როგორ მოვუაროთ თვალებს მიოპიის დროს
განურჩევლად ასაკისა, ყველას შეიძლება განუვითარდეს. მასზე არაერთხელ გვისაუბრია, ამჯერად კი, ვფიქრობთ, უფრო საინტერესო იქნება, მოვისმინოთ ექიმის რჩევები იმის თაობაზე, როგორ შევარჩიოთ სათვალე მიოპიის დროს, როგორ მოვაწყოთ სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი გარემო, რითი ვიკვებოთ და ა.შ. გვესაუბრება ოფთალმოლოგი ვალერიან ხუროძე.
-
აქვს თუ არა ადამიანს ნაადრევი ჩივილები, ვიდრე მიხვდება, რომ მხედველობის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს?
- მხედველობის დარღვევა შეუმჩნევლად, თვალების არეში ერთგვარი უსიამოვნო ან დაღლილობის შეგრძნებით ვლინდება. არც თავის ტკივილი, წვა და ქავილის შეგრძნებაა იშვიათი. ადამიანს თვალების ინტენსიური სრესა შვებას ჰგვრის, თუმცა დროთა განმავლობაში იმასაც ამჩნევს, რომ შორეული და პატარა საგნების გარჩევა უჭირს, მონიტორსა და ტელევიზორის ეკრანს სულ უფრო მეტად უახლოვდება. თუ ამ სიმპტომებს დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას, შედეგად მხედველობის მძიმე დარღვევებს მიიღებთ.
-
მიოპიის დროს ყოველთვის არის თუ არა საჭირო სათვალის ტარება?
- სათვალის ტარება აუცილებელია, როცა საჭიროა თვალის ოპტიკური მახასიათებლების კორექცია. თვალის ოპტიკურ აპარატს რქოვანა გარსი და ბროლი ქმნის. როდესაც იცვლება მათი სინათლის გარდამტეხი თვისებები ან წარმოიშობა სხვა დეფექტი, ადამიანი გამოსახულებას მკვეთრად ვეღარ ხედავს. სწორედ ამ დარღვევის გამოსასწორებლად არის განკუთვნილი სათვალე.
პირველ ყოვლისა, უნდა ჩატარდეს მხედველობის ორგანოს სრული გამოკვლევა და სწორი კლინიკური დიაგნოსტირება. ამის შემდეგ ხდება მხედველობის ოპტიკური კორექცია ანუ სათვალის შერჩევა. სასურველია, ეს კლინიკაში მოხდეს და არა ოპტიკის სალონში. სათვალის შერჩევის შემდეგ მიმდინარეობს დინამიკური დაკვირვება - პაციენტი წელიწადში ოთხჯერ მაინც უნდა გაისინჯოს.
თუ ორი წლის განმავლობაში მიოპიამ პროგრესი არ განიცადა, მომდევნო წელიწადს 2-3 კონსულტაციაც საკმარისია. მიოპიის პროგრესირებისას აუცილებელია სათანადო მედიკამენტური მკურნალობა. თუ მიოპია წელიწადში 0,75 დიოპტრიით ან მეტით იმატებს, მისი პროგრესის შეჩერების მიზნით აუცილებელია სპეციალური ოპერაციის - სკლეროპლასტიკის ჩატარება. ბავშვთა ასაკში სათვალე ყოველთვის არ ინიშნება. თუ ბავშვს მხედველობის სიმახვილე უკორექციოდ 0,5 ან მეტი აქვს და მისი ახლომხედველობის (მიოპიის) ხარისხი არ აღემატება 2 დიოპტრიას, სათვალე უმეტესად არ ინიშნება. ასეთ დროს მას ეძლევა რეკომენდაციები დღის რეჟიმის, კვების შესახებ.
-
როგორ მოვუაროთ თვალებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დარღვევამ არ შეგვაწუხოს?
- მხედველობის დარღვევა მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის - ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობას, არასწორ დღის რეჟიმს, არასწორ ფიზიკურ დატვირთვას, არარაციონალურ კვებას. ამ ფაქტორების თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია, რაც, განურჩევლად ასაკისა, სიჯანსაღისა და უნაკლო მხედველობის საწინდარი გახლავთ.
„როგორც აღვნიშნეთ, მხედველობის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობაა. მზის სინათლე თვალებს დასვენებასა და მოდუნებაზე მეტად სჭირდება. განათების ინტენსივობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სუსტ, მბჟუტავ სინათლეზე არამცთუ ახლომხედველი, ჯანმრთელი თვალიც მალე იღლება და იძაბება. თუ შინ ან სამსახურში სათანადო განათებას ვერ იქმნით, სინათლის ნაკლებობა მზის გამაჯანსაღებელი და დამამშვიდებელი აბაზანებით მაინც აინაზღაურეთ. ამისთვის დროდადრო თავს ძალა უნდა დაატანოთ და კაშკაშა, ნათელ ცის კამარას (ოღონდ არა მზის დისკოს!) 2-3-წუთიანი შესვენებებით რამდენიმეჯერ შეხედოთ.
გარდა განათებისა, მხედველობის ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამუშაო ხელსაწყოების (საკერავი მანქანის, კომპიუტერის, ასევე - რვეულის, წიგნის) მდებარეობას, თვალებისგან დაშორებას და სხვა. ამ პარამეტრთა შეუსაბამობისას ახლომხედველობა ვითარდება. თუ ადამიანი უკვე ახლომხედველია, მას უფრო მეტი სიფრთხილე მართებს.
წიგნი და რვეული თვალებიდან 30-45 სმ-ით უნდა იყოს დაცილებული. დაუშვებელია დაწოლილი კითხვა. როდესაც ადამიანი მუცელზე წევს და ისე კითხულობს, წიგნი თვალებს მეტისმეტად უახლოვდება, რის გამოც თვალის მამოძრავებელი კუნთები და მხედველობის ნერვი ძალიან იძაბება. თუ ზურგზე დაწოლილი ვკითხულობთ, წიგნსა და თვალებს შორის მანძილი განუწყვეტლივ იცვლება, ვინაიდან გაწვდილი ხელებით წიგნის უმოძრაოდ დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია. განსაკუთრებით მავნებელია კითხვა მოძრავ ტრანსპორტში - წიგნისა და ნივთის სივრცეში მუდმივი მოძრაობა თვალებს ძაბავს და აზიანებს.
თუ პროფესიული საქმიანობის გამო დიდხანს გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, აუცილებლად დაიცავით რამდენიმე წესი:
- აკონტროლეთ თვალის დახამხამების სიხშირე. საქმეში გართული ხშირად ვერც კი ამჩნევთ, რომ თვალები დაძაბული და ფართოდ გახელილი გაქვთ. ეცადეთ, ხშირად დაახამხამოთ. ასე მათ გამოშრობასაც აიცილებთ თავიდან და ნერვის დაძაბულობასაც გაანეიტრალებთ.
- გარდა ამისა, ყოველ ნახევარ საათში თვალები 3-5 წუთით დახუჭეთ და მოადუნეთ ან მზერა შორეულ საგნებზე გადაიტანეთ.
- ეკრანის ცენტრალური ნაწილი თვალების დონეზე ან ოდნავ ქვემოთ უნდა იყოს.
- თუ დიდხანს კითხვა ან ტექსტის ბეჭდვა გიხდებათ, ფურცლები ეკრანთან რაც შეიძლება ახლოს დააწყვეთ, რათა თავის მოძრაობა და მზერის ხშირი გადანაცვლება არ დაგჭირდეთ.
- მონიტორი თვალებიდან 50-60 სმ-ით მაინც უნდა იყოს დაშორებული.
- კომპიუტერთან მუშაობისას არ არის სასურველი ოთახის კაშკაშა განათება, თუმცა სიბნელეში მუშაობაც დაუშვებელია.
- ეცადეთ, კომპიუტერი ისე დადგათ, რომ ფანჯრიდან შემოსული სინათლე ზურგიდან გეცემოდეთ.
მხედველობის დარღვევაზე მოქმედებს ნერვული და ფსიქიკური გადაძაბვა. ხშირი სტრესი, უარყოფითი ემოციები, ორგანიზმის გადაღლა. ეცადეთ, მოიწესრიგოთ ნერვული სისტემა, დროულად უმკურნალოთ სომატურ დაავადებებს.
-
როგორი ვარჯიშებია რეკომენდებული თვალისთვის?
- ნებისმიერი მხედველობითი დატვირთვის დროს აუცილებელია, თვალი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შეასვენოთ. შესვენებისას სასურველია მხედველობის ფიქსირება შორეულ საგნებზე, გარდა ამისა, კარგია თვალის მამოძრავებელი კუნთების ვარჯიში:
- თავის გაუნძრევლად მზერის გადატანა მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ, ქვემოთ, შემდეგ - ირიბად: მარჯვნივ ზემოთ, მარცხნივ ქვემოთ და პირიქით.
- წრიული და რვიანისებური მოძრაობები თვალით.
თავდაპირველად საკმარისია, ამ მოძრაობების 2-3 ციკლი დღეში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში. შემდეგ 2 კვირას უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ. არსებობს სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობით სრულდება. ისიც კურსობრივად ტარდება და განსაკუთრებით შედეგიანია ბავშვობის ასაკში.
-
რას გვირჩევთ კვების რაციონის თაობაზე?
- სრულფასოვანი კვება მხედველობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.
- შესუსტებული მხედველობის მქონე პირებმა უნდა მიირთვან სურსათი, რომელიც ხელს უწყობს ბადურას სისხლძარღვების განმტკიცება-გამაგრებას. ასეთია სტაფილო, შავი მოცხარი და მოცვი.
- ახლომხედველთა რაციონი განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს თევზით, კერძოდ - ვირთევზათი, მწვანილით, კერძოდ - ოხრახუშით, კამით, მწვანე ხახვითა და სალათის ფოთლებით.
- მხედველობისთვის სასარგებლოა A, E და C ვიტამინებით მდიდარი საკვების რეგულარული მიღება.
- A ვიტამინით მდიდარია სტაფილო, სალათა, მწვანე ბარდა, პომიდორი, ნესვი, ხახვი, ხაჭო, ღვიძლი, გოგრა.
- C ვიტამინით მდიდარია ასკილი, ციტრუსები.
- არანაკლებ მნიშვნელოვანია D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებაც.
- მხედველობის ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმში ამ ვიტამინის ოდენობაზე, ამიტომ მიირთვით ნაღების კარაქი, კვერცხის გული, თევზი.
-
დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა:
არ დაუჯეროთ არავის, ვინც ახლომხედველობის განკურნებას ან მიოპიის ხარისხის შემცირებას ოპერაციის გარეშე დაგპირდებათ. ასეთი "მკურნალი", საუკეთესო შემთხვევაში, უვიცია.
ასეთივე აბსურდია მიოპიის "მკურნალობა" დიფრაქციული (ნასვრეტებიანი) სათვალით, რომლის რეკლამირებაც, სამწუხაროდ, აკრძალული არ არის.
მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სრულფასოვანი კვება, სწორად შერჩეული სათვალე, რეგულარული ვიზიტი ოფთალმოლოგთან - ასეთია ახლომხედველი ადამიანის ცხოვრების სამაგალითო რეჟიმი.