როგორ ვებრძოლოთ ცრუ კრუპს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ცრუ კრუპს

დიფტერიის დროს ამ სიმპტომებს იწვევს ხორხში წარმოქმნილი ფიბრინული ნადები, რომელიც ავიწროებს ხორხის სანათურს. ჰაერს შევიწროებულ ხორხში გავლა უჭირს და იქმნება მოხრჩობის შეგრძნება. თუ სათანადო ზომები არ მივიღეთ, ნადების წარმოქმნა გაგრძელდება და ბავშვი გაიგუდება. ცრუ კრუპის დროს ნადები არ ჩნდება, ხორხის სტენოზის (შევიწროების) მიზეზი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების შეშუპებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს. ცრუ კრუპი უმთავრესად სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემართებათ როგორც ზედა სასუნთქი გზების ინფექციათა ტიპური გართულება. ეს იმით აიხსნება, რომ ამ ასაკში სასუნთქ სისტემას თავისებური ანატომიურ-ფიზიოლოგიური აგებულება აქვს. კერძოდ, ხორხი შედარებით ვიწროა, უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, ლიმფური კვანძები კარგად არის განვითარებული და ერთმანეთთან დაკავშირებული (ორგანიზმში ვირუსების შეჭრაზე პირველად სწორედ ლიმფური ჯირკვლები რეაგირებენ და მიკრობებს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ). ასაკობრივი ანატომიური თავისებურებები იმას არ ნიშნავს, რომ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს ცრუ კრუპი ყველა ბავშვს განუვითარდება. არსებობენ ბავშვები, რომლებიც მისდამი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც დაბადებისას ტრავმა მიიღო, დღენაკლული დაიბადა ან ალერგიული დაავადებებისადმი განწყობა (ექსუდაციური დიათეზი) აღენიშნება. ასეთ ბავშვებს ცრუ კრუპი შესაძლოა რამდენიმეჯერ, ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციის სხვადასხვა სტადიაში, თანაც მძიმე ფორმით განუვითარდეთ.

ცრუ კრუპი ვითარდება შეტევის სახით, მოულოდნელად და ერთბაშად, უმთავრესად ღამით, უფრო ზუსტად, გამთენიისას. ბავშვი იღვიძებს, საწოლში წამოჯდება და ეწყება უხეში, მყეფავი, მშრალი ხველა, რომელსაც თან სდევს ხმის ჩახლეჩა, ხმაურიანი და ხშირი სუნთქვა (ვინაიდან ხორხი შევიწროებულია, ბავშვი საჭირო მოცულობის ჰაერს ვერ ჩაისუნთქავს, ამიტომ ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას სუნთქვის გახშირებით ინაზღაურებს). თუ სამედიცინო დახმარება დაგვიანდა, სტენოზი (შევიწროება) პროგრესირებს, სუნთქვა უფრო და უფრო მეტად ჭირს, უფრო და უფრო ზედაპირული ხდება, სუნთქვითი მოძრაობები წუთში 40-50-ს აღწევს (ნორმაში ამ ასაკის ბავშვი წუთში 20-30-ჯერ ჩაისუნთქავს). ბავშვს სახე უწითლდება, ტუჩები და ფრჩხილები ულურჯდება, კანიც მოლურჯო (ციანოზურ) ელფერს იღებს, თუ ჟანგბადოვანი შიმშილი დიდხანს გაგრძელდა, ბავშვი გონებას კარგავს და შესაძლოა, გაიგუდოს. კრუპის პირველივე ნიშნების გაჩენისას დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! სასწრაფოს მოსვლამდე:

  • დაამშვიდეთ ბავშვი. იმის გამო, რომ ვერ სუნთქავს, პატარას ეუფლება შიში, პანიკა, ტირის, ყვირის, შველას ითხოვს. ისტერიკა დამატებით სპაზმს იწვევს და ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. უთხარით ბავშვს: "დედიკო შენს გვერდითაა, ესე იგი ყველაფერი კარგად იქნება". დაარწმუნეთ, რომ როგორც კი ყვირილსა და ტირილს შეწყვეტს, სუნთქვა მაშინვე გაუადვილდება.
  • მიეცით სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალება. ვიდრე დედა ბავშვს ამშვიდებს, ოჯახის სხვა წევრმა სარკმელი გამოაღოს. თუ ზამთარია და ყინავს, ფანჯარა მეორე ოთახში გამოაღეთ. დაიმახსოვრეთ: ცივი, კონტრასტული ჰაერი თვითონვე იწვევს სპაზმს.
  • დაალევინეთ თბილი სითხე. უმჯობესია, ეს იყოს ტუტე ხსნარი - თბილი ბორჯომიანი რძე. თუ სმა უჭირს, მიეცით კოვზით.

ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწრაფად, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამაში ოჯახის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას. გაინაწილეთ ფუნქციები და ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ.

 

სტაციონარში

პროფილირებულ ინფექციურ საავადმყოფოში ბავშვს ეპინეფრინის ინჰალაციებს ჩაუტარებენ. ისინი 30 წუთში ერთხელ ტარდება და 3-5 წუთი გრძელდება. დოზა ბავშვის წონის შესაბამისად განისაზღვრება. პროცედურა არტერიული წნევის კონტროლით ტარდება. თუ კრუპის სინდრომი არ მოიხსნა, შეიძლება მკურნალობაში კორტიკოსტეროიდების ჩართვაც. თუ შეტევა ვერც ამან მოხსნა, საჭიროა მკურნალობის მართვა ეპიგლოციტის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკის შვიდდღიანი კურსი, ლარინგოსკოპია ნარკოზით, საჭიროებისამებრ - ინტუბაცია. კრუპის სინდრომი და ზედა სასუნთქი გზების კატარული მოვლენები - ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, სიმშრალე, მშრალი ხველა - ლაბორატორიული გამოკვლევის (სისხლის საერთო ანალიზი) შედეგებთან ერთად საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია, მაგრამ არც სხვა ისეთი დაავადებები და მდგომარეობები უნდა გამოვრიცხოთ, რომლებსაც კრუპის სინდრომი ახასიათებს და რომელთა არასწორმა მკურნალობამ შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. ასეთი დაავადებებია: მწვავე ეპიგლოტიტი, უვეიტი (ნაქის შეშუპება), ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს სინდრომი), უცხო სხეულის ასპირაცია (გადაცდენა).

 

გაფრთხილდით!

კრუპის სინდრომი შეტევის მოხსნის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს სირბილის, ხტუნვის, სიცილის, ტირილის, გაღიზიანების დროს. ის ხმაურიანი, სტრიდორული სუნთქვით ვლინდება. თუ სტრიდორულმა სუნთქვამ მსგავსი დატვირთვის გარეშეც იჩინა თავი, ეს სიცოცხლისთვის საშიში დაავადების ნიშანია. სათანადო მკურნალობის გარეშე შესაძლოა სასუნთქი გზების ობსტრუქცია განვითარდეს. მწვავე რესპირაციული ინფექციების სეზონი უკვე დადგა. თუ ბავშვს ადრეც ჰქონია კრუპის შეტევა, ესე იგი ის კრუპის განვითარებისკენ არის მიდრეკილი. ამიტომ შეამჩნევთ თუ არა ავადმყოფობის პირველ ნიშნებს - უგუნებობას, უმადობას, სურდოს, ხმის ჩახლეჩას, მიიღეთ შემდეგი ზომები:

  • დაძინებამდე 15-20 წუთით ადრე დაატენიანეთ ბავშვის საწოლი ოთახის ჰაერი - ოთახში ელექტროქურაზე პატარა ქვაბით შემოდგით სოდიანი წყალი და ადუღეთ. დაელოდეთ, ვიდრე ორთქლი ოთახში კარგად დატრიალდება.
  • მოარიდეთ ბავშვი ცივ ჰაერს. ნუ გაუშვებთ თბილი ოთახიდან აივანზე ან ეზოში.
  • არ მისცეთ ცივი სითხე, გაზიანი გამაგრილებელი სასმელი.
  • ძილის წინ გაუკეთეთ ფეხის თბილი აბაზანა.

შეიძლება ცივი ორთქლის ინჰალატორის შეძენა და ეპინეფრინის ინჰალაციების ჩატარებაც, მაგრამ მაინც სჯობს, ეს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს, რადგან ეპინეფრინის ზედოზირება არტერიული წნევის მომატებას იწვევს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კრუპისთვის დამახასიათებელი ნიშნების ტრიადას:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • ხმაურიანი სუნთქვა;
  • მყეფავი, მშრალი ხველა.

ამ ნიშნების შემჩნევისთანავე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან თავად წაიყვანეთ პატარა სპეციალიზებულ საავადმყოფოში.ცრუ კრუპის განვითარების საფრთხე ასაკის მომატებასთან ერთად გაივლის. თუ მან დროდადრო მაინც შეგვახსენა თავი, საჭიროა ჩატარდეს ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და ბავშვს დაუწესდეს ინფექციონისტის მეთვალყურეობა, რათა ასთმა არ გამოგვეპაროს. გასათვალისწინებელია გენეტიკური განწყობაც. ირჩევთ, პატარა გააკაჟოთ წყლის პროცედურებით, სპორტით, ზომიერი დატვირთვით, დასასვენებლად კი მთაში წაიყვანოთ.