შობადობის რეგულირების მეთოდები ჰორმონული კონტრაცეფცია
არასასურველი ორსულობის გამო ყოველწლიურად 50 მილიონზე მეტი ქალი იკეთებს აბორტს. აბორტის გართულებები უშუალოდ უკავშირდება ქალთა სიკვდილობას. აბორტის უსაფრთხო ალტერნატივა არის კონტრაცეფცია. რუბრიკის ფარგლებში განვიხილავთ სწორედ კონტრაცეფციის მეთოდებს. თემას წარმოგიდგენთ ორ ნაწილად. დღეს გაგაცნობთ კონტრაცეფციის მიზნებს, მეთოდის შერჩევის პრინციპებს, ჰორმონულ კონტრაცეფციას, მის ფორმებს, ნაკლოვანებებს, ღირსებებს, შესაძლო გართულებებს. მოგცემთ სასარგებლო პრაქტიკულ რჩევებს კონკრეტული მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. რუბრიკას უძღვება ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი.
– როგორია მსოფლიო სტატისტიკა კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით და რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში? რამდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია კონტრაცეფციის გამოყენება?
– მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ორსულობების 25% მთავრდება ხელოვნური აბორტით. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, აბორტს უკავშირდება დედათა სიკვდილობის 4.7%-13.2%.
საქართველოში ყოველი მესამე ორსულობა აბორტით მთავრდება. კვლავ აქტუალური რჩება სელექციური აბორტების პრობლემა, როდესაც მშობლებს შვილისათვის „განაჩენი“ მხოლოდ იმიტომ გამოაქვთ, რომ მისი სქესი არ არის მათთვის სასურველი.
80-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში აბორტების მაჩვენებლი 300. 000-დან 23. 000-მდეა შემცირებული. ეს ყოველივე კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების დანერგვის დამსახურებაა, რაც ჟორდანიას ინსტიტუტის და მისი დირექტორის, პროფესორ არჩილ ხომასურიძის სახელს უკავშირდება. ამ პერიოდში საქართველოში კონტრაცეფციის გამოყენება 0-დან 60%-მდე გაიზარდა.
მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის (15-49 წელი) ქალების 44% იყენებს კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებს, 4% კი ორსულობისაგან თავს იცავს ტრადიციული მეთოდებით.
აბორტი ქალთა ავადობისა და ინვალიდობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნლოვანი ფაქტორია. მას უკავშირდება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები, უშვილობა, ორსულობის თვითნებური შეწყვეტა, ფსიქოლოგიური პრობლემები, დეპრესია და ა.შ. ამდენად, ხელოვნურ აბორტებთან ბრძოლა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა.
აბორტებთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება სწორედ კონტრაცეფციაა.
– განმარტეთ, რას ნიშნავს სიტყვა კონტრაცეფცია, რა დანიშნულება აქვს კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენებას.
– კონტრაცეფცია ინგლისურიდან ითარგმნება როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო და ამიტომაც, კონტრაცეფციის მეთოდებს ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებსაც უწოდებენ. მათ სხვა სინონიმებიც აქვს – შობადობის რეგულირებისა და ოჯახის დაგეგმვის მეთოდები.
კონტრაცეფციის მთავარი დანიშნულება არასასურველი ორსსულობისაგან თავის დაცვაა და ამდენად, ის ეხმარება წყვილს დაგეგმოს ორსულობა სასურველ დროს, ჰყავდეს შვილების სასურველი რაოდენობა, დაიცვას ინტერვალები ორსულობებს შორის.
კონტრაცეფცია ხელოვნური აბორტის უსაფრთხო ალტერნატივაა და ეხმარება წყვილს ჰარმონიულ ურთიერთობაში.
– კონტრაცეფციის რა მეთოდები არსებობს და რომელია ყველაზე პოპულარული მათ შორის?
– ორსულობისაგან თავის დასაცავად ადამიანები უძველესი დროიდან მიმართავდნენ სხვადასხვა საშუალებებს. დღეს, ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, ხელმისაწვდომია კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ჰორმონული კონტრაცეფცია, ქალისა და მამაკაცის ქირურგიული სტერილიზაცია.
კონტრაცეფციის მეთოდები სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით დაყოფილია ჯგუფებად. შეუქცევადია კონტრაცეფცია, რომლის გამოყენების შემდეგ ქალს ან მამაკაცს ბუნებრივი გზით აღარ შეუძლია ჰყავდეს შვილი (ქალისა და მამაკაცის ქირურგიული სტერილიზაცია). შექცევადია მეთოდები, რომელთა გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ქალს ან მამაკაცს აღუდგება შვილოსნობის ფუნქცია (ჰორმონული კონტრაცეფცია, საშვილოსნოსშიგა საშუალებები, ბარიერული მეთოდები და ა.შ.). ჩვენ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე განვიხილავთ.
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ გამოყენების მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მეთოდია ქალის ქირურგიული სტერილიზაცია (24%), მამაკაცის კონდომი (21%), საშვილოსნოსშიგა საშუალებები (17%) და ჰორმონული აბები (16%).
– რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს კონტრაცეფციის იდეალური მეთოდი, რა ძირითადი მოთხოვნები არსებობს?
– იდეალური კონტრაცეფციის ცნება თავისთავად არასწორია, რადგან უნივერსალური კონტრაცეპტივი არ არსებობს. ყოველი კონკრეტული წყვილისათვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს „იდეალური“, ანუ შესაფერისი კონტრაცეპტივი.
მთავარი კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მეთოდი, ის არის, რომ იყოს სანდო და ეფექტური, საიმედოდ იცავდეს ქალს არასასურველი ორსულობისგან. მეორე კრიტერიუმი არის ის, რომ იყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ნაკლებად გამოხატული გვერდითი მოვლენებით, მესამე – ხასიათდებოდეს კარგი ამტანობით და კომფორტული იყოს გამოსაყენებლად, მეოთხე – იყოს შექცევადი, ანუ მისი გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შვილოსნობის ფუნქცია მაშინვე აღდგეს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დამატებითი სასარგებლო ეფექტები, რაც კონტრაცეფციის ბევრ მეთოდს გააჩნია. სწორედ ამის გამო, ჰორმონული კონტრაცეპტივები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა გინეკოლოგიური და ენდოკრინული დაავადებების სამკურნალოდ.
– რა არის გასათვალისწინებელი კონტრაცეფციის მეთოდის არჩევისას?
– კონტრაცეფციის მეთოდის არჩევის დროს გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი: წყვილის ასაკი, სქესობრივი ცხოვრების სიხშირე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები, მავნე ჩვევები – თამბაქოს, ალკოჰოლის გამოყენება, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, რელიგიური და კულტურული შეხედულებები, სურვილები და ა.შ.
კონტრაცეფციის მეთოდი უნდა აირჩიოს წყვილმა შესაბამისი კონსულტირების შემდეგ, რომლის დროსაც ექიმი მაქსიმალურად მიაწვდის მათ ინფორმაციას მეთოდების შესახებ და დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.
– რას გვეტყვით ჰორმონულ კონტრაცეფციაზე, რა სახის მეთოდები არსებობს?
– ჰორმონული კონტრაცეფცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია, წარმოდგენილია აბების, ინიექციების, კანის პლასტირების, კანქვეშა იმპლანტების, ვაგინალური რგოლებისა და საშვილოსნოსშიგა საშუალებების სახით.
შემადგენლობის მიხედვით ჰორმონული კონტრაცეფცია შეიძლება იყოს კომბინირებული, სადაც შედის ორი კომპონენტი – ქალის ძირითადი სასქესო ჰორმონების, ესტროგენებისა და პროგესტერონის სხვადასხვა სინთეზური ანალოგები და მხოლოდ პროგესტრონშემცველი კონტრაცეფცია.
– რა მექანიზმებით იცავს ჰორმონული კონტრაცეფცია ქალს ორსულობისაგან?
– ჰორმონული კონტრაცეფცია ერთ-ერთ ყველაზე მაღალეფექტური მეთოდია, ის საიმედოდ იცავს ქალს არარსასურველი ორსულობისაგან. მთავარი მექანიზმი არის ოვულაციის დათრგუნვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენების ფონზე არ მწიფდება კვერცხუჯრედი და შესაბამისად ვერ მოხდება განაყოფიერება. ჰორმონული კონტრაცეფცია მოქმედებს საშვილოსნოს ყელის ლორწოზეც, ცვლის მის თვისებებს, რის გამოც ფერხდება მამაკაცის სასქესო უჯრედების – სპერმატოზოიდების შეღწევა საშვილოსნოში. ჰორმონული კონტრაცეფციის გამოყენების ფონზე საშვილოსნის შიგნითა გარსი გათხელებულია, რაც არახელსაყრელია ემბრიონის მიმაგრებისათვის.
– არსებობს მოსაზრება, რომ კომბინირებული ორალური აბების გამოყენება იწვევს კიბოს განვითარებს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? რა საფრთხეები არსებობს და რა არის გასათვალისწინებელი მათი გამოყენებისას?
– უპირველესად მინდა აღვნიშნო – მოსაზრება, თითქოს ჰორმონული აბები კიბოს განვითარებას იწვევს, მცდარია. პირიქით, მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჰორმონული კონტრაცეფციის გამოყენების ფონზე მნიშვნელოვნად მცირდება საკვერცხის, საშვილოსნოს შიგნითა გარსის, სწორი ნაწლავის კიბოს რისკი. გარკვეული საფრთხეები არსებობს მხოლოდ იმ ქალების სარძევე ჯირკვლებზე, რომელთა პირველი რიგის ნათესავებს (დედა, დეიდა, ბებია, მამიდა) აღენიშნება სარძევე ჯირკვლის კიბო.
კომბინირებული ჰორმონული აბების დანიშვნას ძალიან ვერიდებით, თუ ქალს აქვს მიდრეკილება თრომბოზებისკენ და ახლო ნათესავებსაც აქვთ ეს პრობლემა.
საყურადღებოა 35 წელზე მეტი ასაკი და სიგარეტის გამოყენება, სიმსუქნე, არტერიული წნევის ციფრების მატება. კომბინირებულმა ჰორმონულმა კონტრაცეფციამ შეიძლება გაამწვავოს შაკიკი.
– რა არის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა ჰორმონული აბების გამოყენებისას? როგორ მოვიქცეთ ამ დროს? როგორ მოქმედებს ჰორმონული კონტრაცეფცია წონაზე?
– ჰორმონული კონტრაცეფციის ფონზე გვერდითი მოვლენების განვითარება ხშირი არ არის, აღინიშნება გამოყენების პირველ თვეებში და ინდივიდუალურია. ტიპურია გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, დეპრესია, მადის გაძლიერება, სარძევე ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა, საშოდან სისხლიანი ჩამონაშალი. ჰორმონული კონტრაცეფციის ფონზე შეიძლება აღინიშნოს წონის მატება, თუმცა, ეს დაკავშირებულია მადის მომატების გამო ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებასთან.
თუ გვერდითი მოვლენები არ ქრება და ძალიან შემაწუხებელია, შესაძლებელია მოხდეს კონტრაცეპტივის შეცვლა სხვა შემადგენლობის აბებით, მათ შორის ესტროგენის უფრო დაბალი შემცველობის აბებით. ქალებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღების ფონზე აკონტროლონ მადა, რომ არ მოიმატონ წონა.
– რა უპირატესობებით ხასიათდება ჰორმონული კონტრაცეფცია?
– ჰორმონულ კონტრაცეფციას ბევრი ღირსება აქვს, გამოხატული აქვს სამკურნალო ეფექტები, რის გამოც ფართოდ გამოიყენება რეპროდუქციულ და გინეკოლოგიურ პრაქტიკაში.
კომბინირებული აბების გამოყენების ფონზე ხდება მენსტრუაციული ციკლის რეგულირება, მენტრუაციული ტკივილის კუპირება, ჭარბი მენსტრუაციის შემცირება, რაც მნიშვნელოვანია ანემიის (დაბალი ჰემოგლობინის) შემთხვევებში. ჰორმონული აბები ეფექტურია ჭარბთმიანობის და აკნეს სამკურნალოდ, ფოლიკულური ცისტების არსებობისას. მათი გამოყენების ფონზე მცირდება სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების განვითარების ალბათობა და ა.შ.
– როგორ უნდა მოხდეს აბების სწორად მიღება?
– ფიზიოლოგიურად გამართლებულია, რომ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება ქალმა დაიწყოს მენსტრუციული ციკლის მე-5 დღიდან (1-5 დღის განმავლობაში). კონტრაცეპტივების უმრავლესობა 21 აბით არის წარმოდგენილი, თუმცა, ზოგიერთი თანამედროვე კონტრაცეპტივის შემადგენლობაში არის 28 აბი. აბების მიღება უნდა ხდებოდეს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ერთი ან ორი აბის დავიწყების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ გამოტოვებული აბები, როგორც კი გაგვახსენდება, და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ დანარჩენების მიღება. სამი და მეტი აბის გამოტოვების შემთხვევაში იწყება მენსტრუაციისმაგვარი გამონადენი და პრეპარატის გაგრძელებას აზრი არ აქვს.
– რა შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ პროგესტერონშემცველი აბები, რა ნაკლოვანებებით ხასიათდებიან ისინი და როგორია მათი მიღების წესი?
– მხოლოდ პროგესტერონის შემცველ აბებს სუფთა პროგესტინებსაც უწოდებენ. მათი გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ესტროგენის მიღება უკუნაჩვენებია. ეს მეთოდი მინი-პილის სახელით არის ცნობილი, რადგან შეიცავს პროგესტერონის სხვადასხვა სინთეზურ ანალოგს ძალიან მცირე დოზებით. მეძუძურ დედას მინი-პილი შეუძლია გამოიყენოს მშობიარობის შემდეგ მაშინვე, ის არ მოქმედებს რძის რაოდენობასა და ხარისხზე.
მხოლოდ პროგესტერონშემცველი აბების მიღების ფონზე ხშირია მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, სისხლიანი ჩამონაშალის არსებობა მენსტრუაციათაშორის ინტერვალში.
აბები უნდა მიიღონ ყოველდღე, უწყვეტად, ერთსა და იმავე დროს, მათ შორის მენსტრუაციის დღეებში.
– დაახასიათეთ ჰორმონული კონტრაცეფციის ყველა მეთოდი ცალ-ცალკე. რა არის ინიექციური კონტრაცეფცია?
– ინიექციური კონტრაცეფცია, აბებისაგან განსხვავებით, მიეკუთვნება გახანგრძლივებული მოქმედების ჰორმონულ კონტრაცეფციას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეპარატის ერთჯერადი ინიექციის შემდეგ ქალი ორსულობისაგან დაცულია 1-3 თვის განმავლობაში. ინიექციური კონტრაცეფცია შეიძლება იყოს კომბინირებული და მხოლოდ პროგესტერონის შემცველი. მოქმედების მექანიზმი, გვერდითი მოვლენები, ნაკლოვანებები მეტ-ნაკლებად საერთო აქვს ყველა ჰორმონშემცველ კონტრაცეპტივს. მეთოდი მისაღებია გულმავიწყი ქალებისათვის, ვისთვისაც რთულია ყოველღიურად აბების მიღება. მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის (ძვლის სიმყიფის დაქვეითება, რაც იწვევს მოტეხილობებს) რისკი. ეს პრეპარატები აგრეთვე გამოიყენება გინეკოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
– რა არის კანქვეშა იმპლანტები, როგორ ხდება მათი გამოყენება?
– კანქვეშა იმპლანტები წარმოდგენილია ჰორმონშემცველი სილიკონის კაფსულებით, რომლებიც თავსდება მხარზე კანქვეშ. მიეკუთვნება გახანგრძლივებული მოქმედების პროგესტერონშემცველ კონტრაცეფციას. ამ მეთოდის გამოყენებისას ქალი დაცულია არასასურველი ორსულობისაგან 3-5 წლის განმავლობაში. გამოხატული გვერდითი მოვლენაა სისხლიანი ჩამონაშალი მენსტრუაციათა შორის ინტერვალში. იმპლანტის ჩადგმა და ამოღება მარტივი ხანმოკლე ქირურგიული მანიპულაციაა.
– რას წარმოადგენს კანის პლასტირები, რა უპირატესობები აქვს მას სხვა მეთოდებთან შედარებით?
– კანის პლასტირები შეიცავს ესტროგენს და პროგესტერონს დაბალი დოზებით, თავსდება კანის ზედაპირზე მუცლის, ბარძაყის ან დუნდულოს მიდამოში მენსტრუაციული ციკლის 1-5 დღეს. ქალი დაცულია ორსულობისაგან მთელი ციკლის განმავლობაში. ჰორმონული პლასტირების ფონზე ნაკლებადაა გამოხატული გვერდითი მოვლენები. მეთოდი კარგი ამტანობით ხასიათდება.
– რა არის ვაგინალური რგოლები, როგორ ხდება მათი გამოყენება?
– ვაგინალური რგოლები მიეკუთვნება კომბინირებულ ჰორმონულ კონტრაცეფციას, ეს არის სილიკონის რგოლი მასში მოთავსებული ესტროგენით და პროგესტერონით. ორგანიზმში ჰორმონები გამოთავისუფლდება ყოველდღიურად მცირე დოზებით. რგოლი საჭიროა მოთავსდეს საშოში მენსტრუაციული ციკლის მე-5 დღეს და ამოიღონ 21 დღის შემდეგ. ქალი დაცულია ორსულობისაგან მთელი თვე. ამ მეთოდის გამოყენება ხელს არ უშლის სქესობრივ ცხოვრებას, ნაკლებად აქვს გამოხატული გვერდითი მოვლენები.
კანის პლასტირებისა და ვაგინალური რგოლების ღირებულება შედარებით მაღალია.
– რას გვეტყვით საშვილოსნოსშიგა საშუალებებზე, რა არის საშვილსნოსშიგა სისტემა?
– საშვილოსნოსშიგა საშუალებები კონტრაცეფციის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. ის მიეკუთვნება გახანგრძლივებული მოქმედების კონტრაცეფციას, თავსდება საშვილოსნოს ღრუში, ქალი ორსულობისაგან დაცულია 3-7 წლის განმავლობაში. საქართველოში მას „სპირალის“ სახელით იცნობენ.
საშვილოსნოსშიგა საშუალებები არის ორი სახის – ინერტული მეტალისაგან დამზადებული და ჰორმონშემცველი. ინერტული მეტალისაგან დამზადებული „სპირალები“ სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა.
საშვილოსნოშიგა საშუალებების გამოყენების დროს არსებობს პერფორაციისა (საშვილოსნოს ღრუს დარღვევა) და ინფიცირების რისკი. ამიტომ, აუცილებლია ქალის წინასწარ გინეკოლოგიური გასინჯვა, საშოს ფლორის გამოკვლევა. დაუშვებელია პროცედურის ჩატარება გენიტალიების ანთებითი პროცესების, ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის ან სხვა სახის დაზიანების არსებობისას. ეს შეიძლება გახდეს აღმავალი ინფექციისა და ანთების დამატებითი წყარო.
ჰორმონშემცველი საშვილოსნოშიგა სისტემა მიეკუთვნება გახანგრძლივებული მოქმედების ჰორმონულ კონტრაცეფციას, შეიცავს პროგესტერონის სინთეზურ ანალოგს – ლევონორგესტრელს, რომელიც ყოველდღიურად მცირე დოზებით გამოთავისუფლდება. გარდა იმისა, რომ ის იცავს ქალს არასასურველი ორსულობისაგან, გააჩნია სამკურნალო ეფექტები. საშვილოსნოსშიგა ჰორმონული სისტემა ამცირებს ჭარბ მენსტრუაციულ გამონადენს, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიურ პროცესებს. ხშირ შემთხვევებში ის ქირურგიული პროცედურის ალტერნატივაა.
საშვილოსნოსშიგა ჰორმონშემცველი სისტემა კონტრაცეფციის ერთ-ერთი ძვირად ღირებული მეთოდია.