკა) ბავშვის პირადი ექიმისა და მშობლების უპირველეს ამოცანად უნდა იქცეს. დაავადების სწორი და დროული მკურნალობა კი ბავშვს დაავადების გახანგრლივებასა და მის ქრონიკულად მიმდინარეობას ააცილებს.