პრობლემები და ფსიქოლოგიური დახმარება

.
"ჩემს შეყვარებულს ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვს, გამუდმებით ეცვლება განწყობილება. არ უყვარს, მზრუნველობას რომ იჩენენ მის მიმართ, თუმცა დახმარებას საჭიროებს. საქმე ის არის, რომ ინვალიდია მხედველობის მხრივ. უკვე ორი წელია ერთად ვართ, მაგრამ არ მაძლევს საშუალებას, გამოვუტყდე სიყვარულში და თვითონაც არ საუბრობს გრძნობებზე. ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევა: მაგალითად, ჩვენ ერთად ვიცინით რამეზე, რამდენიმე წამში უეცრად იცვლება და უხეშად მელაპარაკება ან მექცევა. როგორ მოვიქცე?"
მარიკა, 28 წლის
- თქვენი მეგობარი საკუთარ თავში, "შიგნით" აგროვებს ემოციებს, რომლებიც გამოხატვას, ”გარეთ” გამოტყორცნას საჭიროებს, სწორედ ამიტომ სიცილთან ერთად ხდება წყენის, გაღიზიანების, ცხოვრებით უკმაყოფილების გამოხატვა. უთხარით, რას განიცდით მის მიმართ, როგორია თქვენი მისდამი დამოკიდებულება. როცა საკუთარ თავში იკეტება, უთხარით: ”მე ვხედავ, რომ ცუდად ხარ, რაღაც გაწუხებს”. შეეცადეთ, ასწავლოთ საკუთარი გრძნობების გამოხატვა და თქვენი მეგობარი უფრო გაწონასწორებული გახდება.
"გულგრილი ვარ ინტიმური ურთიერთობის მიმართ. თავის შეკავება რაიმე ზიანს ხომ არ მომიტანს? გათხოვილი გახლდით, ახლა განქორწინებული ვარ. ქმართან სიახლოვეს მუდმივად გავურბოდი, არც ახლა მაქვს სქესობრივი ურთიერთობის სურვილი და მოთხოვნილება. მუსლიმანურ წეს-ჩვეულებებზე ვარ აღზრდილი და ვფიქრობ, რომ სხვა მამაკაცი არ მეყოლება... მავნებს თუ არა ინტიმური ცხოვრებისგან თავშეკავება?"
ნარგიზი, 26 წლის
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- სამედიცინო ლიტერატურაში წერია, რომ ინტიმური ურთიერთობისგან ხანგრძლივი თავშეკავების დროს მცირე მენჯის მიდამოში წარმოიშობა გარკვეული შემაფერხებელი მოვლენები - ირღვევა სისხლის ცირკულაცია აღგზნების დროს მისი დიდი ოდენობით მიწოდებისას, როცა განმუხტვა არ ხდება. ამ უსიამოვნო მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელია სპორტით. უფრო რთულია სექსზე ფიქრის თავიდან ამოგდება. ის დისკომფორტს ქმნის. თუ ტემპერამენტი და რელიგიური რწმენა ხელს გიწყობთ იმაში, რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ სექსზე ფიქრით, ასეთ შემთხვევაში თავშეკავება ზიანს არ მოგაყენებთ.
"უკვე რამდენიმე თვეა ვხვდები ერთ ბიჭს და მასთან ვმეგობრობ. ვხედავ, რომ გულგრილი არ არის ჩემ მიმართ, მინიშნებებითა და გადაკრული სიტყვებით მაგრძნობინებს, რომ პირველი ნაბიჯი მე უნდა გადავდგა და ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავა. მე კი არ მესმის და არც ვიცი, რა უნდა გავაკეთო ამისთვის."
ქეთი, 22 წლის
- მინიშნება საკმაოდ ფაქიზი რამ არის იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ერთმნიშვნელოვნად გაიგო. ხშირად ადამიანები ”მრავალმნიშვნელოვან” გამოხედვებსა და ”ორაზროვან” სიტყვებს ისე გებულობენ, როგორც მათ სურთ. თუ ამ ყმაწვილთან ნამდვილად მეგობრობთ, უმჯობესია პირდაპირ ჰკითხოთ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს თქვენი მომავალი ურთიერთობის განვითარებას. ასეთი საუბარი დიდი სიახლოვისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
"ერთი ბიჭი მიყვარს, მაგრამ ვშიშობ, რომ ძალიან მცირე შანსი მაქვს, დავაინტერესო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მსუქანი ვარ, მეორე - კომპლექსიანი ვარ, მესამეც - ის არც ისე კარგად მიყურებს, რადგან ადრე მის მეგობარს ვხვდებოდი, რომელიც ალბათ ჩემზე კარგს არაფერს ეტყვის... არადა, ნამდვილად ვიცი, რომ ამ ბიჭს ძალიან მოსწონს ჩემი სახე. ღირს თუ არა, რაიმე მოვიმოქმედო?"
ნინი, 22 წლის
- თქვენ მიერ დასახელებული ერთადერთი პლუსი ვერ გადაწონის სამ მინუსს. ამიტომ, თუ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ამ ყმაწვილის გული უნდა დაიპყროთ, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. უმჯობესია, თუ მეორე ნაკლიდან - კომპლექსებიდან დაიწყებთ. თავდაჯერებული უნდა იყოთ, ნებისყოფა გამოიმუშაოთ, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვაში, რათა მოიშოროთ ზედმეტი წონა, დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ბევრი ღირსება გაქვთ, სიმპათიური სახის გარდა. ყველაფერი ეს კი დაგეხმარებათ დანარჩენი ორი პრობლემის მოგვარებაში. როცა ადამიანს მოსწონს საკუთარი თავი, მას აქვს ყველა შანსი, მიიპყროს გარშემო მყოფთა ყურადღება.
"ჩემი უმცროსი და მოზარდია. გარდატეხის ასაკში იპოვა და წაიკითხა ჩემი დღიური. ძალიან ინტიმური და პირადი ამბების შესახებ მქონდა ჩანაწერები. ურთიერთობის გარკვევის დროს მშობლების თანდასწრებით ახსენა ამბავი, რომელიც დღიურში მქონდა ჩაწერილი - შედეგად ყველა ერთმანეთს წავეჩხუბეთ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, აღარ მინდა მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება. ვხვდები, რომ ყველაფერი სიბრიყვით გააკეთა, მაგრამ შინაგანად წყენისგან ყველაფერი მტკივა, თითქოს ცეცხლი მიკიდია."
ირინა, 17 წლის
- ალბათ შეძლებდით თქვენი დის პატიებას, მას რომ გულწრფელად მოეხადა თქვენთვის ბოდიში. ალბათ არ ესმის, რა ძლიერ გაწყენინათ, ყველაზე ”მტკივნეულ ადგილას” შეგეხოთ. ეს გულგრილობა გაცოფებთ და არ გაძლევთ საშუალებას, დაივიწყოთ ეს უსიამოვნო ინცინდენტი. ეცადეთ, თავად მოაგვაროთ ყველაფერი: ისარგებლეთ უფროსი დის უფლებით და აუხსენით, რომ მართალი არ იყო. პირდაპირ უთხარით, რა მძიმე იყო თქვენთვის ის განცდები, რომლის შესახებაც მან ღიად და დამცინავად ილაპარაკა. ალბათ, ამის შემდეგ თავისი საქციელის გამო პატიებას გთხოვთ. გარდა ამისა, თქვენი წვლილიც შეიტანეთ მის აღზრდაში, ამით თავსაც დაიზღვევთ მსგავსი სიტუაციებისგან მომავალში.