როგორ გამოვიკვლიოთ გული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიკვლიოთ გული

ამ თავისებურებას უკავშირდება პაციენტთა ხშირი მიმართვა სამედიცინო დაწესებლებებში გულის გამოსაკვლევად. დღეს არსებული ინფორმაციის მრავალი წყაროს დამსახურებაა, რომ ადამიანები ხშირად ექიმის რჩევის გარეშე, თავიანთი შეხედულებით გეგმავენ ჯანმრთელობის კვლევას. თითქოს დავიწყებას ეძლევა პაციენტის ფიზიკური გასინჯვის ტრადიციული მეთოდები. რამდენად მნიშვნელოვანია გულის დაავადებების დროს პაციენტის გამოკვლევა ექიმის მიერ, ფიზიკური გასინჯვის რომელ მეთოდს იყენებენ გულის დაავადებებისათვის დამახასიათებელი ჩივილების შემთხვევაში? ქვემოთ შევეცდებით მოკლედ ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს.

არტერიული წნევის გაზომვა

არტერიული წნევის გაზომვა პაციენტის ფიზიკური გამოკვლევის ის მეთოდია, რომლის უარყოფაც დაუშვებელია. ამ კვლევის უპირველესი მიზანია ადამიანის უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო პარამეტრის (მაჩვეებლის) – სისხლის არტერიული წნევის შეფასება. არტერიული წნევის დაბალი მაჩვენებელი მთელი რიგი მდგომარეობისას, შესაძლოა, პაციენტისათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის აუცილებლობაზე მიუთითებდეს ან პირიქით – ნორმალური არტერიული წნევა იძლეოდეს საფუძველს ჩავთვალოთ, რომ საგანგაშო არაფერია. თუმცა, არტერიული წნევის გაზომვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი არ არის. დღეს აღარავისთვის არის საჭირო მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადების – არტერიული ჰიპერტენზიის ორგანიზმზე დამაზიანებელი ზემოქმედების ახსნა. თანამედროვე მონაცემების თანახმად, არტერიული წნევის საკმაოდ მაღალი ციფრების შეთხვევაშიც კი, პაციენტთა დიდ ნაწილს გარკვეულ ეტაპამდე არა აქვს დაავადების არავითარი სიმპტომი. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მომატებული წნევა მაინც იწვევს მისი ზემოქმედების „სამიზნე ორგანოების“ – თავის ტვინის, გულის, თირკმლის, თვალის ფსკერის დაზიანებას – ვითარდება ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის უკმარისობა, მხედველობის დარღვევა. არტერიული ჰიპერტენზიის დროული გამოვლინების მიზნით აუცილებელია წნევის გაზომვა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული კვლევა პაციენტის ფიზიკური გასინჯვის დროს.

ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემების თანახმად, ნორმალური არტერიული წნევა <120/80 მმ. ვწყ. სვ.-ზე; სისტოლური წნევა 120-129 და დიასტოლური ნაკლები 80 მმ. ვწყ. სვ.-ზე არის მომატებული წნევა; 130-139/80-89 – ჰიპერტენზია, პირველი სტადია; 140/90 – ჰიპერტენზია მეორე სტადია.

გულის აუსკულტაცია

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევა წარმოუდგენელია გულის მოსმენის, ანუ გულის აუსკულტაციის გარეშე. სპეციალური ხელსაწყოს – სტეტოსკოპის გამოყენებით ექიმი გულმკერდის გარკვეულ წერტილებში ისმენს გულის მუშაობისას წარმოქმნილ ხმიანობას, აფასებს მათ სიხშირეს, რიტმულობას, სიძლიერეს, შუილის არსებობას. მართალია, დღეს მედიკოსებს ხელთ აქვთ არაერთი გაცილებით ზუსტი, დახვეწილი და მგრძნობიარე მეთოდი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად, მაგრამ გულის მოსმენა, ანუ აუსკულტაცია, პირველ წარმოდგენას გვიქმნის გულის სარქველების მდგომარეობის, გულის რიტმის თაობაზე და გვაძლევს შემდგომი კვლევების შერჩევის საშუალებას.

რაზე მეტყველებს პულსი

ჩვენი გული მთელი ცხოვრების განმავლობაში შეკუმშვისას (სისტოლისას) სისხლს გადაისვრის აორტაში და უზრუნველყოფს ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას. სისხლის ნაკადის ეს გადატყორცნა იწვევს სისხლძარღვთა კედლების შერხევას, რაც ორგანიზმის სხვადასხვა ადგილებში შეიგრძნობა. უხშირესად პულსს ვსინჯავთ მაჯის არეში, ცერა თითის გასწვრივ, მის ფუძესთან. ამ არეში შუა სამი თითით ზეწოლისას ადვილად შეიგრძნობა პულსაცია, რომელიც, ჩველებრივ, გულისცემას ემთხვევა. უპირველეს ყოვლისა, ისაზღვრება პულსის სიხშირე – პულსაციის რაოდენობა ერთი წუთის განმავლობაში. არსებული მონაცემების მიხედვით, პულსის ნორმალური სიხშირე შეიძლება 60-დან 100-მდე იყოს. ყურადღება ექცევა პულსის რიტმულობას, რაც პირველ წარმოდგენას გვაძლევს არითმიის არსებობაზე. მნიშვნელოვანია პულსის სიძლიერე. მაგალითად, ტერფის არტერიის არეში პულსის შესუსტება-გაქრობა შეიძლება ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროვებით იყოს გამოწვეული.

ლაბორატორიული კვლევები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

კარგადაა ცნობილი, რომ სისხლის სხვადასხვა ანალიზის შედეგით შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მდგომარეობის შესახებ. გამონაკლისი არც გულ-სისხლძარღვთა სისტემაა. არავისთვის იქნება ახალი, თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევების შესახებ საუბარს ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების გამოკვლევით დავიწყებთ.

ქოლესტეროლის ანუ ლიპიდური ცვლის (ლიპიდური პანელის) კვლევით ვსაზღვრავთ ორგანიზმში სხვადასხვა ცხიმოვანი ნივთიერების შემცველობას, მათ თანაფარდობას. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ გულის შეტევის (მწვავე კორონარული სინდრომი) და გულის სხვა დაავადებების რისკის შესახებ. როგორც წესი ისაზღვრება:

  • საერთო ქოლესტეროლი – სისხლში ქოლესტეროლის მთლიანი რაოდენობა. მისი მატება ზრდის გულის დაავადებათა რისკს. სასურველია საერთო ქოლესტეროლის შემცველობა ნაკლები იყოს 200 მგ/დლ-ზე ანუ 5,2 მმოლი/ლ-ზე;
  • დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი (LDL) – ქოლესტეროლის ამ კომპონენტს „ცუდ“ ქოლესტეროლსაც უწოდებენ. დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებელი ასოცირებულია არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებასთან, არტერიების შევიწროვებასთან. სასურველია მისი შემცველობა იყოს 130 მგ/დლ-ზე (3,4 მმოლი/ლ) ნაკლები, თუმცა უკეთესია კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი – 100 მგ/დლ (2,6 მმოლი/ლ)-ზე ნაკლები. კიდევ უფრო დაბალია ზღვარი იმ პაციენტთა შემთხვევაში, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, წარსულში გულის შეტევა, კორონარული სტენტირება, აორტოკორონული შუნტირება ან გულისა და სისხლძარღვთა სხვა დაავადება.
  • მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლი (HDL) – მას ხშირად „კარგ“ ქოლესტეროლსაც უწოდებენ, რადგანაც ხელს უწყობს ატრერიების კეედლებიდან „ცუდი“, ანუ დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის „მოშორებას“. სასურველია მისი შემცველობა მამაკაცების შემთხვევაში მეტი იყოს 40 მგ/დლ (1 მმოლი/ლ)-ზე, ქალებისაში კი – 50 მგ/დლ (1,3 მმოლი/ლ)-ზე. უკეთესია კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი.
  • ტრიგლიცერიდები – ლიპიდების კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც ზრდის გულის დაავადებათა რისკს. სასურველია მისი დონე ნაკლები იყოს 150 მგ/დლ (1,7 მმოლი/ლ)-ზე.

მაღალმგრძნობიარე c რეაქტიული ცილა

c რეაქტიულ ცილას ღვიძლი წარმოქმნის ინფექციის ან სხეულის სხვადასხვა დაზიანების პასუხად და ანთებას, ანთებით შეშუპებას იწვევს. ანთება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნისას. მაღალმგრძნობიარე c რეაქტიული ცილის მატება გვეხმარება გულის დაავადებათა პროგნოზირებაში ჯერ კიდევ სიმპტომთა აღმოცენებამდე. დადგენილია, რომ მაღალმგრძნობიარე c რეაქტიული ცილის მაღალი მაჩვენებული ასოცირებულია გულის შეტევის, ინსულტისა და გულის დაავადებების მაღალ რისკთან. მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ c რეაქტიული ცილის მატება მოსალოდნელია სხვადასხვა ინფექციის, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს. აღნიშნულის გამო, შესაძლოა, საჭირო გახდეს განმეორებითი კვლევა.

ტვინის ნატრიურეზული პეპტიდი

ტვინის ნატრიურეზული პეპტიდი არის ცილა, რომელიც გულსა და სისხლძარღვებში სინთეზირდება. მას სხვაგვარად – ტიპის ნატრიურეზულ პეპტიდს (BNP) უწოდებენ. BNP ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას, სისხლძარღვთა მოდუნებას, შარდით ნატრიუმის გამოყოფას. გულის დაზიანებისას BNP შემცველობა იმატებს, რათა გულს გაუადვილდეს მუშაობა. BNP მაჩვენებელი გვეხმარება ქოშინის (სუნთქვის გაძნელება) მიზეზების დაზუსტებაში.

ტროპონინი T

ტროპონინი თ არის ცილა, რომელიც გულის კუნთში აღმოჩნდება. მაღალმგრძნობიარე ტროპონინი თ გვეხმარება დიაგნოზის დაზუსტებაში გულის შეტევის დროს.

ინსტრუმენტული კვლევები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

რამდენიც უნდა ვისაუბროთ პაციენტის გასინჯვასა და ლაბორატორიულ კვლევებზე, თანამედროვე ეტაპზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგოზის დასადგენად ინსტრუმენტულ მეთოდთა როლი განუზომელია. ბუნებრივია, საუბარს ელექტროკარდიოგრაფიით დავიწყებთ.

ელექტროკარდიოგრაფია

ჩვენი გულის მუშაობისას მუდმივად წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები. ელექტროკარდიოგრაფია არის გულის გამოკვლევის სწრაფი, მარტივი, უმტკივნეულო მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ხდება აღნიშნული იმპულსების რეგისტრაცია (ჩაწერა). მიღებული ჩანაწერი – ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გულის რიტმი, მისი სიხშირე, წარმოქმნილი ელექტრული იმპულსების გამტარებლობა, მათი ავტომატურად აღმოცენების ფუნქცია (ავტომატიზმი). ზოგჯერ ეკგ მონაცემების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ გულის ღრუების ზომების მატების ან გულის ჟანგბადით მომარაგების დარღვევის შესახებ. ეკგ-ს მონაცემებზე დარდობით შეიძლება გამოვლიდეს მიოკარდიუმის ინფარქტი (წარსულში გადატანილიც), გულის რიტმის დარღვევა ანუ არითმია, გულის არასაკმარისი უზრუნველყოფა სისხლითა და ჟანგბადით (იშემია), გულის კუნთის ზედმეტად გასქელება (ჰიპერტროფია). ზოგჯერ არსებული ცვლილებები მიუთითებენ ანევრიზმის (გულის კედლის ანომალური გამოდრეკა) არსებობაზე. გულის რიტმის დარღვევებისას (არითმიებისას) შესაძლოა დადგინდეს რომელი ადგილიდან მომდინარეობის ანომალური რიტმი, რაც ექიმს ეხმარება არითმიის მიზეზის დადგენასა და სათანადო მკურალობის შერჩევაში. ჩვეულებრივ, ეკგ ტარდება, როცა სავარაუდოა გულის დაავადების არსებობა. ზოგჯერ კვლევა ინიშნება ზოგადი სამედიცინო შეფასების ფარგლებში, განსაკუთრებით ხანშიშესულ და ხანდაზმულ პირთა შორის და წარსულში ჩატარებული კვლევის მონაცემებთან შესადარებლად.

ჰოლტერის მონიტორირება

სტანდარტული ელექტროკარდიოგრაფიისას ჩაიწერება გულის ელექტრული აქტივობა რამდენიმე წამის განმავლობაში. შესაბამისად, მისი დახმარებით შესაძლებელია იმ დარღვევების აღმოჩენა, რომლებიც მუდმივად აღმოცენდებიან. არცთუ იშვიათად კი გულის რიტმის დარღვევა და სისხლით მომარაგების დაქვეითება მხოლოდ ეპიზოდური და არაპროგოზირებადია. ასეთი ეპიზოდების გამოსავლენად ტარდება უწყვეტი ამბულატორიული ელექტროკარდიოგრაფია, რომლის დროსაც ეკგ უწყვეტად ჩაიწერება 24-48 საათის განმავლობაში. ამ დროს პაციენტი განაგრძობს ჩვეულ ყოველდღიურ აქტივობას.

ჰოლტერის მონიტორი პატარა, მსუბუქი რეგისტრატორია, რომელიც სპეციალურ ჩანთაში თავსდება და კვლევის პროცესში პაციენტს მხარზე აქვს გადადებული. რეგისტრატორი ელექტროდებით უკავშირდება პაციენტის გულმკერდს და 24-48 საათის განმავლობაში ჩაიწერს ელექტროკარდიოგრამას. მონიტორი არ არის მძიმე, პაციენტი მას კვლევის პროცესში მნიშვნელოვანი დისკომფორტის გარეშე ატარებს. კვლევის პროცესში პაციენტი აღნიშნავს ამა თუ იმ ჩივილის აღმოცენების დროს. მიღებული ჩანაწერი მუშავდება კომპიუტერული პრ­ოგრამის დახმარებით, გაანალიზდება გულის შეკუმშვათა სიხშირე და რიტმი, ელექტრული აქტივობის და გულის სისხლით მომარაგების ცვლილება. ხდება პაციენტის მიერ დაფიქსირებული ჩივილისა და ეკგ-ს მონაცემების შესაბამისობის დადგენა.

თუ აუცილებელია გულის რიტმის გამოკვლევა 48 საათზე მეტ ხანს, ზოგჯერ ერთ თვემდე პერიოდის განმავლობაში, გამოიყენება შემთხვევათა რეგისტრატორი (ივენთ-რეკორდერი). ის ჰგავს ჰოლტერის მონიტორს, თუმცა, მონაცემების რეგისტრაცია ხდება არა მუდმივად, არამედ სიმპტომის აღმოცენებისას პაციენტის მიერ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით აქტივაციის შემდეგ.

გარდა ამისა, უწყვეტი ეკგ მონიტორინგისთვის არსებობს პატარა, ერთჯერადი უსადენო მოწყობილობა, რომელიც ემაგრება გულმკერდს 2 კვირის განმავლობაში. მისი ტარება, ბუნებრივია, უფრო კომფორტულია, თუმცა, ასეთი მონიტორინგის ფასი უფრო მაღალია.

ზოგჯერ პაციენტის აღწერილი სიმპტომები ძალია იშვიათია, თუმცა, მათი საფუძვლის გამოვლენა მნიშვნელოვანია. ასეთ დროს კანქვეშ შეიძლება მოთავსდეს სპეციალური მონიტორი – იმპლანტირებადი მარყუჟოვანი ჩამწერი, რომელიც ელემენტის შეცვლის გარეშე მუშაობს რამდენიმე წლის განმავლობაში.

ექოკარდიოგრაფია

ულტრაბგერითი ანუ ექოსკოპიური გამოკვლევა არის მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღების, ანუ ულტრაბგერის მეშვეობით ორგანოების ვიზუალიზაციის (გამოსახვის) მეთოდი. გულის გამოკვლევა ულტრაბგერით, ანუ ექოკარდიოგრაფია, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული სადიაგოზო გამოკვლევაა გულის დაავადებათა შესასწავლად. ეს სავსებით ბუნებრივია – კვლევა უზრველყოფს გულის ღრუების, სარქველების, გულიდან გამომავალი სისხლძარღვების გარკვეული ნაწილის გამოსახულების მიღებას, არ არის დაკავშირებული რისკებთან, არ არის ძვირადღირებული და ხელმისაწვდომია.

ექოკარდიოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს გულის კუნთის მოძრაობისა და გულის მიერ გადატყორცნილი სისხლის მოცულობის ცვლილება, გულის აგებულების ანომალიები (შეძენილი და თანდაყოლილი მანკები), გულის ღრუების გაფართოება ან კუნთის გასქელება (ჰიპერტროფია), გამონაჟონის (სითხის) არსებობა პლევრის ღრუში, აორტის განშრევება.

კვლევის პროცესში პაციენტის გულმკერდზე თავსდება სპეციალური გადამწოდები, რომელიც ამავე დროს არის ულტრაბგერის გენერატორი. ექიმი გადამწოდებს ამოძრავებს გულმკერდის სხვადასხვა არეში და აკვირდება ეკრანზე მიღებულ გამოსახულებას. ასე ტარდება ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია. გადამწოდები შეიძლება მოთავსდეს პაციეტის საყლაპავშიც (ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია), ზოგჯერ კი უშუალოდ გულში. გულშიდა ექოკარდიოგრაფია ტარდება, როცა აუცილებელია გულის ისეთი დეტალური გამოსახულების მიღება, როგორიც ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგური კვლევით შეუძლებელია.

ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია ტარდება, როდესაც აუცილებელია მონაცემების დაზუსტება, აორტის და გულის უკანა ნაწილის (მარცხენა წინაგული და პარკუჭი) გამოკვლევა. ზოგჯერ ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია აუცილებელია თუ ჩვეულებრივი, ტრანსთორაკალური კვლევა გაძნელებულია პაციენტის სიმსუქნის, ფილტვის დაავადებებისა თუ სხვა ტექნიკური პრობლემის გამო, ან ექიმს დაგეგმილი აქვს მიზანმიმართული კვლევა გულის ორკარედი ან სამკარედი სარქვლის ენდოკარდიტის, გულის ღრუში თრომბის გამოსავლენად.

დატვირთვის ტესტი

დატვირთვის ტესტის დროს გულის ფუნქცია ელექტროკარდიოგრაფიის მეშვეობით ფასდება გულის სტრესის დროს მუშაობისას. სტრესული მდგომარეობა იქმნება ან ფიზიკური აქტივობით (სარბენ ბილიკზე ან ველოტრენაჟორზე) ან მედიკამენტების ზემოქმედებით. უკანასკნელი საჭიროა, როცა პაციენტს არა აქვს უნარი ფიზიკურად დატვირთვისა (მაგალითად, სახსრების დაავადებების გამო). უხშირესად, დატვირთვის ტესტის დროს, გულის გვირგვინოვან არტერიებში სისხლის მიმოქცევის მდგომარეობის შეფასებისათვის გამოიყენება ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ-ს ჩასაწერად პაციენტის სხეულზე დამაგრებულია ელექტროდები), თუმცა გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება ჩატარდეს უფრო ზუსტი, მაგრამ ამავე დროს უფრო ძვირადღირებული კვლევები – ექოკარდიოგრაფია (სტრეს-ექოკარდიოგრაფია) ან რადიოიზოტოპური კვლევა.

გულის კომპიუტერული ტომოგრაფია

გულის კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება გულის, მისი გარსების (პერიკარდიუმი), მთავარი სისხლძარღვებისა და მიმდებარე სტრუქტურების აგებულების დეტალური შესწავლისა და მათი ცვლილებების გამოვლენისათვის.

მულტიდეტექტორული კტ-ტომოგრაფების მეშვეობით შეიძლება მივიღოთ გამოსახულება გულის ერთი ციკლის (ერთი შეკმშვა-მოდუნება) განმავლობაში. აღნიშნულ კვლევას კტ-კორონაროგრაფიას უწოდებენ და რიგ შემთხვევებში გამოიყენება გულის გვირგვინოვანი არტერიების (კორონარების) მდგომარეობის შესასწავლად.

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის ძვირადღირებული და რთული პროცედურა, რომელიც უპირატესად გულის რთული თანდაყოლილი დაავადებების დიაგნოსტიკის, ნორმალური და პათოლოგიური ქსოვილების დიფერენცირებისთვის გამოიყენება. კვლევის ნაკლია გამოკვლევის მეტი ხანგრძლივობა კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და ექოკარდიოგრაფიასთან შედარებით. მრ კვლევა ვერ ჩატარდება, როცა პაციენტს იმპლანტირებული აქვს ლითონის მოწყობილობები – კარდიოსტიმულატორები, კოხლეარული იმპლანტები, მედიკამენტების ტუმბოები.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ერთ-ერთი სახეა მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც იკვლევენ სისხლძარღვებს. მისი ჩატარებისას შეიძლება გამოვლინდეს აორტის ანევრიზმა, თირკმლის არტერიის შევიწროვება, გულის გვირგვინოვანი ან კიდურების არტერიების შევიწროვება (სტენოზი).

გულის სცინტიგრაფია

გულის სცინტიგრაფიის დროს ვენაში შეჰყავთ რადიაქტიური ნივთიერების (რადიონუკლიდი) ანუ იზოტოპის მცირე დოზა. იზოტოპი გროვდება გულში, წარმოქმნის გამა-სხივებს, რასაც აღიქვამს სპეციალური გამა-კამერა, ხოლო სპეციალური კომპიუტერული სისტემა გარდაქმნის გამოსახულებად. იზოტოპის ჩართვა დამოკიდებულია გულის სისხლით მომარაგებაზე.

გულის სცინტიგრაფია გვეხმარება გულის არეში ტკივილის მიზეზების დადგენაში, გვირგვინოვანი სისხლძარღვების შევიწროვებისას გულის სისხლით მომარაგებისა და ფუნქციის ცვლილების გამოვლენაში. გულის სცინტიგრაფიის მეშვეობით შეიძლება შეფასდეს გულის კუნთის სისხლმომარაგების გაუმჯობესება აორტოკორონული შუნტირების შემდეგ, პროგნოზი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ. გულის კუნთის სისხლმომარაგების შეფასებისათვის სცინტიგრაფია შეიძლება ჩატარდეს ფიზიკური დატვირთვის ან გულის მედიკამენტების ზემოქმედებით აჩქარების შემდგომ, როცა დატვირთვა პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის გამო (მაგალითად, სახსრების დაავადება) შეუძლებელია. დატვირთვის პიკზე გულის ის უბანი, რომლის სისხლით მომარაგებაც დაქვეითებულია, ნაკლებ იზოტოპს ჩაირთავს და ნაკლებად მკვეთრ გამოსახულებას გვაძლევს.

გულის კათეტერიზაცია და კორონაროგრაფია

გულის კათეტერიზაცია და კორონარული ანგიოგრაფია, ანუ კორონაროგრაფია, არის გულისა და მისი გვირგინოვანი სისხლძარღვების – კორონარების, გამოკვლევის მინიმალური ინვაზიური (სხეულში შეღწევასთან დაკავშირებული) მეთოდი. როგორც წესი, აღნიშნული მეთოდით კვლევა ტარდება, როცა სხვა ტესტებით მიღებული ინფორმაცია არ არის საკმარისი, ან დიდია გულისა და გვირგვინოვანი სისხლძარღვების დაავადების არსებობა. კვლევის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ უშუალოდ კვლევის პროცესში შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, კორონარული არტერიების (გულის იშემიური) დაავადების მკურნალობა.

გულის კათეტერიზაციის დროს წვრილი კათეტერი კანის გავლით შეჰყავთ არტერიაში, გადაანაცვლებენ გულისა და კორონარული სისხლძარღვებისაკენ. კათეტერის დაბოლოებისაკენ შეიძლება გადანაცვლდეს სხვადასხვა ინსტრუმენტი – გულის ღრუებსა და სისხლძარღვებში წნევის გასაზომად, სისხლძარღვთა შიგნითა გარსის ექოსკოპიისათვის, გულის სხვადასხვა ნაწილიდან სისხლის ნიმუშის ასაღებად, ქსოვილის ნაწილის მისაღებად (ბიოფსიისათვის).

კათეტერის გავლით შეიძლება ჩატარდეს გავრცელებული პროცედურები:

ნ ვენტრიკულოგრაფია – საკონტრასტო ნივთიერება კათეტერის გავლით შეჰყავთ მარჯვენა ან მარცხენა პარკუჭში, რის შემდეგაც აკვირდებიან მათ შეკუმშვას, აფასებენ გულის კუმშვით უნარს, რაც გულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრაში გვეხმარება;

ნ ვალვულოპლასტიკა – კათეტერი გამოიყენება გულის შევიწროვებული სარქვლის გაფართოებისათვის;

ნ გულის სარქვლის შეცვლა – ძველი სარქვლის მოცილების ან ქირურგიული ჩარევის გარეშე ხდება სარქვლის შეცვლა;

ნ კორონაროგრაფია – მნიშვნელობისა და ჩარევის სიხშირის გათვალისწინებით, საუბარი, ალბათ, აღნიშნული კვლევით უნდა დაგვეწყო. კორონაროგრაფიისას თხევადი რენტგენოკონტრასტული ნივთიერება კათეტერის გავლით შეჰყავთ გულის გვირგვინოვან სისხლძარღვებში, რათა მიიღონ მათი დეტალური გამოსახულება. კორონაროგრაფია ტარდება გულის მარცხენა ნაწილის კათეტერიზაციისას. კვლევის პროცესში ექიმი სპეციალური რენტგენის აპარატის მეშვეობით აკონტროლებს კათეტერის მოძრაობას სისხლძარღვში. კვლევა იძლევა გულის გვირგვინოვანი არტერიების დახშობის, შევიწროვების ან სპაზმის გამოვლენის საშუალებას. მიღებული მონაცემების მიხედვით ექიმები წყვეტენ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას. შესაძლოა საჭირო იყოს ანგიოპლასტიკა (კათეტერის გავლით, სპეციალური ბალონის მეშვეობით, სისხლძარღვის განვლადობის აღდგენა), სტენტირება (სტენტის იმპლანტაცია, რაც უზრუნველყოფს სისხლძარღვის სანათურის გაფართოებასა და განვლადობის შენარჩუნებას) ან მიღებული იყოს ოპერაციული ჩარევის – აორტოკორონული შუნტირების გადაწყვეტილება. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად კორონაროგრაფია აუცილებელი პროცედურაა.