დავეხმაროთ ერთმანეთს
-
სალბი - კლიმაქსის წამალი
50 წლისას კლიმაქსი დამეწყო. წამოხურებებმა ძალიან შემაწუხა. ხალხში გამოჩენისა მრცხვენოდა - როცა ყველას სციოდა, მე, გაწითლებული და ოფლიანი, გრილი ჰაერისა და ცივი წყლის ძებნაში ვიყავი. კლიმაქსის საწინააღმდეგო უამრავი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმხანად მათი ყიდვის საშუალება არ მქონდა, ამიტომ ხალხური მეთოდები მოვსინჯე და მივაგენი ერთ მეთოდს, რომელმაც ცხოვრება საგრძნობლად გამიადვილა.
აიღეთ 1 ს. კ. მშრალი, დაქუცმაცებული სალბი (ბალახი), დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და კიდევ 1-2 წუთი ადუღეთ. სვით ჩვეულებრივ ჩაისავით ჭამის დროს - დილით, ნაშუადღევს და საღამოს. მკურნალობის კურსი 12-15 დღეა. კურსის შემდეგ საჭიროა 1-2-კვირიანი შესვენება, მერე კი შეგიძლიათ მკურნალობა განაგრძოთ.
-
კუჭიდან სისხლდენის დროს
კარგა ხანს მტკიოდა კუჭი. შიმშილს ხომ საერთოდ ვერ ვიტანდი. ცალკე გულძმარვა მკლავდა... სატკივარი უმთავრესად გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმწვავდებოდა. ერთ დღეს გულისრევის შეგრძნებას პირღებინება მოჰყვა. ღონემიხდილმა ძლივს გავარჩიე, რომ მასა ყავისფერი იყო. ძალიან შემეშინდა და სასწრაფოდ ექიმთან მივედი. აღმომაჩნდა თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლმდინარე წყლული, მაგრამ საავადმყოფოში დარჩენა ვერ მოვახერხე და შინ, ხალხური მეთოდებით ვცადე მკურნალობა. მდგომარეობა გამომისწორდა, სისხლდენაც შეწყდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა ხელს აღარაფერი მიშლიდა, კიდევ ერთხელ მივმართე ექიმს და მკურნალობის სრული კურსი ჩავიტარე, მაგრამ სისხლდენა არც მკურნალობამდე და არც მკურნალობის შემდეგ აღარ გამმეორებია. მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ:
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით ჭინჭრის, მრავალძარღვასა და ფარსმანდუკის ფოთლები და სელის თესლი, აურიეთ ერთმანეთში, 1 ს. კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ნახევარი საათით დააყენეთ. მიიღეთ ცივი, თითო სუფრის კოვზი 30 წუთში ერთხელ.
-
ნიახური და მისი სამკურნალო თვისებები
ნიახურის წვენი ოდითგანვე მიიჩნეოდა ძალისა და ენერგიის წყაროდ. მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი საამქროში, სადაც მაღალი ტემპერატურა იყო. ოფლი ღვარად მდიოდა და საშინლად ვსუსტდებოდი, სამუშაოდან დაბრუნებულს ერთხანს აღარაფრის თავი არ მქონდა. მეგობარმა, თავისი ექიმის რჩევით, შემომთავაზა, ნიახურის წვენი მესვა. დავიწყე მისი მიღება და ძალ-ღონე მართლა მომემატა, მადაც მომივიდა. აი მიღების წესიც:
- მიიღეთ ახალგამოწურული ნიახურის წვენი - რამდენიმე ჩაის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს.
ძალიან კარგია ასეთი ნარევებიც:
- ნიახური, სტაფილო და ჭარხალი;
- ნიახური, სტაფილო და ბოლოკი;
- ნიახური და პომიდორი.
-
თუ ციკლი დაგერღვათ
მინდა, ძვირფას ქალბატონებს ვასწავლო, როგორ მოიქცნენ მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.
- აიღეთ საღამო ხანს 2 ს. კ. ალუბლის ქერქი, ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დილით გადაწურეთ, გაყავით ოთხ ულუფად და მიიღეთ ჭამამდე ერთი საათით ადრე.
- ხახვის ფურცელი მოხარშეთ 3 ლიტრ წყალში. ვიდრე წყალი მუქი წითელი არ გახდება, ქურიდან ნუ გადმოდგამთ. გააცივეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით ან საღამოს, უზმოზე.
თუ მენსტრუაცია გაგიხანგრძლივდათ, აიღეთ 100 გ მუხის ფოთოლი, დასხით თეთრი შემაგრებული ღვინო და დადგით თბილ, ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ.
-
მაკურნებელი ხილი
ხილი რომ ძალიან სასარგებლოა, ყველამ ვიცით. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მას მაკურნებელი ძალაც ჰქონია. მაგალითად, მსხალი მდიდარია ტანინით - ნივთიერებით, რომელსაც შემბოჭავი მოქმედება ახასიათებს. ახალმოკრეფილი მსხალი აჩქარებს ნაწლავთა პერისტალტიკას, მაგრამ ნამდვილი სამკურნალო თვისებები აქვს არა ქორფა ხილს, არამედ ჩირს.
ამ რამდენიმე ხნის წინ კუჭ-ნაწლავმა შემაწუხა. მიჭირდა კუჭის მოქმედება. დავიტანჯე კაცი. ჩემი გასაჭირი რომ შევჩივლე, მეზობელმა მსხლის ჩირი მირჩია. თქვენ წარმოიდგინეთ, მომიხდა. მას შემდეგ, როცა შეკრულობა ისევ შემაწუხებს, ამავე რეცეპტით ვმკურნალობ. ჩემი მეზობლის რეცეპტი ასეთია:
- მსხლის ჩირისგან მოხარშეთ კომპოტი ან, უბრალოდ, დაასხით წყალი, დააყენეთ მთელი ღამით და დილით მიირთვით.
-
გულის ფრიალის დროს დინდგელი მოიშველიეთ
მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისაც უმნიშვნელო მღელვარების დროსაც კი გული უჩქარდება. დროთა განმავლობაში ეს გულის ფრიალი მუდმივი გახდა და ძალიან შემაწუხა. სადღაც ამოვიკითხე, გულის აჩქარებას დინდგელი და კუნელი უხდებაო, ვსინჯე და მართლა მომიხდა. მინდა, ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.
- შეიძინეთ აფთიაქში დინდგელის 30%-იანი ნაყენი, დაამატეთ კუნელის წვეთები, თანაფარდობით 1:1, და ორი კვირის განმავლობაში დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ 30-30 წვეთი. კურსს რომ დაასრულებთ, 3 თვით შეისვენეთ და გაიმეორეთ.
-
ბუასილსაც აჯობებთ
დიდი ხნის წინ მასწავლეს ქრონიკული ბუასილის სამკურნალო საშუალება, რომელსაც სიამოვნებით გასწავლით თქვენც.
- აგვისტოს ბოლოს, 15-20-დან, დაკრიფეთ, უფრო სწორად, ფესვიანად ამოიღეთ მიწიდან ტყის მარწყვი (ბაღისა არა). გადაარჩიეთ, რომ ბალახი არ შეჰყვეს, 15 ძირი (ფესვიან-ფოთლიანად) გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში, მომინანქრებულ ქვაბში. ადუღეთ 10-15 წუთი, შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ნახევარი ღვინის ჭიქა 1 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გააგრძელოთ. შედეგი გასაოცარია.
-
მათთვის, ვისაც ხელ-ფეხი უბუჟდება
ღამით ძლიერ მიბუჟდებოდა ხელ-ფეხი, ქუსლებიდან მუხლებამდე მამტვრევდა. უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მივედი, მაგრამ კეთილმა ხალხმა მასწავლა ხალხური საშუალება, რომელსაც ძალზე ვემადლიერები.
- შეაგროვეთ შემოდგომაზე კრაზანის ბუდეები, დაჭყლიტეთ, 100-150 გრამს დაასხით იმდენი სპირტი, რომ დაფაროს (სპირტი წინასწარ 55 გრადუსამდე გააზავეთ) და 10 დღე გააჩერეთ, თან დღეში 2-ჯერ ანჯღრიეთ. როგორც კი ნაყენი მუქ ყავისფერს მიიღებს და ზეთოვანი გახდება, მისი გამოყენება შეიძლება. ამ ნაყენით ძილის წინ დაიზილეთ ხელ-ფეხი. 15 წუთში ტკივილი გაგიყუჩდებათ და მშვიდად დაიძინებთ.
-
ფეხის სოკო უექიმოდ მოვირჩინე
გეცოდინებათ, რა მოურჩენელი ჭირია ფეხის სოკო, მაგრამ მე მოვირჩინე, თანაც უექიმოდ. გიგზავნით რეცეპტს - ვინ იცის, რამდენ ხალხს აწუხებს და ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, იქნებ მათაც გამოადგეთ.
- გაუზავებელი ვაშლის ძმრით დაასველეთ ბამბის ქსოვილი (ხელოვნური არა!) და გაუწურავად დაიფინეთ იმ ადგილზე, სადაც სოკო გაქვთ. ეს პროცედურა დღეში 6-ჯერ უნდა ჩაიტაროთ თანაბარი ინტერვალებით. საფენების შეწყვეტის საჭიროებას თავად იგრძნობთ.
ფეხსაცმელები ძმრიანი ტილოთი დაიმუშავეთ და კარგად გააშრეთ.
-
მარილებისგან ორგანიზმის გასაწმენდად
უკვე რამდენიმე წელია, მაწუხებს ოსტეოქონდროზი და სახსრების ტკივილი. ათასნაირი მკურნალობა ჩავიტარე, მაგრამ დროდადრო ისეთი ტკივილები მომივლიდა, განძრევაც კი მიჭირდა. მას შემდეგ, რაც მზესუმზირას ფესვების ნახარშის სმა დავიწყე, თითქოს ხელახლა დავიბადე.
- მოსავლის აღების შემდეგ უნდა მოაგროვოთ მზესუმზირას ფესვები, კარგად გარეცხოთ და გააშროთ. დაანამცეცოთ, 1 ჭიქას დაასხათ 3 ლ წყალი და ადუღოთ 5 წუთი, გადაწუროთ და მიიღოთ დღეში თითო ლიტრი, როცა გნებავთ.
მოხარშული ფესვები არ გადაყაროთ - შეინახეთ მაცივარში. მათი გამოყენება კიდევ ორჯერ შეიძლება. მეორე მოხარშვისას 10 წუთი უნდა ადუღოთ, მესამე მოხარშვისას - 15 წუთი. გამოდის, რომ 1 ჭიქა ფესვისგან 9 ლ ნახარშის მომზადებაა შესაძლებელი და ეს ნახარში 9 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. ნახარში ძალიან გემრიელია, მე მას წყლის მაგივრად ვსვამ ხოლმე, ოღონდ გაითვალისწინეთ: ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღოთ. ორთვიანი კურსის შემდეგ სახსრები თითქოს უფრო მოქნილი გამიხდა, ტკივილები გამიყუჩდა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად შევძელი დახრა, კისრის თავისუფლად მობრუნება. ასე მგონია, გავახალგაზრდავდი.