დენსიტომეტრია - კვლევის თანამედროვე მეთოდი
ამ გამოკვლევით შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა, მისი მიმდინარეობისა და ხარისხის სარწმუნოდ შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ დენსიტომეტრი, გამოკვლევისთვის განკუთვნილი აპარატი, სულ ახალი შექმნილია, დენსიტომეტრიას როგორც კვლევის მეთოდს 60-წლიანი ისტორია აქვს.
საყურადღებოა ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ოსტეოპოროზი 21-ე საუკუნის ახალ ეპიდემიად არის დასახელებული.
არაინფექციურ დაავადებებს შორის გავრცელების მიხედვით მას მეოთხე ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ონკოლოგიური პათოლოგიისა და შაქრიანი დიაბეტის შემდეგ. 45 წელს გადაცილებული ქალების ჰოსპიტალიზაციის მიზეზი უმეტესად ოსტეოპოროზი და ამ პათოლოგიით განპირობებული მოტეხილობებია, წესისამებრ - ბარძაყის ძვლის ყელისა. ამრიგად, იოლი მისახვედრია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დენსიტომეტრიულ გამოკვლევას.
იმის თაობაზე, რას წარმოადგენს ეს კვლევა და როდის არის რეკომენდებული მისი ჩატარება, გვესაუბრება ქართულ-ამერიკული საოჯახო მედიცინის ცენტრის, კლინიკა “Medical House”-ის ექიმი ენდოკრინოლოგი, ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრი თინა იორდანიშვილი.
-
რა არის დენსიტომეტრია და რას გამოავლენენ ამ გამოკვლევით?
- დენსიტომეტრია წარმოადგენს ინსტრუმენტული კვლევის მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ადგენენ ძვლის მინერალურ სიმკვრივეს - ოსტეოპოროზის ხარისხს. არსებობს ძვლის სიმკვრივის განმსაზღვრელი სხვადასხვა მეთოდი და დანადგარი, რომელთაგან დღესდღეობით ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციომეტრი, იგივე DEXA (Dual-energy X-ray absorptiometry) დენსიტომეტრი.
-
როგორია გამოკვლევის არსი, მისი ჩატარების ძირითადი პრინციპი? რა პოზიციაში უტარდება გამოკვლევა პაციენტს, წინასწარი მომზადება ან რაიმე წესის დაცვა თუა საჭირო?
- კვლევა ეფუძნება რენტგენის სხივების გამოყენებას, თუმცა გამოსხივების ხარისხი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სტანდარტული რენტგენული კვლევის დროს, ამიტომ ეს მეთოდი პრაქტიკულად უსაფრთხოდ, მცირეინვაზიურად მიიჩნევა. კვლევა არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას, გადაღება წარმოებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
აპარატი ერთეულ მოცულობაში ითვლის ძვლოვან მასას, ადგენს სიმკვრივეს (BMD - Bone Mineral Density) გ/სმ2-ში, გვიწერს ქულას (T-score), ობიექტურ მაჩვენებელს, რომლის გამოანგარიშება ხდება პაციენტის მონაცემთა გათვალისწინებით და გვეუბნება, რამდენად არის გადახრილი ეს ქულა ნორმიდან, სტანდარტიდან.
კვლევის ჩატარებამდე პროგრამაში შეგვაქვს პაციენტის მონაცემები: სქესი, ასაკი, რასა, მენოპაუზის დაწყების ასაკი, წონა, სიმაღლე. სწორედ ამ მონაცემთა გათვალისწინებით ადგენს აპარატი ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითების ხარისხს კონკრეტული პაციენტისთვის.
T-ქულის დაქვეითება (-1)-მდე ნორმის ვარიანტად მიიჩნევა, (-1)-დან (-2,5)-მდე შეესაბამება ოსტეოპენიას - ძვლის გამოფიტვის საწყის სტადიას, ხოლო (-2,5) და ნაკლები ქულა - ოსტეოპოროზს, როდესაც უკვე მკვეთრად არის მომატებული მოტეხილობის რისკი.
ბარძაყის ძვლის ყელი და ხერხემლის წელის სეგმენტი ის ზონებია, საიდანაც უპირატესად იწყება ძვლის გამოფიტვის პროცესი. სწორედ აქ ვითარდება მოტეხილობა ყველაზე ხშირად მოხუცებულ ასაკში. ამის კვალობაზე, ამ ორი ზონის გადაღება (იშვიათად - წინამხრისაც) ყველაზე ინფორმაციულია და გვიქმნის ზოგად წარმოდგენას მთელი სხეულის ძვლოვან სისტემაზე.
თუ ამ ორ რეგიონში მინერალიზაციის პრობლემა არ გამოვლინდა, ავტომატურად გამოირიცხება ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება პერიფერიულ ძვლებშიც და პირიქით.
-
აქვს თუ არა რაიმე უკუჩვენება ან გართულება ამ გამოკვლევას?
- პაციენტის დასხივების ხარისხი დენსიტომეტრიული გამოკვლევისას გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თვითმფრინავით ხანმოკლე მგზავრობისას მიღებული რადიაცია. კვლევის ჩატარების უკუჩვენება მხოლოდ ორსულობაა.
-
რა უპირატესობა აქვს დენსიტომეტრიას სხვა გამოკვლევებთან, მაგალითად, რენტგენოლოგიურთან, კომპიუტერულთან შედარებით?
- DEXA დენსიტომეტრია არის ყველაზე ზუსტი, დაბალინვაზიური, ხელმისაწვდომი, უმტკივნეულო, სწრაფი და მარტივი მეთოდი. ოსტეოპოროზზე ეჭვი შესაძლოა გააჩინოს როგორც რენტგენოლოგიურმა, ისე კომპიუტერულმა და მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ, მაგრამ მხოლოდ დენსიტომეტრიით ხდება ობიექტური მაჩვენებლის - ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) გამოთვლა და ნორმიდან, სტანდარტიდან მისი გადახრის ხარისხის (T-score) ზუსტი დადგენა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების დინამიკაზე დასაკვირვებლად, მკურნალობის შესაფასებლად.
სწორედ ამ ქულის წინა მაჩვენებელთან შედარებით გახლავთ შესაძლებელი ჩატარებული ანტიოსტეოპოროზული მკურნალობისა და სხვა ღონისძიებათა ეფექტიანობის შეფასება.
-
უპირატესად რა კატეგორიის პაციენტებს ენიშნებათ დენსიტომეტრია?
- დენსიტომეტრიის ჩატარება მიზენშეწონილია: პოსტმენოპაუზური ასაკის ქალბატონებისთვის; 60-70 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის; მათთვის, ვისაც გადაუტანია ან ამჟამად აქვს მოტეხილობა (განსაკუთრებით - უმნიშვნელო ტრავმით გამოწვეული), ესტროგენული დეფიციტი, ტოქსიკური ჩიყვი, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ცელიაკია, ხერხემლის პათოლოგიები და სხვა ქრონიკული დაავადებები.
ასევე საყურადღებოა ისეთი რისკფაქტორები, როგორებიცაა ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მიღება, თამბაქოს მოხმარება, რძის ნაწარმით ღარიბი რაციონი, ცხოვრების უმოძრაო წესი, მოტეხილობებით დამძიმებული მემკვიდრეობა, წონის დეფიციტი.