რენტგენოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რენტგენოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები

რენტგენოდიაგნოსტიკა არა მხოლოდ დაავადებათა გამოვლენის, არამედ მათი მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის საშუალებასაც იძლევა.

რენტგენოდიაგნოსტიკის მეთოდებსა და საშუალებებზე გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის რენტგენოდიაგნოს-ტიკური განყოფილების გამგე ქეთევან ტორონჯაძე-გიგაური.

- ქალბატონო ქეთევან, რენტგენოდიაგნოსტიკის რომელი მეთოდები გამოიყენება ამჟამად საქართველოში?

- გამოიყენება როგორც ინვაზიური, ასევე არაინვაზიური მეთოდები. ტარდება რუტინული რენტგენოდიაგნოსტიკაც, რომელიც ჩვეულებრივი რენტგენოსკოპიაა, რენტგენოგრაფია ჩვეულებრივ ფირებზე. უკვე საქართველოშიც არსებობს ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკური აპარატები, რომლებიც აადვილებს სურათის ინტერპრეტაციას და იმავდროულად ამცირებს პაციენტის სხივურ დატვირთვას.

რენტგენოლოგიური კვლევა შეიძლება ჩაუტარდეს ყველა ორგანოს თავის ქალადან ტერფის ძვლებამდე, მაგრამ რენტგენოლოგიური მეთოდის შესაძლებლობასაც აქვს საზღვარი. ამ შემთხვევაში გვეხმარება კომპიუტერული ტომოგრაფია. იგი უფრო დეტალურად გადმოსცემს დაზიანების ხარისხს.

- ინვაზიური მეთოდებიდან რომელს გამოყოფდით?

- ინტრავენურ უროგრაფიას, ცისტოგრაფიას (შარდის ბუშტის რენტგენოლოგიური კვლევა ხელოვნური კონტრასტირების გზით), ირიგოგრაფიას (რენტგენოლოგიური კვლევის სახე, როდესაც საკონტრასტო ნივთიერება სწორი ნაწლავიდან შეჰყავთ).

რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით ტარდება რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (გამოკვლევა, რომელიც ექიმს აძლევს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებას). იგი მეტად ინფორმაციული მეთოდია და თან სამკურნალო დანიშნულებაც აქვს, მაგალითად, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს, როცა სიყვითლეა განვითარებული და კენჭი სანაღვლე სადინარშია გაჩხერილი, ენდოსკოპიურად და რენტგენის კონტროლით ვიღებთ ამ კენჭს ნაწლავის სანათურიდან და პაციენტი განმეორებითი ოპერაციისგან თავისუფლდება.

იმავე მეთოდით ვაკეთებთ სტენტირებას პანკრეასის თავის კიბოს ან ქოლედოქუსის კიბოს გამო სანათურის შევიწროებისას. ამ დროს ქოლედოქუსში ვდგამთ სტენტს და ჩვენს თვალწინ ნაღველი თავისუფლად იწყებს დენას. ამ მეთოდით ავადმყოფს ტკივილსა და სიყვითლეს ვუმსუბუქებთ.

რენტგენის კონტროლით ტარდება ასევე სხვადასხვა წარმონაქმნის პუნქცია, რაც მორფოლოგიური მასალის მოპოვებასა და დიაგნოსტიკაში გვეხმარება.

- რენტგენოგრაფიასა და რენტგენოსკოპიას შორის როდის რომელს მივანიჭოთ უპირატესობა?

- დღეს მთელ მსოფლიოში მიღებულია ასეთი მიდგომა: საგანგებო ჩვენების გარეშე რენტგენოსკოპია არ ტარდება. მაგალითად, ფილტვების რენტგენოსკოპია არ ტარდება 16 წლამდე, - აკრძალულია სხივური დატვირთვა. კეთდება პირველი მიმოხილვითი რენტგენოგრამა. ის გვიჩვენებს, არის თუ არა დაზიანება, რომელიც დამატებით გამოკვლევას თხოულობს. ვთქვათ, საეჭვო ჩრდილი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, კვლევაში რენტგენოსკოპია ჩავრთოთ, მაგრამ მოკლე ხნით, რადგან დასხივების საშიშროება რენტგენოსკოპიისას უფრო დიდია, ვიდრე გადაღების დროს. მაგრამ, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კვლევა რენტგენოსკოპიის გარეშე შეუძლებელია. რენტგენოგრაფიას ვიყენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ დოკუმენტურად დავადასტუროთ ის, რაც თვალით ვნახეთ.

- დასხივების საშიშროება თანამედროვე ციფრულ რენტგენოლოგიურ აპარატებსაც ახლავს?

- გაცილებით ნაკლები. გარდა ამისა, როდესაც ჩვეულებრივ რენტგენის სურათს ვიღებთ, უნდა განისაზღვროს დენის ძალა, ფირის ხარისხი. სავსებით შესაძლებელია, გამოსახულება ხარისხიანი არ გამოვიდეს და რენტგენოლოგს ხელმეორედ გადაღება ან რენტგენოსკოპიის ჩატარება მოუხდეს. ციფრული აპარატის შემთხვევაში კი რაც არ უნდა ცუდი გამოსახულება გამოგვივიდეს, ფოტოშოფში დავამუშავებთ და გამოსახულებაც უფრო მკაფიო გახდება.

- რა არის ფლუოროგრაფია და როდის გამოიყენება?

- ფლუოროგრაფია სკრინინგული კვლევის საშუალებაა. როდესაც სპეციალისტი ფლუოროგრამაზე რამეს აღმოაჩენს, სურათის დასაზუსტებლად პაციენტს ან რენტგენოლოგიურ კვლევაზე უშვებს, ან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. უნდა გითხრათ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ფლუოროგრაფიას აღარ იყენებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, კვლავაც ტარდება.

თუ ფლუოროგრამაზე პირდაპირ და გვერდით პროექციაში საეჭვო არაფერია, ექიმი რენტგენოლოგი პაციენტს უშვებს, ხოლო თუ რაიმე შეამჩნია, როგორც მოგახსენეთ, დამატებით კვლევას უნიშნავს. ფლუოროგრაფია კარგი სკრინინგული საშუალებაა, რადგან მოკლე ხანში მრავალი ადამიანის გამოკვლევის საშუალებას იძლევა.

- რას გვეტყვით რენტგენოტომოგრაფიულ კვლევაზე?

- რენტგენულ ტომოგრაფიას ახლა ნაკლებად მიმართავენ - კომპიუტერული ტომოგრაფია დაინერგა, რომელმაც დიდი კონკურენცია გაუწია ხაზოვანს, რადგან გაცილებით ინფორმაციული და ზუსტია.


- რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ექიმი რენტგენოლოგი კვლევის მეთოდის არჩევისას?

- გააჩნია, რას ეძებს. მაგალითად, თუ მოვიდა პაციენტი, რომელსაც აქვს გამოხატული წყლულოვანი დაავადების ანამნეზი, მირჩევნია, ენდოსკოპია ჩავუტარო, მით უმეტეს, თუ არის სისხლდენის ეპიზოდი ან სხვა რამ, რადგან რენტგენოლოგიური კვლევით სისხლმდენ წყლულს ვერ დავინახავ. უკეთ, წყლულს კი დავინახავ, მაგრამ სისხლმდენია თუ არა იგი, ვერ ვიტყვი. ამას უკვე ენდოსკოპიური კვლევა აჩვენებს და, შესაბამისად, უპირატესობაც მას უნდა მიენიჭოს. მაგრამ პაციენტები ენდოსკოპიას რატომღაც ერიდებიან და მოდიან რენტგენოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ვუხსნით და ვუსაბუთებთ, რომ შემდგომი მკურნალობისათვის აუცილებელია ენდოსკოპიური კვლევა.

- ზემოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ახსენეთ. ამ გამოკვლევის ჩატარება მხოლოდ კონტრასტის შეყვანის შემდეგ შეიძლება...

- დიახ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კვლევა მხოლოდ კონტრასტით ხდება. საკონტრასტო ნივთიერებად გამოიყენება ბარიუმის ფაფა ანუ ბარიუმის სულფატი.

- როგორ მიმდინარეობს კვლევა და რამდენი ხანი სჭირდება მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას?

- თუ ექიმს მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა სჭირდება, მაშინ ორი დღე. პირველ დღეს ნახულობენ საყლაპავს, კუჭს, თორმეტგოჯა ნაწლავს და წვრილ ნაწლავს, 24 საათის შემდეგ - მსხვილ ნაწლავს. თუმცა ამგვარად მხოლოდ ფუნქციურ მდგომარეობას განვსაზღვრავთ. თვალნათლივ რომც ჩანდეს რაიმე დაზიანება, ამ კვლევის ფარგლებში ამის თქმის უფლება არ გვაქვს, - ფეკალური მასები ბარიუმის ფაფაშია არეული და ამან შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს, ამიტომ მსხვილი ნაწლავის დეტალური დათვალიერებისთვის ვიყენებთ ირიგოგრაფიას. გარკვეული მომზადების, ნაწლავების გასუფთავების შემდეგ სწორი ნაწლავიდან ოყნის საშუალებით შეგვყავს ბარიუმის ფაფის ნაწილი, შემდგომ ვუმატებთ ჰაერს.

ამ მეთოდს ეწოდება ირიგოსკოპია ორმაგი კონტრასტირებით. იგი გვეხმარება ნაწლავის სანათურში ამა თუ იმ წარმონაქმნის არსებობის დიაგნოსტიკაში. საყლაპავში რაიმე პათოლოგიური ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში პროცესის ვერიფიკაციის მიზნით პაციენტს ენიშნება საყლაპავის ფიბროეზოფაგოსკოპია.

- როგორ იკვლევენ ნაღვლის ბუშტს, პანკრეასსა და ღვიძლს?

- ადრე ქოლეცისტოგრაფიას ვატარებდით. იყო პერორალური და ინტრავენური კონტრასტირება, მაგრამ იმჟამად არსებული საკონტრასტო ნივთიერებები ძლიერ ტოქსიკური გახლდათ. ექოსკოპიის მიღწევებმა აღმოფხვრა ამ ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევის აუცილებლობა. ამასთანავე, ექოსკოპია ნაკლებად ინვაზიურიც არის.

- ჰეპატობილიარული სისტემის გამოკვლევაზე რას გვეტყვით?

- ჰეპატობილიარული სისტემის გამოსაკვლევადაც ექოსკოპია და კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება, ყველაზე ინფორმაციული კი მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსული კვლევაა.

- მოდი, ფილტვების გამოკვლევასაც შევეხოთ...

- ამ შემთხვევაში რენტგენოლოგიური კვლევა პრიორიტეტულია. საზოგადოდ, ფილტვების გამოკვლევა რენტგენოგრაფიით იწყება, ხოლო როცა რამე საეჭვოს ვხედავთ, საქმეში კომპიუტერულ ტომოგრაფიას ვრთავთ.

- ალბათ, რენტგენოგრაფია ძვლოვანი სისტემის გამოსაკვლევადაც შეუცვლელია...

- მართლაც, ძვლების გამოკვლევისას ესოდენ ინფორმაციული კვლევის არც ერთი მეთოდი არ არის. დიაგნოსტიკაში კომპიუტერული ტომოგრაფიაც გვეხმარება, მაგრამ ამის შემდეგ ძვლების რადიოიზოტოპური კვლევაც ტარდება და ხდება შეჯერება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგთან. ეს მეთოდი ძვლების გამოსაკვლევად შეუცვლელია.

- მინდა, დამიზნებით რენტგენოგრაფიაზეც გკითხოთ...

- დამიზნებითი რენტგენოგრაფია უმთავრესად ძვლების კვლევისას, ძვალში დესტრუქციის არსებობისას გამოიყენება. აპარატურა გვაძლევს საშუალებას, გავადიდოთ, უფრო მკვეთრი გავხადოთ გამოსახულება ან შევამციროთ და მხოლოდ საინტერესო ზონა გადავიღოთ, ეს კი დიაგნოსტიკაში ძალიან გვეხმარება.


- ზემოთ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კვლევის შესახებ საუბრისას, კონტრასტული რენტგენოგრაფია ახსენეთ. კიდევ რომელ ორგანოთა კვლევისას გამოიყენება ეს მეთოდი?

- კონტრასტული რენტგენოგრაფია ტარდება ინტრავენური უროგრაფიის დროს. კონტრასტი ინტრავენურად შეგვყავს და ვაკეთებთ სერიულ უროგრამას V, VII, XV, XXV წუთებზე. ხდება თირკმლის დაკონტრასტებაც. მენჯფიალოვანი სისტემა, შარდის ბუშტი, შარდსაწვეთები კარგად კონტრასტირდება. ამის წყალობით ფუნქციასაც ვიკვლევთ და ორგანული დაზიანებაც კარგად ჩანს. ინტრავენური უროგრაფია საშუალებას იძლევა, ობიექტურად შევაფასოთ თირკმელების ფორმა, ზომა და მდებარეობა.

თუ ვაზოურეთრულ კონფლიქტს ვეჭვობთ, კომპიუტერულ ანგიოგრაფიას ვნიშნავთ, რათა ვნახოთ, სისხლძარღვი ნამდვილად კვეთს თუ არა შარდსაწვეთს.

- რადიოიზოტოპურ კვლევაზე რას გვეტყვით?

- რადიოიზოტოპური კვლევა ძალიან ინფორმაციულია შარდსასქესო ორგანოების, ძვლების დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის, იძლევა ძვლების მეტასტაზირების კონტროლის საშუალებას ქიმიოთერაპიამდე და ქიმიოთერაპიის შემდეგ. ამდენად, შეგვიძლია, ამ მეთოდით შევაფასოთ ქიმიოთერაპიის ეფექტურობა.

იგი თირკმელების კვლევისას გამოიყენება, გვაძლევს როგორც ექსკრეტორული, ისე სეკრეტორული ფუნქციის განსაზღვრის საშუალებას და ინფორმაციას თირკმელების ფუნქციონირების პროცენტულ შესაძლებლობაზე, გვიჩვენებს, რამდენად კარგად მუშაობს ერთი თირკმელი მეორესთან შედარებით, რამდენად ჩამორჩება პათოლოგიის დროს და შესაძლებელია თუ არა მისი შენარჩუნება. ჰეპატობილიარულ სისტემასაც მშვენივრად აკონტრასტებს. ძალიან ინფორმაციულია ღვიძლის ციროზის, კიბოს შემთხვევაში. მისივე მეშვეობით ტარდება სცინტიგრაფიული, იზოტოპური ლიმფოგრაფიები.

საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის ოპერაციის წინ, პაციენტის საოპერაციოდ მომზადებისას, უნდა ჩატარდეს ლიმფოგრაფია - მან შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს, რომელსაც მამოლოგი უშუალოდ ოპერაციისას გაითვალისწინებს.

- რამდენად უსაფრთხოა რადიოიზოტოპური კვლევა?

- ამ კვლევისთვის თანამედროვე პრეპარატები გამოიყენება, რომელთა ნახევრადდაშლის პერიოდი ძალიან ხანმოკლეა და შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან. პაციენტი იტვირთება დიდი რაოდენობის სითხით, რათა პრეპარატი რაც შეიძლება მოკლე ხანში გამოიყოს, ამისთვის მაქსიმუმ 2-3 დღეა საჭირო. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევის ეს მეთოდი უსაფრთხოა.

- სისხლძარღვების კვლევისას თუ გამოიყენება რენტგენოლოგიური მეთოდი?

- ანგიოკონტრასტული კვლევა ძირითადად კომპიუტერული ტომოგრაფიით ხდება. სისხლძარღვების კვლევას სპეციალური აპარატურა სჭირდება, რომელიც აღნუსხავს კონტრასტის სწრაფ დინებას, ეს კი ყველაზე უკეთ კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის დროს ჩანს.

- გულს თუ იკვლევენ რენტგენოლოგიურად?

- კარდიოლოგიაში გამოიყენებოდა რენტგენოკიმოგრაფია, რომლის საშუალებითაც გულის კუნთის შეკუმშვის რეგისტრაცია ხდებოდა, მაგრამ ექოკარდიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი კვლევის უფრო თანამედროვე, კომფორტული და ინფორმაციული მეთოდებია, ამდენად, რენტგენოკიმოგრაფიის აუცილებლობა აღარ არსებობს და აღარც აკეთებენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რენტგენოლოგიური კვლევა არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და ინფორმაციული მეთოდი, რომელსაც, თუ კუჭ-ნაწლავის კვლევას გამოვრიცხავთ, არანაირი მომზადება არ სჭირდება. კუჭ-ნაწლავის კვლევისას, თუ კონტრასტი პერ ოს (პირიდან) შეგვყავს, საჭიროა მშიერი მოსვლა, ირიგოგრაფიის დროს - წინა დღეს და დილით გამწმენდი ოყნის გაკეთება. არსებობს სპეციალური პრეპარატი ფორტრანსი, რომლითაც ვამზადებთ პაციენტს და გამოკვლევას მეორე დღეს ვუტარებთ.

- შესაძლებელია თუ არა რენტგენოლოგიური კვლევის ჩაწერა?

- თანამედროვე აპარატურა რენტგენოკინემატოგრაფიისა და რენტგენოტელევიზიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ შეგვიძლია, ვიდეოფირზე ჩავიწეროთ მთელი კვლევა და საჭიროების შემთხვევაში დისკზეც გადავიტანოთ.

- საზოგადოდ, უსაფრთხოა თუ არა რენტგენოლოგიური კვლევა?

- მაღალი ხარისხის უახლესი აპარატურით, სამწუხაროდ, ყველა სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი... თანამედროვე აპარატურაზე მუშაობისას არც მედპერსონალს და არც პაციენტს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები არ სჭირდებათ, რადგან დასხივების დასაშვებ დოზაზე მეტს არ იღებენ. ჩვენი აპარატურა გვაძლევს საშუალებას, გამოკვლევის დასრულების შემდეგ დავადგინოთ, დასხივების რა დოზა მიიღო პაციენტმა. რაც შეეხება ძველ აპარატურას, საფრთხისა და საშიშროების შემცველი არც ის არის, მაგრამ ცხადია, დასხივება შედარებით მეტია.