ართროზი

დღეს მსოფლიოში ართროზით მილიონობით ადამიანია დაავადებული. ახალგაზრდა პაციენტებს შორის მამაკაცები ჭარბობენ, ხანში შესულებს შორის კი ქალები. 45 წლისთვის ეს დაავადება მოსახლეობის 2%-ს აქვს, 45-დან 64 წლამდე - 30%-ს, 65 წლიდან კი 63-85%-ს. ართროზი ყველაზე ხშირად მტევნისა და ტერფის, ხერხემლის კისრისა და წელის განყოფილებათა სახსრებს (სპონდილოართროზი) აზიანებს, თუმცაღა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების სიმძიმის მიხედვით პირველ ადგილს მენჯ-ბარძაყის (კოქსართროზი), მუხლის (გონართროზი), ტერფისა და მხრის სახსრის ართროზები იკავებს. დაავადების შესახებ რევმატოლოგი ნინო ჩრდილელი გვესაუბრება.
- რა არის ართროზის მთავარი მიზეზი?
- ართროზი მექანიკური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია, რომლებიც არღვევენ სახსრის შემადგენელი კომპონენტების ნორმალურ შემადგენლობასა და ფუნქციებს, რაც შესაძლოა ინიცირებული იყოს გენეტიკური, ევოლუციური, მეტაბოლური და ტრავმული ფაქტორებით.
ართროზის დროს ზიანდება სახსრის ყველა ქსოვილი, სასახსრე ხრტილი იწყებს დარბილებას, გათხელებას, გაფაშრებას, ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები - ოსტეოფიტები და სუბქონდრული კისტები. ყოველივე ვლინდება ართრალგიით - ტკივილით, მოძრაობათა შეზღუდვით, მორეციდივე სინოვიტით, სახსარში მიმდინარე ლოკალური ანთებითი პროცესით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
არსებობს პირველადი და მეორეული ართროზი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა, ართროზი პირველადად ანუ იდიოპათიურად მიიჩნევა,
მეორეულ ართროზს კი აქვს გამომწვევი მიზეზი - იგი ვითარდება ტრავმის, ენდოკრინული ან ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ფორმის მოშლილობის შედეგად. დაავადება მულტიფაქტორული და პოლიეტიოლოგიურია. მას სამი ძირითადი დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესი იწვევს: ტრავმა, დისპლაზია და ანთება.
სახსრის ტრავმა ართროზის ყველაზე ხშირი მიზეზია. მეორე ადგილზეა სახსრის დისპლაზია - თანდაყოლილი თავისებურებანი სახსრის ცუდი ბიომექანიკური თვისებების სახით. მესამე ადგილს ანთება იკავებს, რომელიც იწვევს სახსრის ქსოვილთა დაზიანებას და მეორეული ართროზის ჩამოყალიბებას. ყველაზე ხშირად ეს აუტოიმუნური დაავადებების (რევმატოიდული ართრიტი, ინფექციური პროცესით განპირობებული სახსრის ჩირქოვანი ანთება, გამოწვეული სტაფილოკოკით ან სხვა სპეციფიკური ინფექციით: გონორეით, სიფილისით, ტკიპისმიერი ენცეფალიტით და სხვა) დროს ხდება.
- როგორ ვითარდება დაავადება?
- განურჩევლად მიზეზისა, დაავადება ყოველთვის სამ სტადიად მიმდინარეობს.
პირველ, საწყის სტადიაზე სახსრის ქსოვილთა მორფოლოგიური ცვლილებები გამოხატული არ არის. ამ დროს შეცვლილია მხოლოდ სინოვიური გარსის ფუნქცია და სითხის ბიოქიმიური შედგენილობა. სახსარი კარგავს განსაზღვრული დატვირთვისას ჩვეული წინააღმდეგობის უნარს, რასაც თან სდევს ანთება და ტკივილის სინდრომი.
მეორე სტადიაზე უკვე სახსრის ხრტილი ზიანდება. ძვლის სასახსრე ფართობზე ოსტეოფიტები ჩნდება, მეორე სტადია აუცილებლად გადადის მესამეში, რომელსაც ყველაზე მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს; სახეზეა კარგად გამოხატული სახსრის დეფორმაცია, დამოკლებულია მყესები, რაც სახსრის პათოლოგიურ მოძრაობას ან მოძრაობათა მკვეთრ შეზღუდვას - კონტრაქტურას იწვევს. ქრონიკულ ანთებას თან სდევს ქრონიკული ტკივილის სინდრომი. საწყის სტადიაზე კუნთები, რომლებიც სახსრის მოძრაობას განაპირობებს, სუსტდება, მაგრამ უცვლელი რჩება, მეორე სტადიაზე უკვე მათ ფუნქციათა რღვევაც იწყება, მესამეზე კი ისინი ისე ზიანდება, რომ კუნთების შეკუმშვათა ამპლიტუდა და მყესკუნთოვანი კომპლექსის ძვლებზე მიმაგრების წერტილებიც კი იცვლება, რაც კუნთების დამოკლებას, მათ დაჭიმვას და სრულად შეკუმშვის უნარის დაქვეითებას იწვევს.
- კლინიკურად როგორ ვლინდება ართროზი?
- კლინიკური გამოვლინებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მექანიკური ხასიათის ტკივილი, დილის შებოჭილობა 30 წუთის განმავლობაში, მოძრაობათა მოცულობის შემცირება და სახსრის ფუნქციურ შესაძლებლობათა დაქვეითება.
პაციენტები აღნიშნავენ სახსარზე მტკივნეული წერტილებისა და შემკვრივებების არსებობას, უჩივიან სახსრების კრეპიტაციას - ხმაურს, ტკივილს მოძრაობისას. ზომიერი ანთება სახსარში დაჭიმულობისა და არასტაბილურობის შეგრძნებას ბადებს.
თუ პაციენტი აღნიშნავს ოსტეოფიტების არსებობას, სახსრების ტკივილს, რომელიც იწყება დღის ბოლოს და ღამის პირველ ნახევარში, აგრეთვე მექანიკური დატვირთვის შემდგომ და მცირდება სახსრის მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლისას, უკვე შესაძლებელია ართროზზე ეჭვის მიტანა.
თუ თავდაპირველად ტკივილი პერიოდულია, თავს იჩენს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის შემდგომ და მალე გაივლის, დაავადების პროგრესირების პარალელურად იგი ძლიერდება, აღარც მოსვენებისას ქრება და თავს უკვე ღამის საათებშიც კი იჩენს.
დიაგნოზის დაზუსტებისას მნიშვნელოვანია ისიც, როგორია ტკივილი ღამის განმავლობაში, სიარულისას, ჯდომისას, არის თუ არა დილის შებოჭილობა, ძლიერდება თუ არა ტკივილი 30 წუთის განმავლობაში ფეხზე დგომისას ან რამდენად არის შეზღუდული სიარული ჩვეული დისტანციის გავლისას.
- როგორია დაავადების შედეგი?
- ართროზის შედეგია სახსრის სრული რღვევა, ანკილოზი - სახსრის სრული უმოძრაობა - ან ნეოართროზი - არაბუნებრივი მოძრაობის მქონე სახსრის ფორმირება, რასაც თან სდევს კიდურთა ფუნქციების მოშლა.