რა არის მეტეორიზმი?

მსოფლიო მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ისეთი შეგრძნებები როგორიცაა: გაზების დაგროვება, დაჭიმულობა, შებერილობა. ბევრისთვის ეს ჩივილები ასოცირებულია დიდი რაოდენობით საკვების მიღებასთან ან სპეციფიკური საკვების მიღებასთან (მაგ. ბოსტნეული), და როგორც წესი, წყდება სპონტანურად და არ საჭიროებს ვიზიტს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა, სხვებისთვის კი, მუცლის შებერილობა არის ქრონიკული და უარყოფით გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
შებერილობის გავრცელება მერყეობს 16%-დან 31%-მდე საერთო მოსახლეობაში და 66%-90% პაციენტებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით. ქალებში, როგორც წესი, უფრო ხშირია შებერილობა ვიდრე მამაკაცებში, ხოლო გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებს ყაბზობით, აქვთ უფრო მაღალი სიხშირე, ვიდრე დიარეით.
მუცლის შებერილობა არ არის სპეციფიკური სიმპტომი - ამ დროს ვერ ვიფიქრებთ რომელიმე კონკრეტული დაავადების არსებობაზე, ამიტომ დიაგნოსტიკას ხშირად ეტაპობრივი ხასითი აქვს. პაციენტის ანამნეზისა და კვლევების შეფასების საფუძველზე უნდა გაეცეს პასუხი მთავარ კითხვას:
ფუნქციურია თუ ორგანული ეს პათოლოგია?
რა არის მუცლის შებერილობა?
მუცლის შებერილობა არის გაზების დაგროვების შეგრძნება, რომლის გამომწვევი მიზეზია გაზების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნა და/ან არასათანადო გამოყოფა. ეს ვლინდება მუცლის მიდამოში დაჭიმულობის, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნებით, ასევე, შესაძლოა, თან ახლდეს მუცლის ტკივილი, ყურყური (ხმაურიანი მუცელი), ბოყინი, გულისრევის შეგრძნება, ხოლო ამ ყველაფრის ობიექტური გამოვლინებაა მუცლის გარშემოწერილობის გაზრდა, რომელსაც ხშირად აქვს ეტაპობრივი ხასიათი, იწყება დღის პირველ ნახევარში, ხოლო პიკს აღწევს საღამოს საათებში, ღამის საათებში მუცლის გარშემოწერილობა უბრუნდება ნორმას.
რა არის კუჭის და ნაწლავური გაზი?
ნორმის შემთხვევაში, ადამიანში კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ჩვეულებრივ შეიცავს 100-დან 200 მლ-მდე გაზს, რაც ასახავს საჭმლის მონელების დროს აირების წარმოქმნის დინამიკურ პროცესს. გაზები შეიძლება მოხვდეს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კვების დროს (აეროფაგია - ჰაერის გადაყლაპვა), საკვები ნივთიერებებისა და ბაქტერიების ფერმენტიზაციის შედეგად.
გამოიყოფა კუჭისა და ნაწლავური გაზი, აირების შემადგენლობა ნაწილობრივ ხსნის მათ წარმოშობას: აზოტი (NN2) ჩვეულებრივ მოდის გადაყლაპული ჰაერზე; წყალბადი (HH2) წარმოიქმნება ნახშირწყლების ბაქტერიული ფერმენტაციის შედეგად; ნახშირორჟანგი (CO2) წარმოიქმნება ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ბაქტერიული ფერმენტაციის შედეგად; მეთანი (CH4) წარმოიქმნება ანაერობული ბაქტერიული მეტაბოლიზმის დროს. ნაწლავური მიკრობიოტა ბაქტერიები, როგორიცაა ბაქტეროიდები, რუმინოკოკები, როზბურია, კლოსტრიდია, ეუბაქტერია ყველაზე გავრცელებული მიკრობებია, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ნაწლავის გაზების წარმოქმნაზე.
- საკვები პროდუქტების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულია ნაწლავური აირების წარმოქმნასთან არის: პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, ზოგიერთი ადამიანისთვის რძის პროდუქტები. საკვების ეს ჯგუფები მდიდარია დაუშლელი ნახშირწყლებით, როგორიცაა რაფინოზის ოჯახის ოლიგოსაქარიდები: ფრუქტანები, პოლიოლები და ზოგიერთი ადამიანისთის ლაქტოზა. ეს ნახშირწყლები ფერმენტირებულია მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების მიერ, რომლებიც წარმოქმნიან გაზებს პირდაპირი ან ჯვარედინი დუღილის შედეგად.
რომელი დაავადებების არსებობისას გვხვდება მეტეორიზმი?
ორგანული პათოლოგიები, რომლის დროსაც ხშირია მეტეორიზმი:
- ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომი (SIBOO);
- ლაქტოზა, ფრუქტოზას და სხვა კარბოჰიდრატების აუტანლობა;
- შეცვლილი ნაწლავური მიკრობიოტა (დისბიოზი);
- გასტროპარეზი (კუჭის მოტორული დისფუნქცია რომლის დროსაც შეფერხებულია კუჭის დროული დაცლის პროცესი, ხშირია დიაბეტის პარკინსონისა და სხვა ავადმყოფოფების დროს);
- გასტროეზოფაგალური ოპერაციები (მაგ ბარიატრია, ფუნდოპლიკაცია);
- ჰიპოთირეოზი;
- დივერტიკულური დაავადება;
- ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა);
- Helicobacter Pylor-თან ასოცირებული გასტროდუოდენიტი და წყლულოვანი დაავადება და ასევე არაასოცირებული;
- ქალებში ხშირად გვხვდება გინეკოლოგიური დაავადებების დროს (მაგ. ენდომეტრიოზი);
- ყაბზობა და დიარეა;
- ენტერობიოზები;
- სიმსუქნე;
- გასტროენტერიტი და კოლიტი;
- ნაწლავის ფსევდოობსტრუქცია;
- ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის ქრონიკული დაავადებები;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმისვნეები.
თავის ტვინსა და ნაწლავებს შორის ნერვული სიგნალების კოორდინაციის დარღვევის შედეგად გამოწვეული დაავადებები, როგორებიცაა:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ფაღარათით ან ყაბზობით მიმდინარე;
- ქრონიკული იდიოპათიური შეკრულობა;
- ფუნქციური დისპეპსია;
- ფუნქციური შებერილობა;
- მენჯის ფსკერის დისფუნქცია.
თუ ჩატარებული კვლევებით ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიები გამოირიცხება მეტეორიზმი უკვე დიაგნოსტირდება, როგორც ფუნქციური პათოლოგია, რომელიც, როგორც წესი, გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოტორიკის დარღვევით, რომლის მიზეზიც არ არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანული პათოლოგია. ამიტომ ფუნქციური მეტეორიზმის დიაგნოსტიკას თავისი კრიტერიუმები აქვს.
ზოგადი რეკომედაციები:
მეტეორიზმი ხშირია ასევე არასწორი კვების რეჟიმისა და არააქტიური ცხოვრებისას. შესაბამისად, რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვებითი რეკომენდაციების დაცვა, ხშირ შემთხვევაში კი ნუტრიციოლოგის ჩართულობაც საჭიროა.
პროდუქტები რომლებიც იწვევენ შებერილობას:
- რძე და რძის პროდუქტები;
- მაღალი ცხიმიანობის ხორცი;
- პარკოსნები;
- ცომეული;
- ტკბილეული;
- კომბოსტო;
- კოფეინი;
- ალკოჰოლი (განსაკუთრებით ლუდი);
- გაზიანი სასმელები;
- ხილი (ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი).
რეკომენდაციები:
- საკვების მიღება დღეში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებით;
- მოერიდეთ ცხიმებით და ნახშირწყლებით მდიდარ დიეტას;
- ცხიმები რთული მოსანელებელია, დიდხანს ყოვნდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ამიტომ ამ დროს შებერილობა, შესაძლოა, გაგრძელდეს დიდხანს.
- რეკომენდებულია დაბალნახშირწყლოვანი დიეტა (ფერმენტირებადი ოლიგოსაქარიდები, დისაქარიდები, მონოსაქარიდები და პოლიოლები);
- მოერიდეთ სწრაფად ჭამას, საკვების მიღების დროს სითხის დალევას რადგან ამ დროს მეტი რაოდენობით იყლაპება ჰაერი. საკვების მონელება იწყება პირის ღრუდან, ამიტომ აუცილებელია საკვების კარგად დაღეჭვა.
- სასმელები, ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოთ ძირითადი კვებიდან 1–1,5 საათის შემდეგ.
მეტეორიზმის მკურნალობა გაცილებით ეფექტურია მაშინ, როცა გამომწვევი მიზეზი არის დიაგნოსტირებული.
სოფიო ბაჩილავა
ავერსის კლინიკის გასტროენტეროლოგ-ინფექციონისტი
R