ჭარბი ოფლიანობა
ეს შემაწუხებელი და არასასიამოვნო მოვლენა ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ოფლიანობას თავისი დადებითი ეფექტი აქვს – ის უზრუნველყოფს სხეულის გაგრილებას, თუმცა, ჭარბი ოფლიანობა ადამიანს უქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს, ზოგჯერ მუდმივ ემოციურ დაძაბულობას და ფსიქიკის პრობლემებსაც კი განაპირობებს. ქვემოთ შევეცდებით გავარკვიოთ, როდის არის ოფლიანობა ჭარბი და როდის შეიძლება ორგანიზმის ნორმალურ რეაქციად ჩაითვალოს.
რატომ გამოიყოფა ოფლი
ოფლიანობა გვეხმარება სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში. როცა სხეულის ტემპერატურა რაიმე მიზეზით მატულობს, საოფლე ჯირკვლები უფრო მეტ ოფლს გამოყოფენ. ასე ხდება, როცა ადამიანს აქვს სიცხე, ემოციური დაძაბულობა, ფიზიკური დატვირთვა ან ის მაღალი ტემპერატურის გარემოში იმყოფება. ზაფხულში სწორედ ეს არის ჭარბი ოფლიანობის მიზეზი. ზოგჯერ ჭარბ ოფლიანობას გარკვეული სახის, მაგალითად, ცხარე საკვები იწვევს.
როდის არის ჭარბი ოფლის გამოყოფა ნორმალური მოვლენა
ოფლის გამოყოფის ნორმა საკმაოდ ცვალებადია და დამოკიდებულია სხეულის საჭიროებაზე. ადამიანის საქმიანობისა და გარემოს ტემპერატურის გათვალისწინებით გამოყოფილი ოფლის რაოდენობა შეიძლება ერთ ლიტრამდე იყოს ან რამდენიმე ლიტრს აღემატებოდეს. ეს ბუნებრივიცაა - თუ გაგრილებული ოფისის თანამშრომელი ბრძანდებით, ოფლი ნაკლებად გამოიყოფა, მაგრამ თუ მზის ქვეშ დგახართ და მუშაობთ, ოფლიანობაც მეტია, რაც სავსებით ბუნებრივია.
რა არის ჭარბი ოფლიანობა
ჭარბი ოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი, იმაზე მეტი რაოდენობით ოფლის გამოყოფაა, რაც სხეულის ნორმალური გაგრილებისთვისაა აუცილებელი. მაგალითად, თუ ადამიანი კონდიცირებულ გარემოში ზის და მშვიდად მუშაობს, ოფლის გამოყოფა კი მნიშვნელოვანია, ოფლიანობა ჭარბია. ჰიპერჰიდროზისას სხეულის გაგრილებისათვის საჭიროზე 4-5-ჯერ მეტი ოფლი გამოიყოფა. სტატისტიკის თანახმად, ადამიანთა 3%-ს ჭარბი ოფლიანობა აქვს.
რადგანაც ადამიანის ორგანიზმს ოფლის გამოყოფის ინდივიდუალური საჭიროება აქვს, ექიმისათვის საკმაოდ რთულია პასუხი კითხვაზე, თუ რა რაოდენობით ოფლის გამოყოფაა ნორმა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ, უმთავრესად, თავად პაციენტები აფასებენ სწორად ოფლის სიჭარბეს.
ოფლიანობა ასაკის მატებასთან ერთად არ უნდა ძლიერდებოდეს. გამონაკლისია მენოპაუზის ასაკის ქალები. ნორმად არ შეიძლება ჩაითვალოს ასევე მთელი სხეულის ოფლიანობა ან ოფლის გამოყოფა სხეულის მხოლოდ გარკვეულ უბანში. დარღვევაა ოფლიანობა ყოველგვარი მაპროვოცირებელი ფაქტორების გარეშე, მაგალითად, ოფლის ჭარბი გამოყოფა გრილ გარემოში მშვიდად ყოფნის დროს.
რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას
უხშირესად ჭარბი ოფლიანობის მიზეზების დადგენა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებს იდიოპათიურ ოფლიანობას უწოდებენ. მისი მიზეზი გარკვეული გენეტიკური განწყობაა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იდიოპათიური (დაუდგენელი მიზეზით) ჭარბი ოფლიანობის მქონე პირთა 50%-ს ოჯახური ისტორია აქვს – ჭარბი ოფლიანობა აღენიშნება ერთ-ერთ მშობელს მაინც. ოფლიანობის ასეთი სახე იწყება სქესობრივი მომწიფების ასაკში. მტევნებისა და ტერფების ოფლიანობა შეიძლება უფრო ადრეც გამოვლინდეს.
არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ოფლიანობის ისეთ მიზეზებს, როგორებიცაა დაავადებები და მედიკამენტები.
გაძლიერებული ოფლიანობის მიზეზი შეიძლება გახდეს ინფექციური დაავადება, გარკვეული სიმსივნე, გულის ან ფილტვის დაავადებები, მენოპაუზა (კლიმაქსური პერიოდი), ინსულტის ზოგიერთი შემთხვევა. ჭარბი ოფლიანობა შეიძლება თან ახლდეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, დიაბეტის, ზოგჯერ ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებისა და ანტიდეპრესანტების მიღებას. ოფლიანობას იწვევენ ტკივილის გაყუჩების მიზნით ფართოდ გამოყენებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სიცხის დამწევები.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყავა, ალკოჰოლი და ცხარე საკვები მკვეთრად აძლიერებენ ოფლიანობას. ეს ეფექტი უფრო თვალსაჩინოა ჭარბი ოფლიანობის მქონეთათვის.
დიაგნოზის დადგენა ჭარბი ოფლიანობისას
უპირველესად უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანთა დიდი ნაწილისათვის ჭარბი ოფლიანობა ნორმალური მოვლენაა და დაავადების ნიშანი არ არის. თუ ოფლიანობა ახალი აღმოცენებულია და ადრე არასოდეს აღინიშნებოდა, თანაც ეს წლის ცხელ პერიოდში არ ხდება, რეკომენდებულია ვიზიტი ექიმთან. ექიმი აზუსტებს პაციენტის ისტორიას და დეტალურად იკვლევს მას. აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ შეკითხვებს:
- ოფლიანობა მხოლოდ გარკვეულ ადგილებშია გაძლიერებული თუ მთელ სხეულს მოიცავს;
- რა სიტუაციაში ძლიერდება ოფლიანობა;
- რომელ მედიკამენტებს იღებს პაციენტი რეგულარულად;
- როდის და რომელი ახალი მედიკამენტის მიღება დაიწყო პაციენტმა;
- როდის და რომელი ქირურგიული ჩარევა ჩატარდა ბოლოს;
- ხომ არ არის ქალი მენოპაუზის პერიოდში;
- ხომ არ აქვთ ჭარბი ოფლიანობა ოჯახის სხვა წევრებსაც.
იმ შემთხვევაში, როცა დგინდება, რომ ოფლიანობა იდიოპათიურია (არ უკავშირდება რაიმე მიზეზს), იგეგმება თავად პრობლემის მკურნალობა: ხშირი შხაპის მიღებით დაწყებული, საოფლე ჯირკვლების ოპერაციით დასრულებული. საზოგადოდ, პრობლემა არ უნდა გახდეს ზედმეტი დაძაბვის მიზეზი, გავიხსენოთ, რომ უმეტესად ის ნორმა და ორგანიზმისათვის სასარგებლო მოვლენაა, თუმცა, ჭარბი რაოდენობით სასარგებლოც კი გვაწუხებს...
ბოტოქსი ოფლიანობის სამკურნალოდ
მართალია ბოტოქსი უფრო მეტად ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებად არის ცნობილი, მაგრამ მან რევოლუცია მოახდინა ჭარბი ოფლიანობის მკურნალობაშიც, რადგანაც საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება სხეულის ნებისმიერი სახის ოფლიანობას. მართალია, ეფექტი მხოლოდ დროებითია, მაგრამ ყოველ 6 თვეში შესაძლებელია ინექციის გამეორება.
ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის სხვა მეთოდებია:
- სპეციალური დეოდორანტები – ეს არის პირველი რიგის მკურნალობა (რასაკვირველია, შხაპის ხშირად მიღების შემდეგ). სავაჭრო ქსელში არსებული ანტიპერსპირანტები შეიცავენ ალუმინის ცირკონიუმს და გამოიყენება ღამით. ისინი, ჩვეულებრივ, ოდნავ ძლიერია, ვიდრე სხვა ანტიპერსპირანტები. არსებობს ალუმინის ქლორიდის შემცველი ანტიპერსპირანტებიც, რასაც ექიმი ნიშნავს, თუმცა, შესაძლოა აღიზიანებდეს კანს;
- იონოფორეზი – სპეციალური უმტკივნეულო ფიზიოპროცედურაა, რომლის დროსაც სხეულის გარკვეულ ნაწილზე ზემოქმედებს სხვადასხვა იონი. იონოფორეზი ეფექტურია მხოლოდ მტევნებისა და ტერფების ოფლიანობის წინააღმდეგ. პროცედურა უნდა გამეორდეს კვირაში 2-3-ჯერ;
- მედიკამენტები – არსებობს მედიკამენტების გარკვეული ჯგუფი – ანტიქოლინერგული საშუალებები (მისი ყველასათვის კარგად ნაცნობი წარმომადგენელია ატროპინი), რომელთა გვერდითი ეფექტიცაა სეკრეციის, მათ შორის, ოფლის გამოყოფის შემცირება. ამ ტიპის მედიკამენტების გამოყენება ოფლიანობის წინააღმდეგ შესაძლებელია, თუმცა, შეზღუდულია გვერდითი ეფექტების გამო;
- ქირურგიული ჩარევა – გამოიყენება მხოლოდ იღლიის არეების ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ. მისი არსია იღლიის არის საოფლე ჯირკვლების ამოკვეთა. პროცედურა მარტივია, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ამბულატორიული ჩარევით.
არსებობს ქირურგიული ჩარევის კიდევ ერთი სახე – სიმპათექტომია. ამ დროს ქირურგიულად გადაიკვეთება სიმპათიკური ნერვის ნაწილი გულმკერდის არეში და ასე შეწყდება ჭარბი ოფლიანობის გამომწვევი ნერვული იმპულსის გადაცემა. ჩარევა გამოიყენება მტევნებისა და იღლიების არის ჭარბი ოფლიანობისას. ოპერაციის შემდეგ პაციენტი გამოღვიძებისთანავე გრძნობს, რომ მტევნები მშრალი აქვს. სიმპათექტომია ერთჯერადი, მუდმივი ეფექტის მქონე პროცედურაა. წარსულში სიმპათექტომია რთული ქირურგიული ჩარევა იყო, თუმცა, დღეს ის თორაკოსკოპიულად ტარდება და ამბულატორიულ პროცედურად გადაიქცა. მიუხედევად ამ ტექნიკური პროგრესისა, სიმპათექტომია არ არის ჩარევა „ფართო გამოყენებისათვის“ – მას ხშირად მოსდევს ოფლიანობის კომპენსატორული გაძლიერება სხეულის სხვა ნაწილებში (ლოყების, ზურგის, ქვედა კიდურების არეში), რაც ხშირად ძალიან შემაწუხებელია.
ჭარბი ოფლიანობისას...
- ხშირად იბანავეთ, რათა გამოყოფილი ოფლი სუნის ან კანის გაღიზიანების მიზეზი არ გახდეს;
- შეაჩერეთ ჭარბი ოფლიანობა – გამოიყენეთ სათანადოდ შერჩეული დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები, მათი შიგთავსი კანზე დაიტანეთ ძილის წინ, რათა გაზარდოთ ეფექტი და შეამციროთ კანის გაღიზიანების შანსი;
- ვარჯიშის დროს ოფლიანობისას – ჩაიცვით მხოლოდ ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული სპორტული ტანსაცმელი, გარეცხეთ ტანსაცმელი ყოველი ვარჯიშის შემდეგ, ხშირად გამოიცვალეთ ფეხსაცმელი, გამოიყენეთ ტერფის ოფლიანობის შესამცირებელი საშუალებები;
- სამსახურში ოფლიანობისას – სტრესულ სიტუაციებში დამატებით გამოიყენეთ დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი შუადღესაც. ეცადეთ სხეულს მხოლოდ ბუნებრივი ტანსაცმელი ეხებოდეს, აირიდეთ ქსოვილი, რომელიც სხეულის გადახურებას უწყობს ხელს. ყოველთვის თან გქონდეთ ცხვირსახოცი, რომლითაც უცებ, შეუმჩნევლად გაიმშრალებთ მტევნებს. ლანჩის დროს არ მიიღოთ საკვები, რომელიც ოფლიანობას განაპირობებს – პილპილი, ნიორი.
- ტანსაცმელმა ოფლიანობა რომ არ გააძლიეროს – შეძენისას დააკვირდით ქსოვილს, აირჩიეთ ბუნებრივი მასალა. ეცადეთ ტანსაცმელი არ იყოს ერთი ფერის, რადგანაც ასეთ ქსოვილზე კარგად ჩანს გამოყოფილი ოფლი, ჭრელი ქსოვილი კი მალავს მას. ფეხსაცმელი კარგად უნდა ატარებდეს ჰაერს. სასურველი არ არის ქუდის დახურება, ეს ამცირებს თავის გაგრილებას და აძლიერებს ოფლიანობას. დატვირთული დღის დროს თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი.
ღამით ოფლიანობისას – ეცადეთ თეთრეული იყოს ბუნებრივი, დაიფარეთ მსუბუქი, ჰაერგამტარი საბანი, დაიძინეთ ოთახში, რომლის ტემპერატურაც არ აღემატება 18 გრადუსს.