დაქვეითებულ მხედველობას სტაფილო, შავი მოცხარი და მოცვი უხდება, ხოლო ახლომხედველობას თევზი და მწვანილი - ვარჯიშები და კვების რაციონი უკეთესი მხედველობისთვის
- როგორი ვარჯიშებია რეკომენდებული თვალისთვის?
- ნებისმიერი მხედველობითი დატვირთვის დროს აუცილებელია, თვალი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შეასვენოთ. შესვენებისას სასურველია მხედველობის ფიქსირება შორეულ საგნებზე, გარდა ამისა, კარგია თვალის მამოძრავებელი კუნთების ვარჯიში:
თავის გაუნძრევლად მზერის გადატანა მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ, ქვემოთ, შემდეგ - ირიბად: მარჯვნივ ზემოთ, მარცხნივ ქვემოთ და პირიქით.
წრიული და რვიანისებური მოძრაობები თვალით.თავდაპირველად საკმარისია, ამ მოძრაობების 2-3 ციკლი დღეში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში.
შემდეგ 2 კვირას უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ. არსებობს სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობით სრულდება. ისიც კურსობრივად ტარდება და განსაკუთრებით შედეგიანია ბავშვობის ასაკში.
- რას გვირჩევთ კვების რაციონის თაობაზე?
- სრულფასოვანი კვება მხედველობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. შესუსტებული მხედველობის მქონე პირებმა უნდა მიირთვან სურსათი, რომელიც ხელს უწყობს ბადურას სისხლძარღვების განმტკიცება-გამაგრებას.
ასეთია სტაფილო, შავი მოცხარი და მოცვი. ახლომხედველთა რაციონი განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს თევზით, კერძოდ - ვირთევზათი, მწვანილით, კერძოდ - ოხრახუშით, კამით, მწვანე ხახვითა და სალათის ფოთლებით. მხედველობისთვის სასარგებლოა A, E და C ვიტამინებით მდიდარი საკვების რეგულარული მიღება.
A ვიტამინით მდიდარია სტაფილო, სალათა, მწვანე ბარდა, პომიდორი, ნესვი, ხახვი, ხაჭო, ღვიძლი, გოგრა. C ვიტამინით მდიდარია ასკილი, ციტრუსები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებაც. მხედველობის ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმში ამ ვიტამინის ოდენობაზე, ამიტომ მიირთვით ნაღების კარაქი, კვერცხის გული, თევზი.
დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: არ დაუჯეროთ არავის, ვინც ახლომხედველობის განკურნებას ან მიოპიის ხარისხის შემცირებას ოპერაციის გარეშე დაგპირდებათ. ასეთი `მკურნალი~, საუკეთესო შემთხვევაში, უვიცია. ასეთივე აბსურდია მიოპიის `მკურნალობა~ დიფრაქციული (ნასვრეტებიანი) სათვალით, რომლის რეკლამირებაც, სამწუხაროდ, აკრძალული არ არის.
მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სრულფასოვანი კვება, სწორად შერჩეული სათვალე, რეგულარული ვიზიტი ოფთალმოლოგთან - ასეთია ახლომხედველი ადამიანის ცხოვრების სამაგალითო რეჟიმი.