ელექტროენცეფალოგრაფია - რას გვიჩვენებს და როდის ტარდება ეეგ კვლევა
თავის ტვინის პათოლოგიების დროს აღნიშნულ პროცესთა ეს ჰარმონია დარღვეულია. სწორედ ეეგ-ს შეუძლია აჩვენოს ნერვული სისტემის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი – რიტმულობის თვისება, რომელიც ასახავს ტვინის სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობის თანმიმდევრულობას. შესაბამისად, ენცეფალოგრამის ჩაწერისას ექიმს საშუალება ეძლევა ჩასწვდეს თავის ტვინის ინფორმაციის დამუშავების რეალურ მექანიზმებს, შეაფასოს ტვინში ჩართული პროცესების ძირითადი სქემა, გაარკვიოს „სად“ და „როგორ“ მუშავდება ინფორმაცია თავის ტვინში. სწორედ ეს შესაძლებლობა ხდის ეეგ კვლევას უნიკალურ და, რა თქმა უნდა, ღირებულ დიაგნოსტიკურ მეთოდად.
ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს, ემ-ემ-ტე ჰოსპიტალისა და კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის ნევროლოგი, ნეირორადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი –
ნატო ნატროშვილი:
– ქალბატონო ნატო, რას ავლენს ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ) კვლევა, რისი შესწავლა ხდება ამ მეთოდით?
– თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფია ნევროლოგიურ პრაქტიკაში რუტინული კვლევის მეთოდს წარმოადგენს. ის თავის ტვინის ფუნქციის ნეიროფიზიოლოგიური კვლევის მეთოდია, რომლის საშუალებითაც ხდება ტვინის ელექტრული აქტივობის ანუ ბიოელექტრული პოტენციალების რეგისტრაცია სპეციალური სამედიცინო ელექტრო გამზომი ხელსაწყოს, ელექტროენცეფალოგრაფის საშუალებით (ბერძნ. ენკეპჰალოს – თავის ტვინი, გრაპჰო – ვწერ).
– როგორ ტარდება ეეგ კვლევა?
– თავის ტვინი უამრავი ნეირონისგან შედგება, რომელთაგან თითოეული საკუთარი იმპულსის გენერატორია. ტვინის ამ ბიოელექტრული აქტივობის დარეგისტრირება შესაძლებელია სპეციალური ელექტროდების საშუალებით, რომლებიც თავსდება თავის მიდამოში, დაუზიანებელ კანზე. აღნიშნული ელექტროდები აძლიერებენ ტვინის რხევას, რაც გამოისახება მონიტორზე ტალღების სახით. მიღებული გამოსახულება ტვინის მუშაობის გრაფიკული გამოსახულებაა რეალურ დროში.
პაციენტი იმყოფება სპეციალურ, სინათლისა და ხმაურისაგან იზოლირებულ ოთახში. თავზე ეხურება სპეციალური ქუდი ელექტროდებით. პაციენტი ჯდება მოხერხებულ სავარძელში ან წვება.
ჩვეულებრივ, მოსვენებულ, სიფხიზლის, თვალდახუჭულ მდგომარეობაში ზრდასრული ადამიანის ეეგ ჩანაწერში რეგისტრირდება 8-13 ჰც სიხშირის, სინუსოიდური ფორმის ოსცილაცია (ძირითადი ანუ ალფა რიტმი), რომელიც უპირატესად კეფის წილში არის გამოხატული. ალფა რიტმის ჩანაცვლება ნელი – თეტა (4-8 ჰც) ან დელტა (1-4 ჰც) ტალღებით მიუთითებს თავის ტვინის კეროვან ან დიფუზურ ცვლილებებზე.
გარდა მოსვენებულ მდგომარეობაში მიღებული ფონური ჩანაწერისა, დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია თავის ტვინის ფუნქციური დატვირთვის მაპროვოცირებელი მეთოდები, ანუ სხვადასხვა სინჯი, რომელიც გამოიყენება გენერალიზებული და კეროვანი დაზიანების აქტივაციისა და სპეციფიკური მახვილტალღოვანი განმუხტვების აღმოცენებისთვის. ეს ხორციელდება:
- მკვეთრი სინათლის ნათებით (ფოტოსტიმულაცია);
- სინათლის მონოტონური ჩართვა-გამორთვით;
- ჰიპერვენტილაციით (ღრმა სუნთქვა);
- ხმამაღალი ხმით (აუდიოსტიმულაცია);
- დაძინებით – ძილის დეპრივაციით.
სტანდარტული ეეგ კვლევის პროცედურა გრძელდება 30 წუთიდან 2 საათამდე დღის პირველ ნახევარში. პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას.
კვლევის მიმდინარეობისას ფონისა და მაპროვოცირებელი ტესტების შეფასება გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორია ტვინის ფონური ფუნქციური აქტივობა, როგორ რეაგირებს ის კონკრეტულ სტიმულებზე ან აქტივობებზე. ეეგ კვლევით ფასდება თავის ტვინის სხვადასხვა უბნის ზონალური ფუნქციური დიფერენცირება, კეროვანი და დიფუზური პათოლოგიური ცვლილებები, პაროქსიზმული აქტივობის არსებობა.
სიფხიზლის პირობებში ჩატარებული სტანდარტული რუტინული ეეგ კვლევის ხანგრძლივობა არ აღემატება 20-30 წუთს. ამ დროის განმავლობაში ხდება მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ფონური ჩანაწერისა და შემდგომი მაპროვოცირებელი ტესტების ჩატარება, რაც ლატენტური ხასიათის მთელი რიგი ფუნქციური ცვლილებების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
– თუ არსებობს ამ კვლევის ჩატარების უკუჩვენება და საჭიროებს თუ არა ის წინასწარ მომზადებას?
– ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა უვნებელი და უმტკივნეულოა. ელექტროენცეფალოგრაფიის ჩასატარებლად არ არის საჭირო წინასწარი მომზადება, თუმცა შედეგების სანდოობისთვის მნიშვნელოვანია ექიმის ძირითადი რეკომენდაციების დაცვა:
- პროცედურამდე 3 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ანტიკონვულსანტების, სედაციური საშუალებებისა და ტრანკვილიზატორების მიღება;
- არ არის სასურველი ჩაის, ყავის და ენერგეტიკული სასმელების დალევა გამოკვლევის დღეს;
- არ არის რეკომენდებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება თმაზე (ლაქები, ქაფი, მუსი).
– რას გვეტყვით ხანგრძლივ მონიტორინგზე? რომელ პაციენტებს ენიშნებათ ხანგრძლივი ვიდეო ეეგ-მონიტორინგი?
– ხანგრძლივი ვიდეო ეეგ-მონიტორინგი გულისხმობს პაციენტის ხანგრძლივ ელექტროენცეფალოგრაფიულ (ეეგ) კვლევას სტაციონარულ პირობებში 8-12 სთ განმავლობაში. იმავდროულად ხდება პაციენტის სინქრონული ვიდეომეთვალყურეობა, რაც ჩაწერის დროს განვითარებული შეტევის დაფიქსირების საშუალებასაც იძლევა.
აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში განსაკუთრებით რთული სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვისას. მისი ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც ეპილეფსიური გულყრებია ან აღინიშნება ეპილეფსიისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, თუმცა სტანდარტული ეეგ კვლევით არ ვლინდება ეპილეფსიისათვის დამახასიათებელი ელექტროფიზიოლოგიური სპეციფიკური პატერნები. მას იყენებენ ორგანული და ფსიქოგენური გულყრების დიფერენციალური დიაგნოზისთვის, აგრეთვე ძილის სხვადასხვა დარღვევის მქონე პაციენტებთან. ხანგრძლივი ვიდეო ეეგ-მონიტორინგი ასევე კვლევის უმნიშვნელოვანესი მეთოდია ეპილეფსიის მქონე პაციენტების პრექირურგიული (ქირურგიული ჩარევის წინა პერიოდის) შეფასების პროცესში.
– რომელი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ძირითადად ეეგ კვლევა, როდის ენიშნებათ ის პაციენტებს?
– სტანდარტული ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევით თავის ტვინში მიმდინარე ბიოელექტრული პროცესების შეფასება აღიარებულია ადამიანის ფსიქიკისა და ქცევის ნეიროფიზიოლოგიური, ნეიროფსიქოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლის მაღალინფორმაციულ მეთოდად.
ეეგ კვლევის გარეშე თითქმის შეუძლებელია ტვინის მრავალი დაავადების, განსაკუთრებით კი ეპილეფსიის დიაგნოსტიკა, მისი მიმდინარეობის ზედამხედველობა და მკურნალობის მართვა.
ეპილეფსიის დიაგნოსტიკაში ელექტროენცეფალოგრაფიულ (ეეგ) კვლევას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორიც კარდიოლოგიაში ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ).
ეპილეფსიის საერთაშორისო ლიგის მიერ ეეგ კვლევა ჩართულია ეპილეფსიის სადიაგნოსტიკო აუცილებელ კვლევათა ნუსხაში და მის გარეშე ეპილეფსიის დიაგნოზის საბოლოოდ დადასტურება შეუძლებელია.
ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევა ითვლება პირველი რიგის გამოკვლევად ეპილეფსიის დიაგნოზის ვერიფიცირებისათვის, ამდენად, მისი ჩატარება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ:
- დიაგნოსტირებულია ან ეჭვია ეპილეფსიაზე;
- ვლინდება გულყრები;
- აღინიშნება პერიოდულად ცნობიერების დაკარგვა ან მზერის ფიქსაცია რამდენიმე წამის განმავლობაში;
- ხდება სხეულის ან კიდურების ამა თუ იმ კუნთის უნებლიე, ხანმოკლე კლონური შეკუმშვა;
- ანამნეზში არის გონების დაკარგვის ეპიზოდი, თავის ტვინის ტრავმა, სიმსივნე, სისხლჩაქცევა.
ამასთან ერთად აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევა არ გამოიყენება მხოლოდ ეპილეფსიის სადიაგნოსტიკოდ. მისი გამოყენების სპექტრი ბევრად უფრო ფართოა და მოიცავს მთელ რიგ დარღვევებს, რომელთა შორისაა:
- მეხსიერების დაქვეითება;
- ენდოკრინულ დაავადებათა გართულებები;
- ქალა-ტვინის ტრავმები;
- თავისა და კისრის სისხლძარღვების პათოლოგიები (ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე დაყრდნობით);
- ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები და მათი შედეგები;
- ნებისმიერი ეტიოლოგიის ნეიროინფექცია, ინტოქსიკაცია;
- ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, დიენცეფალური კრიზები;
- ცერებროვასკულური დაავადებები;
- თავის ხშირი ტკივილი, თავბრუხვევა;
- ნეიროქირურგიული ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;
- მუცლადყოფნის პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ განვითარებული თავის ტვინის ნებისმიერი დაზიანება;
- ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხება ან ჩამორჩენა;
- თავის ტვინის მეტაბოლური დარღვევები;
- ბავშვებს შორის განვითარებისა და ქცევის დარღვევა;
- დემენცია, ენცეფალოპათია;
- პანიკური შეტევები, ფსიქიკური აშლილობა;
- დაღლილობა და დაღლილობის მუდმივი განცდა;
- ძილის დარღვევები – უძილობა, ჩაძინების გაძნელება, ხშირი გამოღვიძება.
ეეგ კვლევა მიზანშეწონილია ასეთი დარღვევების დროს დიფერენციული დიაგნოსტიკისა და მედიკამენტური თერაპიის ტაქტიკის შერჩევისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის ჩატარება დინამიკაში, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს პაციენტის მკურნალობის შედეგები და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მედიკამენტების შეცვლა ან დოზის კორექცია.
ყოველივე ზემოთქმულის შეჯამებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევა ესაჭიროებათ პაციენტებს:
- თავის ტვინის ნებისმიერი პათოლოგიის დროს (ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, თავის ტვინის სიმსივნე, ნეიროინფექცია და ა.შ.);
- ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შერჩევისთვის;
- ფსიქიკური აშლილობის, დემენციის, გონებრივი ჩამორჩენის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვის;
- ძილის დარღვევების გამოკვლევისა (პოლისომნოგრაფია) და მკურნალობისთვის. პოლისომნოგრაფიული კვლევა პაციენტის ძილის მდგომარეობაში თავის ტვინის ელექტრული აქტივობის, სუნთქვის, გულისცემის, ჟანგბადით მომარაგებისა და სხვა პარამეტრების დაფიქსირებას გულისხმობს და ძილის მრავალრიცხოვანი დარღვევების სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა;
- დაბოლოს, ეეგ კვლევას ენიჭება გადამწყვეტი როლი რეანიმაციულ განყოფილებაში დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარებისათვის კომასა (რომლის დროსაც ტვინის აქტივობა შენარჩუნებულია) და ტვინის სიკვდილს შორის (იზოელექტრული ხაზი ანუ ბრტყელი EEG).
ელექტროენცეფალოგრაფია არის კვლევის არაინვაზიური მეთოდი, ის სრულად უსაფრთხოა და ამიტომ ნებისმიერი ასაკისა და ფუნქციური მდგომარეობის მქონე პაციენტის გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს.
გისურვებთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.