ერთი შეხედვით უვნებელი ნაკბენი...
-
ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული რომელი პარაზიტული დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს ამა თუ იმ მწერის ნაკბენი?
-უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სისხლის მწოველთა ნაკბენი, რადგანაც კბენის შედეგად პარაზიტული დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით ყურადსაღებნი არიან არა მარტო ფეხსახსრიანი სისხლის მწოველი მწერები, არამედ ტკიპებიც. სისხლის მწოველ მწერთა შორის უნდა გამოვყოთ ანოფელესის გვარის კოღოები, რომლებიც მალარიის გადამტანები არიან, და ფლებოტომუსის გვარის მოსკიტები, რომლებიც ვისცერულ და კანის ლეიშმანიოზს იწვევენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტკიპები, რომლებიც ბორელიოზისა და სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული და რიკეტსიული დაავადებების გადამტანებად გვევლინებიან.
-
როგორ ხდება მალარიით დაავადება?
-მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი -პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს ე.წ. მალარიის კოღოს -ანოფელესის გვარის კოღოს. მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი დაავადებული ადამიანის სისხლის წოვისას შეიწოვს პლაზმოდიუმებს, რომლებიც კოღოს ორგანიზმში სქესობრივი გამრავლების ციკლს გადიან. ამ ციკლის დასასრულს ახალგაზრდა პლაზმოდიუმები კოღოს სანერწყვე ჯირკვლებში აღწევენ და ჯანმრთელი ადამიანის კბენისას კოღოს ნერწყვთან ერთად ხვდებიან მის სისხლში. ასე გადა-აქვს ანოფელესის გვარის კოღოს მალარიის პლაზმოდიუმები დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთე-ლი პიროვნების ორგანიზმში. პლაზმოდიუმები სისხლით ღვიძლში ხვდებიან, სადაც არასქესობრივი გზით მრავლდებიან, ახალგაზრდა პარაზიტები სისხლში გადადიან და ერითროციტებში (სისხლის წითელ ბურთულებში) შეაღწევენ. ამით მთავრდება მალარიის ფარული ანუ ინკუბაციური პერიოდი, რომელიც სხვადასხვა ფორმით 10-დან 14 დღემდე გრძელდება და დაავადების კლინიკური გამოვლინება იწყება.
-
რა ნიშნებით ვლინდება მალარია?
-მალარიას ახასიათებს ციებ-ცხელების შეტევები. პაციენტს ეწყება ძლიერი შემცივნება, სახსრების მტვრევა, კუნთებისა და თავის ძლიერი ტკივილი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად მატულობს -39-40 გრადუსამდე, ზოგჯერ უფრო მეტსაც აღწევს. 6-10 საათის შემდეგ იწყება ძლიერი ოფლის დენა, ტემპერატურა ეცემა და დგება უსიცხო პერიოდი - დაავადების რემისია, რომლის ხანგრძლივობა მალარიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში განსხვავებულია. აქვე დავძენთ, რომ გამომწვევი პლაზმო-დიუმის მიხედვით მალარიის ოთხ ფორმას განარჩევენ -სამდღიანს, ოთხდღიანს, ტროპიკულსა და ეგრეთ წოდებულ მალარია ოვალეს. ეს უკანასკნელი მხოლოდ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში გვხვდება. სამდღიანი მალარიისა და მალარია ოვალეს დროს რემისია ერთი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება, ოთხდღიანი მალარიისას -2 დღე-ღამე, ტროპიკული მალარიის შეტევები კი ყოველ 10-22 საათში მეორდება, ესე იგი - ყოველდღე.
-
რა სახის კვლევები ტარდება მალარიის დიაგნოსტიკის მიზნით?
-როდესაც პაციენტის მონაცემების მიხედვით მალარიის ეჭვი ჩნდება, ცხელების პიკზე სისხლის წვეთს ვიღებთ და მას მიკროსკოპიულად ვიკვლევთ, რის მეშვეობითაც სისხლში მალარიის პლაზმოდიუმებს აღმოვაჩენთ.
-
რამდენად წარმატებულია დღესდღეობით მალარიის მკურნალობა და რას გულისხმობს?
-მალარიის მკურნალობა დღეისათვის საკმაოდ წარმატებით ხორციელდება მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების მეშვეობით. მათი შერჩევა, პაციენტის მდგომარეობისა და ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, მხოლოდ ექიმის პრეროგატივით ხდება, ამიტომ კონკრეტული მედიკამენტების დასახელებითა და მათ დოზირებაზე საუბრით მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ. მალარიის თანამედროვე მკურნალობის ეფექტურობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში დაავადების არც ერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით არ დასრულებულა.
-
წარსულში მალარიის დაავადება გადიდებულ ელენთასთან ასოცირდებოდა. დღესაც ხშირია თუ არა ელენთის გადიდება ამ დაავადებისას და შესაძლებელია თუ არა თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით ამ ორგანოს ზომა ნორმებს დაუბრუნდეს?
-მალარია წარსულში მართლაც ასოცირდებოდა გადიდებულ ელენთასთან, რასაც გარკვეული მიზეზებიც ჰქონდა - დაავადებულთა რიცხვი მაღალი იყო, მკურნალობა კი არც ისე იშვიათად საკმაოდ გვიან, რამდენიმე შეტევის შემდეგ იწყებოდა. ამ დროს ელენთა და ღვიძლი უკვე საკმაოდ იყო გადიდებული. მსგავს შემთხვევებში, რასაკვირველია, აღნიშნული ორგანოები მკურნალობის შედეგად საწყის ზომას ვერ უბრუნდებოდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მალარიის განმეორებით შეტევებს, ღვიძლისა და ელენთის გადიდების გარდა, თან ახლდა სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანება, ანემია (სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობის დაქვეითება), ძლიერი სიგამხდრე, ვიტამინების ნაკლებობა. სადღე-ისოდ, როცა შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ელენთის შეუქცევადი გადიდება აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორიც წინათ იყო.
-
რა არის ლეიშმანიოზით დაავადების მიზეზი?
-ვისცერული ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტის რეზერვუარები ბუნებაში ძაღლები და გარეული ცხოველები არიან (მაგალითად, ტურა). ცხოველიდან ადამიანს ავადმყოფობა მცირე -1,3-დან 3,5 მმ-მდე ზომის მწერის -ფლებოტომუსის საშუალებით გადაეცემა. ის კბენს დასნებოვნებულ ძაღლს და შემდეგ ჯანმრთელი ადამიანის კბენისას ამ უკანასკნელს აავადებს. დაავადების ინკუბაციური ანუ ფარული პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდეა, საშუალოდ -3-5 თვე.
-
შესაძლებელია თუ არა რაიმე ნიშნით მივხვდეთ, რომ ძაღლი ლეიშმანიოზითაა დაავადებული?
-ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს წყლულები უვითარდება თავსა და სხეულზე, კანი ექერცლება (განსაკუთრებით თვალების გარშემო), თვალი უზიანდება -კერატიტი და კონიუნქტივიტი უვითარდება, ძაღლი ძალიან გამხდარია. ადრეულ სტადიაზე ცხოველის ცხვირსა და ტუჩებზე შეიძლება გაჩნდეს დეპიგმენტაციის (შეფერილობის დაკარგვის) უბნები და გამონაყარი. ახალგაზრდა ცხოველში დაავადება სწრაფად მიმდინარეობს და ხშირად სიკვდილითაც მთავრდება, ზრდასრულ ძაღლში კი დაავადების კლინიკა წაშლილია; აღინიშნება უსიმპტომო მატარებლობაც.
-
როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი, რომ ადამიანი ლეიშმანიოზითაა დაავადებული, რა ახასიათებს ამ პათოლოგიას?
-ლეიშმანიოზის მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (39-400ჩ), მძიმე ინტოქსიკაცია, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სწრაფად პროგრესირებადი გაუარესება და სისხლში ცვლილებები. ავადმყოფობის ხანგრძლივობა 3-6 თვეა. ქრონიკული ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა 37,5-380ჩ-მდე იმატებს, იშვიათად 39,50ჩ-მდე. ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და სისხლის მაჩვენებლები ნელ-ნელა იცვლება. პერიოდულად აღინიშნება ცხელება, რომლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება 1,5-3 წელი გაგრძელდეს. მწვავე ფორმა, როგორც წესი, ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, ქრონიკული კი -მოზრდილ ასაკში. დაავადებისთვის ზოგადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, ადინამია, სიფერმკრთალე, უმადობა. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია. ვითარდება ანემია. სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს.
-
როგორ ხდება ლეიშმანიოზის დიაგნოსტიკა?
-ვისცერული ლეიშმანიოზის დიაგნოზი კლინიკურ სურათს და ეგრეთ წოდებულ ეპიდანამნეზურ მონაცემებს (ავადმყოფის დაავადების კერაში ყოფნა) ეფუძნება. როდესაც ადამიანს ცხელება ეწყება, მაგრამ მიზეზი არ ვლინდება, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ლეიშმანიოზით დაავადების შესაძლებლობა. არცთუ იშვიათად ლეიშმანიოზის დროს ცხელების, ღვიძლისა და ელენთის გადიდების გამო ეჭვი მიაქვთ არა პარაზიტული დაავადების, არამედ ონკოლოგიური (მაგალითად, ღვიძლის სიმსივნე) ან სისხლის პათოლოგიის არსებობაზე. დიაგნოზში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლეიშმანიების აღმოჩენას ძვლის ტვინში, ელენთაში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებში. ამ მიზნით სპეციალური ნემსით ტარდება ძვლის ტვინის პუნქცია (ჩხვლეტა მკერდის ძვლის არეში) და მიღებული მასალის მიკროსკოპიული გამოკვლევა. ლეიშმანიოზის დიაგნოსტიკის მიზნით ხდება სეროლოგიური (სისხლში არსებული ანტისხეულების) გამოკვლევაც.
-
ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლეიშმანიოზი უპირატესად ბავშვების დაავადებაა. ხშირია თუ არა ის მოზრდილთა შორის?
-მართალია, ლეიშმანიოზი უფრო ხშირი ბავშვებშია (დაავადებულთა დიდი უმრავლესობა ოთხ წლამდე ასაკის ბავშვია), მაგრამ არც მოზრდილებშია იშვიათი.
-
როგორია ლეიშმანიოზის მკურნალობის მეთოდები და რამდენად ეფექტურია?
-დღეისათვის შემუშავებულია ლეიშმანიოზის მედიკამენტური მკურნალობის სქემები, რაც დაავადების დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში წარმატებული მკურნალობის საშუალებას გვაძლევს.
-
რომელ დაავადებას იწვევენ ტკიპები?
-ტკიპებმა შეიძლება გამოიწვიონ ბორელიოზი. ამ დაავადების კერა აღმოსავლეთ საქართველოშია. ჩვეულებრივ, დასნებოვნებულია ტურა, მელა, მღრღნელები. ტკიპა, რომელიც დასნებოვნებულ ცხოველს უკბენს, მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება გადასცემდეს დაავადებას სხვა ცოცხალ ორგანიზმებს და მათ შორის ადამიანსაც. ამავე დროს, ტკიპა დაავადებას გადასცემს თავის შთამო-მავლობასაც (გადაცემის ტრანსოვარიული გზა). აქტუალურია ტკიპისმიერი ენცეფალიტებიც. საბე-დნიეროდ, ჯერ არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დაავადების შემთხვევები, მაგრამ მიგრაციული პროცესები და დაავადების გადამტანი იქსოდური და არგაზული ტკიპების არსებობა ჩვენშიც სავსებით რეალურ საფრთხეს ქმნის.
-
როგორ ვლინდება ბორელიოზი, რას გულისხმობს ამ დაავადების მკურნალობა?
-იქსოდური ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება ხასიათდება კანის, გულის, ნერვული სისტემისა და სახსრების დაზიანებით. დაავადება ვითარდება მისი გადამტანის -იქსოდური ტკიპის კბენის შედეგად. მის მიმდინარეობაში რამდენიმე ფაზას განარჩევენ. პირველი ფაზა, რომელიც 2-დან 35 დღემდე გრძელდება, ხასიათდება ერითემული (წითელი ფერის) გამონაყარის აღმოცენებით. გამონაყარის არეში აღინიშნება წვა, დაბუჟების შეგრძნება, ქავილი. ხშირად ერითემას ერთვის საერთო სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ზომიერი ან მაღალი ცხელება, ძვლების ტკივილი. შესაძლებელია განვითარდეს ლიმფური კვანძების გენერალიზებული გადიდება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ანგინა, კონი-უნქტივიტი, თვალის ფერადი გარსის ანთება. ამ ნიშნებიდან 2-5 კვირის შემდეგ და ზოგჯერ უფრო გვიანაც კი ვითარდება დაავადების მეორე ფაზა, რომელიც ხასიათდება გულის დაზიანებით (აღმოცე-ნდება გამტარებლობის დარღვევა და არითმია) ან ნერვული სისტემის მხრივ ცვლილებებით. შესა-ძლებელია განვითარდეს უნებლიე მოძრაობები. მესამე ფაზა იშვიათია და სახსრების დაზიანება ახასიათებს.
-
რა არის ენცეფალიტი, როგორ ვლინდება ეს დაავადება და როგორ მკურნალობენ?
-ტერმინი ენცეფალიტი თავის ტვინის ნივთიერების ანთებას ნიშნავს. ენცეფალიტების უმრავლესობა ვირუსული ბუნებისაა, გამომწვევი ვირუსების გადამტანად კი ძირითადად ტკიპები გვევლინებიან. ენცეფალიტისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები -გულისრევა, ღებინება, შემცივნება, ძლიერი თავის ტკივილი, ვლინდება ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომები, შესაძლებელია კრუნჩხვითი სინდრომის განვითარება, ფსიქიკური დარღვევები. იმ ენცეფალიტების მკურნალობა, რომელთა გადაცემაც ტკიპის მიერ ხდება, ძირითადად სიმპტომურია და ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისკენ მიმართულ ღონისძიებებს გულისხმობს. სამწუხაროდ, იშვიათი არ არის დაავადების შედეგად ნერვული სისტემის შეუქცევადი ცვლილებების აღმოცენებაც.
-
როდესაც ნაკბენის და მასთან დაკავშირებული დაავადებების შესახებ ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ტილი და მუნი არ ვახსენოთ. როგორ ვლინდება მუნი და დატილიანება?
-მუნი და დატილიანება, რომელთა შემთხვევებიც, სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში საკმაოდ გახშირდა, კანის პარაზიტული დაავადებებია. მუნს იწვევს ტკიპი, რომელიც დაავადებული ადამიანისგან ჯანმ-რთელს გადაეცემა უშუალო კონტაქტით ან პირადი მოხმარების საგნებით -ტანსაცმლით, პირსახოცით და ა.შ. სარგებლობით. მუნით დაავადებისას კანზე ჩნდება ტკიპის სავალი -0,5 სანტიმეტრი სიგრძის წვრილი, დაკლაკნილი, მონაცრისფრო ხაზი, რომელსაც ერთმანეთთან პარალელურად განლაგებული შესვლი-სა და გამოსვლის ხვრელები აქვს. პარაზიტი პირველ რიგში ხელის მტევნებზე, თითებშუა ნაოჭებში, იღლიის ნაოჭებში, კიდურების შიგნითა ზედაპირებზე იბუდებს.
დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურია ღამით, როცა ადამიანი ლოგინში წვება, მისი სხეული თბება და პარაზიტის მოძრაობაც უფრო აქტიურდება. მნიშვნელოვანი პრობლემაა დატილიანებაც. არსებობს თავის, ტანსაცმლის და ბოქვენის ტილი. თავის დატილიანებისას, რაც უფრო ხშირია ქალებსა და ბავშვებში, ავადდება კეფისა და საფეთქლის არეები, სადაც აღინიშნება ქავილი, ზოგჯერ კანის გაწითლება. თმაზე მჭიდროდაა მიკრული ტილის კვერცხები -წილები. ტანსაცმლის ტილი ბუდობს ტანსაცმლის ნაოჭებში და ადამიანის ტანზე გადადის მხოლოდ საკვებად ანუ სისხლის საწოვად. ამ თავისებურებების გამო ქავილი და შესაბამისად, ნაკაწრები უფრო ხშირია კანზე ტანსაცმლის შეხების ადგილებში. ხანგრძლივი დატილიანებისას კანი უხეშდება, რის გამოც ადამიანს ქავილი ნაკლებად აწუხებს. ბოქვენის ტილი უმთავრესად სასქესო ორგანოების თმაზე, ბოქვენზე, სათესლე პარკზე, უკანა ტანის არეში და იღლიის ფოსოებში პარაზიტობს და ძლიერ ქავილს იწვევს. დატილიანება უშუალოდ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ან მისი პირადი საგნებითა და თეთრეულით სარგებლობისას ხდება.
გარდა იმ დიდი დისკომფორტისა, რომელიც კანის პარაზიტული დაავადებებით გამოწვეულ ძლიერ ქავილს მოსდევს, ტილები საშიშროებას ქმნიან სხვადასხვა დაავადების გადაცემის თვალსაზრისითაც. ცნობილია, რომ ტანსაცმლის ტილები პარტახტიანი და შებრუნებითი ტიფის გადამტანები არიან. ასეთივე კუთხით მნიშვნელოვანია რწყილებიც. მათი დიდი ნაწილი ცხოველთა ორგანიზმზე პარაზიტობს, თუმცა არის ადამიანის რწყილებიც. რწყილებმა შეიძლება გადაიტანონ ბაქრეტიული დაავადება შავი ჭირი, ტულარემია და სხვა პათოლოგიები.
-
რა შეიძლება ვურჩიოთ ადამიანს, რომელსაც კანის პარაზიტული დაავადება აქვს?
-მუნის ან დატილიანების შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა, რათა დროულად დაენიშნოს მკურნალობა, თავიდან იქნეს აცილებული ქავილის გამო კანის მეორეული დაზიანება და აღიკვეთოს დაავადების გავრცელება. კანის პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისთვის კი აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა -დაუშვებელია ტანსაცმლის, თეთრეულის, სავარცხლისა და სხვა პირადი საგნების საერთო მოხმარება.
-
დაგვეთანხმებით, რომ მალარია საქართველოში თითქმის მივიწყებულ დაავადებად ითვლებოდა, არც ლეიშმანიოზი იყო ასეთი ხშირი, კანის პარაზიტული დაავადებები იშვიათობას წარმოადგენდა. როგორია უკანასკნელი წლების მონაცემების მიხედვით ამ დაავადებების აღმოცენების სიხშირე და რას შეიძლება უკავშირდებოდეს მსგავსი მონაცემები?
-მალარია საქართველოში ოდითგანვე კარგად ნაცნობი დაავადება იყო. ის მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მალარიით დაავადება განსაკუთრებით ხშირი გახლდათ ალაზნის ველისა და კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე, ანუ იმ ტერიტორიებზე, სადაც მრავლად იყო წყალსატევები და ჭაობიანი ადგილები. მალარიის ფართო გავრცელება ამ ტერიტორიებიდან მოსახლეობის მთისკენ მიგრაციის მიზეზიც კი გახდა, დაავადების გამო მრავალი სოფელი ნასოფლარად იქცა.
დღეს, როცა თამამად ვსაუბრობთ საბჭოთა ჯანდაცვის სისტემის ნაკლზე, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ მალარიის საწინააღმდეგოდ გატარებული მასობრივი პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და მის გადამტან კოღო ანოფელესთან ბრძოლის შედეგად 1970 წელს მალარია საქართველოში ლიკვიდირებულ იქნა. ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა 1996 წლამდე. ამ პერიოდში დაფიქსირდა მალარიის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები, ისიც - ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაავადების ხარჯზე, ხოლო დაავადების გავრცელება საქართველოში არ ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ანოფელესის გვარის კოღო ჩვენში გავრცელებული იყო.
1996 წელს დაფიქსირდა მალარიის პირველი შემთხვევა, 2002 წლისთვის დაავადებამ პიკს მიაღწია - დაფიქსირდა 474 შემთხვევა, შემდგომ წლებში კი კლება დაიწყო - 2007 წელს 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. უკანასკნელ ათწლე-ულში საქართველოში ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევებმაც იმატა - 1990 წელს აღრიცხული 12 შე-მთხვევიდან 2004 წელს აღრიცხულ 125 შემთხვევამდე. თბილისში 1997 წელს 39 შემთხვევა დაფი-ქსირდა, 2004 წელს კი - 84. ლეიშმანიოზის შემთხვევების ასეთი მატება დაკავშირებულია დაავადების ძირითადი რეზერვუარის - მაწანწალა ძაღლების რაოდენობის ზრდასთან, თუმცა აღსანიშნავია ლეიშმანიოზის მატება ბევრ სხვა ქვეყანაშიც, მათ შორის ევროპის სამხრეთში, რაც გლობალური დათბობის პრობლემებს უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ გლობალურმა დათბობამ გადამტანების მიერ გამოწვეული დაავადებების მატება გამოიწვია. ჩვენში კანის პარაზიტული დაავადებების გახშირება კი უდავოდ 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში არსებულ მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ამით გამო-წვეულ მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება.
-
წლის რომელი პერიოდია განსაკუთრებით საშიში მალარიითა და ლეიშმანიოზით დასნებოვნების თვალსაზრისით?
-ლეიშმანიოზის გადამტანი მოსკიტების ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია ჰაერის მაღალი ტემპერატურა - 18 - 300C მკვეთრი რხევების გარეშე, დღე-ღამის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი სწორედ ამ დიაპაზონში უნდა მერყეობდეს. ასეთი ტემპერატურა კი ივნისის ბოლოს, ივლისსა და აგვისტოს პირველ ნახევარშია. ვინაიდან მოსკიტების ცხოველქმედების პიკი ივნის-აგვისტოს ემთხვევა, ამიტომაც პაციენტები გაზაფხულზე გამოვლენილი დაავადების შემთხვევებით წინა წელს არიან დაავადებულები. საჭირო პირობებს მოსკიტები პოულობენ ცხოველთა ბუნაგებში, გამოქვაბულებში, მღრღნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზარებში, დაჩრდილულ ნაგვის გროვებში, ნიადაგში. მოსკიტები შებინდებისას გამოფრინდებიან. ზოგ სახეობას იზიდავს შუქი სახლებში. მდედრი მოსკიტი დიდი აგრესიულობით ხასიათდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსკიტი თავის "მსხვერპლს" კბენს მხოლოდ დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთში - შებინდებიდან გარიჟრაჟამდე, ამიტომ სწორედ ეს პერიოდია საშიში ლეიშმანიოზით დაავადების თვალსაზრისით.
-
ნიშნავს თუ არა დაავადების გადამტანი მწერის კბენა უცილობელ დაავადებას, ადამიანის ორგანიზმის რომელი თავისებურებები უწყობს ხელს მალარიით ან ლეიშმანიოზით დაავადებას და შესაძლებელია თუ არა კბენის შემდეგ რაიმე საშუალებებით თავიდან ავიცილოთ მისი შედეგები?
-თუ ადამიანს უკბენს სისხლის მწოველი, რომლის ორგანიზმშიც დაავადების გამომწვევია და ეს გამო-მწვევი ადამიანის სისხლში მოხვდება, დასნებოვნება გარდაუვალია. სამწუხაროდ, ძლიერი იმუნური სისტემა ან ორგანიზმის სხვა ინდივიდუალური თავისებურებები დაავადებისაგან ვერ დაგვიცავს. არც რაიმე საშუალება არსებობს კბენის შემთხვევაში დაავადების პროფილაქტიკის მიზნით.
-
როგორ უნდა მოვუაროთ სისხლის მწოველთა ნაკბენს?
-სისხლის მწოველთა ნაკბენი შეიძლება სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. ქავილის შედეგად არ არის გამორიცხული ნაკბენი ადგილის დაინფიცირება და დაჩირქება. ამიტომ, თუ ვხედავთ, რომ კბენის ადგილზე თვალში საცემი ცვლილებები განვითარდა, უმჯობესია დროულად მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას. დაუშვებელია კანზე მიკრული ტკიპის ხელით მოშორება, ვინაიდან ამ დროს ტკიპის ხორთუმი შეიძლება კანში ჩარჩეს და დაჩირქება გამოიწვიოს.
-
ჩვენი ქვეყნის რომელი ტერიტორიებია განსაკუთრებით საშიში მალარიისა და ლეიშმანიოზის გავრცელების თვალსაზრისით?
-მალარია ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს 2 რეგიონში: კახეთსა და ქვემო ქართლში. დღეს შემთხვევათა მეტი წილი ქვემო ქართლზე მოდის. მალარიის ძირითადი კერები (გარდაბანი და მარნეული, ლაგოდეხი) განლაგებულია საზღვრის მიმდებარე სოფლებში. ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მალარიის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ზონას მიეკუთვნება, რასაც ხელს უწყობს ანოფელესის მდიდარი ფაუნა და ჩვენი კლიმატური პირობები. ლეიშმანიოზი გამოვლენილია მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, მცხეთის, თეთრი წყაროს, სიღნაღის, დედოფლის წყაროს, დმანისის რაიონებში, რუსთავსა და თბილისში. კერების მიხედვით თბილისში წინა წლებში გამოკვეთილი იყო სამი რაიონი -მთაწმინდა, ვაკე და კრწანისი -ანუ მთისპირა და ტყისპირა რაიონები, სადაც მაწანწალა ძაღლები აფარებენ თავს. თუმცა ბოლო წლებში დაავადებამ გავრცელება იწყო მარცხენა სანაპიროს რაიონებშიც (განსაკუთრებით ისან-სამგორსა და ნაძალადევში), რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაავადებული ცხოველები - ძაღლები და გადამტანი მწერები -ფლებოტომუსები მეტ-ნაკლებად თბილისის ყველა რაიონში გვხვდებიან.
-
რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მალარიითა და ლეიშმანიოზით დასნებოვნების რისკის შესამცირებლად, როგორ უნდა დავიცვათ თავი მწერების კბენისგან?
-მთავარი ამოცანაა დროულად გამოვავლინოთ მალარიით დაავადებული პირები, უზრუნველვყოთ მათი სათანადო მკურნალობა და არ დავუშვათ დაავადების გავრცელება, რადგან მალარიის გადაცემის სეზონზე (ივნისი-ოქტომბერი) ერთ კოღოს შეუძლია ერთი დაავადებული ადამიანის კბენის შემდეგ დააავადოს მრავალი ადამიანი.
ანალოგიურად, ლეიშმანიოზის კონტროლისა და პროფილქტიკისთვის აუცილებელია ლეიშმანიოზით დაავადებულ ადამიანთა დროული გამოვლენა და მკურნალობა, საეჭვო ავადმყოფებს კონსულტაცია უნდა ჩაუტარდეთ სამედიცინო პარაზიტოლოგიის ს/კ ინსტიტუტში.
მნიშვნელოვანია ინფექციის რეზერვუარის კონტროლი, რაც გულისხმობს ინფიცირებული ცხოველების გამოვლენას, მათ იზოლაციას, მოხეტიალე ძაღლების პოპულაციის მინიმუმამდე დაყვანას.
აუცილებელია ბრძოლა მოსკიტებთან, რაც პირველ რიგში უკანონო ნაგავსაყრელების ლიკვიდაციითა და ინსექტიციდებით (მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით) დამუშავებითაა შესაძლებელი. აქვე უნდა დავძინოთ, რომ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები ოფიციალურ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა იქნეს შეძენილი და არა შემთხვევითი პირებისგან. ხშირად რეკლამა, რომელსაც მედიცინისაგან შორს მდგომი კერძო პირები საკუთარ "საშუალებას" უკეთებენ, შორსაა რეალობისგან. თუ სავაჭრო ქსელში დღეს უხვად არსებულ ქიმიურ საშუალებებს ვყიდულობთ, უნდა დავრწმუნდეთ არა მარტო მათ ეფექტურობაში, არამედ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოებაშიც, არც ალერგიული რეაქციების საშიშროება უნდა დავივიწყოთ.
მოსახლეობამ და განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ლეიშმანიოზის კერებში დაუშვებელია ბავშვების გაყვანა სასეირნოდ შებინდებისას და მის შემდეგ. დღის სხვა პერიოდზე ეს აკრძალვა არ ვრცელდება, ვინაიდან მოსკიტები სხვა დროს არ იკბინებიან. კოღოებისა და მოსკიტებისგან დაცვის მიზნით რეკომენდებულია ფანჯრების დაცვა ბადეებით, სხეულის ღია ადგილებზე რეპელენტების (დამაფრთხობლების) გამოყენება, ოღონდ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მათი შემადგენლობა უნდა იყოს ბიოლოგიური და არა ქიმიური. აღნიშნულ საკითხებზე საკონსულტაციოდ კი სჯობს სპეციალისტს მიმართოთ.