რატომ ირღვევა ციკლი
- ქალბატონო ნინო, როგორ ხდება ქალის ორგანიზმში მენსტრუალური ციკლის რეგულაცია?
- მენსტრუალური ციკლი საშვილოსნოდან პერიოდული სისხლდენაა, გამოწვეული სქესობრივად მომწიფებული ქალის ორგანიზმში რიტმულად მიმდინარე ნერვულ-ენდოკრინული, ჰისტოვასკულარული ცვლილებებითა და საშვილოსნოს შეკუმშვით. გრძელდება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე. არეგულირებს თავის ტვინის ქერქი და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები.
ციკლის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია: 60%-ს 27-28-დღიანი აქვს, 30%-ს - 20-21-დღიანი, ხოლო 9-10%-ს - 30-35-დღიანი. მოწიფული ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ციკლის ორი ფუნქციური ფაზა: პირველი - ფოლიკულური ანუ პოსტმენსტრუალური (მენსტრუაციის შემდგომი), როდესაც დიდი ოდენობით გამოიყოფა ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი FSH და მეორე - პროგესტერონული ანუ პრემენსტრუალური (მენსტრუაციამდელი), როდესაც ჭარბობს მალუთეინიზირებელი LH ჰორმონის გამოყოფა. ამ ორ ფაზას შორის მიჯნას კი წარმოადგენს ოვულაცია - მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა, როდესაც ფოლიკულიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუსკენ მიემართება.
პირველი მენსტრუაცია, მენარქე, როგორც წესი, 10-12 წლის ასაკში იწყება. 15-16 წლის ასაკში დაწყებულ მენსტრუაციას დაგვიანებულს უწოდებენ.
- რამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა?
- სხვადასხვა მიზეზმა, მათ შორის - ორსულობამ, შარდსასქესო ორგანოების განუვითარებლობამ ან განვითარების მანკმა, საშვილოსნოს სიმსივნურმა ახალწარმონაქმნმა, ენდოკრინულმა, ნერვულ-ფსიქიკურმა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებებმა, ტრავმულმა დაზიანებამ, არახელსაყრელმა ეკოლოგიურმა პირობებმა.
- რა სახით შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა?
- მენსტრუალური ფუნქციის დარღვევებია: პირველადი ამენორეა, მეორეული ამენორეა, ოლიგოამენორეა, პირველადი და მეორეული დისმენორეა, მენორაგია და პრემენსტრუალური (მენსტრუაციამდელი) სინდრომი. ამენორეა მენსტრუაციის არარსებობაა. გამოყოფენ მის ორ ტიპს - პირველადს და მეორეულს.
პირველადია ამენორეა, როდესაც ქალს მენსტრუაცია არასოდეს ჰქონია. ამის მიზეზია გონადების დისგენეზია (ქრომოსომული ანომალია), ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევა (როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური წარმოშობისა), ანატომიური ანომალია - არაპერფორირებული საქალწულე აპკი.
გოგონამ გამოკვლევა უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ:
- 16 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ მოსვლია მენარქე;
- 14 წლის ასაკში არ გამოვლენილა სქესობრივი მომწიფების ნიშნები - სარძევე ჯირკვლების ზრდა, სქესობრივი გათმიანება;
- მეორეული სასქესო ნიშნების გამოვლენიდან 3 წლის განმავლობაში არ მოსვლია მენარქე;
- ასაკთან შეუსაბამოა სიმაღლისა და წონის მაჩვენებელი.
ამ შემთხვევაში საჭიროა ექოსკოპიური, ქრომოსომული და ჰორმონული გამოკვლევა.
მეორეული ამენორეაა მენსტრუაციის არარსებობა 6 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში ნორმალური ან დარღვეული მენსტრუალური ციკლის ფონზე. ის შეიძლება გამოწვეული იყოს: ორსულობით; სხეულის მასის დაკარგვით ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვით; საკვერცხეების პოლიკისტოზით; ნაადრევი მენოპაუზით; ჰიპერპროლაქტინემიით; ფსიქოემოციური დარღვევებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა, FSH და LH ჰორმონების, ასევე TSH-ის, FT4-ის, პროლაქტინის გამოკვლევა, ექოსკოპიის ჩატარება ენდომეტრიუმის სისქისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის გამოსაკვლევად.
დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მენსტრუალური ციკლის არარსებობას, როდესაც მომატებულია პროლაქტინი და FSH (ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი). პოლიკისტოზური საკვერცხეების მქონე ქალებს მომატებული აქვთ ესტროგენები, რაც მოწიფულ ასაკში ქმნის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ან კარცინომის განვითარების საფრთხეს. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად ნაჩვენებია ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება.
ნაადრევი მენოპაუზის დროს, რომელიც სტრესულ მდგომარეობას იწვევს, საჭიროა დამხმარე ჰორმონთერაპია ესტროგენებით. საკვერცხეების პირველადი უკმარისობის ფონზე მკურნალობით ხდება მისი აღდგენა და მომავალში - დაორსულებაც.
ოლიგოამენორეა - იშვიათი მენსტრუაციაა, რომელიც საკვერცხეების პოლიკისტოზით არის გამოწვეული.
საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა ხშირად მემკვიდრეობითია. დამახასიათებელია არარეგულარული მენსტრუაცია 6 კვირაში ერთხელ ან წელიწადში რამდენიმეჯერ, პირსუტიზმი ანდროგენების მომატების ფონზე (პაციენტების 25%-ში), ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და მდგრადობა ინსულინის მიმართ, აკნე სახეზე, მკერდსა და ზურგზე, უნაყოფობა. საჭიროა ექოსკოპიური და ჰორმონული გამოკვლევა.
ოლიგოამენორეის მქონე პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კარცინომა, ამიტომ ექიმის ჩვენებით აუცილებელია ორალური კონტრაცეპტივების ან ჰესტაგენების მიღება მენსტრუაციის მაგვარი რეგულარული სისხლდენის აღსაძვრელად.
- მტკივნეულ მენსტრუაციაზე რას გვეტყვით?
- დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია - არის პირველადი და მეორეული.
პირველადი დისმენორეა ანუ ფუნქციური დისმენორეა ციკლურად მიმდინარე პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ორგანული ცვლილებები არ შეინიშნება. იგი აღმოცენდება მენარქეს პერიოდიდან ან ოვულაციური ციკლის ჩამოყალიბებიდან 1-2 წლის შემდეგ.
მეორეული დისმენორეა, იგივე შეძენილი დისმენორეა, ორგანული დისმენორეა, გამოწვეულია შემდეგი დაავადებებით: გარეთა და შიგნითა გენიტალური ენდომეტრიოზით, საშოსა და საშვილოსნოს განვითარების მანკებით, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებებით, საშვილოსნოს მიომით, საშვილოსნოსა და მისი დანამატების სიმსივნეებით, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესებით და სხვა.
ენდომეტრიოზის დროს ტკივილებთან ერთად შეიმჩნევა მენსტრუალური სისხლის სიჭარბე, ტემპერატურისა და ედს-ის მატება. ანთებითი და ტუბერკულოზური ეტიოლოგიის დისმენორეისთვის დამახასიათებელია ტკივილის აღმოცენება მოსალოდნელ მენსტრუაციამდე 1-3 დღით ადრე, რაც გრძელდება 2-3 დღე.
ანთება შესაძლოა გამოწვეული იყოს გონოკოკით, ურეაპლაზმითა და მიკოპლაზმით, ქლამიდიით. თუ დისმენორეა ტუბერკულოზური წარმოშობისაა, მისთვის დამახასიათებელია უღონობა, მუცლის ყრუ ტკივილი, რომელსაც კონკრეტული ლოკალიზაცია არ გააჩნია, განსაკუთრებით - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ტუბერკულოზური ტოქსინები აზიანებენ მორეგულირე სასქესო ცენტრებს, ანეიტრალებენ სასქესო ჰორმონებს და იწვევენ უმწიფარი ფოლიკულების ატრეზიას. მენსტრუალური ციკლის დარღვევები ამ შემთხვევაში გამოვლინდება ჰიპომენორეით, ამენორეითა და მეტრორაგიით.
მკურნალობა საჭიროა როგორც სპეციფიკური, ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. თუ მკურნალობის ეს სახეები უეფექტო აღმოჩნდა, საჭიროა ლაპაროსკოპია.
- რა შეიძლება იყოს ჭარბი მენსტრუაციის მიზეზი?
- მენორაგიის ანუ ჭარბი მენსტრუაციის მიზეზი ხშირად არის საშვილოსნოს მიომა, 50%-ში - სუბმუკოზური, ასევე - საშვილოსნოსშიგა პოლიპი, სპირალი, ენდომეტრიოზი, ადენომიოზი, დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან, სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევა - თრომბოციტოპენია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.
- რას წარმოადგენს პრემენსტრუალური სინდრომი და როგორ ვუმკურნალოთ?
- პრემენსტრუალური სინდრომი მენსტრუალური სისხლდენის დარღვევაა, რომლის გამომწვევი ფაქტორებია ნეიროინფექცია, სტრესული სიტუაცია, გართულებული აბორტი და მშობიარობა, ტრავმა და ოპერაციული ჩარევა.
პრემენსტრუალური სინდრომი პათოლოგიურ სიმპტომთა კომპლექსია, რომელიც ვლინდება ნეიროფსიქიკური, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. ძირითადად გამოყოფენ პრემენსტრუალური სინდრომის 4 ფორმას: ნეიროფსიქიკურს, შეშუპებითს, ცეფალურსა და კრიზულს.
ნეიროფსიქიკურ სინდრომს ახასიათებს ემოციური ლაბილობა, გაღიზიანება, უძილობა, აგრესია, აპათია, სისუსტე, ადვილად დაღლა, მეხსიერების დაქვეითება, სექსუალური დარღვევები, შიშის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, მუცლის შებერილობა.
შეშუპებითი ფორმისთვის დამახასიათებელია სახის, ტერფის, ხელის თითების შეშუპება, მასტოდინია, კანზე გამონაყარი, ქავილი, წონის მატება, შეკრულობა, სახსრებისა და თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა.
ცეფალური ფორმისთვის ნიშნეულია თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, თავბრუხვევა, ტკივილი გულის არეში, უძილობა.
კრიზულ ფორმას ახასიათებს არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ტკივილები გულის არეში (ეკგ-ზე ცვლილებები არ აისახება). შეტევები ხშირად მთავრდება დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფით. როგორც წესი, კრიზი აღმოცენდება გადაღლილობის ან სტრესის ფონზე.
დიაგნოსტიკის ობიექტური მეთოდები არ არსებობს. მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას, ჰორმონთერაპიას, სედაციურ, ანტიჰისტამინურ და ჰომეოპათიურ, შარდმდენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და სხვა საშუალებებს.