კვება მუცლადყოფნის პერიოდიდან მოწიფულობამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება მუცლადყოფნის პერიოდიდან მოწიფულობამდე

ნაყოფის ღვიძლი შედარებით დიდია და მისი მარჯვენა წილის კიდე ნეკნთა რკალს სცილდება. ნაყოფის ნაწლავში წარმოიქმნება მეკონიუმი (პირველი განავალი), ლორწოვან გარსში ვითარდება ჯირკვლები და იწყება ფერმენტების გამომუშავება. ნაყოფი ყლაპავს სანაყოფე წყლებს, რომელთა თხევადი ნაწილი შეიწოვება, ხოლო მკვრივი ნაწილაკები მეკონიუმს ემატება. ეს უკანასკნელი შედგება წყლის, ნაღვლის, ეპიდერმისის ქერცლის, ნაყოფის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტისა და ნაწლავის ეპითელიუმის ჩამოფცქვნილი უჯრედებისგან. გარეგნულად მეკონიუმი წარმოადგენს სქელ მოყვითალო მასას.

ნაყოფის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებიც, თუმცა ნაყოფის საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციას ცვლის პლაცენტა, რომლის საშუალებითაც საკვები ნივთიერებები დედის ორგანიზმიდან ნაყოფისაში ხვდება.

პლაცენტაში გამომუშავდება ფერმენტები, რომლებიც საკვებ ნივთიერებებს შლის. დედის სისხლში არსებული ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები განიცდის რთულ ფერმენტულ გადამუშავებას და პლაცენტის გავლით ნაყოფში გადადის იმ მდგომარეობაში, რომელიც ნაყოფის ორგანიზმისთვის ოპტიმალურია ასათვისებლად. ცილებისა და ნახშირწყლების დაშლის ზოგიერთი პროდუქტი (მაგალითად, ამინმჟავები, გლუკოზა), ასევე არაორგანული ნივთიერებები (რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და სხვა), მიკროელემენტები (სპილენძი, კობალტი, თუთია და სხვა) და წყალი პლაცენტაში აღწევს დიფუზიის გზით.

დედისგან ნაყოფში პლაცენტით გადადის ვიტამინებიც, რომლებიც აუცილებელია მზარდი ორგანიზმის განვითარებისა და ცხოველმყოფელობისთვის.

ამგვარად, ნაყოფის განვითარება მთლიანად დამოკიდებულია დედის ორგანიზმიდან მიღებულ საკვებ ნივთიერებებზე, ამიტომ რაციონალურ კვებას ორსულობის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო დედის ორგანიზმისთვის, არამედ მზარდი ნაყოფისთვისაც. ერთფეროვანმა და არასაკმარისმა კვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევა და სიკვდილიც კი.

ნაყოფის განვითარების დარღვევა და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა მოსალოდნელია აგრეთვე ორსულის ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის დროსაც. დედის საშვილოსნო არის უნიკალური მიკროსისტემა, რომელიც იცავს ნაყოფს და მუდმივად ეთანადება მის ცვალებად მოთხოვნებს. დედისა და ნაყოფის ორგანიზმები უნისონში მუშაობენ. ნაყოფის სისხლის ნებისმიერი მაჩვენებლის მცირედი ცვლილებაც კი მყისიერად იწვევს დედის ორგანიზმის კომპენსატორულ რეაქციას. ასეთი უკუკავშირი არის გარანტი იმისა, რომ ნაყოფს მიეწოდება ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა საკვები ნივთიერება, ვიტამინები და მინერალები. იმავდროულად, ეს უზრუნველყოფს ნაყოფის ორგანიზმიდან მისი ცხოველმყოფელობის პროდუქტების გამოყოფასაც.

ორსულის გაძლიერებული კვება, ნახშირწყლებითა და ცხიმებით დატვირთვა ასევე შეიძლება იყოს დიდი ნაყოფის განვითარების მიზეზი, რომლის გაჩენის პროცესშიც შესაძლოა რაიმე გართულებამ იჩინოს თავი.

როგორ გამოვკვებოთ ჩვილი

ყველა დედას სურს, მისი შვილი ჭკვიანი და ჯანმრთელი გაიზარდოს, ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძირითადი პირობა კი სწორი კვებაა. როგორი უნდა იყოს ბავშვის საკვები და რა კრიტერიუმით შევარჩიოთ ოპტიმალური კვების რეჟიმი ბავშვისთვის? ამის შესახებ გვესაუბრება ბავშვთა მე-5 პოლიკლინიკის ექიმი პედიატრი მარინა ბუხრაშვილი.

- ქალბატონო მარინა, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის სწორ კვებას მისი ზრდა-განვითარებისთვის?

- სწორი კვება ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ჰარმონიულ ფსიქოფიზიოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებაში. ბავშვის კვებაზე ზრუნვა იწყება მუცლადყოფნის პერიოდში, როდესაც ორსული ზუსტად ასრულებს მეან-გინეკოლოგის მითითებებს, იღებს საჭირო რაოდენობის ვიტამინებს, მინერალებს და მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს.

- ცნობილია, რომ არსებობს ბავშვების სხვადასხვა ტიპის კვება. რაში მდგომარეობს განსხვავება?

- ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში განასხვავებენ კვების სამ ტიპს: ბუნებრივს, შერეულსა და ხელოვნურს.

ბუნებრივი კვება, ანუ ძუძუთი კვება, ყველაზე სრულყოფილი კვებაა. ეს არის დედასა და ჩვილს შორის ბიოლოგიური კონტაქტის ერთადერთი მიზანშეწონილი გამოვლინება. ვერც ერთი ხელოვნური ნარევი, რა სრულყოფილიც უნდა იყოს იგი, ვერ შეედრება დედის რძეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის დაბადების შემდეგ დედას მუდმივად ჰქონდეს კავშირი პედიატრთან, მიიღოს მისგან სათანადო მითითებები და ზუსტად შეასრულოს ისინი. დაუშვებელია, დედამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს კვების შეცვლა, ანდა თვითნებურად შეარჩიოს ხელოვნური ნარევი.

- რა უშლის ხელს ბუნებრივ კვებას?

- დაბრკოლებამ შესაძლოა თავი იჩინოს როგორც დედის, ისე ჩვილის მხრიდანაც. მაგალითად, დედას შეიძლება ჰქონდეს ჰიპოგალაქტია, აგალაქტია (ანუ საკმარისად არ ჰქონდეს რძე, ანდა საერთოდ არ ჰქონდეს), ტუბერკულოზი, ეპილეფსია, პატარა ძუძუსთავები და სხვა; ბავშვს - განვითარების ანომალია, გულის მანკის მძიმე ფორმა და სხვა. ასეთ დროს ჩვილი გადაგვყავს ხელოვნურ კვებაზე.

- როგორ უნდა დაინიშნოს ხელოვნური კვება და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში?

- ხელოვნური კვების შერჩევისას, რომელსაც ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ პედიატრი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს:

  • ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებანი;
  • ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა;
  • ტოლერანტობა საკვებში შემავალი ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ და სხვა.

- რა შეიძლება მივიჩნიოთ სწორი კვების კრიტერიუმად - მიღებული საკვების რაოდენობა თუ სხვა რამეც?

- სწორი კვების კრიტერიუმია არა ის, რამდენი საკვები მიიღო ბავშვმა, არამედ როგორია დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება, განწყობა, ძილის ხანგრძლივობა და იმუნური განვითარება.

- რას ნიშნავს შერეული კვება და როდის უნდა გადავიყვანოთ ბავშვი ამ ტიპის კვებაზე?

- შერეული კვების მთავარი ჩვენება ჰიპოგალაქტიაა, რაზეც მიუთითებს ბავშვის წონის მატების შეჩერება ან წონის კლება, მოუსვენრობა, ცუდი ძილი. როგორც შერეული, ასევე ხელოვნური კვების სათანადო განხორციელებისთვის კარგად უნდა ვიცნობდეთ არა მარტო წონის მატების კანონზომიერებებს, არამედ ბავშვის კალორიულ მოთხოვნილებებსაც.

- რა ნაკლი აქვს ხელოვნურ კვებას?

- არსებობს გამოკვლევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს უფრო ხშირად ემართებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ახასიათებთ ნაკლები გამძლეობა ინფექციებისადმი, განვითარებით ჩამორჩებიან და სხვა, ბოლო ხანს კი ასეთ ბავშვებს შორის ჭარბწონიანობაც გახშირდა.

- ჩვენ აქამდე წლამდე ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობდით. როგორია ერთი წლის შემდეგ ბავშვთა კვების თავისებურებები?

- ერთი წლიდან შესამჩნევად იცვლება კვების რეჟიმი და რაციონი უფრო მრავალფეროვანი ხდება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერიოდი 1-დან 2 წლამდე, რომელსაც შეიძლება გარდამავალი კვების პერიოდი ვუწოდოთ. სწორედ ამ დროს უნდა მივაჩვიოთ ბავშვი შედარებით მკვრივი კონსისტენციის საკვებს.

დედებს დიდი მოთმინება მართებთ, რათა ბავშვს თანდათან გამოუმუშაონ საკუთარი ხელით ჭამის ჩვევა. სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ალერსითა და ღიმილით შეიძლება.

- როგორია ამ ასაკის ბავშვის რაციონი და რამდენჯერ უნდა მიიღოს მან საკვები?

- ამ პერიოდში ბავშვის რაციონში შედის როგორც ბოსტნეული, ასევე ხორცის ნაწარმი, ბურღულეული და რძე. ძალიან მნიშვნელოვანია კვების სწორი რეჟიმის დაცვა, ანუ კვება ოთხჯერადად, 4-5-საათიანი ინტერვალით.

- ორი წლიდან როგორ ვკვებოთ პატარა?

- ორი წლიდან ბავშვის რაციონი უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს, მასში ჩაირთოს უმი ხილ-ბოსტნეული. შეიძლება ძეხვი და ლორიც.

- როგორი უნდა იყოს მოწაფის რაციონი, იმ დატვირთვიდან გამომდინარე, რასაც ის სკოლაში განიცდის?

- სასკოლო ასაკის ბავშვები უკვე იღებენ მოზარდისთვის ჩვეულ შერეულ საკვებს. მოზარდის კვებისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ინდივიდუალური თავისებურებები, გემოვნება. თუ ბავშვს ჭარბი წონისკენ აქვს მიდრეკილება, უნდა შევუზღუდოთ ნახშირწყლები და ნაწილობრივ ცხიმებიც, ხოლო თუ სიგამხდრისკენ - პირიქით, მეტი ნახშირწყლოვანი საკვები მივცეთ.

- საუბრის დასასრულს, რას გვირჩევდით ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის?

- ბავშვის ნორმალური ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია სწორი, ბალანსირებული კვება, დადებითი ოჯახური ატმოსფერო. ბავშვმა უნდა მიირთვას სუფთა ოთახში, ასაკისთვის შესაბამისი ჩანგლითა და კოვზით. ამ დროს უფროსები მას ალერსიანად უნდა ეპყრობოდნენ, არ არის მიზანშეწონილი მისი დატუქსვა, მით უფრო - სხვა ბავშვის თვალწინ. შეიძლება, ჭამის დროს სასიამოვნო მუსიკაც მოვასმენინოთ. ბავშვს მარტო კვება კი არა, მისი მოლოდინიც დადებით ემოციას უნდა ჰგვრიდეს.


ზრდასრული ადამიანის კვების თავისებურებანი

ზრდასრული ადამიანის კვების რეჟიმისა და რაციონის შესახებ გვესაუბრება საქართველოს დიაბეტის ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი მაია ნიშნიანიძე.

- ქალბატონო მაია, როგორ უნდა იკვებოს ზრდასრული ადამიანი და რაზეა ეს დამოკიდებული?

- კვების ჯანსაღი რეჟიმი ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ფიზიკურ აქტივობასთან ერთად და საუკეთესო ხერხია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი და სხვა.

- ჯანსაღ კვებას ექიმები ხშირად ახსენებენ. რას ნიშნავს ეს?

- ჯანსაღი კვება გულისხმობს იმას, რომ საკვები მარტო გემრიელი კი არ უნდა იყოს, არამედ სასარგებლოც და ისე იყოს მომზადებული, რომ მასში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა აღემატებოდეს ისეთი უსარგებლო ან მავნე ნივთიერებებისას, როგორებიცაა მარილი, შაქარი და ნაჯერი ცხიმები.

- მოდი, კვების რეჟიმზე გადავიდეთ. დღეში რამდენჯერ უნდა ჭამოს ადამიანმა?

-რეკომენდებულია დღეში ექვსჯერ ჭამა სამი ძირითადი და სამი დამატებითი კვების სახით.

- რით არის საშიში საკვების იშვიათად მიღება?

- ვინაიდან ორგანიზმი ფიზიოლოგიურად მოითხოვს დღეში რამდენიმეჯერ კვებას, ამ რეჟიმის დარღვევას და დღეში ერთხელ ან ორჯერ კვებას, რაც ჩვენს რეალობაში ხშირია, სიმსუქნემდე და კვებასთან დაკავშირებულ სხვა დაავადებებამდე მივყავართ.

- რას უნდა შეიცავდეს რაციონი და როგორი თანაფარდობით?

- დღიური რაციონი, სასურველია, შეიცავდეს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს დაბალანსებულად, შემდეგი თანაფარდობით: ნახშირწყლები - 55, ცილები - 15%, ცხიმები - 30%.

- რა საკვებს უნდა ვერიდოთ?

- როგორც აღვნიშნე, უნდა ვერიდოთ მარილიან, შაქრიან და ნაჯერი ცხიმის შემცველ საკვებს.

- ცხიმები სულ მთლად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან?

- ცხიმი შესანიშნავი საკვები ნივთიერებაა, იგი განსაკუთრებულ გემოს აძლევს კერძს, საშუალებას გვაძლევს, ავითვისოთ ცხიმში ხსნადი ვიტამინები - A, D, E, K, რომლებიც აუცილებელია კანის, თვალების, გულის, სისხლძარღვების, ძვალსახსროვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ბუნებრივი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად და სისხლის ნორმალური შედედებისთვის.

დიახ, იგი ძალიან კალორიულია (1 გრამი - 9 კკალ), ამიტომ მისი წილი ყოველდღიურ რაციონში უნდა შემცირდეს, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო - უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხიმი სხვადასხვა სახისაა: ესენციური ცხიმები, “კარგი” ცხიმები, “ცუდი” ცხიმები და ცხიმები “არც აქეთ და არც იქით”.

მოდური დიეტური რეკომენდაციების ბრმად შესრულებისას ჩვენ ხშირად მეტისმეტად ცოტას ვიღებთ ესენციურ და “კარგ” ცხიმებს და მეტისმეტად ბევრს - “ცუდს”, ამიტომ ასეთი დიეტების მარგებლობა საკამათოა. მოწოდებები, რომლებიც მიგვითითებს: “ცხიმი ცუდია”, ასევე - ქოლესტერინით/ცხიმით ღარიბი პროდუქტების რეკლამები გვაბნევს და არავითარ სასარგებლო ინფორმაციას არ გვაწვდის, რადგან მათი გავლენით ბევრი აღარ იღებს საკვებს, რომელიც ცხიმიანად მიაჩნია, მაგალითად, თევზს.

- თქვენ მარილის შეზღუდვაც ახსენეთ. შეიძლება მის გარეშე არსებობა?

- მარილის გარეშე არსებობა შეუძლებელია, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ მისი მცირე რაოდენობით მოხმარებას. მართალია, მარილი საკვებს გემოს აძლევს, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი! მარილში ორი წილი ნატრიუმია და სამი წილი - ქლორი. ორივე ელემენტი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნატრიუმი სითხის ბალანსის ძირითადი რეგულატორია ორგანიზმში, თუმცა მისმა სიჭარბემ შეიძლება არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს, რაც ზრდის ინსულტის, გულის იშემიური დაავადების, თირკმლის პათოლოგიების განვითარების რისკს, განსაკუთრებით - დიაბეტის ფონზე.

მარილის ოდენობის შემცირება არტერიული წნევის დაქვეითებასაც იწვევს. გარდა ამისა, მარილიანი გემო შეძენილი თვისებაა; ასევე ადვილად შეიძლება ნაკლებმარილიანი საკვების მიჩვევა. ამისთვის სულ ორიოდე კვირა დაგჭირდებათ. ორგანიზმს დღე-ღამეში 180 მგ ნატრიუმი სჭირდება, მოზრდილი ადამიანი კი 3000 მგ-ზე მეტს იღებს. თანამედროვე დიეტური რეკომენდაციების თანახმად, ნატრიუმის სადღეღამისო ულუფა 1500 მგ-მდე, ანუ 2/3 ჩაის კოვზამდე უნდა შემცირდეს. კერძები, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ და მივირთმევთ: სოუსი, სუპი, მხალი, სოსისი, ძეხვი, ყველი, შემწვარი საკვები, - მარილის ძირითადი წყაროა. მათგან ვიღებთ ნატრიუმის სადღეღამისო ულუფის დაახლოებით 50-60%-ს, ანუ 2000 მგ-ს.

- როგორ გადავეჩვიოთ მარილის მოხმარებას?

- არ იჩქაროთ, მარილის რაოდენობა თანდათან შეამცირეთ, მიეცით ორგანიზმს საშუალება, მიეჩვიოს ახალ გემოვნებით შეგრძნებებს. ბევრი პროდუქტი თავისთავად იმდენად გემრიელია, რომ თქვენ არაჩვეულებრივ შეგრძნებათა გამას აღმოაჩენთ. თქვენზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა სასარგებლო გემრიელიც.

- რა ადგილი უნდა ეკავოს რაციონში სითხეს, კოფეინის შემცველ სასმელებსა და ალკოჰოლს?

- ადამიანმა დღეში საშუალოდ 1,5 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს. სასურველია, მისი უდიდესი წილი სასმელი წყალი იყოს (მინერალური წყალი თირკმელს ფუნქციურად ტვირთავს), დანარჩენი კი შეიძლება მივიღოთ ნებისმიერი სახით. ყავა, ისევე როგორც ალკოჰოლი, ზომიერი რაოდენობით სასარგებლოა, ხოლო ზომაზე ოდნავ მეტიც კი უკვე საზიანოა. მაგალითად, დღეში ნებადართულია: 2 ან 3 ფინჯანი ყავა, 2 კათხა ლუდი, 3 ჭიქა ღვინო და ა. შ., თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მათი კონცენტრაცია და შემადგენლობაც.

- ხომ არ არსებობს რაიმე სისტემა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გამოვთვალოთ, რამდენი კალორიაა ჩვენთვის ოპტიმალური?

- რა თქმა უნდა, არსებობს ფორმულები, რომლებიც ყოველ ადამიანს ინდივიდუალურად შეურჩევს კალორიების მისთვის ოპტიმალურ რაოდენობას და არსებობენ სპეციალისტებიც, რომლებიც კვალიფიციურ კონსულტაციებს გაუწევენ მსურველს.

- მარხვაში ირღვევა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ის ბალანსი, რომელზეც ზემოთ ისაუბრეთ. რა გავლენას ახდენს ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე?

- მარხვაში, მოგეხსენებათ, იკრძალება ცხოველური საკვები. ვინაიდან ძირითადად სწორედ ცხოველურ საკვებშია ცილები და ცხიმები, მარხვის დროს ასეთი ნივთიერებები თითქმის ვეღარ ხვდება ორგანიზმში და რეკომენდებული ბალანსი ირღვევა. შედეგად მარხვის დროს ორგანიზმი იფიტება, ძირითადად - ცილისგან.

- რომელი მცენარეული საკვებია ცილით შედარებით მდიდარი?

- ცილით მდიდარია სოკო, სოია და ლობიო, ამიტომ გირჩევთ, მარხვის პერიოდში - და სხვა დროსაც - უმთავრესად ეს პროდუქტები მიირთვათ.