რა საფრთხეს გვიქმნიან მწერები და როგორ ვებრძოლოთ მათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხეს გვიქმნიან მწერები და როგორ ვებრძოლოთ მათ

მწერის ნაკბენით გავრცელებული სხვადასხვა ინფექციური დაავადება, ეს ყოველივე ძალიან შემაშფოთებელია, განსაკუთრებით ბავშვებსა და ალერგიულ პირებთან.

ბუნებისაგან იზოლირება ხომ წარმოუდგენელი და არარეალურია, არც არავის ძალუძს, მაგრამ მწერებისაგან თავდაცვა, ცალკეულ გართულებათა თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სწორედ ამ აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი პარაზიტოლოგი, თეა ჩიქოვანი:

- ქალბატონო თეა, მწერები და მათი ნაკბენი ბევრისათვის მეტად მტკივნეული თემაა. ზაფხულის დადგომისთანავე ღელვა და შფოთვა განსაკუთრებით პატარების მშობლებს იპყრობთ, რადგან ბავშვებს ყველაზე მეტად ძალუძთ სამყაროს შეცნობა, უყვართ ბუნებით ტკბობა და ვერ აცნობიერებენ რაიმე საშიშროებას, ამიტომ ხშირად ხდებიან კიდეც ამა თუ იმ მწერის ნაკბენის მსხვერპლი, თანაც შესაბამისი სიმპტომები ბავშვებთან უფრო მკვეთრად გამოიხატება და უფრო ხშირად რთულდება...

- მწერების ნაკბენები, საზოგადოდ, ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: სიფრიფანაფრთიანთა (კოღოები, ბუზები, კრაზანები და ა.შ.) და ობობასნაირთა (ტკიპები, მორიელები და სხვა) ნაკბენები. მწერების ნაკბენზე ადამიანის ორგანიზმი სამი სახის რეაქციით პასუხობს:

  • ადგილობრივი - შეწითლება, შეშუპება, ტკივილი, ქავილი ან ძლიერი წვის შეგძნება ნაკბენ ადგილას, ლიმფური კვანძის ადგილობრივად გადიდება;
  • ზოგადტოქსიკური - ციებ-ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება, თავისა და სახსრების ტკივილი;
  • ალერგიული რეაქცია - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკიც კი. ალერგიული რეაქცია შეიძლება აღმოცენდეს ერთეულ ნაკბენზეც, თუ ადამიანს აღენიშნება წინასწარგანწყობა აღნიშნული რეაქციისადმი.

მწერის ნაკბენი ადვილი ამოსაცნობია ქავილით, რაც ორგანიზმის ადგილობრივი საპასუხო რეაქციაა იმ ნივთიერებებზე, რომელთაც მწერი კბენისას ორგანიზმში ნერწყვთან ერთად უშვებს. ქავილი შეიძლება აღმოცენდეს როგორც კბენისთანავე, ისე რამდენიმე საათის შემდეგ, შეიძლება იყოს ადგილობრივი და გენერალიზებული. მწერების უმრავლესობის ნაკბენი მხოლოდ ადგილობრივ რეაქციას იწვევს, თუმცა ზოგიერთი მწერის კბენისას ვითარდება ზოგადალერგიული რეაქცია.

ბუზი

- მოდი, დავიწყოთ ბუზებით. რატომ უნდა ვებრძოლოთ მათ, რა დაავადებებს ავრცელებენ და თუ იკბინებიან?

- ბუზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა მწერებს შორის. არსებობს მისი სხვადასხვა ქვესახეობა. ბუზის ზოგიერთი სახეობა აგრესიულია, ზოგი - უფრო მშვიდი. აგრესიულნი იკბინებიან კიდეც და სისხლსაც ეტანებიან. ბუზები განსაკუთრებით მრავლდებიან ზაფხულში. აქტიურები არიან დღისით. ეტანებიან როგორც ნაგავსაყრელებს, ისე კვების ობიექტებს. მათი ექსკრემენტები მრავლად გვხვდება ნებისმიერ ნივთსა თუ საკვებზე. ბუზები იკვებებიან როგორც ადამიანის საკვებით, ისე ხრწნადი ორგანული ნარჩენებით. ადამიანისათვის განსაკუთრებით საშიშია ოთახის ბუზები. ისინი არ იკბინებიან, მაგრამ სხეულის ზედაპირით შეუძლიათ გადაიტანონ 6 მლნ ბაქტერია, ფეკალიის ნაწილაკები და ჰელმინთის კვერცხები. ამის გამო ისინი ინფექციური და პარაზიტული დაავადებების გადამტანები არიან. ბუზის მიერ დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს დიზენტერიით, მუცლის ტიფით, ტუბერკულოზითა და სხვა. მაგრამ არის ბუზის სხვა სახეობები, რომლებსაც კბენით ზოგიერთი დაავადების გადატანა შეუძლიათ, მაგალითად, ციმბირის წყლულისა და ტულარემიის. განსაკუთრებით საშიშია სისხლისმწოველი ბუზები, მაგალითად, ბუზი ცეცე, რომელიც ტრიპანოსომოზის გამომწვევის გადამტანია. ამ დაავადებას ახასიათებს ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება, ძილიანობა, ქვემო კიდურების შეშუპება. ჩვენთან ეს სახეობა არაა გავრცელებული.

- როგორ ვებრძოლოთ ბუზებს, რა ზომები და საშუალებები გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ?

- ბუზებისაგან თავის დასაცავად საჭიროა: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ნაგვის ნარჩენების დროულად მოშორება ბინიდან, საკვები პროდუქტებისა და ჭურჭლის მწერებისგან დაცულ ადგილას შენახვა, ბინის ხშირი დასუფთავება), ფანჯრებისათვის სპეციალური ბადეების გამოყენება, მწერების დასაფრთხობად რეპელენტების, გასანადგურებლად კი ინსექტიციდების (სპეციალური ქიმიური ნივთიერებების) გამოყენება.

კოღო

- ბუზებზე არანაკლებ აბეზარნი არიან კოღოები, დიდ პრობლემებს უქმნიან დიდებსაც და პატარებსაც, თუმცა ჩვილებისა და, საზოგადოდ, ბავშვებისათვის განსაკუთრებით აუტანელი ხდება მათი ნაკბენით გამოწვეული წვისა და ქავილის შეგრძნება. რატომ არის კოღოს ნაკბენი ასეთი პრობლემური?

- კოღოები ძირითადად ღია წყალსატევებში, დატბორილ სარდაფებსა და გუბეებში ბინადრობენ. აქტიურდებიან ღამით, ქარიან და წვიმიან ამინდში კი მათი მოძრაობა შეზღუდულია, ამ დროს ისინი იმალებიან. იკბინებიან მხოლოდ მდედრი კოღოები, ისინი ადვილად აღწევენ ტანსაცმელშიც. კოღოს ნაკბენი, შეიძლება ითქვას, უსაფრთხოა, თუ ის არ არის რომელიმე დაავადების გადამტანი (მაგალითად, ანოფელესის გვარის კოღო მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმის გადამტანია, კოღო Aედეს აეგყპტი-ს და Aედეს ალბოპიცტუს-ის სახეობები ზიკას, დენგეს, ჩიკუნგუნიასა და ყვითელი ცხელების გადამტანები არიან).

ადამიანის სისხლით მხოლოდ მდედრი კოღოები იკვებებიან. მდედრ კოღოს აქვს ნესტარი კანში შესაღწევად და სისხლის გამოსაწოვად. ყველაზე ხშირად ადამიანის კანზე კბენის შემდეგ მოვარდისფრო წითელი ქავანა პაპულები ჩნდება, შეშუპებითა და ზოგიერთ შემთხვევაში ცენტრში წვრილი ბუშტუკით. ეს ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციაა კოღოს ნერწყვში შემავალ ტოქსინზე. ნაკბენ ადგილას ქავილისა და ტკივილის შესამსუბუქებლად შეიძლება გამოვიყენოთ ყინული ან ცივი საფენი, ასევე სოდის კონცენტრირებული ხსნარი, სოდა ამცირებს შეშუპებას და ქავილს. დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ნაკბენი დაიმუშავეთ ბრილიანტის მწვანით. ქავილით შეიძლება ნაკბენის დაინფიცირება. შეჭრილი ინფექციის გამო კი კოღოს პატარა ნაკბენის ადგილას ჩირქოვანი ანთება ვითარდება. გარდა ამისა, კოღოს ნაკბენი შესაძლოა ალერგიული დერმატიტის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.

- მოგეხსენებათ, ზოგიერთს კოღო საერთოდ არ ეკარება, ზოგს კი თითქმის ყველა მწერი ემტერება. რა განაპირობებს ამას?

- კოღოს შერჩევითობა ადამიანის ფიზიოლოგიაზე, გენეტიკასა და სუნზეა დამოკიდებულია. კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ მნიშვნელობა ენიჭება სისხლის ჯგუფს, სუნთქვის დროს გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობას, სხეულის ტემპერატურას, სამოსის ფერს, ბაქტერიებს, რომლებიც ადამიანის კანზე ბინადრობენ და სხვა ფაქტორებს.

ადამიანთა უმრავლესობა კოღოს ნაკბენს ვერ ამჩნევს. რამდენჯერმე კბენის შემდეგ კანზე შეიძლება შემდეგი ცვლილებები განვითარდეს:

  • შესივებული, თეთრი ამობურცულობა, რომელიც კბენის შემდეგ რამდენიმე წუთში ვითარდება;
  • გამაგრებული, ქავილის გამომწვევი მოყავისფრო-მოწითალო ამობურცულობები, რომლებიც ვითარდება კბენიდან 1 ან რამდენიმე დღის შემდეგ;
  • შესივება ნაკბენის გარშემო;
  • მცირე ზომის ბუშტუკები გამაგრებული ამობურცულობის მაგივრად;
  • მუქი ფერის ლაქები, რომლებიც ჩალურჯებებს წააგავს.

იმუნური სისტემის პრობლემების მქონე ბავშვებთან შესაძლოა აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები: დიდი ზომის შესივება და სიწითლე, ტემპერატურის ოდნავ მომატება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების შესივება. თუ კოღოს კბენამ გამოიწვია სერიოზული სიმპტომები - სიცხე, თავის ტკივილი, სხეულის სხვა ნაწილების ტკივილი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

- როგორ დავიცვათ თავი კოღოებისაგან?

- დაცვის ყველა საშუალება შეიძლება ამგვარად დავაჯგუფოთ:

  • ეკოლოგიური – რაც გულისხმობს ბუნებაზე ზემოქმედებას: დაჭაობებული ტერიტორიების დამუშავებას და ამოშრობას, წყალსატევებისადმი სპეციფიკურ მოპყრობას: ჩაღრმავებას, გაწმენდას და სხვა. ასევე წყლის რეზერვუარების გადახურვას.
  • ფიზიკური – აღვკვეთოთ საცხოვრებელ ბინებში მწერების შემოსვლა, ამისთვის საჭიროა ბინის ღიობები - კარი, ფანჯრები - მჭიდროდ იხურებოდეს და დაცული იყოს სპეციალური მწერსაწინააღმდეგო ბადეებით. მცირეწლოვანი ბავშვის საწოლი დავიცვათ ბადით.
  • ბიოლოგიური – კოღოს წყლის ფაზების საწინააღმდეგოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა თევზის, გამბუზიის (Gამბუსია აფფინის) გამრავლება.
  • ქიმიური – ინსექტიციდები - მწერსაწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები. შენობების დამუშავება ინსექტიციდებით მოითხოვს ყველა წესის მკაცრ დაცვას და მას, ჩვეულებრივ, დეზინფექციის სამსახურები, სპეციალისტები ატარებენ.
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან აღსანიშნავია – რეპელენტები და ელექტროფუმიგატორები.

ბუნებრივი რეპელენტებიდან გამოიყენება დარიჩინი, რეჰანი, ჩაის ხის ან კედრის ზეთი, კაკლის ფოთლები, ციტრუსის ნაყოფი, ციტრუსისგან დამზადებული ეთერზეთები.

ტკიპა

- ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია ტკიპების შემოსევის შესახებ. რა საფრთხეს უქმნიან ისინი ადამიანს?

- ტკიპა ობობასნაირთა კლასის მცირე ზომის მწერია. არსებობს სხვადასხვა სახის ტკიპები. ადამიანისათვის საშიში პარაზიტული ტკიპებია - იქსოდიდები და არგაზიდები, რომლებიც იკვებებიან სისხლით და ტრანსმისიული დაავადებების (ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ბორელიოზი, ყირიმ-კონგოს ცხელება) გამომწვევთა გადამტანები არიან. იქსოდიდები ღია თავშესაფრებში ბინადრობენ: ტყეში, მინდორში, ნიადაგის ნაპრალში, ხეების ქერქის ან მის ფესვებქვეშ. არგაზიდები კი - დახურულ თავშესაფრებში. მათი ადგილსამყოფელი მელიის, მღრღნელების, კუს სოროები და ფრინველთა ბუდეებია.

ტკიპამ შეიძლება გიკბინოთ ნებისმიერ დროს. მისი აქტივობა განსაკუთრებით მომატებულია გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. ტკიპა თავს ესხმის ადამიანს სეირნობის დროს ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას, თუ მის ახლოს აღმოჩნდება. ადამიანი ტკიპის კბენას ვერ გრძნობს, რადგან ტკიპა მის სხეულში ანესთეზინს უშვებს, ამავე დროს იმ დაავადებების გამომწვევებსაც, რომლის მატარებელიც შეიძლება იყოს. ტკივილის უქონლობის გამო შეიძლება ტკიპა დიდი ხნის განმავლობაში ვერც კი შეამჩნიოთ და მწერი კანზე მიკრული 7-10 დღეც კი იყოს. ის მანამდე წოვს სისხლს, სანამ სრულ ულუფას არ მიიღებს. ტკიპის ნაკბენის ირგვლივ ჩდება 1 სმ დიამეტრის ღია მოწითალო ფერის ლაქა. სიწითლე და ანთებითი რეაქცია ვითარდება იმ კომპონენტების მოქმედებით, რომლებიც შედის ტკიპის ნერწყვში. ნუ შეეცდებით ტკიპა ხელით მოაშოროთ კანს, რადგან შეიძლება მოსწყდეს თავი და მისი ნაწილი (ხორთუმი) ჩარჩეს კანში. ტკიპა კანიდან პინცეტის ან ძაფის მარყუჟის საშუალებით უნდა ამოიღოთ. პროცედურა გამარტივდება თუ ტკიპას ზემოდან დაადებთ სპირტში ან ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონს და დაახლოებით ერთ საათს გააჩერებთ - ტკიპას საწოვარი აპარატი დაეხშობა, მოდუნდება და თავად მოძვრება. ტკიპის მოცილების შემდეგ ჭრილობა უნდა დამუშავდეს იოდის ხსნარით ან ბრილიანტის მწვანით.

- რას გვეტყვით იმ დაავადებებზე, რომლებსაც ტკიპა ავრცელებს?

- ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხშირად ჩვენს ტერიტორიაზე გვხვდება ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება. მისი პირველი სიმპტომები ვლინდება ტკიპის კბენიდან 3-32 დღეში. ნაკბენ ადგილას ჩნდება დამახასიათებელი მრგვალი, წითელი ლაქა, ღია ფერის ცენტრით და აგრეთვე თავს იჩენს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (სიცხე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე). შემდგომში ვლინდება სახსრების ანთება და ტკივილი, გულისა და ნერვული სისტემის მხრივ გართულებები, მაგალითად, მენინგიტი. შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, სისუსტე, დისკომფორტი, მოუსვენრობა, მხედველობის გაბუნდოვანება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კუნთების ტკივილი.

ფართოდ გავრცელებული დაავადებაა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ენდემიურია აფრიკაში, ბალკანეთში, შუა აღმოსავლეთსა და აზიის 50-ე ჩრდილოეთ პარალელის სამხრეთით მდებარე ქვეყნებში. ეს არეალი გამომდინარეობს ძირითადი გადამტანი ტკიპის გავრცელების გეოგრაფიული საზღვრიდან. საქართველოშიც 2012 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 15 შემთხვევა. დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ის ხასიათდება 10-40% სიკვდილიანობით. როგორც აღვნიშნეთ, ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის კბენით ან ინფიცირებული ცხოველის დაკვლის შემდეგ მათ სისხლთან ან ქსოვილებთან კონტაქტისას. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 1-9 დღემდეა. ვლინდება მწვავედ შემდეგი სიმპტომებით: ცხელება, ზურგისა და თავის ტკივილი, კისრის ტკივილი და დაჭიმულობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლჩაქცევები.

ტკიპისმიერი ენცეფალიტით ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს დაავადებული ტკიპის კბენით და ენდემურ ზონებში ცხოველთა დაინფიცირებული რძით. სიმპტომები დასნებოვნებიდან 4-45 დღეში შეიძლება გამოვლინდეს. დაავადება, როგორც წესი, მწვავედ იწყება, ცხელებით, თავის აუტანელი, მზარდი ტკივილით. დაავადება შემდგომშიც მძიმედ მიმდინარეობს ნერვული სისტემის ამა თუ იმ ხარისხის დაზიანებით.

- როგორია ამ დაავადებათა პროფილაქტიკა?

- ენდემური რეგიონების ტყეებსა და კორდებზე პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურად შემოსილებმა უნდა იაროთ. უმჯობესია გრძელმკლავიანი დახურული ტანსაცმელი, წინდებში ჩატანებული გრძელი შარვალი და დახურული ფეხსაცმელი გეცვათ. სასურველია ტანსაცმელი ღია ფერის იყოს, მასზე ტკიპა ადვილად გამოჩნდება. აუცილებელია ტანსაცმლისა და კანის საფარველის რეგულარულად დათვალიერება, ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში კი მისი უსაფრთხო მოცილება. ტკიპის კბენისაგან თავის დასაცავად საჭიროა რეპელენტების გამოყენება. ტკიპების საწინააღმდეგოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი ცხოველთა სადგომებშიც. მათ გასანადგურებლად უნდა გამოიყენოთ ინსექტიციდები.

ბაღლინჯო

- დიდ საშიშროებას ქმნიან ბაღლინჯოებიც, თუმცა ამ პარაზიტებზე ნაკლებად ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას. უმთავრესად როდის კბენს ის ადამიანს?

- საწოლის ბაღლინჯო სისხლის მწოველი მწერია. ის ადამიანისა და ზოგი თბილსისხლიანი ცხოველის პარაზიტია. იკვებება მხოლოდ სისხლით. ბაღლინჯოს თითქმის ყველგან შეუძლია დამალვა, ვინაიდან ბრტყელი და მოგრძო ფორმა აქვს. განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობს თავს ნესტიან და ცუდად განათებულ სათავსოებში. ბაღლინჯოები ბინადრობენ საქათმეში, ზოგჯერ სამტრედეში, ღამურებისა და ფრინველების ბუდეებში, მღრღნელების სოროებში, ადამიანის სამოსახლოში (ქვეშაგების ნაკერებში, ლეიბებში, ავეჯში, კვერცხებს დებენ შპალერის უკან, ხის ნაპრალებში). ბაღლინჯოები განსაკუთრებით ღამით აქტიურდებიან, დღისით კი იმალებიან. ისინი ძირითადად მძინარე ადამიანს კბენენ. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ვერ გრძნობს კბენას, რადგან მწერის ნერწყვში შედის ანტიკოაგულანტი, რომელიც ტკივილგამაყუჩებლის როლს ასრულებს. საწოლის ბაღლინჯოს ნაკბენის პირველი სიმპტომი არის მრავლობითი, წვრილი, ბრტყელი და შეშუპებული უბნები კანზე, რომლებიც მუდმივად ჩნდება ერთსა და იმავე ადგილას ხაზოვანი კლასტერული ტიპით, რადგანაც ბაღლინჯო მიდრეკილია იკვებოს ერთსა და იმავე ადგილას რამდენჯერმე. ნაკბენზე ადამიანს ზოგჯერ შეიძლება არ ჰქონდეს არანაირი რეაქცია, ზოგჯერ კი შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქცია. ნაკბენი ჩნდება კბენიდან რამდენიმე საათში და აღინიშნება რამდენიმე დღე, შემდეგ კი ნელ-ნელა ქრება. თუ ადამიანი ალერგიულია, ნაკბენი შეიძლება 1 კვირა და მეტიც აღინიშნოს. პირველ რიგში, ნაკბენი უნდა დამუშავდეს თბილი წყლით, ეს ამცირებს ანთებით პროცესს. ისეთი სერიოზული შედეგების, როგორებიცაა ქავილი და ინფექცია, სამკურნალოდ, რეკომენდებულია ანტისეპტიკური ლოსიონი ან მალამო, ანტიჰისტამინური პრეპარატები.

თუკი ადამიანი დაეჭვდება, რომ დაკბენილია სწორედ საწოლის ბაღლინჯოსგან, უნდა გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები - გაირეცხოს თეთრული და პიჟამა ცხელ (72 გრადუს) წყალში, დამუშავდეს საწოლი, მატრასი და კედლები შესაბამისი სამსახურის მიერ, რადგან ბაღლინჯოების მოსაცილებლად აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება.